საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მარტი. 2025 წელი

ყოვლად სამარცხვინო განცხადება გაავრცელა გუშინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ.

ამ უწყების თქმით, თურმე „არავითარი აუცილებლობა კლუბ „კროკუსში“ შეიარაღებული დაცვის განთავსებისა არ ყოფილა და რუსული კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებსო.

ბუნებრივია ასე იტყვიან, რადგან ვის უნდა განეთავსებინა შეიარაღებული დაცვა იქ, სადაც ათი ათასობით ადამიანი იკრიბება?

ხელისუფლებას რასაკვირველია.

მან კი ეს არ გააკეთა, რაკი, როგორც გუშინ ვწერდი,  რესურსები არ ჰყოფნის სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს და სხვა ობიექტები უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია.

ყველანი ვყოფილვართ ევროპაში, ამერიკაში....ბევრს გვითქვამს, რომ დისკომფორტია, როცა  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი პოლიციელები და სპეცდანელები დგანან როგორც კი თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანი იკრიბება და მაინც ვერ ხერხდება ხოლმე ინციდენტების თავიდან არიდება, თუმცა ბევრად უარესის არიდება ხდება უდავოდ.

„კროკუსში“ რომ სულ რამდენიმე (4-5) თუნდაც პისტოლეტებით შეიარაღებული ადამიანი ყოფილიყო, თავიდან არიდება ვერ მოხერხდებოდა ალბათ, თუმცა ბევრი გადარჩებოდა.

 

რაც შეეხებათ ტაჯიკ ტერორისტებს, სოციალურ ქსელში ვრცელდება მათი წამების კადრები: ელექტრობაზე შეაერთეს, ყურები დააჭრეს....უბრალოდ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ეს 19-22 წლის ტერორისტები ინტელექტუალური პირუტყვობის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

აბა სხვა რა ახსნა აქვს ამ უცნაურობას, თავად განსაჯეთ: თვითმკვლელებიც კი არ ყოფილან, როგორც ისლამური სახელმწიფოს სხვა ტერორისტები: სიკვდილისთვისაც კი არ იყვნენ მზად -  ასეულობით ადამიანი უმოწყალოდ დახოცეს....მერე გაიქცნენ და იმედი ჰქონდათ ასეთი ტერაქტის შემდეგ გადარჩებოდნენ?!!!

ახლა ამბობენ 5 000 დოლარი გადაგვიხადესო.

5 000 დოლარი!!!

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა და პოლიციამ 11 ადამიანი დააპატიმრა. მათ შორის 4 ტერორისტი იყო

დანარჩენები ვინ არიან ძნელი მისახვედრი არ არის: ოჯახის წევრები ანუ ცოლ-შვილიც დაუპატიმრეს.

ერთ მათგანს პროცესზე ჰკითხეს სად ცხოვრობ რუსეთშიო და....„არ მახსოვსო“. თითქოს ამას ვერავინ გაიგებდა.

კიდევ ვიმეორებ: ეს უკვე ფანატიზმიც აღარაა. ეს ინტელექტუალური პირუტყვობაა.

თუმცა დასავლური მეინსტრიმული პრესა, გასაგები რეფლექსიური ინსტინქტით, მაინც აქცენტს აკეთებს ისლამურ ფანატიზმზე. არადა ეს შემკვეთებთან მიმართებაში შეიძლება იყოს ასე (ანუ ვინც ფული გადაუხადა) და არა შემსრულებლების მიმართ. Wall Street Journal წერს ამასთან დაკავშირებით, რომ ISIL იდეოლოგებს ყველა დასავლელი ერთნაირად სძულს, ხოლო რუსეთს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დასავლეთის ნაწილად აღიქვამენ.

სირიის ომის დროს ISIL-ის პოზიციათა დაბომბვებში ადანაშაულებენ რუსეთს არადა....ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ სირიის საზარელ ტრაგედიაში მონაწილეთაგან რუსეთი ყველაზე ნაკლებად ბომბავდა „ისლამურს ახელმწიფოს“, რაკი დაინტერესებული იყო მისი არსებობით, რათა ბაშარ ალ ასადის რეჟიმი, ბოდიში ჟარგონისთვის „გაეპარვებინა“ და სირიის ოპოზიციისთვის (ზომიერი ისლამისტების) წინააღმდეგ უმოწყალო ბარბაროსული დაბომბვები განეხორციელებინა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპის საქმეებიდან ერთ-ერთი საქმე კულმინაციას უახლოვდება და ამერიკული Deep state (რაც სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა Decision maker ანუ „გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატია) უმძიმესი არჩევანის წინაშე დგება. მას კი სინამდვილეში მუდამ უჭირს ამგვარ ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღება

ეს საქმეა სამოქალაქო სარჩელი და სასამართლო გადაწყვეტილება 454 მილიონი დოლარის შესახებ, რაც დონალდ ტრამპმა უნდა გადაიხადოს, რაკი სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ხელოვნურად ზრდიდა თავისი ქონების ღირებულებას ნიუ იორკში და ამით ცდილობდა მოეზიდა ინვესტორები, რითაც სერიოზული სარგებელი მიიღო

ამერიკული უმკაცრესი საგადასახადო კანონმდებლობით ეს სერიოზული დარღვევაა. „საციხო“ არაა, მაგრამ იმდენად დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს, შესაძლოა ვინმე სხვას ციხე ერჩივნოს.

ჯარიმა კი, თუ ტრამპის შვილების კუთვნილ აქტივებსაც გავითვალისწინებთ (ისინი ხომ Trump organization თანამფლობელები არიან) 463 მილიონ დოლარსაც აჭარბებს.

დღეს (ანუ ორშაბათს) უკანასკნელი ვადაა, რათა სასამართლომ ან უარყოს დონალდ ტრამპის აპელაცია ამ საქმეზე, რაც გირაოს თანხის შემცირებას თუ მისი დაკისრების გაუქმებას ეხება (არადა სააპელაციო გირაო თითქმის იმავე ოდენობისაა, რაც ჯარიმა) ან დააკმაყოფილოს ეს აპელაცია.

ასეთ შემთხვევაშიც ტრამპი აღარ იქნება ვალდებული გირაო შეიტანოს „ძირი საქმის“ ესე იგი ჯარიმის საქმის არსებითად განხილვამდე, ოღონდ  ამით შეიქმნება ამერიკის საგადასახადო სისტემისთვის ძალიან სახიფათო პრეცედენტი.

ამერიკა დგას „საგადასახადოზე“ იმ აზრით, რომ თუ ეს სისტემა დაანგრია ამგვარმა პრეცედენტებმა (გავითვალისწინოთ: ამერიკული იურისპრუდენცია „პრეცედენტულია“ მისი არსით და ნებისმიერი სხვა საქმეებში ადვოკატები ამას გამოიყენებენ) მაშინ ამერიკული ბიუჯეტი და თვით ამერიკული მართლმსაჯულებაც ჩამოიშლება.

თუმცა Deep state მაინც აქვს იმედი,  ტრამპის საქმე იქცევა ისეთ გამონაკლისად, რომელიც მხოლოდ დაადასტურებს წესს.

ეს „ვნახოთ“. ანუ „ამასაც ვნახავთ“

 

ახლა კი ისმის კითხვა:  რა მოხდება, უფრო ზუსტად „როგორ მოხდება“ თუკი სააპელაციო სასამართლო არ გააუქმებს სააპელაციო გირაოს?

მაშინ აპელაცია უნდა შეწყდეს და ძალაში შევა „ძირი გადაწყვეტილება“ - - - რომ  ტრამპმა უნდა გადაიხადოს $454 მლნ. თუ 463 მილიონი, რომელიც მას ქეშის სახით არ გააჩნია და რომც გააჩნდეს არ გადაიხდის რასაკვირველია. შეეცდება იურიდიული პროცედურებით გაწელოს კიდევ კონფისკაციის პროცესი.

ოღონდ ეს რა პროცედურებია?

კანონით, ყველაზე იოლია საბანკო ანგარიშების და ამ ანგარიშებზე არსებული თანხების კონფისკაცია. სასამართლოს გადაწყვეტილებით მარშალი (მაშასადამე „აღმასრულებელი“ - იქ ასე ეწოდება) შედის ბანკში და გადასცემს ბანკის მენეჯმენტს სააღსრულებო ფურცელს.

ბევრად რთულია უძრავი ქონების საკითხი, რომელიც უნდა გაიტანონ აუქციონზე.

ამერიკაში ბევრს ეპარება ეჭვი, რომ Trump tower, მაგალითად, აუქციონზე გავა ანუ აქამდე მივა საქმე გააფთრებული საარჩევნო კამპანიის დროს.

ამ ცათამბჯენის მეორე სართულზე (ზედ ესკალატორთან) მოწყობილია დიდი ბარი-კაბინეტი დონალდ ტრამპის უზარმაზარი პორტრეტით და მოოქრული წარწერით „აშშ 45-ე პრეზიდენტი“.

რომელიმე არაბი ან ჩინელი მილიარდერი თუ იყიდის ამ ცათამბჯენს, ეს პოლიტიკურია აქტი გახდება და გააფთრებულ რეაქციას გამოიწვევს ტრამპის მომხრეებში.

ამიტომაც, უამრავი ამერიკელი დამკვირვებელი, კოლუმნისტი და ბლოგერი თვლის, რომ  საქმის წარმოება გაჭიანურდება სწორედ უძრავი ქონების „სააღსრულებო“ ეტაპზე ისე, რომ საარჩევნო კამპანია არ დააზიანოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 დასავლურ მედიაში აანალიზებენ უკრაინის ბოლო დარტყმას სევასტოპოლზე, რის შედეგადაც ორი რუსული სადესანტო ხომალდი განადგურდა და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ უკრაინამ ფაქტობრივად მოუსპო რუსულ შავი ზღვის ფლოტს უკრაინულ ტერიტორიაზე დესანტირების საშუალება, რაკი რუსეთს 13 სადესანტო ხომალდიდან მხოლოდ 3 დარჩა.

თუმცა, მეორეს მხრივ, ზღვიდან დესანტირებით ოდესის აღების გეგმა რუსეთს აგრესიის პირველ ეტაპზევე ჩაუვარდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ყველა მისადგომი ნაპირთან უკრაინულ არმიას დანაღმული ჰქონდა და რამდენიმე შემთხვევაში რუსული სადესანტო ხომალდები სწორედ ამ ნაღმებზე აფეთქდნენ დესანტირების მცდელობისას.

ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამჟამად, ავდეევკას დაპყრობის შემდეგ, რუსეთს გარკვეული უპირატესობა აქვს ხმელეთზე, ხოლო უკრაინას - ზღვაზე იმის მიუხედავადაც კი, რომ უკრაინას თავისი საზღვაო ფლოტი ფაქტობრივად აღარ ჰყავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .  

პოლონეთმა კვლავ გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსებმა სტრატეგიული ავიაციით უკრაინულ ლვოვს ესროლეს 39 წამის (!) განმავლობაში იმყოფებოდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სადაც მანევრირებდა და შემდეგ ისევ ლვოვისკენ გაფრინდა.

აქ აღსანიშნავია, რომ ეს ფრთოსანი რაკეტები მართვადნი არიანორი ოფციით:ან მათ კომპიუტერულ პროგრამაში წინასწარაა ჩადებული მარშრუტისამიზნესთან ერთად, ან იმართებიან უშუალოდ ფრენისას

ორივე შემთხვევაში, ეს არის წინასწარგანზრახული ნაბიჯი რუსული არმის მხრიდან რომელიც (როგორც ხშირად გაუკეთებია მათ შორის 2004-2008 წლებში საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობისას) გულისხმობს რეაქციის შემოწმებას.

ანუ ა მ ო წ მ ე ბ ს     რეაქციას - როგორი იქნება რეაქცია როგორც პოლონეთის, ასევე NATO-ს მხრიდან.

მალე ამ „ცდისა“ და შემოწმების შემდეგ ეტაპზეც გადავა თუ პასუხს ვერ მიიღებს: პოლონეთის ტერიტორიაზე ვითომ „შემთხვევით“ დაარტყამს რაიმე ობიექტს ოღონდ ადამიანური  მსხვერპლის გარეშე, იტყვის შემთხვევითობა იყოო და...ასე შემდეგ და ასე შემდეგ