საერთაშორისო მიმოხილვა. 21 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 მარტი. 2023 წელი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი მოსკოვშია. მისი სახელმწიფო ვიზიტის ცერემონიული, ოფიციალური ნაწილი დღეს იწყება, თუმცა გუშინ საღამოდან, სი ძინპინმა და პუტინმა 4 საათი ილაპარაკეს ვახშმისას.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ `სინჰუა` დაადასტურა, რომ სი-მ პუტინს ჩაუტანა რაღაც გეგმა უკრაინის ომის დასრულებისა, თუმცა ამ გეგმის დეტალები ჯერ არავინ იცის.

მაღალი ალბათობით,  გეგმა ითვალისწინებს 2022 წლის თებერვლის მდგომარეობის და საოკუპაციო ხაზის აღდგენას, ოღონდ იმ პირობით, რომ უკრაინა დაეთანხმება სახმელეთო გასასვლელს ყირიმში მარიუპოლის გავლით, რომელიც უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნდება.

უკრაინა ამ გეგმას არაფრით არ დაეთანხმება.

მაგრამ პუტინიც არ დაეთანხმება, რაკი ჯერ საბოლოო სამხედრო მარცხი არ უწვნევია.

მეორეს მხრივ, მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩინეთი კვლავინდებურად თავს იკავებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან. მიუხედავად მოსკოვის ხვეწნა-მუდარისა. ამით დასავლეთს უგზავნის მესიჯს.

ამერიკაშიც და ევროპაშიც შესანიშნავად ესმით, რომ თუ სი ძინპინმა რაიმე `გარღვევას` მიაღწია ამ გლობალურ კონფლიქტში, ეს იმდენად გაზრდის ჩინეთის გეოპოლიტიკურ როლს და ავტრორიტეტს, რომ სულ სხვა `რანგის` და `წონითი კატეგორიის` აქტორს მიიღებენ მსოფლიო ასპარეზზე.

დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ყველაფერს გადაწყვეტს არა სი-ს ვიზიტი ან დიპლომატიური ურთიერთქმედება ზოგადად, არამედ იმ დიდი ბრძოლის რეზულტატი, რომელიც ახლა მწიფდება დონბასზე და ალბათ აპრილში დაიწყება.

. . . . . . . . . . . . . . .

ფლორიდის გუბერნატორმა და რესპუბლიკელების შესაძლო ნომინანტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რონ დესანტისმა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპს, რომელიც დღეს (სამშაბათს) მისივე თქმით შესაძლოა დააპატიმრონ ნიუ იორკელი პორნო-ვარსკვლავის, სთორმი დენიელსის  `მდუმარების სანაცვლოდ მოსყიდვის` საქმეზე - 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

ფლორიდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მანჰეტენის ოლქის პროკურორი კორუმპირებული ადამიანია - `მილიარდერმა სოროსმა მოისყიდა, რომელსაც ტრამპი სძულსო`.

რონ დესანტისის ეს განცხადება იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ მან ფაქტიურად საკუთარ კონკურენტს დაუჭირა მხარი, არამედ იმის გამო, რომ როგორც ჩანს ტრამპის ქეისი ხდება `რესპუბლიკური პარტიის`, როგორც ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანდესი ინსტიტუციის ღირსებისა და თვითგადარჩენის საქმე.

აშშ `რესპუბლიკურ პარტიას `ეწოდება `დიადი უძველესი პარტია` (Great Old Party - GOP) და რესპუბლიკური  ისტებლიშმენტი, რასაკვირველია, ასე იოლად არ დაუშვებს, რომ მისი ერთ-ერთი პრეზიდენტი დააპატიმრონ, - ციხეში გაუშვან.

ეს გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას ამერიკაში და ბევრი რამ უკვე მართლა იმაზეა დამოკიდებული, გაბედავს თუ არა მანჰეტენის პროკურატურა ხელბორკილები დაადოს ტრამპს.

თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკაში ძალიან კარგად მუსაობს `შეკავება-გაწონასწორების` მექანიზმები და ტრამპის ციხეში ჩასმა (წინასწარი პატიმრობის სახით თუნდაც) მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს, რომელიც იქ სრულიად დამოუკიდებელია.

თითქმის გამორიცხულია (თუ რაღაც სასწაული არ მოხდა) ნიუ იორკის მოსამართლემ დონალდ ტრამპს წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს ნაცვლად გირაოსი.

ტრამპი რომ არსად გამქცევი არ არის ცხადია და `მოწმეებზე` ზემოქმედების არგუმენტი მის შემთხვევაში უბრალოდ სასაცილოა.

მანჰეტენის ოლქის პროკურორი Alvin L. Bragg (აფროამერიკელია) რონ დესანტისის ყველა ბრალდებას უარყოფს. იგი რა თქმა უნდა აცხადებს, რომ სოროსი მისთვის არავინაა და პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს.

ირკვევა იურიდიული დეტალებიც: პორნო-ვარსკვლავთან  2006 წლის ინტიმურ ურთიერთობის შესახებ მისი მდუმარების საყიდლად (2016 წელს)  ტრამპმა რთული სქემა გამოიყენა: დაახლოებით $130 000 გადაუხადა არა უშუალოდ პორნო-ვარსკვლავს, არამედ საკუთარ ადვოკატს, რომელმაც ეს ფული გადასცა ქალს, თუმცა თვითონ აინაზღაურა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფონდიდან.

ეს კანონის დარღვევაა. უფრო მეტიც: სისხლის სამართლის დანაშაული.

ადვოკატი მაიკლ კოენი უკვე იჯდა ციხეში ამის გამო.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის ომის (1992-1993წ) ვეტერანმა და აფხაზეთის `გმირმა` ვიანორ აშბამ მოუწოდა აფხაზებს მოემზადოინ დიდი ეროვნული აქციისათვის, რის შედეგადაც  ჩამოაგდებენ ამჟამინდელ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და მის ხელისუფლებას.

ვიანორ აშბას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ემზადება აფხაზეთის რუსეთისთვის `ჩასაბარებლად`, აპირებს გაყიდოს ბინები რუსეთზე (აპპარტ-სასტუმროების დაკანონების ფორმით) აპირებს ასევე ბიჭვინთის აგარაკი და ასეულობით ჰექტარი მიწა გადასცეს რუსეთს, ენერგეტიკა მთლიანად გადასცეს რუსეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ, აშბას თქმით, ბჟანია უნდა დაამხონ და ჩაატარონ ახალი არჩევნები.

ბევრმა ოპოზიციონერმა დაუჭირა მხარი აშბას მოწოდებას.

თუმცა ეს ერთგვარი ტექნოლოგიაა პოლიტიკური: აფხაზი ექსპერტები თავად აღიარებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლებას დაამხობენ, ეს ბევრს არაფერს შეცვლის: ახალი ხელისუფლება იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რაც წინა: პუტინი არ იტყვის უარს ბიჭვინთის აგარაკზე, არ გააუქმებს მოთხოვნას აფხაზეთში ბინების თავისუფალი მიყიდვის შესახებ რუსებისთვის და ზოგადად, მოსკოვი მუდამ შეეცდება, აფხაზეთი  აქციოს სოჭის `გაგრძელებად`, თუმცა აფხაზები 1-2 წელს კიდევ მოიგებენ: სანამ დაამხობენ, სანამ ახალი არჩევნები ჩატარდება....ახალი მთავრობა დაკომპლექტდება.....

თუმცა ახლოვდება 2024 წელი, როდესაც ამოიწურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. `ჩარჩო ხელშეკრულების` ვადა, რომლის ძალითაც რუსეთი აფხაზეთს აფინანსებს. ყოველწლიურად მილიარდობით რუბლს უხდის.

ამ დაფინანსების გარეშე აფხაზეთი საბოლოოდ გადაიქცევა ტყიურ საჩეხედ.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში ვითომ შეშფოთებულნი არიან, რომ ე.წ. `ჟენევის დისკუსიათა` თანათავმჯდომარეები, რომლებიც მცირე ხნის წინ ეწვივნენ აფხაზეთს, სეპარატისტულ ტერიტორიას სთავაზობენ პირდაპირ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთის სტატუსზე. ანუ რუსეთის გამორიცხვას ამ პროცესიდან.

ბუნებრივია, ჟენევის თანათავმჯდომარეები სოხუმში საქართველოს ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე არ ჩავიდოდნენ. მათ შორის წინასწარი თანხმობისა ამ მოლაპარაკების გამართვაზე.

აფხაზეთის `პრეზიდენტმა` ბჟანიამ შეხვედრაზე უარი უთხრათ და ახლა აგხაზები თავად აწყობენ `გაჟონვას` პრესაში ამ `ორმხრვ მოლაპარაკებებზე`, რათა მოსკოვში წაიკითხონ და გაიგონ: დასავლეთი თავის შუამავლობას სთავაზობს სოხუმსა  და თბილისს, ნაცვლად რუსული შუამავლობისა.

და თუ მოსკოვი მეტისმეტად `(ბოდიში ჟარგონისთვის) `მიაწვება` აფხაზეთს ბიჭვინთის აგარაკის თუ ენერგეტიკის რუსეთისათვის გადაცემის საკითხში, მაშინ აფხაზებმა შესაძლოა კიდეც მიიღონ დასავლური წინადადებები საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ დასავლური შუამავლობით.

პუტინისთვის ეს სერიოზული პოლიტიკური მარცხი იქნება.

ამ ტექნოლოგიას აფხაზური ელიტები მუდამ უდიდესი ეშმაკობით ახორციელებენ ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, რაკი არც ენგურჰესის და ელექტროგადამცემი ხაზების დათმობა სურთ რუსეთისთვის და არც ბიჭვინთის აგარაკისა.

ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, რაც უფრო აგრესიულად `აწვებათ` მოსკოვი, მით უფრო ათამაშებენ აფხაზები ამ `კარტს`, რომ დასავლეთს აირჩევენ ნაცვლად რუსეთისა, - საქართველოსთან მოლაპარაკების `პლატფორმად` და გარანტორად.

საქართველოში ბევრს არ ჯერა, რომ აფხაზები ამას ბედავენ. `როგორ გაბედავენო`..... `მოსკოვის გარეშე ნაბიჯს როგორ გადადგამენო`.....

არ არის ასე მარტივად.

 ჯერ ერთი, მოსკოვი ახლა მართლა ძალიან ცუდ დღეშია და დასუსტებულია უკრაინის ომის გამო და ამას გარდა, აფხაზურ ელიტებს კატეგორიულად არ სურთ იმ სტრატეგიულ დათმობებზე წასვლა რუსეთთან (ენგურჰესი, ბინები, ბიჭვინთა), რასაც მოსკოვი მოითხოვს უკვე დიდი ხანია და თუ 2024 წელს რუსეთი აღარ გაუგრძელებს ვადას აფხაზეთის დაფინანსების შესახებ დიდ ხელშეკრულებას, ანუ სეპარატისტული აფხაზეთის დაფინანსებას შეწყვეტს, ამ კარტს სოხუმი კიდევ უფრო აშკარად გაათამაშებს შესაბამისი ტექნოლოგისი დაცვით:

დავაკვირდეთ: ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი ჩავიდა რამდენიმე დღის წინ სოხუმში; იგი აფხაზეთის `პრეზიდენტადწოდებულმა` ბჟანიამ არ მიიღო, კოვიდი მოიმიზეზა, ამით მოსკოვს მესიჯი გაუგზავნა, მაგრამ ტოივო კლაარს შეხვდა აფხაზეთის `პარლამენტის` სპიკერი და უშიშროების საბჭოს მდივანი. ესეც მესიჯი იყო მოსკოვისთვის, ოღონდ სხვა შინაარსისა: მეტსიმეტად არ `მოგვაწვეთ` ბიჭვინთის აგარაკის, აპპარტსასტუმროების და ენერგეტიკის საკითხებში.

. . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის პრეზიდენტი ემმანუელ მაკრონი რჩება სრულუფლებიან პრეზიდენტად და ინარჩუნებს ძალაუფლებას მიუხედავად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა ქვეყანაში.

გუშინ საფრანგეთის `ეროვნულმა ასსამბლეამ` არ დაამტკიცა მისდამი უნდობლობის ვოტუმი. 278 ხმა მიიღო უნდობლობამ -  287 კვორუმის პირობებში.

ანუ ოპოზიციას სულ ცოტა დააკლდა, რათა უნდობლობა გამოეცხადებინა პრეზიდენტისთვის მისი საპენსიო რეფორმის გამო.

პარიზში დემონსტრაციები არ ცხრება.

62 წლიდან 64 წლამდე საპენსიო ასაკის გაზრდა საფრანგეთში კატასტროფულად არაპოპულარული რეფორმაა.