საერთაშორისო მიმოხილვა. 22 აპრილი 2022 წელი
პუტინის ბრძანებით, რუსულმა არმიამ ალყა შემოარტყა `აზოვსტალის` ტერიტორიას მარიუპოლში და რაკი უკრაინელთა წინააღმდეგობა ევრანაირად ვერ გატეხა, მათ შორის ვერც საჰაერო დაბომბვებით, ახლა ცდილობს ბლოკადით ამოწყვიტოს ისინი: უკრაინელები გამაგრებულნი არიან 5 სართულიან მიწისქვეშა კატაკომბებში, რაც ამ ქარხნის ქვეშ ააშენეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში.
აზოვსტალის ქარხნის ტერიტორია 11 კვადრატული კილომეტრია.
არც დაბომბვამ მოუტანათ რუსებს გამარჯვება, არც პირდაპირმა შტურმმა.
ამიტომ ახლა რუსები იყენებენ სუფთად ნაცისტურ, ფაშისტურ ტაქტიკას: ``უწყლობით და საჭმელის გარეშე, დაჭრილებთან ერთად, ბავშვებთან ერთად რამდენ ხანს გაძლებენო``.
ანუ პუტინი იყენებს მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ზ უ ს ტ ა დ იმ ბარბაროსულ სამხედრო ტაქტიკას, რასაც იყენებდა ჰიტლერი იმავე უკრაინაში, ოღონდ არა მარიუპოლის არამედ ოდესას კატაკომბებში გამაგრებული საბჭოთა ჯარისკაცების და ოდესელების (მათ შორის ებრაელების) წინააღმდეგ, როცა წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
ჩვენს ბავშვობაში, უამრავი ფილმი იყო ოდესელთა ამ გმირობის შესახებ საბჭოთა პერიოდში.
პუტინს და მის იდეოლოგებს რომ ჰკითხო, მათი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დროს არა მხოლოდ გერმანიას ებრძოდა, როგორც იმპერიალისტურ სახელმწიფოს, არამედ გერმანელ ნაცისტებს და რაც მთავარია, იმ არაადამიანურ მეთოდებს, რომლებსაც ისინი იყენებდნენ.
ახლა (2022 წელს!) თვითონ იყენებენ ასეთივე ფაშისტურ მეთოდებს.
უკრაინელი სამხედროები მარიუპოლიდან გასვლის წინააღმდეგნი არ არიან თუ დერეფანს შეუქმნიან. ისინი დანებების წინააღმდეგნი არიან, რასაც პუტინი სთავაზობს.
სისტემური მოცემულობა კი ამჟამად ისაა, რომ თუ პუტინმა 9 მაისის სამხედრო აღლუმამდე მოსკოვში, რაიმე ხელშესახები (!) შედეგი არ დადო, ძააააალიან სერიოზული პრობლემები დაეწყება და მისი რეიტინგი ხრწნას დაიწყებს.
დღეს კი უჭერს მხარს 75% მის სპეცოპერაციას, მაგრამ თუ მეტისმეტად გაჭიანურდა, თანაც უშედეგოდ.......1914 წელს, როცა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ რუსეთის ომში ჩართვის გადაწყვეტილება გამოაცხადა, პეტერბურგში მილიონიანი ბრბო ბღაოდა Боже царя храни იმპერიის ჰიმნს, თუმცა ომის გაჭიანურების კვალობაზე იგივე ბრბო იბოღმებოდა, ბოლოს კი დაამხო კიდეც იმპერატორი 1917 წლის თებერვალში, რითაც ოქტომბერში, ბოლშევიკური გადატრიალების დროს, ისარგებელს სტალინმა და ტროცკიმ.
. . . . . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა კიდევ დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს უკრაინას.
იგულისხმება სამხედრო ტექნიკის და განსაკუთრებით, შორსმსროლელი ქვემეხების, ასევე სპეციალურად უკრაინისთვის დამზადებული უპილოტო საბრძოლო აპარატების მიწოდება.
ამერიკის პრეზიდენტი აღარც მალავს, რომ ამერიკის დაზვერვა ეხმარება უკრაინის არმიას ისეთი მონაცემებით (კოსმოსური დაზვერვის ჩათვლით) რაც რუსებს ფარულად მოქმედების საშუალებას არ აძლევს. ეს კი ომის დროს ძალიან მნიშვნელოვანია: უკრაინელებმა იციან სად და როდის გადაადგილდება რუსული არმიის ნებისმიერი შენაერთი და მზად ხვდებიან.
ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, გადამდგარი გენერალი ტერი ვოლფი დაინიშნა მთავარ სამხედრო კოორდინატორად ომის დროს აშშ-უკრაინის თანამშრომლობაში.
ფორმალურად, გენერალი ვოლფი, რომელიც ამერიკულ არმიაში უდიდესი ავტორიტეტით საგრებლობს, კოორდინაციას გაუწევს ამერიკული სამხედრო ტექნიკის მიწოდებას უკრაინისთვის, თუმცა არა მხოლოდ: უკრაინის სამხედრო მოქმედებებში ამერიკის სადაზვერვო და სხვა ჩართულობასაც გენერალურ შტაბთა დონეზე.
ეს უკვე არა უბრალოდ პირდაპირი სამხედრო დახმარებაა ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის, არამედ უშუალო მონაწილეობაც (!) უკრაინის თავდაცვით ომში.
ანუ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ დანიშვნით აამაღლა ამერიკის მონაწილეობის დონე უკრაინის კონფლიქტში.
რჩება რა? უშუალოდ სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნა `ბრძოლის ველზე`.
ამერიკა და ინგლისი ამ სტადიასაც უახლოვდებიან თანდათან
სარწმუნო ცნობებით, ბრიტანული სპეცდანიშნულების რაზმი უკვე იმყოფება უკრაინაში. კერძოდ ლვოვში. ფორმალურად მისი მიზანია ლვოვში გადასული ბრიტანული საელჩოს დაცვა; თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ამერიკულ და ბრიტანულ სპეცდანიშნულების რაზმთა მოქმედების ისტორია/პრაქტიკა მთელს მსოფლიოში საბრძოლო მოქმედებების დროს: სულ რომ არ ეხებოდა ხოლმე არც ამერიკას, არც ბრიტანეთს, ისინი სპეცდანიშნულების რაზმებს მაინც აგზავნიდნენ და იმ მხარეს ეხმარებოდნენ, რომლის გამარჯვება უფრო სურდათ.
იგულისხმება არა ფრონტალურ ბრძოლებში მონაწილეობა, არამედ კონკრეტული, `წერტილოვანი`. მიზანმიმართული საგანგებო ოპერაციები. მათ შორის მტრის ზურგში.
. . . . . . . . . . . . .
ომის დროს პუტინი შეეჩეხა `მოსალოდნელ პრობლემას`: დონბასზე დიდი შეტევისთვის მას სჭირდება ბევრად მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი. უამრავი დაეღუპა. არსებული ჯარები თუ შეტევაზე გადავლენ, მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, რათა დონბასზე გამაგრებული, ჩაბეტონებული, კარგად შეიარაღებული უკრაინული ჯარი გაანადგუროს ან ალყა შეამოარტას.
ამჟამად რუსეთს ჰყავს დაახლოებით 90 ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი. მაგრამ უკრაინასაც ჰყავს 90 ბატალიონ ტაქტიკური ჯგუფი. ეს დაახლოებით 90 000 – 100 000 მეომარია ორივე მხრიდან.
ოღონდ რაკი რუსები შეტევაზე გადასვალს აპირებენ სამჯერ მეტია საჭირო.
საიდან მოიტანოს პუტინმა ეს `სამჯერ მეტი` ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი? ერთადერთი წყაროა რეზერვისტთა მობილიზაცია. არა საყოველთაო მობილიზაცია, არამედ რეზერვისტთა მობილიზაცია.
ოღონდ.....ამგვარი სამხედრო მობილიზაცია ძალიან არაპოპულარულია რუსეთში.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც რეზერვში კი ირიცხება, თუმცა 10-15 წელია სადღაც ნოვოსიბირსკში ცხოვრობს ახლა მშვიდად, პატარა ბიზნესი აქვს, ცოლ-შვილი ჰყავს......სულაც არ ეპიტნავება ომში წასვლა, თანაც არა კონტრაქტით, ესე იგი ხელფასით, არამედ უფასოდ.
აი უკრაინელები კი, რომლებიც სამშობლოს იცავენ, არ ერიდებიან მობილიზაციას და იქ არც არავინ მალავს ამას, რუსეთისგან განსხვავებით.
. . . . . . . . . . . . .
პუტინის პარანოიდულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მან ვერაფრის დიდებით ვერ `გაამართლა` (ჟარგონით თუ ვიტყვით, `ვერ გააპრავა`) მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობის თვალში, რუსეთს იმდენად სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რომელიც თაობებს გაჰყვება და რუსეთის სტარტეგიულ მდგომარეობას, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობას, ისტორიულად გაართულებს. მის ისტორიულ ოპონენტებსაც გააძლიერებს.
მაგალითად, ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებასთან ერთად, შეუერთდეს NATO-ს ანუ შეცვალოს 1945 წლის სტატუსი, დაემატა იაპონიის `საგარეოს` სენსაციური გადაწყვეტილება, უწოდოს კურილიის კუნძულებს `რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული`.
ამგვარი გადაწყვეტილება იაპონიას ცივი ომის დროსაც კი არ მიუღია, თუმცაღა ფარულად კი მიაჩნდა კურილიის 4 კუნძული `უკანონოდ ოკუპირებულად` 1945 წლიდან.
ეს კუნძულები რუსეთსა და იაპონიას შორის მდებარეობს.
1945 წელს იქ რუსეთის არმიამ ეთნიკური წმენდა მოაწყო და საბჭოთა კავშირმა `ძირძველ რუსულ მიწად` გამოაცხადა, რაც ნამდვილად ისტორიული ანეგდოტია:
ამ კუნძულებზე ხდებოდა იაპონელთა ეთნოგენეზი ათასობით წლის წინ........... რუსები, სლავები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში, დუნაის პირად, დნეპრის პირას გაჩნდნენ - საიდან უნდა ყოფილიუვნენ შორეულ აღმოსავლეთში?
პუტინის ანტიუკრაინულმა აგრესიამ დაარღვია `გეოპოლიტიკური ბალანსი` და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი (`კარგად` რომ ვერანაირად ვერ დასრულდება მოსკოვისთვის, ცხადია) ბალანსი უკვე მაინც დარღვეულად დარჩება.
მაშასადამე, ამ ომით პუტინმა სერიოზულად დააზიანა საკუთარი `დერჟავა`, რომლის განდიდებისთვისაც იბრძვის ვითომ.
. . . . . . . . . . . . .
ლატვიის პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო კანონი, რომლითაც იმ მოქალაქეებს, ვინც მხარს დაუჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ლატვიის მოქალაქეობა ჩამოერთმევათ.
ბუნებრივია, ლაპარაკია პირველ რიგში (თუმცა არა მხოლოდ) რუსებზე, რომლებიც ცხოვრობენ ლატვიაში. ბევრ მათგანს, ფარულად ან ღიად, ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ.
ლატვიის ისტორიული პრობლემაა, რომ რუსები ლატვიაში, დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტისთვის, თითქმის იმდენივე ცხოვრობდა, რაც ეთნიკური ლატვიელი.
ლატვიის ხელისუფლებებმა მომდევნო წლებში ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა გაატარეს ამ რუსების მიმართ. მისცეს მათ ლატვიის ჯერ `რეზიდენტობა` ანუ ცხოვრების უფლება ლატვიაში, ხოლო შემდეგ, როცა ლატვია ევროკავშირის წევრი გახდა, ეს რუსები სარგებლობდნენ რა ლატვიის მოქალაქეობით, იმავე დროს ითვლებოდნენ ევროკავშირის მოქალაქეებად, ჰქონდათ ევროკავშირში ცხოვრების, ბიზნესის კეთების, სწავლის უფლება, რაც ძალიან მოსწონდათ.
მაგრამ გავიდა წლები; ლატვიაში მაინც დარჩნენ ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც ფარულად `დერჟავნიკი რუსები` არიან და მხოლოდ მომენტს ელიან, რათა მათი `მეხუთე კოლონა` მოსკოვმა გამოიყენოს ლატვიის სახელმწიფოს დასამხობად.
ეს ახალი კანონი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ამ ფაშისტური მეხუთე კოლონის გასანეიტრალებლად.
ისიც ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, ანუ ევროპის მიერ `ხსნილია` მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაძევება იმ კატეგორიისთვის, რომელიც პუტინს (თანამედროვე ჰიტლერს) მხარს უჭერს.