საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მარტი. 2023 წელი
საზარელი ტრაგედია მოხდა საბერძნეთში: სამგზავრო მატარებელი შეეჯახა სატვირთოს მას შემდეგ, რაც რკინიგზის თანამშრომელმა დაუშვა შეცდომა და სამგზავრო მატარებლის მესაჭეს უბრძანა გადასულიყო იმავე ხაზზე, სადაც საპირისპირო მიმართულებით სატვირთო შემადგენლობა მოძრაობდა.
ჯერ-ჯერობით დადასტურებულია 38 ადამიანის გარდაცვალება, თუმცა კიდევ სამოცამდე ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და ბევრი მათგანი მძიმედაა.
. . . . . . . . . . . . . . .
აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით. ეს ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან `კეტავს` რამდენიმე სატრანსპორტო არტერიას და თუ რუსებმა ბახმუტი აიღეს, მთელი დონბასის დაპყრობაც გაუადვილდებათ.
ბახმუტის მიმართულებაზე ძირითადად იბრძვის მილიარდერ პრიგოჟინის `კერძო არმია`, რომელსაც ეწოდება ` სამხედრო კომპანია `ვაგნერი` (Частная военная компания «Вагнер» ЧВК «Вагнер»)
საინტერესოა, რომ ეს შენაერთი (ასე გამოდის) ყველაზე ბრძოლისუნარიანია რუსულ არმიაში, თუმცა შედგება მათ შორის ციხეებიდან გამოშვებული კონტინგენტისგან.
გუშინ პრიგოჟინმა საოცარი განცხადება გააკეთა: `ჩვენს შენაერთს` კოსმოსური თანამგზავრებიც აქვს მტრის პოზიციათა დასაზვერადო`.
ეს `კერძო არმია` საბოლოოდ საფრთხეს შეუქმნის თვით პუტინსაც: არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მილიარდერი პრიგოჟინი (პირადად იმყოფება საბრძოლო მოქმედებათა ეპიცენტრში და ფოტოებსაც იღებს) სასტიკად აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას.
ამავე დროს, რუსეთში გახშირდა ფილმების გადაღება `კერძო არმიაზე`, რომელიც იცავს რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს, იცავს რუს მოქალაქეებს და ა.შ.
ერთი სიტყვით მილიარდერი პრიგოჟინი ლამის ნაპოლეონობას უმიზნებს.
პუტინი ამას ხედავს და ითმენს.
რაკი მისმა `ოფიციალურმა` არმიამ ვერ ივარგა - ახლა პრიგოჟინის მაგვარი ავანტიურისტების იმედზეა.
პრიგოჟინს ბიზნეს-ინტერესებიც აქვს: ბახმუტსა და მიმდებარე ტერიტორიებზე საწარმოო მარილის დიდი მარაგებია, რომელზეც გვარიანი მოთხოვნაა მსოფლიოში. თუ პრიგოჟინმა აიღო ბახმუტი და მისი რეგიონი, ამ საბადოებს თავის საკუთრებად გამოაცხადებს.
ანუ მიმდინარეობს უკრაინის არა უბრალოდ დასაპყრობად, არამედ გასაძარცვად ბრძოლა.
პრიგოჟინი პუტინის ოლიგარქიული, ბანდიტური რეჟიმის სახეა.
. . . . . . . . . . . . . . .
დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად, პუტინმა შექმნა ნავთობმზიდ ტანკერთა ზესაიდუმლო საზღვაო ფლოტი, რომელშიც დაახლოებით 600 დიდი ტანკერია. ეს ფლოტი მას სჭირდება საიმისოდ, რათა სანქცირებული ნავთობი გადაიტანოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
დასავლეთში პუტინის ტანკერ-ფლოტს `იდუმალი` უწოდეს, რადგან ძალიან ძნელი დასადგენია, სად შეიძინა, ვინ არიან ამ ტანკერთა მფლობელები და ასე შემდეგ.
თანაც არც ისე ცოტაა - 600 ტანკერი არის მსოფლიო ოკეანეში მოძრავი მთელი სატანკერო კორპუსის 10%!
ვარაუდობენ, რომ პუტინის მთავრობამ ეს ტანკერები დაიქირავა აზიაში, ჩინეთსა და ჰონკონგში, კერძო მფლობელებისგან, ვისაც მხოლოდ მოგება აინტერესებთ. რუსული ნავთობიც სწორედ აზიასა და აფრიკაში, ასევე ლათინურ ამერიკაში გადააქვთ.
უცნაური ის არის, რომ თუკი დასავლეთმა იცის ამ ფლოტის არსებობის შესახებ, რატომ არ იღებს ზომებს?
მაგალითად, როდესაც ირანი ცდილობს გადაიტანოს სანქცირებული ნავთობი, ამერიკულ და ბრიტანულ სამხედრო ხომალდებს ისინი ხშირად დაუპატიმრებიათ და როგორც ნავთობი, ასევე თვით ტანკერი ჩამოურთმევიათ.
ამ შემთხევაშიც ასე არ ხდება: პუტინის `იდუმალ ტანკერებს` არავინ აჩერებს და აპატიმრებს, რადგან.....როგორც ჩანს დასავლეთი ასეთი მკვეთრი ნაბიჯის გადადგმას ჯერ-ჯერობით (!) ერიდება: სადმე სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერის დაპატიმრება უკვე მართლა მსოფლიო ომის მარკერი გახდება. მით უმეტეს, არ არის გამორიცხული ამ `იდუმალ ფლოტს` რუსული სამხედრო გემებიც დაჰყვებოდნენ. მათ შორის წყალქვეშა ნავები და ასე შემდეგ.
თუმცა, ადრე თუ გვიან აქამდე საქმე მაინც მივა - სხვა შემთხვევაში დასავლური სანქციები რუსეთის მიმართ აზრს დაკარგავს; როგორც ცნობილია, ევროპამ და ამერიკამ დააწესეს `ზღვრული ფასები` რუსულ ნავთობზე.
პუტინის ფლოტს კი ნავთობი ძველი ფასებით გადააქვს და ყიდის.
ყიდის არა ისე ძვირად, როგორც მოსკოვს აწყობს, მაგრამ უფრო ძვირად მაინც, ვიდრე დასავლური `ზღვრული ფასებია`.
ინდოეთმა და ჩინეთმა გვარიანად მოითბეს ხელი ამ სიტუაციით, თუმცა დასავლური სანქციების აშკარა დემონსტრაციულ დარღვევას მაინც ვერ ბედავენ.
აბნალიტიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებულია: ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიხილავთ სადმე წყნარ ოკეანეში დაპატიმრებულ გაურკვეველი კუთვნილების ტანკერებს. მერე გაირკვევა, რომ ეს ტანკერები რუსული ნავთობითაა დატვირთული.
იმ ვითარებაში, როდესაც ბუნებრივი აირით შანტაჟმა ევროპაში არ იმუშავა (მთავარი მიზეზია გერმანიის და სხვა ქვეყნების მთავრობათა ეფექტური მუშაობა მარაგების შესაქმნელად; ასევე, საბედნიეროდ, თბილი ზამთარი) პუტინის რეჟიმისთვის ნავთობით ვაჭრობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
სხვა არც არაფერი აქვს გასატანი მსოფლიო ბაზარზე.
. . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის წინააღდმეგ აგრესიამ პუტინს კიდევ ერთი მწარე მოულოდნელობა მოუტანა: სერბეთი თანდათან უახლოვდება იმ მიჯნას, როცა დასაველთთან ინტეგრაციას გადაწყვეტს და აღარ იქნება რუსეთის `ჩაუძირავი ავიამზიდი` თუ შესაძლო პლაცდარმი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე: პრეზიდენტმა ვუჩიჩმა რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რაც მოსკოვში ძალიან არ მოეწონათ.
პირველ რიგში, ესაა ანტირუსული რეზოლუციის მხარდაჭერა გაეროში. გარდა ამისა, ვუჩიჩი ცდილობს `დააბალანსოს` ურთიერთობა სეპარატისტულ კოსოვოსთან, რომლის დამოუკიდებლობა დასავლეთმა სცნო. მოლაპარაკებებსაც აწარმოებს და განსაკუთრებულ სტატუსსაც თანხმდება. სამაგიეროდ ევროკავშირმა სერბეთისთვის 600 მილიონი ევროს დახმარება გამოჰყო.
ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ უკვე არ გაუკვირდება, თუ საბოლოოდ ვუჩიჩი NATO-ს წევრობასაც კი მოითხოვს იმ პირობით, რომ კოსოვოში მცხოვრებ სერბთა უფლებები იქნება დაცული.
ამ შემოტრიალებას ის სისტემური მიზეზი აქვს, რომ სერბეთი არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ხოლო 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის შემოერთებამ, ახლა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ანექსიამ სერბეთისათვის მიუღებელი პრეცედენტები შექმნა.
. . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა `სადემარკაციო კომისიათა` მუშაობის რეგლამენტი ანუ ფაქტიურად, ერევანმა ბაქოს შესთავაზა მოლაპარაკების დაწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე.
სომხეთს ძალიან გაუჭირდა იმის გამო, რომ აზერბაიჯანის არმიამ დაიპყრო რამდენიმე რაიონი, რომელიც სსრკ დროინდელი რუკებით შედიოდა სომხეთის შემადგენლობაში. უპირველესად საქმე ეხება სიუნიკის რეგიონს.
როდესაც სომხების გულშემატკივრები დასავლეთშიც და რუსეთშიც ეკითხებოდნენ აზერებს, რატომ აკეთებდნენ ამას, ბაქო პასუხობდა: `ჩვენ რატომ უნდა ვაღიარებდეთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი სომხეთი არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას`? იგულისხმება, რომ მთიანი ყარაბაღი იმავე სსრკ დროინდელი რუკებ ით აზერბაიჯანის სსრ განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ სომხეთი ხომ ამას არ აღიარებს? მაშასადამე არ სცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
გამოდის, აზერბაიჯანმა, სიუნიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთის დაპყრობით, სამხედრო ძალით აიძულა სომხეთი, დათანხმებოდა მოლაპარაკების დაწყებას საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე.
ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, რით დამთავრდება ეს მოლაპარაკება. თუმცა აბსოლუტურად უეჭველია, რომ აზერბაიჯანი არ მოაწერს ხელს არც ერთ დოკუმენტს და არ გაიყვანს ჯარებს სიუნიკიდან მანამ, სანამ სომხეთი არ აღიარებს ერთმნიშვნელოვნად აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას; ესე იგი ყარაბაღს - აზერბაიჯანის შემადგენლობაში.
უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აზერბაიჯანი საერთოდ აღარ სცნობს ასეთ ტერმინს - `მთიანი ყარაბაღი`.
ავტონომიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია: აზერბაიჯანის პოლიტიკურ ნარატივში გაჩნდა ასეთი ტერმინოლოგია: `ყარაბაღის ზოგიერთი რაიონი, სადაც სომხები ცხობრობენ`.
გამოდის, აზერბაიჯანი წარმატებით ართმევს სეპარატისტულ ანკლავს პოლიტიკურ სიბუექტურობას და ამას აღწევს ძლევამოსილი სამხედრო ძალით, შემდეგ კი უკვე ძალაზე დაფუძნებული დიპლომატიით.
საქართველოს უახლესი იტორიიდან თუ მოვიყვანთ მაგალითს: ახლა აზერბაიჯანმა ფაქტიურად გააკეთა ის, რაც გააკეთა საქართველომ ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` მიმართ 1990 წლის შემოდგომაზე, ანუ აზერბაიჯანმა გააუქმა `მთიანი ყარაბაღის ავტონომია` ისევე, როგორც საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა `სამხრეთ ოსეთის` ავტონომია,
თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, სამხედრო ძალით დაემყარებინა ეს რეალობა `ადგილზე - On the ground
აზერბაიჯანს კი ამის საშუალება აქვს: აუქმებს სომხურ ავტონომიას და თანახმაა იმ `ზოგიერთ რაიონში` მცხოვრებ სომხებს მისცეს კულტურული ავტონომიის მსგავსი, ოღონდ მას შემდეგ, თუ ისინიც აღიარებენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მიიღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას, ესე იგი სამუდამოდ უარს იტყვიან რაიმე სახის სეპარატიზმზე.
მაშასადამე, ჩვენს თვალწინ, აზერბაიჯანმა ისარგებლა ხელსაყრელი გეოპოლიტიკური სიტუაციით, შესანიშნავად გამოიყენა რუსეთის `მოუცლელობა` უკრაინის ომის გამო, ასევე შესანიშნავად გამოიყენა თურქეთთან ისტორიული ერთობა და გადაწყვიტა ისტორიული ამოცანა: აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა.