საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივლისი. 2024 წელი

საფრანგეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე იმარჯვებს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია!

ეს ჯერ მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურია, თუმცა ძალზე სამწუხარო და სახიფათო სურათი უკვე გამოიკვეთა!

მეორე ადგილზე გადის მემარცხენე გაერთიანება „ახალი სახალხო ფრონტი“ და მხოლოდ მესამეზეა ემანუელ მაკრონის „აღორძინება“.

 მარინ ლე პენისა და ჟორდან ბარდელას „ეროვნულმა ერთიანობამ“ (მანამდე ერქვა „ეროვნული ფრონტი“ ამ ძალას) ანუ ულტრანაციონალისტებმა მიიღეს ხმების 34%. მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ – 29%. ცენტრისტებმა, ანუ მაკრონის მომხრეებმა - 23%.

 

მაჟორიტარული არჩევნები საფრანგეთში ტარდება 577 ოლქში. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატს სჭირდება 50%+1 ხმა.

მეორე ტურში გადის კანდიდატი, თუ მინიმუმი (12,5%) მიიღო.

პირველი ტურის შედეგად დაახლოებით 85 დეპუტატია არჩეული 577-დან. ანუ კიდევ დაახლოებით 500 დეპუტატია ასარჩევი მეორე ტურში, თუმცა (ვიმეორებ) ტენდენცია ცხადია.

ამ არჩევნების თავისებურება (ანუ საფრანგეთის მაჟორიტარული არჩევნების უნიკალობა) ისაა, რაც ჩვენთვის სრულიად უცხოა:  თუ, მაგალითად, მაჟორიტარული კენჭისყრის პირველი ტურის შედეგად ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%, მაგრამ პირველი ტურის შედეგად თუნდაც სამმა ან ოთხმა გადალახა 12,5%-იანი ბარიერი, მაშინ მეორე ტურის კენჭისყრაში მონაწილეობას მიღებს ეს სამივე ან ოთხივე კანდიდატი.

ამის გამო, მემარცხენე - დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობითმა ფიგურებმა, ისევე როგორც მემარჯვენე-დემოკრატიული ძალების წარმომადგენლობითმა ფიგურებმა მოუწოდეს პარტიულ ლიდერებს და კანდიდატებს, ვინც მესამე ადგილები დაიკავეს, მოხსნან მეორე ტურის წინ თავისი კანდიდატურები, რათა გარანტირებულად დაამარცხონ ლე პენის კანდიდატები.

თუმცა, საყოველთაო აზრით, ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის.

ყველა გამოკითხვით, ლე პენის ულტრამემარჯვენეებს მეორე ტურის შედეგად აქვთ შანსი, მოიპოვონ უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში (საფრანგეთის პარლამენტში) და ჩამოაყალიბონ მთავრობა - პირველად მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჟორდან ბარდელას გარანტირებული აქვს პრემიერ-მინისტრობა.

საფრანგეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა. ამ მხრივ უნიკალური მოდელი აქვს. ანუ პრეზიდენტს, რომელიც არა სიმბოლური, არამედ უფლებამოსილი ფიგურაა, ფრანგები ირჩევენ საყოველთაო კენჭისყრით, თუმცა მთავრობას აკომპლექტებს პარლამენტი და იწყება „კოჰაბიტაცია“ პრეზიდენტსა და მთავრობას (საპარლამენტო უმრავლესობას) შორის, თუკი ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.

საფრანგეთში ასეთი რამ ხშირად მომხდარა, მაგრამ არასდროს მომხდარა, მთავრობა აშკარა ნაცისტებს და რასისტებს დაეკომპლექტებინათ, როგორც ბევრი უწოდებს ფრანგი ნაცისტების ისტორიული ლიდერის, ჟან-მარი ლე პენის მიერ ჯერ კიდევ 1970-იანებში ჩამოყალიბებულ პარტიას „ნაციონალური ფრონტი“, ახლა „ნაციონალური ერთობა“.

მარინ ლე პენი - ჟან-მარი ლე პენის ქალიშვილი და მისი საქმის გამგრძელებელია.

მამამისი რუსი პოპულისტი ნაცისტის და იმპერიალისტის, ჟირინოვსკის უახლოესი მეგობარი იყო.

 

აღსანიშნავია, რომ არცევნებზე „გამოცხადება“ ანუ აქტიურობა არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა საფრანგეთის ისტორიაში - 60%, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

 ეს არჩევნები მაკრონმა დანიშნა მას შემდეგ, რაც ფრანგი ნაცისტების პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნები მოიგო და როგორც ჩანს პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, ეროვნულ არჩევნებში ის ფრანგებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ვინც ევროპარლამენტის არჩევნებში არ მონაწილეობდა ანუ, როგორც ჩვენში ამბობენ ხოლმე „სახლში დარჩა“.

ოღონდ ეს გათვლა არ გამართლდა - ანუ, საქმე იმაზე ბევრად ცუდად ყოფილა, ვიდრე ფრანგ ზომიერ მემარჯვენეებს ან მემარცხენეებს ეგონათ - ფრანგები მივიდნენ და მაინც მარინ ლე პენის სახელმწიფოებრივ პროექტს მისცეს ხმა, რომელიც ფრანგული დემოკრატიის „გადაფორმატირების“ სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

შესაბამისად, არყევს ევროკავშირის საფუძვლებსაც.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ეროვნულმა გაერთიანებამ 31,4% მიიღო, ხოლო მაკრონის „აღორძინებამ“ მხოლოდ 14,6%.

 

ლე პენს და ბარდელას ესაჭიროებათ 289 ხმა, რათა მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ.

ამდენს ალბათ ვერ მოიპოვებენ, თუმცა ექნებათ კოალიციების შანსი.

მაკრონსი „აღორძინებას“ , მაგალითად, წინა ეროვნულ ასამბლეაში სულ 250 ხმა ჰქონდა და პატარა ჯგუფებთან ურთიერთქმედებით ახერხებდა მთავრობის ჩამოყალიბებას.

შეძლებს იგივეს მარინ ლე პენი? რატომაც არა?! თვით ქალბატონ მარინ ლე პენს მთავრობის ჩამოყალიბების ამბიცია არა აქვს. უფრო ზუსტად, პირადად არ სურს პრემიერ-მინისტრობა, რაკი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

რაც შეეხება მის საპრემიერო კანდიდატს, ჟორდან ბარდელას, ის უკვე „ირგებს“ პრემიერობას.

და ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ გარკვეულწილად დააკორექტირა პოზიცია პუტინის მიმართ: „არა, პუტინის ომს და აგრესიას რასაკვირველია მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ვეწინააღმდეგები მაკრონის გადაწყვეტელობას, ფრანგული არმიის უკრაინაში შესაძლო აგგზავნის შესახებო“.

ეს ევროპული და, ზოგადად, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაწილია: პოლიტიკოსები ბევრად რადიკალურნი და „უკანმოუხედავი“ არიან ოპოზიციაში ყოფნისას, ანუ მაშინ, როცა ჯერ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, ვიდრე მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვლენ და უკვე ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

გარდა ამისა, რადიკალურ ძალთა გამარჯვების გადაჭარბებულად ალარმისტული (პანიკური) შეფასებაც არ ღირს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ამერიკაში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში: გაიმარჯვებს ტრამპი ამერიკაში თუ გაიმარჯვებს ლე პენი საფრანგეთში, ისინი „ძვრას“ ვერ უზამენ ამ ქვეყნების კონსტიტუციებს, ფუნდამენტურ ღირებულებებს, არჩევითობას, ინსტიტუციურ კანონისმიერობას, ადგილობრივ თვითმმართველობას ანუ ლოკალურ დემოკრატიას იმის მიუხედავად, ვინ არის უმაღლეს ხელისუფლებაში და ა.შ.

 თუმცა..... ისეთ საკითხებზე, სადაც სულაც არ არის აუცილებელი Deep state მხარდაჭერა პოლიტიკის დასაკორექტირებლად, ამ ძალებს ნამდვილად შეუძლიათ დიდი ზიანის მოტანა; მაგალითად.......უკრაინისთვის.

ამიტომაც უჭერს მხარს კრემლი ყველგან და ყოველთვის რადიკალურ ძალებს თუმცაღა იცის, რომ ვერანაირი ულტრამემარჯვენეები და ვერანაირი ულტრამემარცხენეები ვერც ფრანგულ, ვერც გერმანულ, ვერც იტალიურ და ვერც ამერიკულ დემოკრატიას ვერ დაანგრევენ, რადგან.....დემოკრატიულ სახელმწიფოს მართავენ ინსტიტუტები - კანონსა და კონსტიტუციაზე დაყრდნობით.

 

ფრანგული არჩევნების შედეგმა უკვე გაახარა პუტინი: ლიონში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გაიმართა მძვინვარე დემონსტრაციები ფრანგი ნაცისტების წინააღმდეგ და ეთნიკური, ასევე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა (ანუ არაბებმა და მაჰმადიანებმა) დაარბიეს მობილური ოპერატორის  Orange და ბანკ Societe general ოფისები.

ბუნებრივია, უმცირესობებს აშინებთ ფრანგი ნაცისტების მოსვლა ხელისუფლებაში, თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს მხოლოდ „სათქმელია“ რათა იმანენტური მეამბოხეობა და დესტრუქცია გადმოანთხიონ -  საძულველ ფრანგ „ბიურგერებს“ მშვიდი, კომფორტული ცხოვრების საშუალება არ მისცენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი მზად არის მოლაპარაკება გამართოს პუტინთან „სტამბულის სქემით“ ანუ არა პირდაპირ, არამედ შუამავლების მეშვეობით.

შუამავლები ურთიერთქმედებენ მხარეებთან, ამზადებენ შეთანხმების პროექტს მათი პოზიციების გათვალისწინებით და შემდეგ სთავაზობენ მხარეებს.

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ზელენსკი არ გამორიცხავს კომპრომისს!

 თუმცა უკრაინის კომპრომისი, დასავლურ წყაროთა ინფორმაციით, გულისხმობს არა ყირიმის და დონბასის „რუსულობის“ აღიარებას, არამედ ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე NATO-ს დამკვირვებლების, ხოლო უკრაინის „გადარჩენილ ტერიტორიაზე“ NATO-ს ჯარების შემოყვანას და დამკვიდრებას სამუდამოდ.

პუტინი ამას არ ეთანხმება: მასაც სურს ფრონტის ხაზის გაყინვა, ოღონდ ისე, რომ უკრაინამ ყირიმი-დონბასი „რუსულად“ აღიაროს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში წევრობაზე და უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე, ასევე სხვა სახელმწიფოთა ჯარების განლაგებაზე უარი თქვას, რის შემდეგაც რუსეთს მიეცემა საშუალება, წლების განმავლობაში „იმუშაოს“ უკრაინულ კორუმპირებულ ელიტათა ურთიერთდაპირისპირებასა და არეულობის პროვოცირებაზე (რასაც აკეთებდა კრემლი იქ მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში), რათა 2036 წლამდე, სანამ პუტინი აპირებს პრეზიდენტობას, საბოლოოდ ჩამოამხოს უკრაინის სახელმწიფო.

 

ამჟამად სწორედ ამ ორ „პროექტზე“ გრძელდება პაექრობა.

ზელენსკიმ ეს თავისი პოზიცია გააჟღერა გუშინ ძალიან გავლენიან რესურსთან The Philadelphia Inquirer ინტერვიუში.

მან მიანიშნა, რომ პუტინი არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმება კიევის და დასავლეთის ამ კომპრომისულ გეგმას (იგულისხმება უკრაინის დე-ფაქტო NATO-ში და დე-იურე ევროკავშირში გაწევრება) თუ არ შეექმნება სერიოზული პრობლემები „ფრონტზე“ და რომ ეს ფრონტი უნდა გადიოდეს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არა მხოლოდ დონბასზე ან თუნდაც ყირიმში, არამედ რუსეთშიც!

ამიტომ ზელენსკი მოითხოვს დასავლეთისგან შორსმწვდომ რაკეტებს, რათა უკრაინულ არმიას ჰქონდეს საშუალება, უშუალოდ რუსეთი დაბომბოს.

ზელენსკიმ დააზუსტა, რომ სჭირდება ასეთი რაკეტები, რათა დაბომბოს რუსული აეროდრომები, საიდანაც ფრინდებიან სტრატეგიული ბომბდამშენები და შემდეგ „პლანირებად ბომბებს“ ესვრიან უკრაინულ პოზიციებს ფრონტის ხაზზე დონბასში.