თურქული კრედიტის საარჩევნო ბედისწერა

თურქული კრედიტის საარჩევნო ბედისწერა

        გუშინ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა – სულხან მოლაშვილმა საკმაოდ «მძიმე» მოხსენება წაიკითხა, რომლითაც ქართულ პოლიტიკაში კვლავ ამოტივტივდა დაუვიწყარი «თურქული კრედიტის» თემა.

        ეს თემა მაჯლაჯუნასავით აწევს მთელ, ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ისტებლიშმენტს. თანაც, არა მხოლოდ სახელისუფლებო წრეებს, არამედ იმავე ისტებლიშმენტის აწ უკვე ოპოზიციასთან დაახლოებულ ნაწილს. ყოველ შემთხვევაში, ათი წლის განმალვობაში თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, პარტიული მიმოსვლის, ფინანსური ნაკადებისა და ნათელ-მირონობის «გენეოლოგიურ ხეს» შევადგენთ და პროცესს ისტორიულ განვითარებაში დავაკვირდებით, არ შეიძლება არ დავასკვნათ, რომ კრედიტი, რომელზეც უფრო საგნობრივად ქვემოთ გვექნება საუბარი, მთლიანად ქართულმა ისტებლიშმენტმა «შეჭამა» და არა რომელიმე კონკრეტულმა ფინანსურ-პოლიტიკურმა დაჯგუფებამ.
        უდიდესი გამარტივება იქნებოდა იმის თქმა, თითქშს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ეს მოხსენება დაუკვეთა სულხან მოლაშვილს, რათა დაერტყა კონკრეტულად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ან საკრებულოსათვის.
        რასაკვირველია, მოლაშვილმა დაასახელა «პურპროდუქტების კორპორაცია», აგრეთვე (სხვა თემასთან მიმართებაში), თბილისის საკრებულო, რომელიც ხუთჯვრიან დროშებს კერავდა ბიუჯეტის სახსრებით, მაგრამ რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება:. მოხსენებაში არანაკლები დრო დაეთმო «კოკა-კოლას» (თემურ ჭყონია)9 დავით იაკობიძეს და სხვა ფიგურებს.
        ნიშანდობლივია, რომ სულხან მოლაშვილის მოხსენებასთან ერთად (მისდამი პრეზიდენტის მზარდი კეთლიგანწყობა კი საყოველთაოდ ცნობილია) გაიჟღერა თვით პრეზიდენტის ძალზე მნიშვნელოვანმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში 40 რეალური კანდიდატი (ანუ შესაბამისი ძალისა და რესურსის მქონე ფიგურა) მაინც იყრის კენჭს, რამაც ქვეყანა მორიგი სამოქალაქო ომის ზღურბლთან შეიძლება მიიყვანოს.
        ეს იყო პრეზიდენტის საკმაოდ გამჭვირვალე გაფრთხილება მთელი ისტებლიშმენტის მიმართ, რომ 2005 წლის შემდეგ, პრეზიდენტის სავარძელზე უარიც რომ თქვას, ედუარდ შევარდნაძის ამა თუ იმ ფორმით დარჩენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე თვით ამ ისტებლიშმენტის ინტერესებშია.
        სწორედ აქ გამოდგა შესანიშნავ არგუმენტად «თურქული კრედიტი», რაც ერთგვარად ასახავს კიდეც ქართული ისტებლიშმენტის მიმართ ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულებასა და დამსახურებას.
        ამდენად, ეს ისტებლიშმენტიც ვალდებულია, გაითვალისწინოს თავისი ლიდერისა და კეთილისმყოფელის პოზიცია ხელისუფლების ფორმალური ცვლის პროცესში. რაც შეეხება თვით თურქულ კრედიტს, იგი გაფორმდა 1992 წელს. წინასწარ დოკუმენტს ხელი მოეწერა ივლისში, ჩვენს ქვეყანაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის სულეიმან დემირელის ვიზიტისას. საბოლოოდ კი, თურქეთის «ექსიმბანკმა» 50 მილიონი დოლარი გამოყო იმავე წლის მეორე ნახევარში. თუმცა, იმ დროს უკვე თურქეთის ბევრი პოლიტიკური ძალა, აფხაზეთის ომის გამო, კრედიტის შეჩერებას მოითხოვდა. «თურქული კრედიტი» მოხმარდა რამდენიმე საწარმოს დაფუძნებას, რომელიც, მენეჯმენტის თვალსაზრისით, არცთუ ურიგოდ მუშაობს.
        მაგალითად, იგივე «კოკა-კოლა» - ვერავინ იტყვის, თითქოს იგი წამგებიანი საწარმოა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს საწარმოც კი ვერ ახერხებს, ერთი მხრივ, საბიუჯეტო გადასახადების გადახდას და, მეორე მხრივ, ვალი დაფარვას. შესაბამისად, პროცენტი პროცენტს ემატება და სულ მალე თურქეთი, სწორედ ამ კრედიტის წყალობით, შეიძლება, საქართველოს მევალეთა შორის რუსეთს გაუტოლდეს, ანუ მეორე-მესამე ადგილზე გავიდეს.
        50-მილიონიარი კრედიტის პირობები არცთუ იოლი და შეღავათიანია. უფრო – პირიქით, მაგრამ გავიხსენოთ იმდროინდელი, მშიერი და გათოშილი საქართველო, როდესაც ქვეყანაში ხორბლის 5 დღის მარაგი იყო დარჩენილი. ამასთანავე, იმ ვითარებით ძალიან ბევრმა მოითბო ხელი – კრედიტი ეძლეოდა ყველას, ვინც კი სურსათის შემოტანის პირობას დადებდა. ბუნებრივია, მათი უმრავლესობა ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდა, ან ფულის გათეთრებას მიჰყო ხელი და ხორბლის ნაცვლად, მალაიზიიდან უზარმაზარი მაცივრები თუ მოოქროვილი უნიტაზები შემოიტანა.
        ბევრი მათგანი, ვინც მაშინ ხელი მოითბო, დღესაც ჩანს პოლიტიკურ და საზოგადო ასპარეზზე. თუმცა, ედუარდ შევარდნაძემ გუშინ მკაიფდ აგრძნობინა ქართულ ისტებლიშმენტს, რომ მათი «განკითხივს დღე» უფრო მალე შეიძლება დადგეს, ვიდრე საპრეზიდენტო ვადა აომიწურება.
        «ყველანი ერთ ნავში სხედხართ, რომლის მართვა მხოლოდ მე ვიცი», _ ასეთი იყო ედუარდ შევარდნაძის გუშინდელი მესიჯი ჩვენი «გულმავიწყი» და «მალემყვარება» ელიტის მიმართ.

დილის გაზეთი, 16 ოქტომბერი 2003 წელი