საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ნოემბერი. 2023 წელი
ილონ მასკი ნამდვილად არის გენიოსი.
გენიოსია როგორც ბიზნესმენი, პრომოუტერი, ინოვატორი და ა.შ.
თუმცა დასავლეთში ასეთი გენიოსები ბევრია - ვინც ინოვაციური პროექტებით შეცვალა კაცობრიობა. მაგალითად Facebook-ის ავტორი მარკ ცუკერბერგი, Microsoft შემქმნელი ბილ გეიტსი, Apple -ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი ან თუნდაც `დელივერი სერვისების` სრულიად ახალ დონეზე ამყვანი ჯეფ ბეზოსი.
მაგრამ....უკვე ცხადია, რომ ილონ მასკი სულ სხვა ფენომენია - ბევრად მათზე გავლენიანი და ცოტა არ იყოს საშიშიც კი.
ამჯერად საქმე მხოლოდ ის როდია, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებშიც კი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება (შემთხვევით კი არ მიიწვიეს ოფიციალურ სადილზე სი ძინპინის კალიფორნიაში ვიზიტის დროს) რაკი ელექტრომობილების ინდუსტრია მეტწილად ჩინეთში გადაიტანა, არამედ რამდენიმე სისტემური მიზეზითაც.
მაგალითად, ბოლო დროს ამერიკაშიც და ევროპაშიც სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ილონ მასკის კუთვნილი სოციალური ქსელის X (ყოფილი Twitter) პოლიტიკა.
ილონ მასკმა ეს გრანდიოზული, ზეპოპულარული რესურსი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა და როგორც კი იყიდა, კონტენტის მოდერირება აკრძალა. ანუ ე.წ. `სიძულვილის ენის`, რასიზმის, ნაციზმის და ანტისემიტიზმის შეზღუდვა ფაქტობრივად აღარ ხდება.
ამან ერთის მხრივ X მომხმარებელთა რაოდენობა კოსმოსურ სიმაღლეზე აიყვანა, რადგან სკანდალურია და საინტერესო; თუმცა, მეორეს მხრივ, დასავლეთს, პირველ რიგში ამერიკას, სერიოზული პრობლემები შეუქმნა:
ახლა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ისრაელსა და ტერორისტულ `საძმოს` შორის. ბუნებრივია, არაბულ სამყაროშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც უამრავი ანტისემიტია, რომელმაც ეს განგრძობითი ტრაგედია გამოიყენა ებრაელებისადმი სიძულვილის გადმოსაფრქვევად, ხოლო ილონ მასკის X დღეს ამის საშუალებას აძლევთ, რაკი კონტენტის კონტროლი არ ხდება.
თვით ილონ მასკს არანაირი ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ დასავლეთში მიღებული პოლიტიკური და სოციალური, ასევე ბიზნეს-კულტურით, ის რა თქმა უნდა პასუხს აგებს ყველაფერ მნიშვნელოვანზე, რაც მის კუთვნილ სოციალურ ქსელში ხდება.
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დემოკრატიული სახელმწიფო გამოიყენებდა იმ რეგულაციებს, რომლებიც არსებობს, გადასცემდა საკითხს განსახილველად რეგულატორს (ჩვენი `კომუნიკაციების კომისიის` მაგვარი რეგულატორი ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს) და ის დასჯიდა ილონ მასკს (მის კუთვნილ კომპანიას X) სიძულვილის ენის გამო, მაგრამ.......დასავლური პრესა (CNN, NYT, WP) ამ დღეებში წერს, რომ მასკის დასჯაც პრობლემატური ხდება, რაკი ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე სასიცოცხლო ინდუსტრია სწორედ მასკზეა დამოკიდებული და მის გარეშე ამერიკა ზოგიერთ საგარეო-პოლიტიკურ კონფლიქტშიც დამარცხდება!
დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA უკვე ვეღარ იფუნქციონირებს ილონ მასკის კომპანიის SpaceX გარეშე!
მასკის `მძიმე რაკეტების` გარეშე დედამიწის ორბიტაზე ვეღარც ასტრონავტების და ვეღარც თანამგზავრული აპარატების გაყვანა ვეღარ მოხერხდება!
რამდენიმე წლის წინ, როცა `შატლის` პროგრამა (მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდებისა) შეჩერდა, NASA-მ გადაწყვიტა (სხვა გზა არც ჰქონდა) სწორედ ილონ მასკის კოსმოსურ ინდუსტრიაზე დაედო ფსონი და ახლა დამოკიდებულება იმდენად გაიზარდა, ვეღარც ჩაანაცვლებს.
მეორე: არანაკლებ დამოკიდებული გახდა პენტაგონი (ანუ ამერიკის არმია) ილონ მასკის თანამგზავრულ ქსელ StarLink-ზე.
ამ ქსელის გარეშე ამერიკული არმია მნიშვნელოვნად დასუსტდება, ხოლო უკრაინისთვის მისი გათიშვა კატასტროფას გამოიწვევს.
და მესამე: დემოკრატიულ სახელმწიფოში PR ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასეულობით მილიონი ამერიკელი იყენებდა Twitter-ს და/ანუ ახლა სარგებლობს მასკის ქსელით X. შესაბამისად, ამერიკელი პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები, სფოუქსპერსონები თუ `გადაწყვეტილების მიმღებები`, საზოგადოებრივი კომუნიკაციის ინსტრუმენტად კვლავ იყენებენ ამ სოციალურ ქსელს, რომელიც ამერიკაში ბევრად პოპულარულია, ვიდრე Facebook (ჩვენთან პირიქითაა);
მარკ ცუკერბერგის ალტერნატიული სოციალური ქსელი Threads ჯერ არ არის იმდენად ძლიერი, X-ს კონკურენცია გაუწიოს.
ამის მიუხედავად თეთრმა სახლმა უკვე განაცხადა, რომ სანამ X კონტენტის მოდერირებას არ განაახლებს, აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღარ გამოიყენებს ილონ მასკის მესენჯერს და მთლიანად გადადის ცუკერბერგის Threads - ზე.
აქ იგრძნობა ამერიკის ზემძლავრი ებრაული ლობის ზეწოლა.
რამდენიმე ჰოლივუდურმა კომპანიამ (მაგალითად Warner bros.) შეწყვიტა რეკლამის განთავსება X-ზე; თუმცა არავინ იცის, ვინ უფრო დაზარალდება ამით. `უორნერს` ხომ უამრავი კონკურენტი ჰყავს ჰოლივუდში.
და ესეც არ არის ყველაფერი: 2 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესის წარმომადგენლობასთან ერთად ეხვეწებოდა ილონ მასკს (Tesla-ს), ნება დაერთო ელექტრომობილების მწარმოებელი სხვა კომპანიებისთვის, ესარგებლათ ძრავის დამუხტვის იმ ინფრასტრუქტურით, რაც მასკმა შექმნა მთელს ამერიკაში.
აგრეთვე სისტემური საკითხია! იმიტომ, რომ ელექტრომობილები დასავლური ცივილიზაციის (და არა მხოლოდ კონკრეტულად ამერიკის) ეგზისტენციალური აუცილებლობა ხდება: შიდა წვის ძრავიანი (ანუ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე) ავტომობილების ერა, ბუნებრივი გარემოს დაბინძურების გამო, ისტორიულ წარსულს ბარდება.
ამ დროს ილონ მასკი, მისი სამეწარმეო გენიით ქმნის თითქმის სრულყოფილ ინფრასტრუქტურას მთელს ამერიკაში და `დიდსულოვნად` თანხმდება, მისი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ სხვა ელექტრომობილ-მწარმოებელმა კომპანიებმა(ც).
როგორ შეეხები ასეთ კომპანიას?
რა თქმა უნდა თუ საქმე-საქმეზე მიდგა, ამერიკულ კანონმდებლობაში არსებობს ბერკეტი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიყენონ, თუკი ჩათვლიან, რომ აშშ უზენაეს სახელმწიფო ინტერესებს ეხება საქმე. ესაა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა.
ამ კანონმდებლობით უბრალოდ შეუძლიათ დაავალდებულონ მასკი, გაყოს თავისი კომპანიები რამდენიმე ნაწილად, მაგრამ.......ეშინიათ, რომ ასეთი უხეში ჩარევა დაანგრევს ამ მართლაც გენიალურ ინდუსტრიას.
ამიტომ იძულებულნი არიან იმეორონ ის, რაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩევლის სტაფერმა, სფოუქსპერსონმა კირბიმ თქვა: `კატეგორიულად არ ვიზიარებთ ანტისემიტიზმს და სიძულვილი ენას, რაც X-ზე შეუზღუდავია, მაგრამ ამ სოციალურ ქსელზე მთლიანად უარს უბრალოდ ვერ ვიტყვითო`.
აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამერიკულ კულტურაში, მათ შორის კინო-კულტურაში (გავიხსენოთ ორსონ უელსის შედევრი `მოქალაქე კეინი`) არსებობს არქეტიპი ზე-გავლენიანი მაგნატისა, ვინც თანდათან იმდენად გაძლიერდა, ლამის მთელი ამერიკა და მთელი მსოფლიო დაიპყრო, თუმცა ბოლოს მაინც კრახით დაასრულა საკუთარი ვნებების გამო
ილონ მასკის შემთხვევაში როგორ იქნება, ჯერ არავინ იცის.
და ამ თემას პირდაპირ უკავშირდება, რომ ცოტა არ იყოს გაურკვეველი პოზიცია აქვს მასკს პუტინის რუსეთთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, მან უკრაინულ არმიას გაუთიშა StarLink, როცა უკრაინელები ყირიმის განმათავისუფლებელ ოპერაციას ამზადებდნენ.
და დღემდე გაურკვეველია, მასკმა ეს საკუთარი ინიციატივით გააკეთა თუ თეთრი სახლიდან სთხოვეს. პირველი ვარიანტი სულაც არ არის მთლიანად გამორიცხული.
თუმცა ილონ მასკი, საბედნიეროდ, ჯერ არ აკეთებს ისეთ იდიოტურ განცხადებებს, როგორც შესანიშნავი ამერიკელი კინორეჟისორი ოლივერ სტოუნი (მრავალი შედევრის, მათ შორის Wall street ავტორი), რომელმაც ახლახან პუტინს `დიადი სახელმწიფო მოღვაწე` უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ `პუტინმა აქცია რუსეთი კვლავ ზესახელმწიფოდ`; მაშინ როცა დასავლეთი, თურმე ნუ იტყვით `რუსეთის ბუნებრივ რესურსთა დაპატრონებას ცდილობს უკრაინის ომით`.
ილონ მასკს ჯერ ასეთი სიგიჟე არ უთქვამს. თუმცა ჩინეთზე კი განაცხადა, ტაივანი უნდა დაიბრუნოსო.
აქედან დასკვნა: ჩინეთის ავტოკრატიულ ხელისუფლებას ილონ მასკზე აქვს ზეწოლის ბერკეტები: Tesla-ს წარმატება დიდწილად (არა მთლიანად 100%-ით მაგრამ დიდწილად) სწორედ იმან განაპირობა, რომ მასკმა მოახერხა სი ძინპინის რეჟიმთან საგადასახადო რეჟიმზე და შეღავათებზე მოლაპარაკება, ხოლო ჩინეთში მუშა-ხელის სიიაფემ მისცა საშუალება ელექტრომობილების მწარმოებელი ევროპელი და იაპონელი კონკურენტები `ჩაეძირა`.
საოცარი და სახიფათო ვითარება იქმნება: გამოდის, ჩინეთის ტოტალიტარულ რეჟიმს მეტი ბერკეტი აქვს ამ დიდ ინდუსტრიაზე ზემოქმედებისთვის, ვიდრე ამერიკას!!!
და როგორ გამოიყენებს პეკინი ამ ბერკეტს იმ ვითარებაში, როცა სრულიად ცხადია, რომ XXI საუკუნე ამერიკისა და ჩინეთის სტრატეგიული კონკურენციის ან/და დაპირისპირება/მტრობის ეპოქა ხდება?
განა ცხადი არ არის?!
თანაც ეს პრობლემა ვითარდება საბედისწერო საარჩევნო კამპანიის დროს.
მასკი მასში უკვე იღებს მონაწილეობას, რაკი დონალდ ტრამპს აღუდგინა ექაუნთი X-ზე, როგორც კი Twitter იყიდა.
წინა მფლობელებმა კი, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი გააძევეს მისი რადიკალური განცხადებების გამო.
და მაინც, ის ამერიკული ელიტები, ვინც თავის დროზე `ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა` შექმნა, გენიოსები იყვნენ. დაახლოებით იგივე სისტემაა ეს, როგორც ერთი და იმავე პიროვნებისთვის მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრის აკრძალვა.
თუმცა.....ტრამპის ფენომენმა დე-ფაქტოდ დაარღვია ეს სისტემა და ახლა თუ მეორედ აირჩევა პრეზიდენტად, ვეღარაფერი შეუშლის ხელს მესამედაც აირჩეს, რაკი შეზღუდვა ეხება ზედიზედ (!) კენჭისყრას.
ასევე, მასკმაც შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ტექნოლოგია, რათა თავისი ინდუსტრიის გაყოფა არ დაუშვას: მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა ხომ აუარა ამ სასამართლო განჩინებას გვერდი იმით, რომ თავისი მედია-იმპერია დააქუცმაცა, თუმცა ყველგან `საკონტროლო პაკეტი` შეინარჩუნა?
ასევე მასკიც იბრძოლებს ბოლომდე საკუთარი პრიორიტეტისთვის, იმავე პრეროგატივისთვის და....... იგი რუპერტ მერდოკზე ბევრად გავლენიანია.
მერდოკს ალტერნატივები ჰყავდა. ილონ მასკს კი, რამდენიმე მიმართულებით, ალტერნატივა ან კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს.