საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ივლისი 2022 წელი

აფხაზეთის ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ოსტატურად `ბალანსირებს` რუსეთსა და დასავლეთს შორის.

ფართოდ `გააფიარეს` ხარკოვთან ბრძოლებში ვინმე  ასტამურ გუმბას დაღუპვა, რომელიც უკრაინის არმიაში იბრძოდა და სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამით აფხაზები დასავლეთს ეუბნებიან: ხომ ხედავთ, ჩვენ სულაც არ ვართ რუსეთის მონები - აფხაზები რუსეთის წინააღმდეგ(აც) იბრძვიანო.

მეორეს მხრივ, რამდენიმე აფხაზი იბრძვის რუსული არმიის მხარესაც.

აფხაზეთმა, `სამხრეთ ოსეთისგან` განსხვავებით, უარი უთხრა მოსკოვს გაეგზავნა დონბასზე ოფიციალური აფხაზური სამხედრო ნაწილები, რითაც კრემლი ძალიან გაანაწყენა.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ექმნებათ ახლა პრობლემები ფსოუს საზღვარზე, სადაც მოსკოვი სულ უფრო ართულებს გადაადგილებას.

. . . . . . . . . . 

რუსეთი ცდილობს გერმანული კაპიტალი დააინტერესოს აფხაზეთით.

გერმანულმა კომპანიამ FVT– G roup&Partner წერილით აცნობა აფხაზეთის პრეზიდენტ ბჟანიას, რომ მზად არის ააშენოს აფხაზეთში საკურორტო ქალაქი და მერე ზაფხულობით იქ გერმანელი ტურისტები ჩამოიყვანოს, თუ მიწას გამოუყოფენ სოხუმთან.

როგორც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ვწერდი, მიწა აფხაზეთში პარანოიდული თაყვანისცემის საგანია, ამიტომ სულ პატარა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაც კი პრეზიდენტის ხელმოწერას საჭიროებს, ხოლო გაყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია: აკრძალულია სამუდამოდ.

ის იყო ბჟანიამ დაიწყო საკითხის შესწავლა, რომ მისი ადმინისტრაციის რომელიღაც უცნობმა თანამშრომელმა `გაჟონა` ეს ინფორმაცია და აფხაზეთში ისტერია დაიწყო: `აფხაზურ მიწას გვიყიდიააააააააან!`

პრეზიდენტი ბჟანია გამოვიდა და ბოდიში მოიხადა: იჯარითაც აღარ მივცემ მიწას ოღონდ თქვენ კრუნჩხვები ნუ გემართებათო.

. . . . . . . . . . 

ირკვევა, რომ ბევრი აფხაზი ქალი, რომელიც მეორე ან მესამე ბავშვს ელოდება, გადადის დროებით რუსეთში, მაგალითად მეზობელ სოჭში, რათა იქ იმშობიაროს და მიიღოს ე.წ. `დედის კაპიტალი` ანუ რამდენიმე ათასი დოლარი ან შეღავათიანი იპოთეკის უფლება, რაც პუტინმა დააწესა რუსეთში მეორე ან მესამე ბავშვის დაბადებისთვის.

`დედობრიობის კაპიტალი` (Материнский капитал) იმითაა გამოწვეული, რომ რუსი ერი არ მრავლდება. მაგრამ აფხაზებმა საკუთარ თავზეც `გაივრცელეს` ეს რესურსი.

. . . . . . . . . . 

გაზპრომის ტოპ-მენეჯერი იური ვორონოვი მკვდარი იპოვეს ელიტურ კოტეჯში პეტერბურგთან. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა.... მაგრამ საქმე ისაა, რომ ვორონოვი ენერგოგიგანტ `გაზპრომის` უკვე მეოთხე ტოპ-მენეჯერია, ვინც ბოლო 4 თვის განმავლობაში `თავი მოიკლა`  ან მკვდარი იპოვეს.

როგორც ჩანს იქ რაღაც ხდება და პუტინი `წმენდას` ატარებს სტალინის სტილში: `თავი მოიკლა`..... მკვდარი იპოვეს`....სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია......

როგორ შეიძლება ნორმალურ ქევყანას ან ნორმალურ ადამიანს `პრორუსული ორიენტაცია` ჰქონდეს? ეს ხომ ყველაზე ბნელი და უკუნი ხანის `ბიზანტიაა` - მისი საიმპერატორო კარის ინტრიგებით და მკვლელობებით.

ასევე მუდმივი ომით კლანებს შორის ეკონომიკური და ფინასური რესურსების გადანაწილებისათვის.

. . . . . . . . . . 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ძალაუფლების დაკარგვის პირასაა მას შემდეგ, რაც მისი კაბინეტის ორი მინისტრი გადადგა: კანცლერი რიში სუნაკ და ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ კავიდ.

ორივემ დაწერა, რომ `დისკრედიტირებულ პრემიერთან` ვეღარ იმუშავებენ.

იგულისხმება კოვიდ-პანდემიის დროს გამართული წვეულება, რომელმაც ბრიტანეთში დიდი აურზაური გამოიწვია: მოქალაქეებს პოლიცია ქუჩებში აპატიმრებდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 3 ადამიანზე მეტის შეკრებისთვის აჯარიმებდა სასტიკად, ამ დროს კი პრემიერი ცეკვავდა და მღეროდა თანაპარტიელებთან.

თუ ბორის ჯონსონმა ამის გამო ახლა ძალაუფლება დაკარგა, უკრაინისთვის ეს ძალიან ცუდია. ისევე როგორც საქართველოსთვის, რადგან ჯონსონი `ანტიპუტინური` მოძრაობის ლიდერად ჩამოყალიბდა ევროპაში.

. . . . . . . . . . 

პრეზიდენტ ბაიდენისთვის სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება ამერიკელი კალათბურთელი ქალის, ბრიტნი გრინერის ქეისი, რომელიც რუსეთშია დაპატიმრებული და შეიძლება ითქვას, მძევლად ჰყავს პუტინს აყვანილი.

გრინერი მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს რამდენიმე თვის წინ და კანაბისის (ნარკოტიკული ნივთიერება. ჩვენს ენაზე `კანაპლია` ან `მარიხუანა`) კონტრაბანდა დასდეს ბრალად. კალათბურთელი ქალი ამ ბრალდებას უარყოფს.

პრობლემა იმიტომაა, რომ ბაიდენს ახლა, როცა კონგრესის საშუალედო არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, აუცილებლად სჭირდება ამერიკის საკალათბურთო ელიტის PR მხარდაჭერა. ამერიკაში კალათბურთი პოპულარული თამაშია. ამ მხრივ მესამეა ამერიკული ფეხბურთის და ბეისბოლოს შემდეგ.

მით უმეტეს, რომ გრინერი ქალია. ამერიკის ლიბერალური სეგმენტის წევრია. მისი გათავისუფლება ბაიდენისთვის პრინციპის საქმეა.

მაგრამ რას მოითხოვს პუტინი სანაცვლოდ? უეჭველად მოითხოვს რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გათავისუფლებას.

ეს არის ცნობილი იარაღის კონტრაბანდისტი, ვისი ხელითაც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან კრემლი იარაღით ამარაგებდა ყველა მეომარ მხარეს აფრიკაში და აზიაში, ასევე ლათინურ ამერიკაში.

ვიქტორ ბუტის თემაზე ჰოლივუდმა ფილმიც გადაიღო `ომის უფალი`(Lord of war) - ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით/

გაცვლის ბაიდენი ვიქტორ ბუტს ბრიტნი გრინერში?

ესეც ძალიან გაუჭირდება!

საქმე ის გახლავთ, რომ ვიქტორ ბუტი ამერიკის უდიდეს პრობლემად იყო მიჩნეული. მის მიერ ამერიკის სხვადასხვა მტრებისთვის მიყიდული იარაღით უამრავი ამერიკელი მოკლეს მთელს მსოფლიოში.

CIA ბუტს 10 წლის განმავლობაში ეძებდა, უთვალთვალებდა, ბოლოს გრანდიოზული, უძვირესი სპეცოპერაცია ჩაატარეს, მოსკოვიდან გამოიტყუეს ტაილანდში და იქ 2008 წლის 6 მარტს დააპატიმრეს. ამერიკულმა სასამართლომ მას იარაღით ვაჭრობისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახლა ბუტის გაცვლა ძალიან ცუდი მესიჯი იქნება ყველა ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რომ მათ შეუძლიათ მძევლად აიყვანონ ამერიკელები და მერე ამერიკულ ციხეში თავის ბანდიტებთან და ნარკომოვაჭრეებთან დაკავშირებით ევაჭრონ ამერიკას.

ეჭვს არ იწვევს, რომ ამერიკელი კალათბურთელი ქალი პუტინის სპეცსამსახურებმა რუსეთის საკალათბურთო ასოციაციის მეშვეობით გამოიტყუეს ამერიკიდან. კარგი კონტრაქტი შესთავაზეს - ყველანი პუტინის მონები არ არიან?

გარდა ამისა, გაცვლის თემა ამერიკაში საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა იურიდიული თვალსაზრისით დაკავშირებული. რუსეთში ალდვილია: უბრძანებს კრემლი მოსამართლეს და რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს.

ამერიკაში ასე არაა: მოსამართლე (ვინც მიუსაჯა) თუ გაჯიუტდა, ბუტს ციხიდან მამა ღმერთიც ვერ გამოიყვანს და ვერ გაცვლის. ამერიკაში მოსამართლე აბსოლუტურად დამოუკიდებელია.

თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკის ლიბერალური წრეები მაინც აიძულებენ ბაიდენს გაათავისუფლოს როგორმე შავკანიანი (!) ქალი. თუმცა ხსენებული შუალედური არჩევნების წინ ეს რესპუბლიკელთა კიდევ ერთი კოზირი გახდება საარჩევნო კამპანიისას: ხომ ხედავთ, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა დააკავა მკვლელი და სიკვდილით მოვაჭრე ბუტი, ხოლო `დემოკრატმა პრეზიდენტმა ბაიდენმა `გაუშვაო.

მეორეს მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა გამოკითხვით, 2022 წლის შემოდგომაზე დემოკრატებს აქვთ ყველა შანსი, მოიგონ სენატიც და ქვედა პალატაც ანუ შექმნან აბსოლუტურად `დემოკრატიული` კონგრესი, რადგან....ლიბერალური ამერიკა ძალიან გააბრაზა აშშ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც ამერიკულ შტატებს, ფაქტობრივად, ნება დაერთოთ აკრძალონ აბორტი და რამდენიმე შტატმა უკვე აკრძალა კიდეც.

. . . . . . . . . . 

შემაძრწუნებელი ფაქტები ირკვევა ჩიკაგოს მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით: როგორც ცნობილია, 4 ივლისს 21 წლის Robert E. Crimo III თერთკანიანმა ფსიქოპატმა 6 ადამიანი მოკლა და ამაზე ბევრად მეტი დაჭრა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე.

ახლა პოლიციამ აღიარა: `რამდენიმე კვირის წინ მისი ოჯახის წევრებმა დაგვირეკეს, გამოგვიძახეს, ჩხრეკა ჩავატარეთ, ცივი იარაღის კოლექცია ამოვიღეთ, მისი ოჯახის წევრები გვეუბნებოდნენ მოკვლით გვემუქრებაო და....არაფერი`.

აი ამ ამბის მერე სოციოპათმა იყიდა 4 ერთეული ავტომატური შაშხანა სრულებით ლეგალურად, რადგან, როგორც ახლა ჩიკაგოს პოლიცია იმართლებს თავს, ჩიკაგოში ცივი იარაღის შენახვა აკრძალული არ არის, ქრიმო კი იმუქრებოდა, მაგრამ რეალურად თავს არავის დასხმია, ამიტომ არ გქვონდა კანონიერი საფუძველი მისი ეჭვმიტანილთა ბაზაში შესატანად, რის შედეგადაც სამხედრო-საარმიო შაშხანებს ვერ იყიდიდაო.

ანუ პოლიციის რეიდიდან სულ რამდენიმე დღეში წავიდა, მივიდა იარაღის მაღაზიაში, იმ მაღაზიის მფლობელმა შეამოწმა ბაზაში, არ იყო ბაზაში შეტანილი, იყიდა 4 უძლიერესი შორსმსროლელი შაშხანა და მოკლა უდანაშაულო ადამიანები.

. . . . . . . . . . 

იაპონიამ `ზღვრული ფასები` დააწესა რუსულ ნავთობზე, რომელზე ძვირადაც, იაპონიის ბიზნესი მოსკოვისგან ნავთობს ვეღარ იყიდის.

საპასუხოდ, პუტინმა ერთი კალმის მოსმით გააგდო იაპონია `სახალინ--2`-ის ნავთობსარეწის პროექტიდან.

აღმოჩნდა, რომ 25 წლიანი საუბრები `ინვესტორთა გარანტიებზე` ცარიელი სიტყვები ყოფილა: იაპონური კომპანია/ინვესტორი გააგდეს, ხოლო მისი ძვირადღირებული, საუკეთესო იაპონური ტექნიკა უბრალოდ წაართვეს ბანდიტურად.

პუტინს `საინვესტიციო იმიჯი` ნამდვილად აღარ აღელვებს!