საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ოქტომბერი. 2023 წელი
რუსეთმა `მასირებული ბირთვული დარტყმის` სწავლებები ჩაატარა: პირადად პუტინი ესწრებოდა საკომანდო პუნქტში სწავლებას და თვალს ადევნებდა, როგორ გაუშვეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტები კამჩატკას მიმართულებით.
ბუნებრივია, ეს არის დასავლეთის დაშინების მცდელობა
. . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამერიკელმა კონგრესმენებმა როგორც იქნა აირჩიეს სპიკერი: 51 წლის მაიკ ჯონსონი, რომელიც ულტრამემარჯვენედ, ტრამპის მომხრედ და 2020 წლის არჩევნების გაუქმების ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლება.
იგი ლუიზიანას შტატს წარმოადგენს.
მისი არჩევა სპიკერად კიდევ უფრო გაამწვავებს წინასაარჩევნო ვითარებას.
ჯონსონი აბორტების სრული აკრძალვის მომხრეა.
გუშინდელი კენჭისყრა ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს კიდევ უფრო გაუჭირდება უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გატანა კონგრესში.
მეორეს მხრივ ეს არჩევანი გულისხმობს ულტრაკონსერვატორების და უკიდურესი მემარჯვენეების გამარჯვებას ამერიკის `რესპუბლიკურ პარტიაში`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პრემიერ მინისტრის სენსაციური ინტერვიუ ამერიკული გამოცემისთვის The Wall Street Journal: ნიკოლ ფაშინიანმა ამ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ბაზის არსებობა სომხეთში მისი ქვეყნისთვის უსარგებლოა და სომხეთს არანაირ სარგებელს არ უქმნის. `ჩვენ არაფერს გვაძლევს რუსული ჯარების დარჩენა სომხეთში` - აღნიშნა ფაშინიანმა
კიდევ უფრო მეტი: სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ რაკი რუსეთმა არ დაიცვა მთიანი ყარაბაღი, `სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს`, რათა მათთან ერთად შექმნას `უსაფრთხოების ახალი სისტემა`.
ეს ინტერვიუ `ბომბივით გასკდება` კრემლში და აუცილებლად გამოიწვევს ანტისომხურ სანქციებს.
მანამდე მოსკოვმა სომხური კონიაკის შეტანა აკრძალა რუსეთში - სასჯელის სახით.
ახლა შესაძლოა დამატებითი ზომებიც მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ სომხურ გიუმრიში დისლოცირდება რუსული დივიზია და საჰაერო `ფრთა`. გარდა ამისა, სომხეთის საზღვარს თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავდნენ.
ანუ სომხეთში, ამ მხრივ, დაახლოებით იმგვარი ვითარებაა, რაც 1998 წლამდე იყო საქართველოში და მერე პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოითხოვა რუსი მესაზღვრეებისა და ჯარების გაყვანა.
ფაშინიანს ეს პირდაპირ არ მოუთხოვია ჯერ, თუმცა მისი განცხადება რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა და ერევანი რაღაც გადაწყვეტილებებს მართლა ამზადებს, უკვე ცხადია.
მეორეს მხრივ, სომხეთი ეკონომიკურად თითქმის 100% დამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთში იმაზე მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თვით სომხეთში.
შესაძლოა ფაშინიანმა რაღაც გარანტიები მიიღო დასავლეთისგან და ამიტომ გააკეთა ასეთი მკვეთრი განცხადება, რაც პუტინს გააცოფებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა და ჩინეთმა `დაავეტოვეს` გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ჰამასისგან ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა.
ანუ, კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში გაეროს მთავარი ორგანოს, უშიშროების საბჭოს პარალიზება გამოიწვია.
მანამდე ამერიკამ დაავეტოვა იმავე რუსეთის მომზადებული რეზოლუცია, რომელიც შინაარსით და მასში ჩადებული `ნაღმებით` ისრაელის საწინააღმდეგო იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკას აქვს უნარი, შექმნას `ახალი მსოფლიო წესრიგი`. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა კონკრეტულად, თუმცა ცხადია, რომ ადმინისტრაცია რაღაც ახალ `მეგა-პროექტს` ამზადებს, რომელსაც შესთავაზებს მსოფლიოს.
გასაგებია, რომ ამერიკა და მთელი დასავლეთი იმედგაცრუებულია ამჟამინდელი წესრიგით. პირველ რიგში იმით, რომ შესაძლებელი გახდა რუსული აგრესია უკრაინაში.
დღემდე მოქმედებდა იალტა-პოტსდამ-მალტას მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელდებულია სამი უდიდესი ისტორიული მოვლენის მიხედვით: 1945 წლის სამიტები იალტასა და პოტსდამში რუზველტს, სტალინსა და ჩერჩილს შორის; ასევე კუნძულ მალტაზე შეხვედრა მიხეილ გორბაჩოვს და ჯორჯ ბუშ უფროსს შორის 1989 წელს.
რა შეიძლება იყოს ახალი მსოფლიო წესრიგის პლატფორმა?
რამდენიმე თვის წინ დასავლურ პრესაში გაიელვა ინფორმაციამ, რომ თეთრ სახლთან დაკავშირებული Thin Tank-ები ამზადებენ პროექტს, რომლითაც NATO უნდა იქცეს გლობალურ ორგანიზაციად. ამჟამად ალიანსი ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციაა.
მასში მიიღებენ იაპონიას, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას.
ამ ახალი ალიანსის კონტურები უკვე გამოიკვეთა, როდესაც წყნარ ოკეანეში შეიქმნა AUKUS -ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ალიანსი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო მონაცემები გამოქვეყნდა `ჰამასის` მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების შესახებ: 222 მძევლიდან 138 (!!!) უცხოელია და არა ისრაელელი. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია ტაილანდელი ტურისტები, რომლებიც ღაზასთან რეივ ფესტივალში მონაწილეობდნენ - 54 ტაილანდელი.
15 არგენტინელია;
12 ამერიკელი
12 გერმანელი
6 - ფრანგი
6 - რუსი.
ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
იმის გამო, რომ უკრაინამ ჯერ ვერ მიაღწია დიდ წარმატებას კონტრშეტევისას, ამერიკაში, როგორც მოსალოდნელი იყო, გააქტიურდნენ უკრაინისთვის დახმარების მოწინააღმდეგეები.
დევიდ საქსმა ყოფილ Twitter-ზე (აწ უკვე X) დაწერა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოითხოვდა და პირობას დებდა, ეს ფული უზრუნველყოფდა უკრაინის გამარჯვებას, ახლა კიდევ 60 მილიარდი დოლარის უკრაინისთვის გადაცემას მოითხოვსო (ციტატის დასასრული)
ამ რეპლიკას X-ზე მოჰყვა ილონ მასკის კომენტარი: `ვაშინგტონში სულელების მეტი რაა`.
ანუ მასკმა ფაქტობრივად მხარი დაუჭირა დევიდ საქსს და თვითონაც დაადასტურა, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის ფინანსური დახმარებისა.
ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან უკრაინის არმია სწორედ ილონ მასკის კოსმოსური კომუნიკაციის სისტემას StarLink იყენებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
Washington Post წერს, რომ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარულ საკითხებზე კომუნიცირებას აგრძელებენ.
მაგალითად უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვების თემაზე.
იგულისხმება მათი უკრაინაში დაბრუნება.
ასევე სხვა ჰუმანიტარულ საკითხებზე.
მედიატორი ამ საკითხში კატარის დიპლომატიაა, რაც თავისთავად საინტერესო ფაქტია.
ოღონდ კიდევ უფრო ნიშანდობლივია ამგვარი ტექსტის გამოქვეყნება ავტორიტეტული და გავლენიანი WP გვერდზე. ცხადია, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკულ ელიტებში ე.წ `მშვიდობის მტრედები` აქტიურდებიან - უკრაინის ინტერესთა საწინააღმდეგოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კრემლი იძულებული გახდა კომენტარი გაეკეთებინა სოციალურ ქსელებში, ასევე დასავლურ მედიაში მოარულ ინფორმაციაზე, რომ პუტინს ჰყავს `ორეულები`, რომლებიც მის ნაცვლად დადიან, ხვდებიან ხალხს, ჩნდებიან სხვადასხვა ღონისძიებაზე და ა.შ.
პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდა.
თავისთავად ეს ინფორმაცია რომ გაჩნდა, პუტინის რეჟიმის ბუნებაზე მეტყველებს
სტალინს ჰყავდა ორეულები. თან არა ერთი. ანუ რუსეთისთვის დამახასიათებელია.
თუმცა დღეს სხვა დროა და სერიოზული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე დიჯიტალიზებულ და კომუნიცირებულ მსოფლიოში ორეულების გამოყენება ძალიან ძნელია: მათ ფოტო-ვიდეო ანალიზით იოლად ამხელენ.
ერთ-ერთი მარკერია სვლა. ანუ როგორ დადის ადამიანი. ფეხმავლობა ,თურმე, ისევე ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდები.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელში ძალიან გაბრაზებულნი არიან ინგლისურ საფეხბურთო პრემიერ-ლიგაზე და შესაძლოა საერთოდ აკრძალონ PL მატჩების ტრანსლირება.
მიზეზი ის გახდა, რომ ინგლისურმა პრემიერ-ლიგამ, როგორც ისრაელში თვლიან, არ გამოუცხადა მათ ქვეყანას სოლიდარობა და უფრო პროპალესტინური პოზიცია დაიკავა: არ მოაწყო `წუთიერი დუმილები` (რაც ხშირად ეწყობა ხოლმე PL მატჩების წინ), აუკრძალეს გულშემატკივრებს ისრაელის დროშის გადმოკიდება და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მორიგი საზარელი ხოცვა - ჟლეტა ამერიკულ ქალაქში Lewiston (მენის შტატი): ომების ვეტერანმა და სროლის ინსტრუქტორმა Robert Card 22 ადამიანი მოკლა (რიცხვი იზრდება) და ათეულობით დაჭრა ავტომატური შაშხანიდან სროლით. მერე გაიქცა და ჯერ ვერ იპოვეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში კომიკური სიტუაცია შექმნა ახალმა კანონმა, რომელიც ტურისტებს ქალაქში და თვით სანაპიროზეც კი (გარდა პლაჟისა) საცურაოში გამოჩენას უკრძალავს. ამისთვის აჯარიმებენ 60 დოლარით - 6 000 რუბლით.
აფხაზი მილიციელები რუსებს დასდევენ და ფულს სძალავენ იმის გამო, რომ მუხლი უჩანს, მუცელი უჩანს და ასე შემდეგ.
ის ტურისტები ბრუნდებიან რუსეთში და წერენ: მანდ როგორ წავალთ მეორედო.
თუმცა სხვები მაინც მიდიან.