საერთაშორისო მიმოხილვა. 11 მაისი 2022 წელი
აფხაზეთის გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონში (პირობითად თუ ვიტყვით, იქაური `მთაწმინდა`) უცნობებმა რამდენიმე საფლავი გაძარცვეს - სპილენძისგან რაც იყო საფლავის ქვებზე, მოხსნეს და მოიპარეს თურქეთში გასაყიდად.
ამ ამბავს აფხაზეთში მძვინვარე რეაქცია მოჰყვა: `არა, არა, არა და არა---არ ვართ სახელმწიფო რა.....` მოთქვამენ აფხაზი ბლოგერები და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ რუსეთმა ამდენი ფული დაახარჯა აფხაზეთს 30 წლის განმავლობაში და ერთი დარაჯიც ვერ დაუყენა ხელისუფლებამ იმ პანთეონს, რათა ეს სამარცხვინო ფაქტი არ დაეშვა.
. . . . . . . . . . .
დღეს დილით, 11 მაისს, უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში დიდი გაზსადენის იმ შტოთი, რომლის მარეგულირებელი სადგური (საკომპრესორო სადგური) მდებარეობს ლუგანსკელ სეპარატისტთა კონტროლირებად ტერიტორიაზე.
შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი დაახლოებით მესამედით შემცირდა.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე რაიმე პრობლემა შეექმნება ევროპაში გაზის მისაწოდებლად. ბოლოს და ბოლოს მოსკოვს შეუძლია ეს ნაკადი გადაამისამართოს ბალტიის ფსკერზე გამავალ მილსადენში (`ჩრდილო ნაკადი- 1 და ჩრდილო ნაკადი- 2) მაგრამ ამ ნაბიჯით უკრაინა ევროპასაც ეუბნება, რომ სრულებით შესაძლებელია მთლიანად შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში. ანუ არ დაუშვებს არანაირ სეპარატულ მოლაპარაკებებს და გარიგებებს ევროპასა და რუსეთს შორის უკრაინის ეროვნულ ინტერესთა ხარჯზე.
გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი იმყოფებოდა კიევში და განაცხადა, რომ გერმანია უარს ამბობს ყოველგვარ შეზღუდვაზე უკრაინისათვის გერმანული შეიარაღების მიწოდების საკითხში.
უფრო ადრე, პრეზიდენტი ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს სთავაზობდა, 9 მაისს ჩასულიყო კიევში..
და ეს ზუსტად იმ მომენტში, როცა მოსკოვში სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა გერმანიაზე გამარჯვების მორიგი იუბილეს აღსანიშნავად.
გერმანიის კანცლერი რომ ამ დღეს კიევში ჩასულიყო, ეს ფაქტიურად იმის ჩვენება იქნებოდა, რომ ახლა პუტინის `რაშისტული რუსეთი` აკეთებს იგივეს, რასაც ჰიტლერის გერმანია აკეთებდა 80 წლის წინ მაგრამ `ახალი გერმანია` ისტორიის ნათელ მხარესაა და არა ბნელ მხარეს.
შესაბამისად, ოლაფ შოლცს, ზელენსკის წინადადებით, ჰქონდა შანსი, ისტორიული სილა გაეწნა პუტინისთვის, თუმცა.....ამდენი ვერ გაბედა. ჯერ-ჯერობით მაინც.
. . . . . . . . . . .
სამაგიეროდ პუტინისთვის სხვა სილის გაწვნაა ის, რაც გუშინ გაეროში მოხდა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრად, ნაცვლად იქედან გარიცხული რუსეთისა, ჩეხეთის წარმომადგენელი აირჩიეს.
. . . . . . . . . . .
დღეს დილით გარდაიცვალა უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი, რომელმაც 1991 წლის 7 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან და ბელორუსის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად ბელორუსულ `ბელოვეჟის ტყეში` ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის დაშლას.
ანეგდოტია, რომ ამ ხელმოწერის შემდეგ, ბორის ელცინმა დაურეკა არა სსრკ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ რჩებოდა თანამდებობაზე, არამედ .....ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს: `მომილოცე, რა მაგარი ვარ: სსრკ დავშალეო`.
ლეონიდ კრავჩუკი იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელიც ჯერ კიდევ `საბჭოთა უკრაინაში` დაიბადა, გაიზარდა და კომუნისტურ იერარქიაში მსახურობდა.
ახლა ყოველნაირად უჭერდა მხარს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და წყევლიდა რუსებს.
კრავჩუკის წასვლა სიმბოლური გამოხატულება გახდა ისტორიული პროცესისა, რომ უკრაინის სათავეში სრულიად სხვა თაობა მოდის და პუტინი ამ პროცესს ვერანაირად ვერ შეატრიალებს.
. . . . . . . . . . .
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ქალბატონმა Avril Haines სენატის შეიარაღების კომიტეტში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი უკრაინაში ომის ესკალაციას და `უფრო დრამატულ ეტაპზე` გადაყვანას აპირებს.
ამერიკაში დაახლოებით 17-18 სხვადასხვა პროფილის სპეცსამსახურია და ბევრს უკვირს კიდეც, რა საჭიროა National intelligence service ცალკე, როცა არსებობს CIA - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. თუმცა ეს ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურის ერთ-ერთი თავისებურებაა, რამაც ერთხელ ამერიკა ძააააალიან ძლიერ დააზარალა: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების წინ, როდესაც არაბმა ისლამისტმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს, შემდეგ კი `მფრინავ ბომბებად` გამოიყენეს, CIA ფლობდა ინფორმაციას ერთ-ერთი ტერორისტის (19 ტერორისტიდან) ამერიკაში გამგზავრების შესახებ რაღაც ავი განზრახვით, თუმცა FBI-ს (ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს, ანუ კონტრდაზვერვას) არ შეატყობინა ამის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ CIA-მ იცოდა დაგეგმილი ტერაქტის შესახებ, თუმცა FBI-ს ამ პიროვნებაზე ინფორმაცია იმ მოტივით არ მიაწოდა, რომ თუ ამ ტერორისტს FBI დაიჭერდა, მაშინ CIA-ს აგენტურა არაბულ ქვეყნებში` გაიშიფრებოდა`.
ბუნებრივია, CIA-ს რომ სცოდნოდამ ეს პიროვნება 19 კაციანი ჯგუფის წევრი იყო და რა საშინელებასაც გეგმავდნენ ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, ქვეყნის ინტერესებს უწყებრივ ინტერესებზე მაღლა დააყენებდა.
ეს მცირე გადახვევა იმის საილუსტრაციოდ, რომ ამერიკულ სპეცსამსახურთა უწყებრივი `გადაფარვა` შესაძლოა დადებით როლსაც ასრულებს ხოლმე ერთმანეთის `გადაზღვევაში`, თუმცა მათი კონკურენცია ზოგჯერ ხელის შემშლელიცაა.
ამრიგად, Avril Haines ახლა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პუტინი ახალ ტაქტიკას გამოიყენებს ბევრად მეტი ინტენსივობით, ვიდრე 9 მაისამდე.
ქალბატონ Haines თქმით, პუტინი როგორც სჩანს ღიად არ გამოაცხადებს რუსეთში საომარ მდგომარეობას, მაგრამ სამხედრო მრეწველობას გადაიყვანს ავრალურ რეჟიმში, ესე იგი იმავე საომარ რეჟიმში, თუმცა სამხედრო გაწვევისგან განსხვავებით, ეს რეჟიმი არ საჭიროებს ღიად დეკლარირებას: საკმარისი იქნება პუტინის საიდუმლო ბრძანებულება სამეხდრო მრეწველობის ინტენსიფიკაციის შესახებ.
ამჟამად რუსეთი ქარხნები, რომლებიც რაკეტებს უშვებენ, ისედაც 3 ცვლაში მუშაობენ ანუ პერსონალი მუშაობს 8-8 საათი და შემდეგ იცვლება.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ პუტინი იძულებული გახდა მხოლოდ რაკეტებით ბომბოს უკრაინა: ავიაციას აქტიურად ვერ იყენებს, რადგან ამერიკამ და ევროპამ უკრაინას მიაწოდეს საკმაოდ ქმედითი ჰაერსწაინააღმდეგო, საზენიტო სისტემები. ისინი უკვე იოლად ჩამოაგდებენ რუსულ ბომბდამშენებს უკრაინის თავზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ბომბდამშენები `ნოხისებრ დაბომბვებზე` წავლენ, ანუ 10-15 კილომეტრის სიმაღლიდან დაიწყებენ კიევის, ხარკოვის ან დნეპრის დაბომბვას ჩვეულებრივი ბომბებით - დამიზნების გარეშე. თუმცა ამ ეტაპზე პუტინს ეს არ აწყობს. ბოლოს და ბოლოს ამ ქალაქებში (განსაკუთრებით ხარკოვსა და დნეპრში, ასევე ოდესაში) აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური რუსია. ხოლო ოდესაში ეთნიკუღი ებრაელიც ბევრია.
შესაბამისად, პუტინის ბრძანებით, უკრაინას ბომბავენ დიდი სიშორიდან (რამდენჯერმე, მაგალითად, კასპიის ზღვის საჰაერო სივრციდანაც) ფრთოსანი რაკეტებით; ასევე შავი ზღვიდან, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის საჰაერო სივრციდან და ა.შ.
ამას სჭირდება უახლესი ზებგერითი რაკეტები, რაც პუტინს ბევრი სულაც არა აქვს - ასეულობითაა და არა ათასობით. შესაბამისად ახლების დამზადებაა საჭირო და სამხედრო ქარხნებიც სამობილიზაციო რეჟიმში მუშაობენ. როგორც სტალინის დროს.
ამერიკული დაზვერვის შეფი დარწმუნებულია, რომ პუტინს აქვს `პროგრამა მინიმუმი` და `პროგრამა მაქსიმუმი`: მინიმუმია დონბასის დაპყრობა დონეცკის რესპუბლიკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის ფარგლებში (მარიუპოლი ამ საზღვრებში შედის) ხოლო პროგრამა მაქსიმუმი - მთელი უკრაინული შავიზღვისპირეთის დაპყრობა ოდესამდე.
ანუ ამერიკული დაზვერვა დარწმუნებულია (საეჭვოა ამაში ცდებოდეს), რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში პუტინი კიევის და დასავლეთ უკრაინის დაპყრობას არ შეეცდება. არამედ დაკმაყოფილედება (თუ მოახერხა) იმით, რომ უკრაინას წაართვას საზღვაო პორტები, აქციოს უკრაინა `უზღვაო`, ესე იგი სახმელეთო სახელმწიფოდ ზღვაზე გასასვლელის გარეშე და ამის შემდეგ დაელოდოს, როდის ჩამოიშლება თვითონ უკრაინის ხელისუფლება შიდა წინააღმდეგობებით და ეკონომიკური კრიზისით, რათა მერე შევიდეს კიევში უბრძოლველად.
ოღონდ ეს ბოლო სტადია მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში - თუნდაც 10-20 წლის შემდეგ.
ახლა კი პირველი ნაბიჯია მარიუპოლი და ფრონტის `გასწორება` დონბასის ხაზზე, სადაც გრძელდება გააფთრებული ბრძოლები: რუსული არმია, საბედნიეროდ, იქ გარღვევას ვერ ახერხებს.