«მოქალაქეები» და «ეროვნულ-დემოკრატები» მანდატებს იყოფენ?!

«მოქალაქეები» და «ეროვნულ-დემოკრატები» მანდატებს იყოფენ?!

  

    უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვებით, საქართველოს რაიონთა უმრავლესობაში მაინც მმართველი პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზე კი (თითქმის ყველგან) ეროვნულ-დემოკრატები არიან ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხელმძღვანელობით. სხვა ოპოზიციური პარტიები ამ ვითარებას ეჭვის თვალით უყურებენ და ორივე პარტიას «ალიანსში» ადანაშაულებენ. მათი თქმით, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ «მოქალაქეები» და «ეროვნულ-დემოკრატები» ზოგიერთ რაიონში უჩუმრად, «ერთობლივ კანდიდატებს» ირჩევენ, ანუ ხმებს იყოფენ და ერთმანეთს ეხმარებიან
    სინამდვილეში ეს მოულოდნელი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო. «ფავორიტი პარტიები» რა თქმა უნდა, შეეცდებოდნენ «ჯუჯა პარტიების» ჩაძირვას. ეს კი არა, ზოგიერთ რაიონში «სოციალისტებიც» თანამშრომლობენ ორივე მათგანთან იმავე მიზნით, - «ჭყიპინა პარტიების» ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად და გასანადგურებლად.
    ამგვარ პარტიათა ადგილი პოლიტიკურ სპექტრში აღარ რჩება. ყველაფერს ძლიერები იყოფენ. ეროვნულ-დემოკრატები ამას არც მალავენ, თუმცა «მოქალაქეებს» ადანაშაულებენ, რომ ხელისუფლებამ ამაგი არ დაუფასა და თავის მხრივ, «ედპ»-ს საარჩევნო სიას სხვა რაიონებში «ავიწროებს».
    მიუხედავად ამისა, ყველაზე ზუსტად შექმნილი ვითარების არსი ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ გამოხატა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე: «მოქალაქეთა კავშირს» ჯუჯა პარტიების არსებობა აწყობს, ვინაიდან ისინი უფრო წამოვლენ მასთან ალიანსზე, ვიდრე რომელიმე მძლავრი პარტია.
    სიმართლის ელემენტი ამ განცხადებაში ნამდვილად არის. ზოგიერთი «მცირედპერსპექტიული ოპოზიციური ძალის» უკანასკნელი საპარლამენტო გამოსვლები გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიასთან მისასვლელ გზას ისინი მაინც იტოვებენ.
    ყოველ შემთხვევაში, საოცარია, მაგრამ ფაქტია: არჩევნების მოახლოებამ მათი რიტორიკა კი არ გაამწვავა, არამედ პირიქით - შეარბილა. პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, არავის უნდა. საამისოდ (ანუ მზის ქვეშ ადგილის შესანარჩუნებლად) კი «ინტერესთა თანხვედრაა» საჭირო.
    ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ «სუსტი პარტიები» რატომღაც ვერ ხედავენ რეალურ ალტერნატივას - გაერთიანებას. 8-10 ასეთ პარტიის გაერთიანებით საკმოად მძლავრი საარჩევნო ბლოკი შეიძლება შეიქმნას.
    თითო პროცენტს პარტია მხოლოდ ნაცნობ-მეგობრებით აგროვებს ხოლმე (საქართველო პატარა ქვეყანაა) ანუ, მთლიანად, ბლოკმა შეიძლება იგივე 8-10 პროცენტი მოაგროვოს, საარჩევნო კვოტა გადალახოს და მანდატები მიიღოს.
    მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ალტერნატივა იმთავითვე თვალშისაცემია, «ჯუჯა-პარტიები» მას მაინც ვერ ამჩნევენ. რა არის მიზეზი? შესაძლოა, ისინი იმედოვნებენ, რომ გაერთიანებას «მერეც მოასწრებენ» ანუ 1999 წლის შემოდგომისათვის შექმნიან «დიდ ბლოკს», მაგრამ ეს ილუზიაა, - ადგილობრივი არჩევნებისათვის სწორედ იმიტომ იხარჯება დიდძალი თანხა, რომ მისი შედეგები განმსაზღვრელი იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვისაც - «ადგილობრივ არჩევნებში» გამარჯვებული პარტიები წარმატებას მიაღწევენ აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებში. ოღონდ არა «ადგილობრივი თვითმმართვლობის» სტრუქტურათა განსაკუთრებული გავლენის გამო. უბრალოდ, ელექტორატის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მისთვის «მაგალითს» ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
    ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 1998 და 1999 წლის არჩევნებს ტაქტიკურ (და არა სტრატეგიულ) მნიშვნელობას ანიჭებს. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი. ეს მრავალ დამკვირვებელს აღუნიშნავს. ედპ-ს, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ნებისმიერ სიტუაციაში 10-12 პროცენტი უჭერს მხარს. ციფრი არ იცვლება, განურჩევლად პოლიტიკური თუ სოციალური კატაკლიზმებისა, რაც პარტიული ორგანიზაციის გავლენასა და სიძლიერეზე მეტყველებს.
    «მოქალაქეთა კავშირს» უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ სმკ მმართველი პარტიაა, ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მის რეიტინგზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს.
    მაგალითად, გალის მოვლენათა შედეგად მმართველი პარტიის რეიტინგი 16 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების, მინისტრთა გადადგომის შემდეგ, 20 პროცენტამდე გაიზარდა.
    ამრიგად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მაინც უფრო თავისუფალია ქმედებებში, ვინაიდან იგი არ არის მმართველი პარტია და უშუალოდ არ აგებს პასუხს პროცესებზე.
    დღეს ირინა სარიშვილ-ჭანტურიას რომც ჰქონდეს საშუალება, უმრავლესობის შექმნა ხელს ნამდვილად არ აძლევს, ანუ (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს) ედპ-ს გამარჯვება არ სურს. იგი სავსებით კმაყოფილი იქნება სტატუს კვოს შენარჩუნებით, ეროვნულ-დემოკრატებისათვის იდეალური იქნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც ისინი მძლავრ და ანგარიშგასაწევ ოპოზიციას ქმნიან ხელისუფლებაში (პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში).
    ეს პარტია ემზადება არა 1999 არამედ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. აი, მაშინ კი დაკარგავენ უარყოფენ «ალიანსს» და ე.წ. «ნამდვილ ოპოზიციად» იქცევიან, რათა საკანონმდებლო ორგანოებში უმრავლესობა მოიპოვონ და ირინა სარიშვილი-ჭანტურიას 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მძლავრი პლაცდარმი შეუქმნან. მაგრამ მანამდე ძალიან დიდი დროა (მთელი ეპოქაა პოლიტიკური თვალსაზრისით), ამიტომ ამჟამად, 1998 წლის შემოდგომაზე, სხვა პრიორიტეტები მძლავრობს.
    რატომ ვერ ახერხებენ გაერთიანებას? ნამდვილი მიზეზი ასეთი სიტუაციისა ის გახლავთ, რომ მათ საარჩევნო სიების გაერთიანება არ ძალუძთ, ვინაიდან «ერთიან სიაში» ადგილებისათვის «პარტიის შიგნით» მცირე სამოქალაქო ომი ატყდება, რაც მართლა შეიძლება თავპირისმტვრევაში გადაიზარდოს.
    ამიტომ ისინი უნდა შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ქართულ პოლიტიკაში «პარტიული სეკვესტრის» პროცესი შეუქცევადია.
    ერთადერთი გამოსავალი იქნება არა დროებითი საარჩევნო ბლოკის, არამედ ერთიანი პარტიის, მტკიცედ შეკრული ორგანიზაციის შექმნა, რაც ძალზე საეჭვოა.

მერიდიანი, 4 ნოემბერი, 1998 წ.