WB პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი: კეთილი ჯადოქარი საქართველოს ხელისუფლებისათვის        

WB პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი: კეთილი ჯადოქარი საქართველოს ხელისუფლებისათვის        

        თბილისში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, ჯეიმს ვულფენსონის პირველი ვიზიტი, როგორც მოსალოდნელი იყო, «ტრიუმფალური შედეგით» დასრულდა. ჯერ კიდევ ამ ვიზიტამდე შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ საქართველო უეჭველად მიიღებდა ახალ კრედიტს ბანკისაგან - წინააღმდეგ შემთხვევაში, ვულფენსონი, რომელსაც ვაშინგტონში არაერთგზის შეხვედრიან როგორც ედუარდ შევარდნაძე, ასევე ზურაბ ჟვანია - ჩვენს ქვეყანაში «ცერემონიალურ» ვიზიტს არ გამართავდა
        მსოფლიო ბანკი მზად არის საქართველოს გამოუყოს დამატებით 85 მილიონი დოლარის გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტი, რაც სალბუნად ედება ჩვენს გაჭირვებულ ბიუჯეტს.
        შეიძლება ითქვას, ამ კრედიტმა სულზე მოუსწრო ხელისუფლებას, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ჰაერივით სჭირდება ხელფასებისა და პენსიების დროულად დარიგება;
        85 მილიონი დოლარიდან დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯება 1998 წლის დავალიანებათა დასაფარავად. დღევანდელი კურსით ეს დაახლოებით 120 მილიონი ლარია, მაგრამ როგორც კი დაიწყება ხელფასების გაცემა, თანხა 150 მილიონამდე გაიზრდება, ვინაიდან ლარი კვლავ გაუფასურდება და ჩამოვარდება 2,2 ნიშნულამდე (როგორც მინიმუმ);
        თუმცა, შესაძლებელია ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო «გაუშვას» კურსი - ვთქვათ, 2,6-მდე რათა ამონაგები თანხა გაზარდოს.
        რაკი მსოფლიოს ბანკი კრედიტს გვაძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიიღო «მწვანე შუქი» საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან. მაშასადამე, თვით ფონდსაც გადაწყვეტილი აქვს გამოუყოს ახალი კრედიტები საქართველოს (მინიმუმ 40 მილიონი დოლარი), რასაც დაემატება ევროკავშირისა და ჰოლანდიის კრედიტი (20 მილიონი), ყველა ამ კრედიტის გამოყოფა შეჩერებული იყო სწორედ სავალუტო ფონდის ბრძანებით.
        მიშელ კამდესიუს სერიოზულად ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეძლებდა, მაგრამ ფონდის ბოლო მისიამ დაადასტურა, რომ ბიუჯეტის შევსება (საკუთრივ გადასახადების ამოღება) წარმატებით მიმდინარეობს;
        რასაკვირველია, ყველაფერი შედარებითია - «წარმატებით» გასულ «ჩავარდნილ» წელთან შედარებით.
        მიუხედავად ამისა, ფონდის კურატორი აშკარად უკმაყოფილო იყო საბაჟო სამსახურის მუშაობით, ვინაიდან რეალურად ვერა და ვერ მოხერხდა გაკონტროლება იმ საზღვრებისა, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით შემოდის კონტრაბანდული საქონელი.
        პირველ რიგში ეს ეხება ცხინვალის რეგიონსა და როკის გვირაბიდან შემოტანილ იაფფასიან საწვავს. სავსებით დასაშვები იყო, თუნდაც ამ მიზეზით სავალუტო ფონდს თვითონაც უარი ეთქვა კრედიტების გამოყოფაზე და ეს სხვებისათვისაც აეკრძალა (თუნდაც იმავე მსოფლიო ბანკისათვის, რომელიც კამდესიუს ნებართვის გარეშე ნაბიჯის გადადგმასაც ვერ გაბედავს).
        როგორც მინიმუმ, ნებისმიერ სხვა პირობებში ფონდს შეიძლებოდა სხვებისათვის «აენთო მწვანე შუქი», მაგრამ თავად აღარ გამოეყო კრედიტი, მაგრამ აქ უეჭველად პოლიტიკა ჩაერია საქმეში.
        საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი სერბეთის წინააღმდეგ ნატოს აქციას, რომელმაც 1989 წლიდან, სისხლით მორწყა ბალკანეთის ნახევარკუნძული. ეს მხარდაჭერა ვაშინგტონისათვის, გარკვეულწილად მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ კლინტონის ადმინისტრაციამ შევარდნაძის ხელისუფლებისათვის რეალური დახმარების გაწევა გადაწყვიტა.
        არ არის შემთხვევითი, რომ ფონდის მისიასა და მსოფლიო ბანკის კრედიტს წინ უსწრებდა ამერიკის საგანგებო დავალებათა ელჩის - სტივენ სესტანოვიჩის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც, პოლიტიკური საკითხები საბოლოოდ დაზუსტდა.
        ამდენად, ფონდის ვერდიქტი და უახლოეს მომავალში საქართველოში გამოყოფილი (მთლიანობაში) 140 მილიონი დოლარი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და გარკვეულწილად განსაზღვრავს კიდეც არჩევნების შედეგს.
        უკიდურეს შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვაშინგტონიდან ინტერვენციათა განახლების ნებართვასაც მიიღებს.

მერიდიანი, 2 ივნისი, 1999 წელი