საერთაშორისო მიმოხილვა. 21 მაისი. 2024 წელი
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვებს აწესებს, რადგან რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა გენერაციის რამდენიმე ობიექტი მწყობრიდან სერიოზულად გამოიყვანა.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა რუსული თავდასხმები სულ უფრო მასირებული ხდება, ხოლო უკრაინული „საზენიტო“ მათ ვერ ერევა.
გუშინ Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, დასავლური სამხედრო დახმარება „უკრაინის საჭიროებებს ერთი წლით ჩამორჩებაო“.
მართლაც, „რამშტაინის“ ფორმატში ესპანეთი დაჰპირდა უკრაინას (გუშინვე) კიდევ რამდენიმე ათეული გერმანული ტანკის Leopard-2 გადაცემას, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ ეს 1 წლის წინ იქნებოდა აქტუალური, როცა უკრაინა უტევდა. ახლა, როცა რუსეთი მთელს ფრონტზე უტევს (გუშინ ლუგანსკის ოლქშიც წაიწია წინ და მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი აიღო) უკრაინას სჭირდება არა ტანკები, არამედ თუნდაც 5-6 Patriot და რაც მთავარია, სჭირდება დასავლეთის ნებართვა, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, რაკი მანამ, სანამ მოსკოველები და პეტერბურგელები ყავას მშვიდად წრუპავენ კაფეებში, როცა მათი სახელმწიფო უკრაინას ანადგურებს, მოსკოვს აქვს სტრატეგიული უპირატესობა!
დასავლეთი ამგვარ ნებართვას არ გასცემს ბირთვული ომის შიშით.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ შეიტანა სარჩელი სასამართლოს პალატაში, რათა დაპატიმრების ორდერები გაიცეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ადგილობრივი ლიდერის, იაჰირ სინვარას ასევე ჰამასის კატარში მცხოვრები ლიდერის ისმაილ ჰანიას მიმართ.
უმრავლეს შემთხვევაში, პალატა აკმაყოფილებს ხოლმე პროკურორის მოთხოვნებს დაპატიმრების ორდერებზე.
ასე იყო პუტინის დაპატიმრების ორდერის საქმეშიც.
პროკურორ კარიმ ხანის ამ გადაწყვეტილებამ, რასაკვირველია მძვინვარე რეაქცია გამოიწვია მთელს მსოფლიოში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა სპეციალურ ბრიფინგზე, რომ მისთვის მიუღებელია ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და „ჰამასის“ ლიდერის გათანაბრება.
შეგახსენებთ: აშშ არ არის ამ სასამართლოს წევრი (ისევე, როგორც ისრაელი, რუსეთი.....), ანუ მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა დააპატიმროს ნეთანიაჰუ, თუ იგი ამერიკაში მოხვდება.
აქვე დავაკვირდეთ: ხომ რამდენჯერმე აღინიშნა უკვე, რომ ბაიდენი ცდილობს „ბალანსირებას“ არაბულ სამყაროში ამერიკის რენომეს შესანარჩუნებლად - არ აწვდის საავიაციო ბომბებს ისრაელს რაც ახლა ისრაელს არც იმდენად სჭირდება, რაკი დიდი მარაგი აქვს.
სამაგიეროდ ამერიკამ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით და ახლა, როცა ჰააგამ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი უკვე თითქმის გასცა, ვაშინგტონმა რასაკვირველია მისი სტრატეგიული მოკავშირის, ისრაელის მხარე დაიკავა.
აბა „ჰამასს“ რატომ დაუჭერდა მხარს?
განა 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკაში 2001 წელს არაბმა რადიკალებმა არ მოაწყვეს? ებრაელებს ხომ არ მოუწყვიათ?
ისრაელი ამერიკის სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური და ცივილიზაციური მოკავშირეა რეგიონში.
დასავლურ, მათ შორის ამერიკულ ანუ ევროატლანტიკურ ცივილიზაციას „იუდა-ქრისტიანული ცივილიზაცია“ ეწოდება........ ისრაელი ევროპული (ფართო გაგებით „ევროპული“ ანუ კვლავ „ევროატლანტიკური“, მათ შორის ამერიკული) იდენტობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ამერიკა (პირველ რიგში სწორედ ამერიკა) ისრაელის მოსპობას, რასაკვირველია არ დაუშვებს რადაც არ უნდა დაუჯდეს.
სამაგიეროდ, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო იკავებს ოდნავ განსხვავებულ პოზიციას.
მაგალითად, საფრანგეთმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს, რაკი ბევრჯერ მოუწოდა ისრაელს, დაიცვას ღაზაში ჰუმანიტარული სამართალი.
თვით ნეთანიაჰუ ამბობს, რომ წარმოუდგენელი საძაგლობა ჩაიდინა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, როცა მსხვერპლი (ისრაელი) გაათანაბრა აგრესორთან (ჰამასთან) და ორივე ლიდერის წინააღმდეგ თანაბრად აღძრა საქმე.
ამავდროულად „ჰამასმა“ განაცხადა, რომ......პირიქით, წარმოუდგენელი საძაგლობა ჩაიდინა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, როცა მსხვერპლი (ღაზა) გაათანაბრა აგრესორთან (ისრაელთან) და ორივე ლიდერის წინააღმდეგ თანაბრად აღძრა საქმე.
თუ ჰააგას სასამართლო პალატა დააკმაყოფილებს ICC პროკურორის მოთხოვნას და გასცემს დაპატიმრების ორდერებს, ეს რასაკვირველია ჰამასის ნებისმიერი ლიდერისთვის დიდი ვერაფერი ბედენა იქნება. იოლად დააიგნორებს.
აი ნეთანიაჰუსთვის კი პრინციპული გახდება „მაინც“ ჩავიდეს ვთქვათ იტალიაში ან გერმანიაში და...„აბა ერთი დამაპატიმრეთ!!!“.
და რა? გერმანიაში ისრაელის პრემიერ მინისტრს დააპატიმრებენ?!!!
გერმანია უფრორე და უმალ ICC შემადგენლობიდან გავა, ვიდრე ისრაელის ლიდერს დააპატიმრებს ცნობილი ისტორიული მიზეზების გამო.
აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელი ეს კრიზისი ისრაელის გარშემო, რომელმაც ეგზისტენციალური ხასიათი შეიძინა მას შემდეგ, რაც ირანმა პირველად დაბომბა ისრაელი, „დღაბნის“ „ბლანდავს“ დასავლურ დღის წესრიგს უკრაინის თაობაზე, რამაც არ შეიძლება არ შეასუსტოს დასავლური სოლიდარობა კიევის მიმართ.
შესაბამისად.....ლეგიტიმურია ეჭვები, თუ „რა იცოდნენ“ მოსკოვში 7 ოქტომბრის ტერაქტის შესახებ?.....საერთოდ არაფერი „იცოდნენ?“
ანდროპოვისდროინდელი КГБ აქტიურად თანამშრომლობდა და ძლიერი პოზიციები ჰქონდა რადიკალურ არაბულ დაჯგუფებებში.....
და თუ ლათინურ კითხვას დავსვამთ Qui prodest? („ვის აძლევს ხელს“ ან, ჟარგონით, „ვის აწყობდა“?) პასუხი ცხადია.
ჰააგას მოწინააღმდეგეებს „მოულოდნელი“ მხარდაჭერა გამოუცხადა ინდუსი წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა სალმან რუშდიმ.
მან განაცხადა, რომ „ჰამასს“ სურს პალესტინაში „თალიბანის“ მსგავსი ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
შეგახსენებთ: სალმან რუშდის, მისი ერთ-ერთი პანეგირიკის გამო ისლამისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის თემაზე, ირანის მრისხანე აიათოლლამ, ირანის ისლამური რევოლუციის სულიერმა ლიდერმა აიათოლლა ჰომეინიმ 1989 წელს სიკვდილი მიუსაჯა და ამის გამო სალმან რუშდი ახლაც იატაკქვეშეთში ცხოვრობს ინგლისური სპეცსამსახურების გაძლიერებული დაცვით.
თუმცა ინგლისელებისთვის ეს პრობლემა არ არის. სიტყვის თავისუფლება მათთვის წმიდათაწმიდაა.
რუშდი წარმოშობით და სარწმუნოებით ინდუსია (ინდუისტი) ხოლო ინდუსები მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული „პიიტეტით“ არ გამოირჩევიან.
სემუელ ჰანტინგტონი ცნობილ წიგნში „ცივილიზაციათა ომი“ სწორედ ამგვარ დაპირისპირებებს და „ღირებულებით ხლეჩას“ წინასწარმეტყველებდა.........როცა მუსლიმური სამყარო იუდა-ქრისტიანული სამყაროს მტერია, ხოლო მილიარდიანი ინდუისტური სამყარო მისი მოკავშირე ხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
სადღაც მაისის ბოლოსთვის ნაფიცი მსაჯულები დონალდ ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვის საქმეზე სათათბიროდ გავლენ ანუ განაჩენიც სულ მალე დადგება!
ეს ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის სასამართლოში დასრულდა ადვოკატ მაიკ კოენის დაკითხვა.
კოენმა თქვა, რომ მან პორნოვარსკვლავს საკუთარი ფული გადაუხადა $150 000, ოღონდ შემდეგ ეს თანხა ტრამპმა აუნაზღაურა გაზრდილი ჰონორარის სახით.
კოენს საქართველოშიც იცნობენ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაფიცები, მნიშვნელოვანია რასაკვირველია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი (მაღალი ალბათობით) დონალდ ტრამპს ქრთამის მიცემასა და საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებაში დაადანაშაულებენ (სინამდვილეში ეს არის ამ საქმის არსი და არა მაინცდამაინც პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდა), განაჩენი მოსამართლემ უნდა გამოიტანოს.
ასევე მაღალი ალბათობით, ეს მოსამართლე (შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე) ტრამპს დააჯარიმებს და ციხეში არ გაუშვებს ამ საქმეზე.
რომელ „ციხეზეა“ ლაპარაკი, როცა მთელი ამერიკა გაფაციცებით ელის ტრამპ-ბაიდენის სატელევიზიო დებატებს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურებადი დებატი იქნება ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა ტელე-დებატების 60 წლიან ისტორიაში?!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
კომპანია OpenAI და ცნობილი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი სასამართლოში შეხვდებიან ერთმანეთს.
საქმე ის გახლავთ, რომ იოჰანსონმა, პრინციპული, ესე იგი ღირებულებითი მოსაზრებებით (და არა ჰონორარის სიმცირის გამო) უარი უთხრა სემ ალტმანის კომპანიას, გამოიყენოს სკარლეტის ხმა „Artificial intellect“ (ხელოვნური ინტელექტის) ასისტენტის გამხმოვანებლად.
ალტმანი ზოგადად, ისეთივე „ბულდოზერული სტილის“ თავხედია, როგორც ილონ მასკი...... ამიტომ სკარლეტის ხმა „ჯინაზე“ მაინც გამოიყენა, თუმცა ცრუობს „არა, ეს იოჰანსენის ხმა არ არის - სხვა მსახიობი ქალის ხმააო“, რისიც არავის სჯერა.
თითქოსდა რა გლობალური მნიშვნელობა აქვს ახლა ამ სასამართლოს?
აქვს იმიტომ, რომ გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ლამის ისეთივე ადგილი დაიკავოს, როგორც ღაზას ომმა, უკრაინის ომმა და ტრამპის პროცესმა.
ანგარიშში ჩასაგდებია ის ფაქტი, რომ სკარლეტი ტრამპის მოწინააღდმეგე იყო, ისევე როგორც ჰოლივუდის კულტურული ელიტის უდიდესი უმრავლესობა.
„მაღალი საჯარო ინტერესის თემაა“.
იმიტომ, რომ იოჰანსენია ვარსკვლავია ისევე, როგორც ალტმანი.
მათი „ჯახი“ პუბლიკისთვის საინტერესოა.
სკანდალურია, მაშასადამე საინტერესოა.
გარდა ყველაფრისა, თვით იოჰანსონი 2013 წელს AI-ს ახმოვანებდა Spike Jonze-ის ფილმში “Her.”
ოღონდ ის მხატვრული ფილმი იყო.
რეალობაში, როგორც ჩანს ქალბატონ სკარლეტს არ მოეწონა მისი ხმა ჟღერდეს, როგორც არა ცოცხალი ქალის, არამედ „მკვდარი“ რობოტის ხმა მილიონობით გაჯეტიდან.