საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მაისი 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მაისი 2024 წელი

ამგვარი ინფორმაციები ხშირად ჩნდება, თუმცა მაინც ბოლომდე არ არის გარკვეული, რამდენად რელევანტურია ეს „საინფორმაციო გაჟონვები“

გერმანული Der Spiegel წერს, რომ ტალინში, ლენარდ მერის სახელობის კონფერენციაზე, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის „მაღალი რანგის“ ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს გერმანიისა და NATO-ს წარმომადგენლები, რომ თუ (!) რუსეთის არმია გაარღვევს ფრონტს დონბასზე ან ხარკოვის თუ კიევის მიმართულებით, სამი ბალტიკური ქვეყანა აუცილებლად გააგზავნის სახმელეთო ჯარებს On the ground საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

ვამბობ „ბოლომდე გარკვეული არ არის მეთქი“ ამ ინფორმაციის თუ ცნობების რელევანტურობა, თუმცა...... Der Spiegel ძააააალიან ავტორიტეტული რესურსია.

მისივე ცნობით, ბალტიელები მკაცრად აკრიტიკებდნენ ტალინში  დახურულ კარს მიღმა შეხვედრისას გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას, რომ არ მიაწოდოს უკრაინას Taurus შორსმწვდომი რაკეტები.

აქ განსაკუთრებით საინტერესოა ბალტიელების არგუმენტაცია გერმანული რესურსის ინტერპრეტაციით: რუსეთმა უკრაინაში თუ გაიმარჯვა, ჩვენ მოგვადგებაო.

რა თქმა უნდა „მიადგება“.

ჩანაფიქრის „ტექნოლოგიაც“ ნათელია: ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს მცირერიცხოვანი, თუმცაღა საკმაოდ კარგად გაწვრთნილი არმიები ჰყავთ.  წარმოუდგენელია ესტონური, ლიტვური, ლატვიური ქვედანაყოფები გამოჩნდნენ უკრაინაში, ხოლო დანარჩენმა NATO-მ არ შეიმჩნიოს - ვითომც აქ არაფერიო.

სინამდვილეში ეს პრეცედენტი იქნება და სხვა საშუალო ან დიდი სახელმწიფოები აუცილებლად იძულებულნი გახდებიან ბალტიის სახელმწიფოებს „აჰყვნენ“!

 ეს გათვლა რომ ზუსტია, გუშინვე დადასტურდა: 28 მაისს ამერიკულმა Associated press (აგრეთვე უდიდესი ავტორიტეტის და რენომეს რესურსია) გაავრცელა ცნობა, რომ პოლონეთის ხელისუფლება ასევე „იხრება“ უკრაინაში პოლონური ჯარის გაგზავნისკენ თუ რუსები ფრონტს გაარღვევენ

პოლონური არმია (ვოისკო პოლსკოგო) კი უკვე არსებითი ძალაა. ისევე როგორც სამი პატარა ბალტიკური ქვეყნის უშუალო სკანდინავიური მეზობლების არმიები: შვედეთის, ფინეთის და ნორვეგიის.

ლიტვა/ლატვია/ესტონეთის ინიციატივა მით უფრო დასაფასებელია, რომ მათ საზღვრებთან რუსული მრავალათასიანი სადესანტო დაჯგუფებაა დისლოცირებული და რუსულ ტანკებს არანაირი ბუნებრივი წინაღობა არ აქვთ.

 

ძალიან საინტერესო ამბავია ამასთან პირდაპირ კავშირში, რომ Washington post-ის ცნობით, Fundraising-ის ღონისძიების დროს, აშშ პრეზიდენტობის რეალურმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დაბომბავდა, ხოლო ტაივანში შეჭრის შემთხვევაში ჩინეთს დაბომბავს.

ტრამპის თანაშემწემ, ჯეიმს გილმორმა  თქვა, რომ დონალდ ტრამპი სულაც არ არის იზოლაციონისტი, არამედ „უბრალოდ“ ცდილობს დაარწმუნოს NATO-ელი მოკავშირეები, მეტი ხარჯონ თავდაცვაზეო.

პუტინს საშინლად არ მოეწონებოდა ეს განცხადება რასაკვირველია.

თუმცა ტრამპთან დაკავშირებით კრემლისა და რუსული სპეცსამსახურების უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ დონალდი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.

და როგორც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ვწერდით, ბაიდენი უფრო მეტად არის „პროგნოზირებადი“ პუტინისთვის, ვიდრე დონალდი.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი აგრძელებს „საინფორმაციო ომს“ დასავლეთის და უკრაინის წინააღმდეგ.

ვინმე რეზნიკოვის ნათესავებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი იმის გამო, რომ ეს რეზნიკოვი, რუსეთის არმიის ჯარისკაცი, დონბასელი სეპარატისტი, თურმე ტყვედ ჩავარდა და უკრაინელებს უცემიათ.

ანუ „აწამესო“.

იმავდროულად, რუსებმა საქმე გააგზავნეს შვეიცარიის კონფედერაციის პროკურატურაშიც და რისი იმედი აქვთ ან რა გათვლა აქვთ თითქოს გაუგებარია - განა შვეიცარია საქმეს აღძრავს ამის გამო პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ მომავალი „უკრაინის სამშვიდობო გლობალური სამიტის“ დროს?!!!

 ამ სამიტზე, რომელიც 15 ივნისს იხსნება, ხშირად გვიწევს საუბარი, რაკი ძალიან მნიშვნელოვანია.

შვეიცარიაში (ბერნში) მოსკოვის ელჩმა სერგეი გარმონინმა გუშინ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არათუ პუტინი არ ჩავა შვეიცარიაში (ის არც მიუწვევიათ -დ) და არ დაესწრება ქალაქ ლუცერნში ამ სამიტს, არამედ რუსეთი არც ერთ რანგში არ მიიღებს მონაწილეობას.

თვით ელჩიც არ მივა იმ სამიტზე (აი ეს კი გაურკვეველია, - მიიწვიეს თუ არა ეკლჩი მაინც ორგანიზატორებმა) რაკი, ელჩის თქმით „ამ გლობალური სამიტის მიზანია რუსეთისთვის ულტიმატუმის წაყენება“ .

ღმერთმა ქნას ასე მოხდეს მართლა.

თუმცა მთავარი დასკვნა მაინც ისაა, რომ პუტინმა ვერ შეძლო, ჯერ ერთი, დასავლეთში იმ აზრის კულტივირება, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები ე.წ. სტამბულის შეთანხმებათა (2022) რეანიმირებით და მეორე, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, კრემლმა ვერ შეძლო გლობალური პოზიციის „გადღაბვნა“ „მესამე მსოფლიოს“ ანუ აზია-აფრიკა-სამხრეთ ამერიკის ელიტათა მოსყიდვით

სულ 160 სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას ამ სამიტში.

ორივე ხსენებული  ოფცია იმას ნიშნავს, რომ ამერიკის გავლენა „მესამე სამყაროში“ კვლავინდებურად მეტია, ვიდრე მოსკოვის, თუნდაც ჩინეთისა....... მათი „შანხაის ორგანიზაციებით“ და BRICS-ებით.

 

თუმცა უკრაინასაც არა აქვს ყველაფერი „დალაგებული“ ლუცერნის სამიტთან დაკავშირებით: გუშინწინ, ბელგიაში ყოფნისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკმაოდ მკვახედ გააკრიტიკა ჯო  ბაიდენი იმის გამო, რომ აშშ პრეზიდენტი არ ჩავა შვეიცარიაში და ამ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

ზელენსკის თქმით, ეს „არ არის ძლიერი გადაწყვეტილება“.

გუშინ თეთრი სახლის სფოუქსპერსონმა, კარინ ჟან პიერმა ბრიფინგზე თქვა, რომ ამერიკა იქნება წარმოდგენილი სამიტზე; ოღონდ კონკრეტულად რა რანგში, ჯერ არ იცის, ხოლო ბაიდენი კალიფორნიაში იქნება ივნისის შუა რიცხვებში, რათა საარჩევნო ფონდრაიზინგით დაკავდესო.

მართლაც, არჩევნები მრისხანედ უახლოვდება ბაიდენსაც, ამერიკასაც და მთელს მსოფლიოსაც. თუმცა....აშშ პრეზიდენტის მონაწილეობა ლუცერნის სამიტში სუუუუუულ სხვა „წონას“ შესძენდა ამ სამიტს.

სახელმწიფო მდივანი ჩავა თუ არა შვეიცარიაში, ესეც უცნობია ჯერ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს უკრაინული ზალპური ცეცხლის დანადგარიდან Град ნასროლი 7 ერთეული რაკეტა.

აქ მთავარი ის კი არ არის, რომ რუსებს რასაკვირველია გააჩნიათ შეიარაღებაზე იმ ტიპის სისტემები (არა მხოლოდ საზენიტოები), რომლებსაც ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან (ზცდ) გაშვებული რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ, არამედ მანძილი, საიდანაც ეს რაკეტები გაუშვეს უკრაინელებმა: Град ერთ-ერთი ყველაზე ძველი ამ ყაიდის სისტემაა და მისი შორსმწვდომობა 40 კილომეტრს არ აღემატება განსხვავებით ზცდ Ураган და Смерчь-ისგან.

მაშასადამე, უკრაინელები, მიუხედავად რუსული არმიის ბოლოდროინდელი შეტევისა ხარკოვის მიმართულებით, მაინც საკმარისად ახლოს არიან რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, რათა ბელგოროდი დაბომბონ Град-ის მეშვეობით.

ესე იგი პუტინის სამხედრო სტრატეგია და მისი ბრძანება (რუსულ გენერალიტეტს) უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში „ბუფერული ზონის შექმნისა“ არ მუშაობს, ფაქტია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

„ჰამასის“ მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ („წმიდა ომი“) აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელიდან ტერორისტების მოტაცებული მძევალი ალექსანდრ ტრუფანოვი ყვება თავის ბედზე.

 მივაქციოთ ყურადღება, რომ ტრიუფანოვი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ რუსეთის მოქალაქეა.

25 წლის წინ მისი ოჯახი ისრაელში გადასახლდა, თუმცა რუსული პასპორტი არ ჩაუბარებიათ.

7 ოქტომბერს ალექსანდრე ტრუფანოვი დედასთან და ბებიასთან ერთად მოიტაცეს, თუმცა ქალები გაათავისუფლეს ისრაელთან „ტყვეთა გაცვლის“ პროგრამით.

7 ოქტომბრის თავდასხმისას „ჰამასმა“ და მისმა მოკავშირე ტერორისტულმა ჯგუფებმა 252 ისრაელელი მძევალი წაიყვანეს ღაზაში.

შემდეგ დიდი ნაწილი გაათავისუფლეს იმავე „ტყვეთა გაცვლის“ პროგრამით.

 ახლა ტერორისტების ხელთ 128 ადამიანია.

მათი უმრავლესობა ისრაელის მოქალაქეა. თუმცა ამ 128 მძევალიდან, მაღალი ალბათობით, 39 უკვე მკვდარია.

ბევრი „ცახალის“ სარაკეტო ბომბარდირების თუ სხვა შეტევების დროს დაიღუპა ან ტერორისტებმა დახოცეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რობერტ დე ნირო მივიდა ტრამპის ნიუ იორკის პროცესზე, ჩაატარა სასამართლოს შენობასთან სკანდალური პრეს-კონფერენცია და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ბაიდენს, ხოლო ტრამპი, მისი აზრით,  უნდა დაისაჯოს 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებისთვის.

დე ნირომ „გმირები“ უწოდა კონგრესის შენობის დაცვის იმ პოლიციელებს (ორი მათგანი მიყვანილი ჰყავდა პრეს-კონფერენციაზე) ვინც კონგრესის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრის მომენტში ცეცხლი გახსნა.

ამ დროს ერთ-ერთმა იქ მყოფმა ტრამპის მომხრემ შეაწყვეტინა რობერტ დე ნიროს და ამ პოლიციელებს მოღალატეები უწოდა.

„არც კი ვიცი.....How to deal with you“ -მიუგო გენიალურმა ამერიკელმა მსახიობმა.

 ეს პატარა ეპიზოდი ილუსტრირებს და მანიფესტირებს, რა საზარელი არჩევნები გველის ამერიკაში........ სამოქალაქო ომის ზღვარზე.