თარგამაძის ძლიერი «კონტრშეტევები» მისი სუსტი მრჩევლებით აიხსნება

თარგამაძის ძლიერი «კონტრშეტევები» მისი სუსტი მრჩევლებით აიხსნება

  

    მხოლოდ ძალზე არაკომპეტენტურ დამკვირვებლებს დარჩათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს დაპირისპირება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს შორის მინავლდა ან აქტუალობა დაკარგა. ზოგიერთები მათ ვითომდაც «შერიგებაზეც» კი საუბრობდნენ. ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე ყალბი აღმოჩნდა. დაპირისპირება არანაკლები სიმწვავით გრძელდება. მხარეები, როგორც ჩანს, მხოლოდ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდნენ, რომელიც ახლახან დაიწყო.
    ნიშანდობლივია, რომ ეს ბრძოლა უკანასკნელ სტადიაში შედის სწორედ 15 ნოემბრის არჩევნების წინა პერიოდში. მართალია ედპ განსაკუთრებით არ აქტიურობდა კახა თარგამაძის საპარლამენტო «დაკითხვისას», როცა მინისტრი საჯაროდ «დააფიცეს» - პოლიცია არჩევნებზე ზეგავლენას არ მოახდენსო, მაგრამ სინამდვილეში ეს საკითხი სწორედ ეროვნულ-დემოკრატებისათვის არის ყველაზე მეტად აქტუალური.
    ირინა სარიშვილი-ჭანტურია კახა თარგამაძეს არ მოეშვება, - ეს გამორიცხულია, ვინაიდან მისი ტაქტიკა სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულ ფიგურათა «მოშთობაში» მდგომარეობს.
    კახა თარგამაძე მას შემთხვევით არ აურჩევია, ვინაიდან იგი საკმაოდ ძლიერი ფიგურაა. ძლიერთა დამარცხება კი ქალბატონი ირინას პოლიტიკური «ჰობი» და ტაქტიკაა, - სარიშვილი-ჭანტურია იმითაც განსხვავდება სხვებისაგან, რომ კონკრეტულ სამიზნეს ირჩევს და ზოგადად არ საუბრობს «ხელისუფლების კორუმპირებულობაზე». ზოგადად ლაპარაკი ძალიან ადვილია, ძნელია კონკრეტულ მინისტრთან დაპირისპირება.
    თუმცა, არც კახა თარგამაძე აპირებს «გულხელდაკრეფილი» ყოფნას და ირინა სარიშვილ-ჭანტურიას აქტიურად ებრძვის ანუ ძლიერ «კონტრშეტევებს» მიმართავს.
    მისი წინააღმდეგობა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ედპ-ს ლიდერის ნებისმიერი სხვა მსხვერპლის (სიგუა, კიტოვანი, კვირაია და ა.შ.); რამდენიმე დღის წინ თარგამაძემ პირველი «კომპრომატების» გამოქვეყნება დაიწყო ქალბატონი ირინას (უფრო ზუსტად კი ედპ-ს) ადრინდელი მოღვაწეობის თაობაზე, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი აქაც გარკვეულ სირთულეებს აწყდება: ედპ-ს ნებისმიერი წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული სარიშვილი-ჭანტურიას დანაშაულად ვერ ჩაითვლება. დამნაშავე უმალვე მოიკვეთება პარტიიდან და მოეხსნება დეპუტატობის იმუნიტეტი. გარდა ამისა, თარგამაძისათვის ძალიან ძნელია ისეთი მამხილებელი მასალების შეგროვება, რომელიც ჩრდილს არ მიაყენებს გია ჭანტურიას.
    ედპ-ს ლიდერისთვის თარგამაძესთან დაპირისპირება პრინციპულ ხასიათს იძენს. მოსახლეობაში დამკვიდრებულია აზრი, რომ «თუ ის ვინმეს გადაეკიდა, იმის საქმე წასულია!» ეს აზრი პოლიტიკოსმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს, თუ არ სურს დაკარგოს ავტორიტეტი.
    გარდა ამისა, კახა თარგამაძის განუწყვეტელი კრიტიკა ედპ-ს ლიდერს «ოპოზიციონერის იმიჯს» უნარჩუნებს; არადა ეს პარტია (სწორედ მისი ძალიდან გამომდინარე) ყველაზე მეტად არის მზად ხელისუფლებასთან ტაქტიკური ალიანსისათვის.
    ირინა სარიშვილ-ჭანტურიას (დარწმუნებული ვარ) კახა თარგამაძის მიმართ არანაირი პიროვნული ანტიპათია არ აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა შეეგუოს იმ გარემოებას, რომ იგი ყოველთვის იქნება დარტყმის ობიექტი.
    საქართველოს პირობებში ეს სამინისტრო გაცილებით მეტის შემძლეა, ვიდრე პროკურატურა ან თუნდაც უშიშროება. ამდენად, დაპირისპირება გრძელდება. კახა თარგამაძე კი ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს. მაგალითად, ირინა სარიშვილი-ჭანტურიაზე «მამხილებელი მასალების» ძებნით იგი სრულებით უპერსპექტივო გზას დაადგა. გაცილებით უფრო ჭკვიანური იქნებოდა ზოგადად ამ თემის «გაბანძება» ანუ არასერიოზულად ქცევა, ყველაფრის ხუმრობა და სიცილ-ხარხარში გადატანა. ასეთი ტაქტიკა (რაც უფრო დიდხანს ვერ მოახერხებდა ქალბატონი ირინა თარგამაძის მოხსნას) უფრო შეასუსტებდა ედპ-ს ლიდერის პოზიციებს დაპირისპირებაში, გაანერვიულებდა მას, მოთმინებას დააკარგვინებდა და შეცდომას დააშვებინებდა.
    შეფარული მუქარითა და ყველაფრის მეტისმეტად სერიოზული აღქმით კი კახა თარგამაძე კიდევ უფრო აძლიერებს მოწინააღმდეგეს.
    როგორც ჩანს, მას ძალიან სუსტი, არაკრეატიული მრჩევლები ჰყავს, რომლებიც ძველი მენტალიტეტით აზროვნებენ, ანუ ახალ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს ალღო ვერაფრით აუღეს.

მერიდიანი, 9 ოქტომბერი, 1998 წ.