დაგვიბრუნებს თუ არა СНГ აფხაზეთს?

დაგვიბრუნებს თუ არა СНГ აფხაზეთს?

 

    19 იანვარს, მოსკოვში ჩატარდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ქართული საზოგადოება გულისფანცქალით ელოდა იმის გამო, რომ მასზე უნდა განხილულიყო «აფხაზეთის საკითხი».
    ასეთი დამოკიდებულება მოსკოვში გამართული შეხვედრისადმი თავისთავად ნიშანდობლივია. იგი მეტყველებს საქართველოს სრულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიმართ.
    როგორც ჩანს, ჩვენში ჯერ კიდევ არა აქვთ გაცნობიერებული, თუ რა მოხდა 1993 წლის სექტემბერში, როდესაც ვლადისლავ არძინბას ჯარებმა დაიკავეს მთელი ტერიტორია ფსოუდან-ენგურამდე. ამით საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა აფხაზეთი, შემდეგ კი სეპარატისტებმა საკმაოდ დიდი წარმატებით დაიწყეს ფაქტობრივი მდგომარეობის იურიდიული გაფორმების პროცესი.
    ეს რეალობა დღეს უკვე იმდენად მყარია, რომ მას ვერანაირი რეზოლუცია ვერ შეცვლის - პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება შექმნას მხოლოდ ფონი პრობლემის გადაწყვეტისათვის, მაგრამ თვით გადაწყვეტა სხვა ხერხებსა და მეთოდებს მოითხოვს.

    СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია «აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების თაობაზე», რომლითაც განსაზღვრულია ეკონომიკური სანქციების შემოღება არძინბას რეჟიმის წინააღმდეგ.
    კერძოდ, რეზოლუცია უკრძალავს СНГ-ს წევრ ყველა ქვეყანას იქონიონ რაიმე სახის ეკონომიკური, პოლიტიკური ან სხვა კონტაქტი არძინბას რეჟიმთან.  პრაქტიკული თვალსაზრისით ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ექცევა - უნდა ჩაიკეტოს ყველა სახის სატრანსპორტო კომუნიკაცია ამ რეგიონთან, შეწყდეს ყოველგვარი ტვირთბრუნვა, ყოველგვარი ფინანსური ოპერაცია, გაუქმდეს ყველა წარმომადგენლობა СНГ-ს ქვეყნებში და ა.შ.
    ქაღალდზე ეს ყოველივე მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი მართლაც წავიდა გარკვეულ დათმობაზე საქართველოს მიმართ (სულ რაღაც ერთი წლის წინ, მოსკოვის თანხმობა ამგვარი გადაწყვეტილების გაფორმებაზე წარმოუდგენელი იქნებოდა), რაც უპირველეს ყოვლისა, ჩეჩნეთში შექმნილი რთული ვითარებით არის განპირობებული. მაგრამ საკითხავია, რამდენად განხორციელდება რეალურად ეს გადაწყვეტილებანი, რომელიც ქაღალდზე საკმაოდ მიმზიდველია?
    ამჟამად არ არსებობს არანაირი მექანიზმი იმის გასაკონტროლებლად, რამდენად ასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ყოველი მცდელობა, მოეპოვებინა ამგვარი კონტროლის მექანიზმი, (თუნდაც ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან უშიშროების სამსახურის მუშაკთა «ჩანერგვის» გზით) ჯერ-ჯერობით სრული კრახით დასრულდა. მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, გაატარებს თუ არა აფხაზეთში სარკინიგზო შემადგენლობას, ან საავტომობილო ქარავანს; მისცემს თუ არა აფხაზეთის პორტებში საზღვაო ხომალდებს შესვლის უფლებას; იფუნქციონირებენ თუ არა სოხუმისა და გაგრის აეროპორტები, მიაწვდის თუ არა აფხაზეთს ელექტროენერგიას და ა.შ.
    თუ რუსეთი გადაწყვეტს, შეასრულოს СНГ-ს მეთაურთა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია (რომელიც, სხვათა შორის, იურიდიული თვალსაზრისით მისთვის სავალდებულო არ არის), ყველა ზემოთხსენებული სანქცია რეალურად განხორციელდება. მაგრამ თუ გადაწყვეტს, არად ჩააგდოს რეზოლუცია, მას უამრავი საშუალება აქვს, განაგრძოს ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა არძინბას რეჟიმთან ისე, რომ საქართველომ ვერც ვერაფერი გაიგოს - როგორ უნდა გააკონტროლოს, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ, გაატარეს თუ არა რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა აფხაზეთის სანაპიროსკენ მიმავალი ათი გემიდან, ვთქვათ, სამი? ან რამდენი თვითმფრინავი ჩაფრინდა ნალჩიკიდან სოხუმში? ან მიეწოდებოდა თუ არა აფხაზეთს ელექტროენერგია კრასნოდარიდან?
    ვიმეორებ: ეს ყოველივე მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და იურიდიული თვალსაზრისით СНГ-ს მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილება მოსკოვს არაფრით ავალდებულებს, რადგან ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. 1994 წლიდან - დღემდე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭომ ხუთასამდე დადგენილება მიიღო, რომელთაგან თითქმის არც ერთი არ შესრულებულა.
    მაგრამ დავუშვათ, რუსეთს მართლაც აქვს გადაწყვეტილი განახორციელოს აფხაზეთის სრულმასშტაბიანი ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკადა - რამდენად შეძლებს იგი ამის განხორციელებას?
    მითი რუსეთის ყოვლისშემძლეობის შესახებ საქართველოში ბევრი უბედურების წყარო გახდა და ალბათ კვლავაც გახდება. სინამდვილეში კი, რუსეთს დღეს აღარ ძალუძს არათუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ საკუთარი ქვეყნის ფარგლებშიც მართოს ყველა პროცესი. ამ მხრივ მისი პოზიციები განსაკუთრებით სუსტია სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში. მოსკოვი ფაქტობრივად ვერ შეუშლის ხელს ეკონომიკური კავშირის დამყარებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს (ადიღეს, ჩერქეზეთს, ყაბარდოს) და აფხაზეთს შორის. ჩრდილოეთ კავკასიიდან აფხაზეთში, (განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში) უამრავი გადმოსასვლელი არსებობს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სურსათის გადასაზიდად. აფხაზეთს აქვს საშუალება, უშუალოდ შეუერთდეს ჩრდილოეთ კავკასიის ენერგოსისტემას (ბოლოს და ბოლოს, პატარა აფხაზეთი თბილისში მოხმარებული ელექტროენერგიის მეათედსაც არ ხარჯავს).
    არძინბას ხელისუფლებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვის ბანკები უარს იტყვიან მასთან ფინანსური ოპერაციების წარმოებაზე, აქვს საშუალება ამგვარი ოპერაციები აწარმოოს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკათა, კერძო თუ სახელმწიფო ბანკების მეშვეობით.
    ვთქვათ, ეს ყოველივე მაინც შეიზღუდა, ვთქვათ რუსეთმა მართლაც შეძლო აფხაზეთის მთელი ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის უზრუნველყოფა. ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი აფხაზური სეპარატიზმის აღმოსაფხვრელად. აფხაზეთი ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით უნიკალური, უმდიდრესი რეგიონია. ამ მიწას სავსებით შეუძლია მოსახლეობა გამოკვებოს გარედან დახმარების გარეშეც. საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში, როდესაც არც СНГ-ს არსებობდა და არც საბჭოთა კავშირი, აფხაზეთის მოსახლეობა სამეურნეო ცხოვრებას ეწეოდა და სავსებით გაჰქონდა თავი.
    ილუზიაა, თითქოს აფხაზეთის მაგვარი რეგიონისთვის, სადაც ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება, - ეკონომიკური სანქციები იმდენად მტკივნეული იქნება, რომ იგი უმთავრეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეაზე (დამოუკიდებლობაზე) იტყვის უარს.
    გეოგრაფიული თვალსაზრისითაც კი, აფხაზეთი მთელი ისტორიული პერიოდის განმავლობაში «ჩაკეტილი» ეკონომიკური სისტემა იყო, რომელიც სასიცოცხლოდ არ იყო დაკავშირებული არც გარე სამყაროზე, არც საქართველოს სხვა რეგიონებზე.
    ეკონომიკური სანქციები შეიძლება ეფექტური იყოს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის არსებობა და სახელმწიფოებრივი ფუნქციონირება დიდად არის დამოკიდებული მრეწველობასა და გარეშე ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობებზე. მაგალითად, ეკონომიკური ბლოკადა ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა სერბიისათვის, რადგან იგი საკმაოდ მაღალგანვითარებული ქვეყანაა და მისი მოსახლეობა ცხოვრების სხვა დონესა და სტანდარტებს არის მიჩვეული. აფხაზეთის წინააღმდეგ განხორციელებული ბლოკადა კი, რეგიონში უკიდურეს შემთხვევაში ქალაქების დაცლას გამოიწვევს - ანუ აფხაზეთს დატოვებს რუსული, სომხური და ბერძნული მოსახლეობა (ისიც მხოლოდ ნაწილობრივ), საკუთრივ აფხაზებს კი ეს ბლოკადა ბევრს ვერაფერს დააკლებს.
    ამგვარად, აფხაზების ეკონომიკური ბლოკადა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ვერაფერს შეცვლის. იგი შექმნის ფონს პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ვერ აიძულებს აფხაზ სეპარატისტებს დაეთანხმონ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნებას ან ლტოლვილთა რეპატრიაციას.
    რაც შეეხება თვით პრობლემის გადაჭრას, ანუ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას და ლტოლვილთა დაბრუნებას, ამისთვის ეკონომიკური ზეწოლა საკმარისი არ არის. აუცილებელია ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად მართალია თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ბრძანებს, რომ ეს პრობლემა შეიძლება მხოლოდ სამხედრო გზით გადაიჭრას - ყველაფერი დანარჩენი კი (ეკონომიკური ბლოკადა, პოლიტიკური იზოლაცია) არის ფონი, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას.
    მაგრამ მეორეს მხრივ, აფხაზეთში ახალი ომის წარმოება საქართველოსათვის არახელსაყრელია რიგი საგარეო და შიდა პოლიტიკური მიზეზის გამო, რის თაობაზეც არაერთგზის იყო საუბარი ჩვენი გაზეთის ფურცლებზე. ამდენად, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი უფრო სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში უნდა ვეძიოთ. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული (ჩემთვის დღემდე აუხსნელი) შეცდომა ის იყო, რომ მან იმთავითვე არ აიღო გეზი აფხაზეთში «ცხინვალის ვარიანტის» განმეორებაზე. შესაძლოა ამის მიზეზი, თავდაპირველად, ოპოზიციის მოსალოდნელი «გამძვინვარება» გახდა, მაგრამ დღეს მაინც ხომ შეიცვალა ვითარება?
    შეგახსენებთ, რომ ცხინვალში (განსხვავებით აფხაზეთისაგან) მიღწეულ იქნა ერთგვარი კონდომინიუმი (მართვის ერთობლივი სისტემა) რუსეთს, საქართველოსა და სეპარატისტულ რეჟიმს შორის. რეგიონში შეყვანილია სამმხრივი (!) სამშვიდობო ძალები, რომლებიც არა მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს მიჯნავენ, არამედ საპოლიციო ფუნქციებსაც ასრულებენ. ამგვარი კომპრომისი ქმნის ერთგვარ წონასწორობას, რომელიც ამ ეტაპზე შესაძლებელია სამივე მხარისთვის.
    დღეს შევარდნაძე სთხოვს რუსეთს, აფხაზეთში განალაგოს თავისი სამშვიდობო ძალები და მიანიჭოს მათ საპოლიციო ფუნქციები, მაგრამ საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია (უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური თვალსაზრისით) შესთავაზოს რუსეთს შემდეგი გეგმა: ისევე როგორც ცხინვალის ზონაში, იდება ხელშეკრულება რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის მთელს ტერიტორიაზე, ფსოუდან - ენგურამდე სამმხრივი სამშვიდობო ჯარების განლაგების თაობაზე, მათთვის საპოლიციო ფუნქციის მინიჭებით. სამშვიდობო ჯარები კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: 4 ათასი რუსი ჯარისკაცი, 2 ათასი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე და 2 ათასი აფხაზი «გვარდიელი». სამმხრივი საგუშაგოები იქმნება თითოეულ სოფელში, აფხაზეთის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილსა და ობიექტზე. ამავე დროს, დროებითი ხელისუფლება აფხაზეთში გადაეცემა სამმხრივ კომისიას.
    რა თქმა უნდა, აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ გეგმაზეც უარს იტყვის, მაგრამ თავისთავად, ეს წინადადება, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე მხოლოდ რუსეთის ჯარებისათვის საპოლიციო მანდატის დაკანონებისთვის წარმოებული რთული, ხანგრძლივი და არაფრისმომცემი კამპანია.

«მსგეფსი», 25 იანვარი, 1996 წელი.