პეტრე ჩხეიძე: ნიუ-იორკიდან – ქაბულში

პეტრე ჩხეიძე: ნიუ-იორკიდან – ქაბულში

  პეტრე ჩხეიძის გადაყვანა თურქმენეთ-ავღანეთში ძალზე ნიშანდობლივი გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი აპირებს, კიდევ უფრო გააძლიეროს ძალისხმევა «ევრაზიული დერეფნის» იმ მიმართულებით, რაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს კასპიის ზღვის გავლით.
      ედუარდ შევარდნაძე ამ პროექტს ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. 1999 წელს, სტამბულის ისტორიულ სამიტზე საფფარმურატ ნიაზოვმა, ამერიკის, თურქეთის, საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, ხელი მოაწერა განზრახულობათა ოქმს «დიდი გაზსადენის» მშენებლობის თაობაზე კასპიის ზღვის ფსკერზე, რომლითაც თურქმენეთის ამოუწურავ მარაგს ევროპულ ბაზარზე გასასვლელი უნდა მოეპოვებინა, რუსეთის გვერდის ავლით.
        ამას არა მხოლოდ თურქმენეთისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსეთმა უდიდესი ძალისხმევა მოანდომა ამ გრანდიოზული პროექტის ჩაშლას. კრემლის ხელდასხმით, რუსული გაზის გიგანტი «გაზპრომი» ძალიან ოსტატურ თამაშს აწარმოებდა აშხაბადში და, ჯერჯერობით, მოახერხა კიდეც ნიაზოვისთვის თავი «მოექონა».
        მიუხედავად ამისა, თბილისი და ბაქო განაგრძობენ ბრძოლას თურქმენული ნავთობისთვის. რუსული პრესის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც სწორედ ამ დღეებში მიიღო გადაწყვეტილება აშხაბადსა და ქაბულში მაღალი რანგის დიპლომატის წარგზავნის შესახებ.
        პეტრე ჩხეიძე ნიუ-იორკში ყოფნისას ძალზე აქტიურად მუშაობდა ამ პრობლემატიკაზე. ნიუ-იორკი მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრია. ამ ქალაქში უდიდეს ენერგეტიკულ კომპანიათა ოფისები ან წარმომადგენლობებია განლაგებული. თურქმენეთის გაზის საკითხი იმდენად თვით აშხაბადში არ წყდება, რამდენადაც ნიუ-იორკსა და ჰიუსტონში. პეტრე ჩხეიძე, პრეზიდენტის დავალებით, აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა მსხვილ კორპორაციასთან, რომლებიც ჩართულია ევრაზიის «ენერგეტიკული ბაზრის» გადანაწილებაში. თანაც, პეტრე ჩხეიძე არ ყოფილა მხოლოდ ექსპერტი, ან თუნდაც მაღალი რანგის დიპლომატი. მას ჰქონდა უფლებამოისლება პრეზიდენტ შევარდნაძისაგან, ეწარმოებინა მოლაპარაკებები გადაწყვეტილების მიღებისა და «ჯენტლმენური შეთანხმების» უფლებით. პეტრე ჩხეიძე იყენებდა თავის კავშირებს გაეროში და ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან.
        ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ჩხეიძე შეითავსებს ავღანეთში ელჩის მისიასაც: ქაბალი, გარკვეული აზრით, ევრაზიული პოლიტიკის ცენტრი ხდება, სადაც მრავალი კვანძი ინასკვება და იხსნება. ამდენად, თბილისის პოლიტიკის ახალი აქცენტი სავსებით გამართლებული ჩანს.
        თუ პეტრე ჩხეიძის გამოცდილებასა და ქართულ ისტებლიშმენტში მის ავტორიტეტს გავითვალისწინებთ, ქაბულსა და აშხაბადში ჩასვლით იგი «პოლიტიკურ თბილისს» უახლოვდება და შეიძლება დედაქალაქის სცენაზეც გამოჩნდეს. მოულოდნელი აქ არაფერი იქნება, ვინაიდან «ენერგეტიკულ პარტიას» საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს.

დილის გაზეთი, 5 ივნისი, 2002 წელი