საერთაშორისო მიმოხილვა. 27 სექტემბერი 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 სექტემბერი 2021 წელი

საქართველოსათვის და მთელი პოსტსაბჭოური სივრცისათვის ძალიან ცუდი შედეგით დასრულდა ბუნდესტაგის (პარლამენტის) არჩევნები გერმანიაში.

თანაც ორმაგად ცუდი შედეგია: პირველ რიგში ის, რომ თუნდაც მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც გაიმარჯვა გერმანიის `სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ`, რომელიც ისტორიულად ბევრად უფრო ხშირად წასულა კრემლთან კომპრომისზე ღირებულებით და გეოპოლიტიკურ საკითხებში, ვიდრე გერმანიის `ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი` ანუ ანგელა მერკელის პარტია.

ასე გამოვიდა, რომ ანგელა მერკელმა, თავისი მრავალწლიანი და მთლიანობაში წარმატებული მმართველობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაასრულა მარცხით, რაკი ეს შედეგი მთლიანად მისი `ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის` (ქდკ-ს) დამარცხებაა.

სოციალ-დემოკრატებმა მერკელს მისივე მხარეში ესე იგი  მაკლენბურგ-პომერანიაშიც კი მოუგეს, რომელსაც წარმოადგენდა 2005 წლის შემდეგ.

არადა,  მერკელი პირადად აქტიურად მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში, თუმცა პოლიტიკიდან უკვე წასული იყო. სწორედ მერკელი აქციეს `ქდკ`- ს სახედ საარჩევნო კამპანიისას, რაკი კვლავინდებურად პოპულარულია. თუმცა გერმანელმა მემარჯვენეებმა, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში სოციალ-დემოკრატებთან შედარებით,  მაინც უფრო მეტი პრინციპულობით გამოირჩეოდნენ ზოგჯერ მოსკოვის მიმართ, ეს არჩევნები წააგეს!

მეორე ცუდი შედეგი ის არის, რომ გამარჯვებულმა `სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ` (სდპ) სულ მცირედით აჯობა ქდკ-ს. თანაც ორივემ იმდენი ხმა მიიღო, რომ მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად არა ერთ, არამედ რამდენიმე სხვა პარტიასთან კოალიცია მოუწევს......მით უარეს,  ღირებულებითად სრულიად განსხვავებულ პარტიებთან......რათა შექმნას მთავრობა.

ანუ გერმანია, ევროპა და მსოფლიო მიიღებს ძალიან მყიფე და არამდგრად მთავრობას, რომელსაც კიდევ უფრო შეეშინდება რაიმე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა საგერო პოლიტიკაში. პირველ რიგში  რუსეთის მიმართ `ჩრდილო ნაკადის`, უკრაინის და საქართველოს თემატიკაზე.

კანცლერინ ანგელა მერკელის ავტორიტეტი და გავლენა მაინც სხვა იყო.

წინასწარი მონაცემებით:

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (ლიდერი და კანცლერობის კანდიდატია ოლაფ შოლცი) ამ არჩევნებში მოიპოვა 25,7%. ეს 205 მანდატია პარლამენტში

მეორე ადგილზე გასულმა `ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა` (ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი არმინ ლაშეტი) – 24,1%. 194 მანდატი.

მესამე ადგილზე გავიდნენ `მწვანეები` - 14,8%. 116 მანდატი. ფენომენალური შედეგი აჩვენა ამ პარტიამ. ორჯერ უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნებზე.

მეოთხეა `თავისუფალი დემოკრატები` - 11,5% (ეს პარტია ტრადიციულად `ქდკ`-ს მოკავშირეა). 91 მანდატი.

მეხუთე ადგილი ერგო პარტიას `ალტერნატივა გერმანიისათვის`, რაც პირდაპირ პუტინის `მეხუთე კოლონაა` -  10,3%. 84 მანდატი.

სხვა ვერც ერთმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

გერმანული ელექტორალური სისტემის პთავისებურება ისაა, რომ არა მხოლოდ გამარჯვებულ `სოციალ-დემოკარტებს`, არამედ იმავე `ქრისტიან-დემოკრატებსაც` კი შეუძლიათ (მაინც) მთავრობის ჩამოყალიბება, თუ მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ პარტიებთან.

თეორიულად შესაძლებელია.  თუმცა ეს ვერ შეცვლის ამ არჩევნების სისტემურ შედეგს.

გერმანული მედიის ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ  არჩევნების დროს პუტინმა ბერლინში და სხვა გერმანულ მიწებზე მიავლინა რუსეთის `საინფორმაციო ჯართა` (შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობაა) რამდენიმე ქვედანაყოფი, რომლებიც რუსეთის საელჩოს და საკონსულოების ტერიტორიიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა საინფორმაციო დივერსიას, აწყობდნენ საინფორმაციო პროვოკაციებს, ბოტები...ტროლები...და ა.შ. იმ მიზნით, რათა დამდგარიყო ის შედეგი ანუ `მერყევი და არამდგარი მთავრობა` მიეღო გერმანიას, რაც აწყობდა პუტინს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის დიდი კოზირი გერმანიასთან და მთლიანად ევროპასთან რთულ თამაშში ისაა, რომ მომავალი ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე ცივი იქნება ევროპაში 50 წლის მანძილზე.

ბოლო 3-4 თვეა, მოსკოვი გეგმაზომიერად ამცირებს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპული გაზსაცავებისათვის, სადაც იქმნებოდა ხოლმე რეზერვი ახალი საზამთრო სეზონის წინ. ეს იწვევს გაზზე ფასების კატასტროფულ ზრდას. 850 ევროს გადააჭარბა მაშინ, როდესაც შარშან 1000 კუბომეტრი 450 დოლარი ღირდა (plus-minus).

შესაბამისად, პუტინს, რომელიც კარგად იცნობს გერმანიას (გერმანიაში მსახურობდა КГБ-ს დროს)  აქვს საშუალება `დაალაგოს` გერმანიის ახალ მთავრობასთან უკრაინის თემა. ანუ გაუშვას გაზი `ჩრდილო ნაკადით`, ბალტიის ზღვის ფსკერზე და არა უკრაინის გავლით.ამის შედეგად კი `მოახრჩოს` უკრაინა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აგრძელებს სახოფათო ბალანსირებას თავის სტილში. ამას წინათ პუტინს ხომ `დაარტყა` როცა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ თურქეთი `არასდროს აღიარებს კანონიერად ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ.

გუშინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკა ანტითურქულ ტერორისტულ ჯგუფებს ამარაგებს იარაღით, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ აქტებს სჩადიანო.

ერდოღანი გულისხმობდა ქურთებს.

ამერიკა ნამდვილად აწვდის სირიაში მცხოვრებ ქურთებს იარაღს, რათა მათ დაიცვან თავი ერთის მხრივ `ისლამური სახელმწიფოსაგან`(ISIL), ხოლო მეორეს მხრივ სირიის პრორუს დიქტატორ ბაშარ ალ ასადისაგან.

თურქული თვალთახედვით კი, ქურთები ტერორისტები არიან. ისინი იბრძვიან თურქეთის `ქურთისტანის` გასათავისუფლებლად. ამიტომ ანკარა მათ სეპარატისტებად თვლის.

ანუ         გეოპოლიტიკური `ბალანსირება` თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის `საფირმო ნიშანი` ხდება.

არადა, თურქეთი NATO-ს წევრია და მის ტერიტორიაზე კვლავინდებურად მდებარეობს  უდიდესი სამხედრო ბაზა `ინჯირლიკ`, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამერიკელები არიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო აშშ სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

აქტი მიღებულია 316 ხმით 113 ხმის წინააღმდეგ.

ხმათა უპირატესობა მნიშვნელოვანია, ანუ ადასტურებს, რომ ამერიკულ ელიტებში მწიფდება კონსენსუსი პუტინის საკითხზე.

ამ სანქციებით, რომლებიც ძალაში მას მერე შევა, რაც სენატიც დაამტკიცებს და პრეზიდენტიც ხელს მოაწერს, იზღუდება რუსული სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობა.

ეს სანქცია არ არის მომაკვდინებელი პუტინის რეჟიმისათვის, როგორიც იქნებოდა ვთქვათ დოლარით ოპერაციების დაბლოკვა ან რუსული კომპანიებისაგან ნავთობის შესყიდვის აკრძალვა, თუმცა მაინც კარგი და კეთილი ნიშანია!

 

დათო