საერთაშორისო მიმოხილვა. 11 აპრილი. 2022 წელი
უკრაინაში, ყველა კონტურზე, დამყარდა გარკვეული წონასწორობა, რაც ძალიან ნეგატიური მოვლენაა, რაკი „სტატუს-კვო“ დამღუპველია უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის პროცესში: ასუსტებს დასავლურ მხარდაჭერას, აძლიერებს დასავლეთში იმ ძალებს, რომლებიც „კონფლიქტის გაყინვის“ მომხრენი არიან, იწვევს იმედგაცრუებას უკრაინულ საზოგადოებაში და აძლევს პუტინს „ამოსუნთქვის“ საშუალებას.
სამხედრო კონტური:
რუკა, რომელსაც გიგზავნით, გამოაქვეყნა რუსეთის შედარებით ლიბერალურმა რესურსმა Kommersant-daily და ასახავს მდგომარეობას საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე 2024 წლის 10 აპრილისთვის.
სრულიად ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ დაიპყრო ავდეევკა, მან გაიუმჯობესა ოპერატიული პოზიციები და ნაწილობრივ გაიძლიერა სტრატეგიული შესაძლებლობებიც.
ავდეევკას დაპყრობაში უდიდესი როლი შეასრულა რუსულმა „მოფარფატე“ ანუ „პლანირებადმა“ 2-3 ტონიანმა (!!!) ბომბებმა, რომელიც რუსეთს აქვს უდიდესი რაოდენობით, იოლი დასამზადებელია და იოლი გამოსაყენებელი ავიაციით.
ამ ბომბებით რუსეთის საოკუპაციო არმიას აქვს საშუალება ისე გაანადგუროს უკრაინული არმიის პოზიციები, რომ არც კი მიუახლოვდეს ფრონტის ხაზს.
დისტანციური საცეცხლე კონტაქტის არც ერთ სხვა საშუალებას არა აქვს ამის უნარი: „ზალპური ცეცხლის დანადგარებით“ შესაძლებელია გაანადგურო მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, დააზიანო ნაწილობრივ ტექნიკა, თუმცა რა შორსმწდომობისაც არ უნდა იყოს „ზალპური ცეცხლის დანადგარი“, შეუძლებელია მისი მეშვეობით გაანადგურო ჩაბეტონებული ბუნკერები. ასევე სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობები.
შეუძლებელია მათი განადგურება არტილერიითაც..... მათ შორის მსხვილკალიბრიანი არტილერიით და თვითმავალი ქვემეხებით.
სულ სხვა საქმეა 2-3 ტონიანი ბომბები. მათ აქვთ უნარი, როგორც ერთი ანალიტიკოსი წერდა პირდაპირ „აზილონ“ ერთმანეთში რკინა-ბეტონი, მიწა და ცოცხალი ძალა მისი ტექნიკით.
თანაც იმ ვითარებაში, როცა რუსეთის საოკუპაციო არმიას განუსაზღვრელი რაოდენობით აქვს ეს ბომბები.
ასევე გააჩნია მათი „მიტანის“ საშუალებები - საბჭოთა წარმოების თვითმფრინავი SU34s. ისინი ოპერირებენ რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო აეროდრომებიდან, ხოლო „მოფარფატე-პლანირებადი“ ბომბები შეუძლიათ გაუშვან ისე, რომ არც კი მიუახლოვდნენ უკრაინული „საზენიტოს“, მათ შორის ამერიკული Patriot-ის წვდომის არეალს.
თუ დავაკვირდებით რუკას, ცხადია, რომ რუსეთმა ე.წ. „ახალი ტერიტორიების“, ესე იგი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მხოლოდ ნაწილის დაპყრობა შეძლო.
ახლა რუსული არმიის პროგრამა-მინიმუმია, მთლიანად დაიპყროს ოთხივე ოკუპირებული ოლქის ტერიტორია, რათა პუტინს შეუქმნას არგუმენტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ: დღევანდელი დისპოზიციით, რუსული მახინჯი საკონსტიტუციო სამართლით გამოდის, რომ უკრაინას დაპყრობილი აქვს (თურმე) რუსეთის „სუვერენული ტერიტორიის“ დიდი ნაწილი, რაკი დონბასის და ნოვოროსიის დიდ ფრაგმენტს კვლავინდებურად კიევი აკონტროლებს; არადა რუსული კონსტიტუციით, ოთხივე „ახალი ოლქი“ რუსეთის ე.წ „განუყოფელი ნაწილია“.
მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები ავდეევკას მიმდებარე ლოკაციებზე, თუმცა რუსული ჯარი წინ წაწევას ვერ ახერხებს და ისევ „მოფარფატე“ ბომბებით ცდილობს ჯერ დაანგრიოს უკრაინული არმიის საფორტიფიკაციო პოზიციები (რუსული სამხედრო-პროპაგანდისტული ტერმინით «перемолоть») და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს ფრონტალურ შეტევაზე.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ავდეევკას მიდამოებში, ყველაფრის მიუხედავად, რუსული არმიის ცოცხალი ძალის ყოველდღიური დანაკარგი ათასს აღწევს როგორც მოკლულების, ასევე დაჭრილების სახით.
უფრო ზუსტად - 913 საშუალოდ დღე-ღამეში, რაც ძალიან ბევრია რა თქმა უნდა.
ცენტრალური დონბასის დაპყრობა რუსეთს შეუქმნის პერსპექტივას, ოპერატიულ სივრცეს, რათა გაიჭრას დნეპრის მიმართულებით და ამით მიაღწიოს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ წარმატებას. შეიძლება ითქვას, გარდამტეხს ომის მთელს მიმდინარეობაში.
თუმცა, როგორც ხედავთ, დნეპრამდე, საბედნიეროდ ჯერ კიდევ შორია, თუმცა.......დნეპრსა და სტარომაიორსკოე-პავლოვკა-ბერდიჩი-უმანსკოეს ხაზს შორის ასეთი მედეგი საფორტიფიკაციო ნაგებობები აღარ არის.
ანუ...... თუ რუსულმა არმიამ (ვიმეორებ) ამ ოპერატიულ სივრცეში გაჭრა მოახერხა, შემდეგ მისი შეჩერება რთული იქნება.
ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის ხერსონის მიდამოებში, სადაც შარშან რუსის ჯარმა უკან დაიხია (დაიხია დნეპრის მარცხენა ნაპირზე) წონასწორობა და შედარებით სტაბილურობა შენარჩუნებულია.
უკრაინა აქტიურად ცდილობდა გასულ თვეში გადაეტანა საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე: ხარკოვის რაიონიდან ბომბავდა და უტევდა ბელგოროდს, კურსკს, სხვა ლოკაციებს.
ამ მიზნით იყენებდა არა მხოლოდ არმიას, არამედ Русский добровольческий корпус-სს
თუმცა უკვე ცხადია, რომ დასავლეთს ძალიან არ მოსწონს ეს ტაქტიკა, რაკი აშინებს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თუნდაც დაბალი, მაგრამ მაინც არსებული ალბათობა.
ასევე არ მოსწონს დასავლეთს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენთა ქსელზე, ოღონდ ამჯერად გეოეკონომიკური მიზეზებით: ეს აძვირებს ენერგომატარებლებს მსოფლიო ბაზრებზე.
შესაძლოა სწორედ ხსენებული უკმაყოფილება იყოს რეალური მიზეზი, თუ რატომ ვერ მიიღო დღემდე უკრაინამ ამერიკული თვითმფრინავები F-16, ასევე გერმანული შორსმწვდომი რაკეტები TAURUS და საზენიტო სისტემებიც კი.
გასულ თვეში რუსეთმა აამოქმედა სარკინიგზო ხაზი, რომელიც მის ტერიტორიას, - მარიუპოლის გავლით, - აკავშირებს ყირიმთან; სამწუხაროდ, ეს ხაზი მეტისმეტად შორსაა ფრონტიდან ანუ უკრაინას არ შეუძლია მისი განადგურება არტილერიის გამოყენებით, ხოლო დრონები ამ მხრივ ნაკლებ ეფექტურია.
ოკუპირებული ყირიმის პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო ხაზით დაკავშირება რუსეთთან პუტინის სტრატეგიული მიზანი იყო 2022 წლიდან.
ერთგვარი „პროგრამა მინიმუმი“.
უკრაინული არმიის არათუ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული წარმატებაა, უდავოდ, შავ ზღვაზე ამჟამად შექმნილი ვითარება, როდესაც უკრაინული არმიის საზღვაო დრონებმა დაახლოებით ათჯერ დაუვიწროვეს ოპერატიული მოქმედების სივრცე რუსულ ფლოტს.
მას უკვე აღარ შეუძლია სადესანტო ოპერაციების განხორციელება არც ერთ მონაკვეთზე; არადა 2022 წელს აქტიურად ცდილობდა დესანტირებას ოდესას მიდამოებში, თუმცა უკრაინელებმა იქ მაშინ დანაღმული სივრცეები დაახვედრეს.
ახლა უკვე ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია: სევასტოპოლიდან გაიძურწნენ და ნოვოროსიისკში არიან შეყუჟულნი.
საგარეო-პოლიტიკური კონტური:
დასავლეთში გარკვეული „მერყეობის“ შესარბილებლად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახლახან განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ახალი კონტრშეტევის გეგმა, თუმცა იგულისხმა ამერიკული დახმარების მიღების აუცილებლობა ამ გეგმის განსახორციელებლად.
61 მილიარდი დოლარი კვლავინდებურად „გაჭედილია“ აშშ კონგრესში....... უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირსაც სერიოზული სირთულეები აქვს უკრაინის დახმარების თვალსაზრისით.
ამდენად, ზელენსკი იძულებულია სულ უფრო მკვეთრი განცხადებები გააკეთოს დასავლეთში იმ ძალთა საგულისხმოდ, რომლებიც კიევს დათმობებისა და, ფაქტობრივად, კაპიტულაციისკენ მოუწოდებენ.
მაგალითად ზელენსკიმ „პრიმიტიული“ უწოდა მოსაზრებებს, რომ უკრაინამ შესაძლოა დაუთმოს რუსეთს დონბასი და ყირიმი.
„კაპიტულანტური ძალები“ რომ მარგინალები იყონ დასავლეთში, ზელენსკი პირადად არ გააკეთებდა ამგვარ განცხადებებს. და რაკი თვითონ აჟღერებს მათ, ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური არხებით აქვს ინფორმაცია, თუ რა საუბრები მიმდინარეობს უკრაინელ ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან დასავლურ დედაქალაქებში - დახურულ კარს მიღმა შეხვედრებისას.
ასევე გაურკვეველი და საეჭვოა საფრანგეთის (პრეზიდენტ მაკრონის) ფართოდ გაPRებული ინიციატივა უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნის შესახებ. ხომ არ გულისხმობს იგი სიტუაციის „გაყინვას“ ან ამჟამინდელ ხაზზე ან იმ ხაზზე რასაც ახლა რუსეთი უმიზნებს ქალაქ დნეპრის პერიმეტრზე?!!!
დასავლეთი ამზადებს დიდ სამიტს უკრაინის თემაზე შვეიცარიაში.
სავარაუდოდ, სამიტი გაიმართება ივნისში.
მთავარი ინტრიგაა, მიიწვევენ თუ არა რუსეთს.
ლავროვი ჩავიდა პეკინში და ჩინეთის ხელისუფლებას ჩაუტანა მოსკოვის „მესიჯი“: „ჩინეთმა არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს მონაწილეობა ამ სამიტში, თუ მასზე დასასწრებად არ მიიწვევენ მოსკოვს“
მოსკოვი თავად სულაც არ არის უკვე მზად ნებისმიერ პირობებში მიიღოს მონაწილეობა: პუტინი გეგმავს დიდ შეტევას და თუ „ახალ ტერიტორიებს“ დაიპყრობს..... მაშინ უფრო მზად იქნება. ანუ „მზად იქნება“ „გამარჯვებულის პოზიციიდან“ წავიდეს შვეიცარიაში.
მთელი ამ პოლიტიკური ტურბულენტობისა და გაურკვევლობის, ასევე...... დასავლურ სოლიდარობაში აშკარად გაჩენილი ბზარების ორი სისტემური მიზეზია:
ა) უკრაინული კონტრშეტევის აშკარა სტრატეგიული წარუმატებლობა;
ბ) სამკვდრო-სასიცოცხლო წინასაარჩევნო დაპირისპირება ამერიკაში, რაც რაში გადაიზრდება მართლა არავინ იცის.
შიდა-პოლიტიკური კონტური
მიუხედავად გარკვეული გადაადგილებებისა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში, რისი ბოლო გამოხატულებაც გახდა თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის „გაშვება“ კიევიდან - ელჩად, უკრაინული ელიტები ინარჩუნებენ კონსოლიდირებულობის აუცილებელ დონეს, რათა არ დაუშვან განხეთქილება.
ზელენსკის საპრეზიდენტო „ვერტიკალი“ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებს ეფექტიანად.
მიღწეულია სტრატეგიული შეთანხმება, რომ წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება: უკრაინული კონსტიტუცია არ მოითხოვს, თუმცა..... არც კრძალავს არჩევნების ჩატარებას ომის დროს, თუმცა კიევში ელიტები ერთსულოვანნი არიან არჩევნების მიზანშეუწონლობაში, როდესაც მოსკოვი მცირე ბზარსაც კი გამოიყენებს უკრაინულ ისტებლიშმენტში, რათა განხეთქილება შემდგომ გააღრმაოს.