საერთაშორისო მიმოხილვა. 19 აპრილი. 2024 წელი
აზერბაიჯანმა რუსი ე.წ. „მშვიდობისმყოფელები“ პანღურით გააგდო მთიანი ყარაბაღიდან!
მხოლოდ ასე შეიძლება აღიწეროს ის ტრაგიკომედია, რაც ახლა იქ ხდება.
მაშასადამე, პროცესი, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო აზერბაიჯანის შეტევით სომხური ჯარების წინააღმდეგ, დასრულდა რუსეთის სრული გეოპოლიტიკური კრახით!
შეგახსენებთ, რომ როდესაც აზერბაიჯანის 100 000 -იანმა არმიამ 2020 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ალყა შემოარტყა სომხეთის 30 000-იან არმიას ყარაბაღში, მხარეებმა ხელი მოაწერეს 9 ნოემბრის შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღში განთავსდა 2 000 - იანი რუსული სამშვიდობო კონტინგენტი.
რა თქმა უნდა, სომხებს ერევანშიც და სტეფანაკერტშიც ჰქონდათ იმედი, რომ რუსული ე.წ. „სამშვიდობო ძალები“ აზერბაიჯანში, ყარაბაღში მოიქცეოდნენ ისევე, როგორც იქცეოდნენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ 1992 წლიდან - ე.წ. „დაგომისის შეთანხმების“ შემდეგ.
მაგრამ ეს იმედები სრულიად ფუჭი აღმოჩნდა: რუსეთმა ვერ გაუბედა აზერბაიჯანს (და თურქეთს!!!) ის, რასაც იოლად უბედავდა საქართველოს. ამდენად, რუსული ჯარები მთიან ყარაბაღში მხოლოდ „აკვირდებოდნენ“ სიტუაციას და ცხვირს ვერ ყოფდნენ თავშესაფრებიდან.
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა გადაკეტეს სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი გზა და რუსებმა კრინტის დაძვრაც ვერ გაბედეს.
„სამხრეთ ოსეთში“ რუსებს ამაზე ნაკლები „მშვიდობისმყოფელი“ ჰყავდათ, მაგრამ აგრესიულად მოქმედებდნენ. აზერბაიჯანში კი ეს ვერ გაბედეს.
საბოლოოდ, ისინი გულგრილად დააკვირდნენ, როგორ დატოვა მთიანი ყარაბაღი 120 000- მა სომეხმა ანუ ეს რეგიონი მთლიანად დაიცალა სომხებისგან.
ამის შემდეგ რაღა აზრი ჰქონდა რუსული ჯარის ყოფნას ყარაბაღში?
შეგახსენებთ, რამდენი სპეკულაცია იყო მათ შორის ქართულ ექსპერტულ თანამეგობრობაში, რომ თურმე.... 2020 წლის ომში „რუსეთმა გაიმარჯვა“, რომ „ლეგალურად შეიყვანა პირველად ჯარები აზერბაიჯანში“, რომ „ამიერიდან კორიდორებს გააკონტროლებს“ და ა.შ და ა.შ
ეს ყველაფერი აღმოჩნდა საპნის ბუშტი!
ალიევმა პანღურის კვრით გააგდო აზერბაიჯანიდან (ყარაბაღიდან) რუსული კონტინგენტი მას შემდეგ, რაც ყარაბაღი უკანასკნელმა სომეხმა დატოვა.
რუსმა პოლიტოლოგმა, ევგენი სატანოვსკიმ გუშინ გულდაწყვეტით აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღიდან რუსული კონტინგენტის გასვლით „მთავრდება რუსეთის 300 წლიანი ისტორია სამხრეთ კავკასიაში“
ნამდვილად ასეა!
ისტორიულად ანეკდოტური სიტუაცია კი, მთელს ამ ისტორიაში ისაა, რომ რუსი „მშვიდობისმყოფელები“, გამოდის, ყარაბაღში იმ მიზნით შესულან 2020 წელს, რათა იქიდან სომხური მოსახლეობა „გამოეცილებინათ“ და რომ „გამოაცილეს“ მთლიანად, მერე თვითონაც გაიძურწნენ იქიდან.
მთავარი, სისტემური მიზეზი (ვიმეორებ) ისაა, რომ რაც საქართველოსთან „გაუვიდათ“ 1992 წლიდან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან არ გაუვიდოდათ და არც გაუვიდათ.
ისტორიულად „ამოარტყეს პანღური!“ თურქებმა და აზერებმა.
პერსონალურად ერდოღანმა - პუტინს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
54 რუსი სპორტსმენი ნეიტრალური სტატუსით მიიღებს მონაწილეობას პარიზის ოლიმპიურ თამაშებში.
მათ მკაცრად შეამოწმებენ, ხომ არ აქვთ კავშირი რუსეთის არმიასთან და რუსეთის არმიის სპორტულ კლუბთან ЦСКА..... ან ხომ არ უჭერდნენ მხარს რუსეთის აგრესიას.
შევადაროთ: 335 რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებში. მაგრამ მას შემდეგ რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
უცნაური სიტუაცია კი იქმნება რუსი სპორტსმენების პარიზში გამგზავრებასთან დაკავშირებით: რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი მათ „მოღალატეებს“ უწოდებს, ხოლო სპორტის მინისტრი ოლეგ მატიუშინი „სპორსტმენების დაბულინგებას“ არ იწონებს და სპორსტმენებს (თურმე) „არჩევანის თავისუფლებას“ უტოვებს.
ამის მიზეზი პუტინის პოზიციაა: თუნდაც ერთმა რუსმა სპორტსმენმა, თუნდაც დროშის და ჰიმნის გარეშეც რომ გაიმარჯვოს პარიზში, ამას პუტინის პროპაგანდა ისე „გააფიარებს“, თითქოს მესამე მსოფლიო ომი მოიგო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა თითქმის შეათანხმა სანქციათა მე-14 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ
ეს პაკეტი საინტერესოა იმ აზრით, რომ ფაქტობრივად არანაირ ახალ (!) ზომას არ გულისხმობს, არამედ ითვალისწინებს უკვე მიღებული სასანქციო ზომების გაკონტროლებას, რათა რუსეთი მათ ვერ არღვევდეს და გვერდს ვერ უვლიდეს.
ფაქტობრივად, დასავლეთის და უკრაინის პრობლემა ახლა ის კი არ არის, რომ რაიმე სანქციები არ შემოიღეს ან ისინი საკმარისი არ არის, არამედ ის, რომ ამ სანქციებს რუსეთი გვერდს უვლის და ბევრი არადასავლური ქვეყანა მას ამ „გვერდის ავლაში“ ეხმარება.
ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. ოღონდ დასავლეთს ამ პრობლემის მართვა სურს ისე, ძლიერი სახელმწიფოების წინააღმდეგ ცალკე სანქციები არ შემოიღოს“..... არ გააბრაზოს მეტისმეტად ჩინეთი, თურქეთი, თუნდაც ყაზახეთი და ა.შ
ასე არ გამოვა. და არც გამოდის.
ემანუელ მაკრონმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზომები, რასაც ახლა მიმართავს დასავლეთი „მეორადი სანქციების“ სახით, საკმარისი არ არის. მაგრამ...... როგორც ჩანს, დასავლეთს არ შეუძლია ახლა თურქეთის, ყაზახეთის და მით უმეტეს ჩინეთის წინააღმდეგ „იმ“ და „ისეთი“ სანქციების შემოღება, რაც ირანის და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ დააწესა.
არადა სხვაგვარად არაფერი გამოვა
არც გამოდის, როგორც თავად ხედავენ: რუსეთის მოსახლეობა (!), ზუსტადაც ამ მიზეზით, სრულებით ვერ გრძნობს ამ სანქციების „სუსხს“.....არადა, პუტინი აგრესიას არ შეწყვეტს მანამ, სანამ თვით მოსახლეობა არ „შეწუხდება“ ამ ომით და სანამ ცხოვრობს ისე, თითქოს არც არაფერი არ ხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო ტექსტი გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა რესურსმა The Telegraph ავტორი Mike Sutton. სათაურით: Crude, cheap and deadly: Russian glide bombs are pounding Ukraine into surrender („ტლანქი, იაფი და მომაკვდინებელი: რუსული პლანირებადი ბომბები აიძულებენ უკრაინას დანებდეს“)
ავტორი ავითარებს აზრს, რომ შეცდომა იყო დასავლური სამხედრო ელიტების მცდელობა, ჩაენაცვლებინათ ძველი, ტრადიციული შეიარაღება უფრო დახვეწილით, უფრო ტექნოლოგიურით და ძვირით. „რატომ ვარჩიეთ მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომელიც 99,99% სიზუსტით ხვდება მიზანს - იმ ძველ იარაღს, რომელიც ძალიან ბევრია თუმცა „მხოლოდ“ 95% სიზუსტით ხვდებოდა მიზანს?“.
მართლაც, როგორც Mike Sutton წერს, რუსეთს საწყობებში აღმოაჩნდა ათი ათასობით (შესაძლოა ასი ათასობითაც) ძველის-ძველი „მოფარფატე/პლანირებადი“ ორტონიანი ბომბი.
სულ მცირე მოდერნიზაციით, იგი ხვდება მიზანს ათიდან ხუთ შემთხვევაში, მაგრამ ეს ორტონიანი ბომბები რუსეთს იმდენი აქვს, შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობით ესროლოს უკრაინულ სიმაგრეებს ავდეევკასთან, გაანადგუროს ეს სიმაგრეები დიდი მანძილიდან ისე, რომ არ შევიდეს უკრაინული „საზენიტოს“ მოქმედების არეალში და რომც შევიდეს ამ არეალში „ამერიკული Patriot მეტისმეტად ძვირია, რათა მისი უძვირფასესი, ექსკლუზიური რესურსი იხარჯებოდეს უიაფესი რუსული „მოფარფატე ბომბარდირების“ შესაკავებლად“.
თან იმდენია ეს „პლანირებადი“ ბომბები, მართლა არ ეყოფა ის საზენიტო საშუალებები, რომლებიც „1 დოლარიან მონეტასაც გაარტყამენ ზუსტად დიდი მანძილიდან“, მაგრამ რად გინდა, როდესაც რუსეთს ათასობით და ათიათასობით ძველისძველი ბომბი აღმოაჩნდა საწყობებში?
რაოდენობა საბოლოოდ გადადის ხოლმე რეზულტატშიც.
ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ ვითარებებს, როდესაც აგრესიული ურდო მიადგებოდა ცივილიზებულ სახელმწიფოს და სწორედ იარაღის რაოდენობით, ასევე ამ იარაღის სიიაფით ასევე „ცოცხალი ძალის ხარჯვის“ უშურველობით ანგრევდა ამ ცივილიზებულ, განვითარებულ, აყვავებულ კულტურულ სახელმწიფოებს უხეში და ველური ძალით.
უფრო სპეციფიკურად კი, რუსული „მოფარფატე/პლანირებადი“ ბომბარდირების წინააღმდეგ ერთადერთი საშუალებაა მათი მატარებელი SU34s რუსული თვითმფრინავების „გადადენა“ ფრონტს მიღმა ისეთ მანძილზე, საიდანაც ისინი უკრაინული პოზიციების ამ მართლაც მომაკვდინებელი ბომბებით განადგურებას ვეღარ შეძლებენ.
რამდენი „კუდი/ფრთა“ თუ „პროპელერიც“ არ უნდა მიაბან ახლა ამ ბომბებს რუსებმა სამხედრო ქარხნებში, ისინი მიფრინავენ მაქსიმუმ 30-40 კილომეტრზე და თუკი უკრაინას ექნება F-16 ავიაგამანადგურებლები, ექნება ჰაერი-ჰაერის კლასის შორსმწვდომი რაკეტები, რუსული თვითმფრინავები ვეღარ მიუახლოვდებიან ფრონტის ხაზს იმდენად, შეძლონ უკრაინული საყრდენი თავდაცვითი პუნქტების განადგურება, როგორც ახლა ახერხებენ სამწუხაროდ.
არადა.... ქმედითი დასავლური იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ძალიან იგვიანებს.