რატომ გადადის პარლამენტი ქუთაისში?

რატომ გადადის პარლამენტი ქუთაისში?

საკანომდებლო ორგანოდან გამოჟონილი ცნობებით, მოლაპარაკებები საქართველოს მოქმედი პარლამენტის შენობის თაობაზე უკვე დასასრულს უახლოვდება. ვგულისხმობ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან, რომლებიც მზად არიან ეს გრანდიოზული და მრავალი თვალსაზრისით შესანიშნავი შენობა ჩაიბარონ.
        თავდაპირველად, ხელისუფლება შენობას ებრაელ ბიზნესმენებს - ფუკსსა და ფრენკელს სთავაზობდა იმ ვალის ანგარიშში, რომელიც 1990-იანი წლების კორუფციული გარიგებების შედეგად დაედო ქვეყანას, მაგრამ ციხიდან გამოშვებულმა ებრაელებმა უარი თქვეს და ქეში მოითხოვეს.
        ზოგიერთი წყარო ჯიუტად ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს თითქოს განზრახული აქვს იყიდოს შენობა იმავე 40 მილიონ დოლარად (ეს არაფერია მის მრავალმილიარდიან ქონებასთან შედარებით) და შემდეგ ან ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი გახსნას, ან საპატრიაქროს გადასცესო საჩუქრად. თუმცა ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ დასტურდება: საეჭვოა ხელისუფლებამ ძალაუფლების სიმბოლო ასე იოლად გადაულოცოს მთავარ ოპონენტს. გარდა ამისა, გაუგებარია, რა ფუნქციური ღირებულება აქვს ამ მონსტრს, ანუ რაში შეილება იგი მყიდველმა გამოიყენოს დღევანდელი დანიშნულების გარდა? საოფისედაც საკმაოდ მოუხერხებელია, სასტუმროდ გადაკეთებას კი იმდენი ფული დასჭირდება, ათწლეულების განმავლობაში ვერ ამოიღებენ ინვესტიციას.
        თუმცა, ბოლოს და ბოლოს ესეც არაა მთავარი: ქალაქის ცენტრში მდებარე ნაგებობას დანიშნულება მოეძებნება. ამიტომ, შეიძლება თამამად ვივარადუდოთ, რომ სულ მალე, კახა ბენდუქიძის სტილში, ყოფილ პარლამენტის შენობას სასაჩუქრე ტორტივით ბაფთას გაუკეთებენ და შეიძლება დააწერონ კიდეც დიდი ასოებით: „იყიდება!“
        მთავარი კითხვა ისაა, თუ საერთოდ რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება, ანუ რატომ გადააქვს საკანონდებლო ორანო ქუთაისში? ზოგი თვლის, რომ ამ გზით პარლამენტის დაკნინებას ცდილობენ. ეს ვერსია ნაკლებ სავარაუდოა: საკანონმდებლო ორგანოს ავტორიტეტი და გავლენა არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელ ქალაქში იმყოფება. შეიძლება ქუთაისში მუშაობდეს და (მით უმეტეს საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ), ბევრად მეტი გავლენაც მოიპოვოს, ვიდრე დღევანდელ პარლამენტს აქვს.
        მეორე მოსაზრებით, ხელისუფლება თბილისის განტვირთვას ცდილობს. ამ ვერსიაში რაციონალურ მარცვალი ნამდვილად არის. ოღონდ იგულისხმება არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც ფსიქოლოგიური ეფექტი. მე, მაგალითად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის მთავარი ინიციატორი (რასაკვირველია პრეზიდენტთან ერთად) იგივე კახა ბენდუქიძეა, რომელიც ხშირად იმეორებს, რომ თბილისი არ უნდა იყოს ქვეყანაში ერთადერთი ქალაქი, სადაც ღირს ცხოვრება, ყველა სხვა დასახლება კი „დიდი სოფელი“ და „გოიმთა თავშესაფარია“. აქ სწორედ პრესტიჟულობაა მთავარი მომენტი. ბათუმი უკვე აღარ ითვლება „გოიმობად“. ასევე უნდა აიწიოს ქუთაისის პრესტიჟმაც. რამდენად გამოვა - სხვა საქმეა. მაგრამ ეს მომენტი მაინც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ასეული ქუთაისელის დასაქმება პარლამენტის აპარატში.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        თუმცა, დაკვირვება ცხადყოფს, რომ ნამდვილი მიზეზი (მიზეზთა მიზეზი) ამ გადაწყვეტილებისა მაინც სხვა სფეროშია საძიებელი. ალბათ უფრო იმის გათვალისწინებით, რა როლი შეასრულა დღევანდელი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიკერძოებისა და რისხვის გარეშე უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ 50 კვადრატული მეტრის ფართობზე დატრიალდა ბოლო 24 წლის განმავლობაში მრავალი სისხლიანი ქარბორბალა, რომელმაც ქვეყნის განვითარება განსაზღვრა. სხვა საკითხია, სწორი თუ არასწორი მიმართულებით. აქ მოხდა 9 აპრილი, შემდეგ სამოქალაქო ომი, მრავალი სხვა დაპირისპირება და ბოლოს, - 2011 წლის 26 მაისის აქცია.
        ერთი სიტყვით, თუ რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკოსთა ჯგუფს წარსულში ხელისუფლებისათვის სერიოზული პრობლემის შექმნა სურდა, მას სწორედ „მთავრობის სახლის“ წინ უნდა მოეწყო მიტინგი. მერე ეს აქცია ადრე თუ გვიან გადაიზრდებოდა დაპირისპირებაში და ასე შემდეგ.
        ანუ, როგორც ჩანს, დღვანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის სათავეში სწორედ რუსთაველზე გამართული მასობრივი აქციების შედეგად მოვიდა (2003 წლის ე.წ. „ვარდების რევლუცია“), გადაწყვიტა, მოშალოს ის ბუდე, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამდენი პროვოკაციის, დაპირისპირების, შეტაკებისა თუ სისხლისღვრის წყარო გახდა.
        რამდენად გადაწყვეტს ეს პრობლემას? ანუ, რატომ არ შეიძლება უკვე ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქცეს ასეთივე დაპირისპირებების და პროვოკაციების ადგილად? ჯერ ერთი, მოქმედებს ისტორიული ტრადიციის ლოგიკა - ადამიანები მიჩვეულნი არიან, რომ სამიტინგოდ სწპრედ რუსთაველზე უნდა გამოვდნენ, ხოლო თუ პარლამენტის შენობაში კაზინო გაიხსნება (სხვათა შორის, უბადაღებულ „შანგრილას“ თუ გავისხენებთ, გამორიცხული ნამდვილად არ არის) - შეუძლიათ იმიტინგონ რამდენიც უნდათ: ყურადღებასაც არავინ მიაქცევთ.
        რაც შეეხება ქუთაისის პარალმენტს, იქ შესაბამისი ტრადიცია და ჩვევა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ორ მომენტს დავაკვირდეთ; ვერა და ვერ დამკვიდრდა, მაგალითად, ტრადიცია სახელმწიფო კანცელარიის წინ მიტინგების გამართვისა. არც ისე შორსაა რუსთაველიდან, მაგრამ მაინც. გარდა ამისა, ახალი პარლამენტი არა ქუთაისის ცენტრში, არაედ, ფაქტობრივად, გარეუბანში აიგო. ქართველებს კი რუსთაველიდან - ინგოროყვას ქუჩაზე ეზარებოდათ ასვლა (კანცელარიასთან) და ქუთაისში, თანაც ქუთაისის გარეუბანში წავლენ სამიტინგოდ?
        ამ გადაწყვეტილებით მმართველი გუნდი მკაფიოდ ამბობს, რომ ხელისუფლებაზე სამიტინგო ზეწოლის პრაქტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ისტორიას უნდა ჩაბარდეს ფენომენი სახელად „მიტინგი“, რადგან „მიტინგი“ ჩვენს ხალხს მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველზე, „მთავრობის სახლის“ წინ მიტინგად წარმოუდგენია. სხვა მიტინგს კი არ სცნობს.
        დარჩება რუსთაველის გამზირი (მისი ბრენდ-მაღაზიებით), რომელიც კვლავინდებურად დედაქალაქის ყველაზე მოხერხებული და კომფორტული ადგილი იქნება სატრანსპორტო თუ ნებისმიერის ხხვა თვალსაზრისით. ცოტა არ იყოს გაუგებარია, რა ელის 9 აპრილის მემორიალს და იმ უცნაურ მიწისქვეშა სანათებს, რაც იქ აიგო 1989 წლის ტრაგედიის ღსანიშნავად. თუმცა, არც ესაა გადაულახავი პრობლემა: პარლამენტი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მემორიალი დარჩეს. აბა მემორიალსაც ხომ არ შეუცვლიან ადგილს? მოგვწონს თუ არა, იქ მოხდა რაც მოხდა და ამას უკვე ვერავინ შეცვლის.
        ბუნებრივია, ამჟამინდელ ხელისუფლებას კონკრეტული პოლიტიკური გათვლაც აქვს: ახლოვდება არჩევნები, რომელსაც ნამდვილად საბედისწერო მნიშვნელობა ექნება. არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ, გაყალბების მოტივით, საპროტესტო აქციების წამოწყება სცადოს. მაგრამ თუ პოლიტიკური ცენტრი თბილისში, რუსთაველის გამზირზე აღარ იქნება, რევოლუციური ტალღის აგორება ბევრად გართულდება. თანაც, ხელისუფლება წინასწარ იჭერს თადარიგს, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, არა არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდეც „აამაღლოს ტემპერატურა“: 26 მაისის სამხედრო აღლუმი უკვე ქუთაისში გაიმართება. მაშინვე შედგება პარლამენტის პირველი სხდომაც. მართალია ჯერ სიმბოლური, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა: მთავარია პოლიტიკური ასპექტი. ამ თვალსაზრისით ხელისუფლება აშკარად თავს იზღვევს და თუ მის „ინფორმირებულობას“ გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს ზუსტად იცის, რომ მიმდინარე საარჩევნო ციკლი მისთვის იოლი არ იქნება.
        ყველაზე საინტერესო კი ისაა, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, თუკი ხელისუფლებაში მოსვლა ეღირსა? შეცვლის სააკაშვილის გადაწყვეტილებას და პარლამენტს ისევ თბილისში, რუსთაველზე დააბრუნებს? მაშინ საკანონდმებლო ორგანო მთლად „ბოშათა ბანაკს“ დაემსგავსება. თუმცა, გავბედავ ვივარაუდო, რომ არც ერთი მთავრობა ამ გადაწყვეტილებას უკვე აღარ შეცვლის. პირდაპირ ამას არ იტყვიან, მაგრამ ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მოტივი იგივე იქნება: მოშალოს ის ბუდე, სადაც, ჩვენი ცოდვა-ბრალიანი ისტორიის განმავლობაში, ხელისუფლებისთვის ბრძოლისას, ამდენი უბედურება დატრიალდა.

2012