საერთაშორისო მიმოხილვა. 11 მარტი. 2022 წელი
Facebook და Instagram მიიღეს სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მოხსნეს შეზღუდვა სოციალურ ქსელში ე.წ. `სიძულვილის ენის` გამოყენებაზე, თუ ეს ენა ეხება რუს ოკუპანტებს. მაგალითად ტერმინი `სიკვდილი რუს ოკუპანტებს` ან `სიკვდილი რუს აგრესორებს` უკვე დაშვებულია და ყველამ შეიძლება გამოიყენოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ თურქულ ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თვით ამ შეხვედრის ორგანიზება თურქული დიპლომატიის უდიდესი წარმატებაა: თურქეთი აგრძელებს ოსტატურ ბალანსირებას რეგიონულ სახელმწიფოთა წინააღმდეგობებზე, თანამშრომლობს ორივე მხარესთან (აწვდის იარაღს უკრაინას მაგრამ არ უკეტავს რსუეთს ბოსფორის სრუტეს) და მნიშვნელოვნად ზრდის თავის გავლენას მთელს შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში, სადაც მისი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანია.
ლავროვმა ანტალიაში ჩაიყვანა თავისი მთარგმნელი უკრაინულიდან - რუსულზე. საერთაშორისი პროტოკოლით მიღებულია, მხარეები ლაპარაკობდნენ მშობლიურ ენაზე. ანუ ლავროვი ელოდა, კულება უკრაინულად ილაპარაკებდა. თუმცა მან ინგლისურად ლაპარაკი არჩია და ეს იყო მინიშნება ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე. ესე იგი მოლაპარაკებები ინგლისურად მიმდინარეობდა და არა რუსულად ან რუსულ-ინგლისურად.
კულებას თხოვნით, თურქებმა ისე მოაწყვეს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ყოფილიყო იძულებული მისალმებოდა და ხელი ჩამოერთმია აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის. არც ჩამოურთმევია ხელი: როცა კულება მოლაპარაკებათა დარბაზში შემოვიდა, ლავროვი მისგან შორს იჯდა.
ვერაფერზე მოილაპარაკეს, მათ შორის ვერც ცეცხლის შეწყვეტაზე. ექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ `ცეცხლის შეწყვეტაზე` რუსეთი ლაპარაკს (თუნდაც ლაპარაკს) მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც აიღებს მარიუპოლს. არადა ვერ იღებს - ანადგურებს ქალაქს, უსასტიკესად ბომბავს, თუმცა ვერ იღებს, რადგან მარიუპოლში განლაგებულია უკრაინის უძლიერესი სამხედრო შენაერთი `აზოვ`.
ანტალიაში ლავროვს წამოსცდა (!), რომ ბოლო მოლაპარაკებებზე ბელორუსში, რუსეთმა უკრაინის დელეგაციას გადასცა უკვე კონკრეტული დოკუმენტი, რომლის პუნქტები გულისხმობს პუტინის ულტიმატუმის შესრულებას: NATO-ზე უარი და უკრაინული არმიის განიარაღება, მაგრამ......არ გულისხმობს ზელენსკის გადადგომას. ანუ პუტინს იმედი აქვს, ზელენსკის აქცევს თავის მარიონეტად და სწორედ მას მოაწერინებს ხელს ულტიმატუმზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინთან ჩატარდა საგანგებო თათბირი, თუ როგორ გადაარჩინონ რუსეთის ეკონომიკა, როდესაც დასავლეთი სულ უფრო აძლიერებს სანქციებს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი აღიარებს: ეკონომიკა გადასარჩენია. განვითარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია: 2022 წელს ვარდნა 8%-ს მიაღწევს. ინფლაცია - 20%ს. რუსების რეალური ხელფასი 10%-ით შემცირდება.
ესეც ოპტიმისტური პროგნოზით. ანუ მთელი მსოფლიო რომ გამოდის `კოვიდ-პანდემიით` გამოწვეული რეცესიიდან, რუსეთისთვის ეს რეცესია გაგრძელდება და გაღრმავდება: ასეთ ფასს იხდის პუტინი (უფრო სწორად, ამ ფასს ახდევინებს თავის ხალხს) მისი ისტორიული, შიზოიდური ამბიციების დაკმაყოფილებაში.
მიმდინარე პრობლემათა გადასაჭრელად პუტინის ხელისუფლება იმაზეც კი მიდის, რომ რუსულ კერძო კორპორაციებს უკრძალავს (!) საგარეო ვალების გადახდას, ანუ იმ ვალებისა, რაც მათ დასავლური ბანკებიდან აიღეს კერძო სესხის (და არა სახელმწიფოს ესხის) სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი რუსული კორპორაციები, ნებისმიერ სფეროში, უბრალოდ ვეღარასოდეს `თავს ვერ გამოჰყოფენ` მსოფლიო საფინანსო თუ სხვა ბაზრებზე. მათ შეიტანენ `არასანდო მოვალეთა რეესტრში` და იქცევიან კეთროვანებად.
ამასობაში რუსები გააფთრებით ყიდულობენ წამლებს, ფქვილს, პირველადი მოთხოვნის სხვა პროდქუციას, რაკი ეშინიათ შიმშილის.
რუსეთსი ექს-პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი `ამაყად` (ვითომ) და სინამდვილეში სულელურად ხუმრობს: `მაკდონალდსი რომ წავიდა რა....კოტლეტს ჩვენც კი შევწვავთო`. არადა პრობელმა ის კი არ არის მხოლოდ, რომ ლეგენდარული ამერიკული ფასტფუდი წავიდა რუსეთიდან, არამედ ის, რომ მასთან ერთად წავიდნენ რუსეთიდან, მაგალითად, ბავშვთა კვების მწარმოებელი კომპანიები.
კოტლეტს კი შეწვავენ რუსები, თუმცა ამ კომპანიათა პროდუქციის ჩანაცვლების ან მისი დამოუკიდებლად წარმოების არანაირი საშუალება არა აქვთ. ისევე, როგორც წამლების უდიდესი ნაწილს (80%) რუსეთი დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს. \
წამლების იმპორტი გაგრძელდება (გამორიცხულია დასავლეთმა აკრძალოს წამლების ექსპორტი რუსეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - ჩრდილო კორეასა და ირანშიც კი არ აუკრძალავს), მაგრამ ბევრად ძვირი იქნება, ვიდრე დასავლურ კომპანიათა მიერ რუსეთში წარმოებული.
პუტინმა აკრძალა 200 დასახელების პროდუქციის, მოწყობილობის და ა.შ. ექსპორტი. მათი გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ აფხაზეთსა და ე.წ. `სამხრეთ ოსეთში`
ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა და სანდო სარეიტინგო სააგენტომ Fitch რუსეთის საკრედიტო რეიტინგს უწოდა `სანაგვე` და განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო გაკოტრება არის `გარდაუვალი`
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს ნიუ იორკში, რუსეთის მოთხოვნით გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა.
სხდომამ უნდა განიხილოს ე.წ. `ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხი უკრაინასა და საქართველოში`, ანუ ისევ და ისევ ე.წ. `ლუგარის ლაბორატორიების` არსებობა, რომელმაც ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა კოვიდ-პანდემიის დროს.
მოსკოვი ამ სხდომის მოწვევით ცდილობს, `გააპოლიტიკუროს` და გააფიაროს სრული პარანოია და სიგიჟე, რომ თურმე ამერიკა ამ ლაბორატორიების მეშვეობით `ეთნიკურ იარაღს` ქმნიდა. ანუ არა უბრალოდ ბიოლოგიურ იარაღს, არამედ ისეთ იარაღს, რაც რუსი ერის და რუსი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთა გენომსა და უჯრედზე იმოქმედებდა. ესე იგი (თურმე) რუსს დააზიანებდა ხოლო ინგლისელს - არა.
აქ არის საინტერესო ნიუანსი: `ლუგარის ლაბორატორია` მუშაობს სომეხთშიც, ყაზახეთშიც, მაგრამ ამაზე მოსკოვი კრინტს არ სძრავს. ამოჩემებული აქვს საქართველო და უკრაინა
გაეროს წესდებით, სერიოზული სახელმწიფოები იძულებულნი იქნებიან შეიკრიბონ ამ სხდომაზე და საათობით უსმინონ დღეს რუსეთის წარმომადგენლის, ნებენზიას ბოდვას, რომ თურმე პენტაგონი ამზადებს ამ ლაბორატორიებში ისეთ მწერებს, რომლებიც რუსს უკბენენ, გადასდებენ ათასგვარ დაავადებას, ხოლო უკრაინელებს არ უკბენენ.
როგორ შეიძლება ასეთი სახელმწიფო მსოფლიო თანამეგორობის ნორმალური წევრი იყოს? რიტორიკული კითხვაა.
თუმცა ნორმალური ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პარანოიას სერიოზულად აღიქვამენ და არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი დიდ პროვოკაციას ამზადებს ბიო-ლაბორატორიებთან დაკავშირებით. ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, გაანადგუროს პათოგენები, რაც ლაბორატორიებში ინახება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული პროპაგანდა სულ უფრო ტლანქი და უბადრუკი ხდება: კრემლიდან დაშვებულ მესიჯ-ბოქსში ჟურნალისტებს მოუწოდებენ, არ ახსენონ `კიევის ხელისუფლება` `უკრაინის ხელისუფლება` ან თუნდაც `კიევის მმართველი რეჟიმი` არამედ ყოველთვის თქვან: `კიევის ნაციონალისტური რეჟიმი`.
არადა რომელ `ნაციონალისტურობაზეა` ლაპარაკი, როდესაც პრეზიდენტი ებრაელია, ხოლო მმართველი პარტიის ლიდერი - ქართველი?
კიდევ ერთი მესიჯ-ბოქსი ეხება რუსეთში უკვე მოარულ შეფასებას, რომ რუსეთმა ვერ განახორციელა ბლიც-კრიგი ანუ ელვისებური ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუს პროპაგანდისტებს კრემლი ურჩევს, მოიტანონ პასუხად ის `არგუმენტი`, რომ ამერიკა 72 დღის განმავლობაში ეომებოდა იუგოსლავიას< ჩვენ კი ჯერ მხოლოდ 2 კვირაა უკრაინას ვებრძვითო
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის და `სამხრეთ ოსეთის` ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრებმა` არძინბამ და მედოევმა საქართველოს მოუწოდეს სცნოს ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან ეს მოთხოვნა გააჟღერონ მომავალ შეხვედრაზე ჟენევაში; თუმცა გაუგებარია, რამდენად მიზანშეწონილი იქნება საერთოდ საქართველოს მონაწილეობა და მოლაპარაკებების გაგრძელება ამ ფორმატში, როდესაც რუსეთი იქ `შუამავალია`?
დათო