საერთაშორისო მიმოხილვა. 18 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 სექტემბერი. 2023 წელი

16 და 17 სექტემბერს, 12 საათის განმავლობაში, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეკ სალივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საიდუმლო მოლაპარაკებებს ატარებდნენ კუნძულ მალტაზე!

მედიის ცნობით, განიხილებოდა სამი თემა:

ა) ტაივანი 

ბ) უკრაინა

გ) ჩინური სადაზვერვო აეროსტატების გამოჩენა ამერიკის საჰაერო სივრცეში, რაც ამერიკელებმა შეურაცხყოფად აღიქვეს და სწორადაც აღიქვეს: ასე თავხედურად სადაზვერვო მონაცემების შეგროვება შეუძლებელია, თუმცა ეს დემონსტრაციული ნაბიჯი იყო ჩინეთის კომპარტიის მხრიდან.

წყაროები იტყობინებიან, რომ სალივანმა მკაცრად გააფრთხილა ჩინელი მინისტრი, არავითარ შემთხვევაში არ ახლონ ხელი ტაივანს, თორემ ამერიკა მთელი თავისი არმიით ჩაერევა;

გარდა ამისა, ჩინელები კვლავინდებურად ვერ ბედავენ მიაწოდონ რუსეთს იარაღი, თუმცა სალივანმა, როგორც ჩანს მოსთხოვა ვან ი-ს გამოიყენოს პეკინის გავლენა ფხენიანზე, რათა არც ჩრდილო კორეამ მიაწოდოს იარაღი პუტინს

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 

დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას (თურმე) შეეძლო უარი ეთქვა რაღაც ტერიტორიებზე და ამით აეცილებინა თავიდან ომი რუსეთთან.

ტრამპის მტკიცებით, ის ტერიტორია, რასაც უკრაინა დაკარგავდა, ბევრად ნაკლებია ტერიტორიაზე, რაც ახლა დაკარგა რეალურადო.

კატასტროფული განცხადებაა!

ეს ფრაზა ადასტურებს, რომ როდესაც დონალდ ტრამპი იყო პრეზიდენტი 2016-2020 წლებში, სწორედ ამ ფარულ მესიჯებს იღებდა მისგან მოსკოვი და ამიტომაც გაბედა მერე პუტინმა პირდაპირი აგრესია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა Economist-ს განუცხადა, რომ უკრაინის არმია არ აპირებს გამარჯვების აღლუმი ჩაატაროს მოსკოვში, ანუ გამორიცხულია უკრაინამ სამხედრო მოქმედებები გადაიტანოს რუსეთის ტერიტორიაზეო.

გუშინ უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ტერიტორიები გაათავისუფლა ბახმუტის მიდამოებში. იმ ბახმუტისა, რომელსაც პუტინმა და პრიგოჟინმა ათი ათასობით რუსი პატიმარი და კონტრაქტორი შეაკლეს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სევასტოპოლში კვლავ განგაშია. უკრაინული უპილოტო საჰაერო და საზღვაო აპარატები ყირიმს უკვე თითქმის ყოველ დღე და ყოველ ღამით უტევენ.

სევასტოპოლელები და რუსი ტურისტები, `ხავერდოვანი სეზონის` ნაცვლად, გუშინ უყურებდნენ კვამლის უზარმაზარ მასას სევასტოპოლის თავზე, ოფიციალურად ითქვა, რომ ეს კვამლი რუსმა სამხედროებმა გაუშვეს, რათა უკრაინელებისთვის დრონთა  ნავიგაცია გაერთულებინათ.

ახლა ირკვევა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები 2 დღის წინ უკრაინელთა შეტევაზე სევასტოპოლის ბაზაზე: ორი უახლესი ხომალდი ისე გამოიყვენეს მწყობრიდან, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტონბერგმა ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა უკრაინის ომზე. მისი თქმით, თუ უკრაინა შეწყვეტს წინააღმდეგობას, მაშინ იგი ამით შეწყვეტს არსებობას, როგორც სახელმწიფო.

სტოლტენბერგმა დასავლეთს მოუწოდა ემზადონ ხანგრძლივი ომისთვის.

ზოგადად ეს დომინანტური აზრია: უკრაინაში ომი სწრაფად ვერ ამოიწურება. უკრაინის ვერხოვნა რადამ, როგორც ცნობილია, სპეციალური კანონი მიიღო, რომელიც კრძალავს (!) მოლაპარაკებას რუსეთთან ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთმა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ჩანდეს, უკვე იაპონიასაც კი გაუსწრო ავტომობილების ექსპორტში და ამ მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

როგორც ჩინური მობილური ტელეფონები  დუბლირებს ხარისხის ხარჯზე ცნობილ ბრენდებს, თავდაპირველად ჩინური ავტომობილებიც ასე `დუბლირებენ` ოღონდ ჩინური სახელებით. ხარისხის მხრივ კი ბევრად ჩამორჩებოდნენ და ჩამორჩებიან. თუმცა ფასი.....ფასი......იყო და რჩება ჩინეთის მთავარი უპირატესობა, რაკი სამუშაო ძალა იაფია.

სწორედ სამუშაო ძალის სიიაფის გამო დიდი დასავლური კომპანიები შევიდნენ ჩინეთის ბაზარზე და თავდაპირველად ჩინეთის (პირობითად) საავტომობილო ექსპორტში პირველ ადგილზე იყო ილონ მასკის Tesla, თუმცა, როგორც სჩვევიათ, ჩინელებმა ამით მოიპოვეს ტექნოლოგიები და თვითონაც დაიწყეს ელექტრომობილების, ისევე როგორც ჰიბრიდების გამოშვება.

ყველაზე მთავარი ისწავლეს Tesla-სგან: ბატარეების წარმოება. უამრავი ტექნოლოგია კი უბრალოდ მოიპარეს. ვინ გააკონტროლებს ჩინურ სპეცსამსახურს ჩინეთის ტერიტორიაზე?

ამას დაემატა ევროკავშირის `მწვანე სტრატეგია`: როგორც ცნობილია ევროკავშირი რამდენიმე წლის შემდეგ უბრალოდ აკრძალავს (მთლიანად აკრძალავს) შიდა წვის ძრავების გამოყენებას და  გადავა ელექტრომობილებზე. ჩინეთი ამით სარგებლობს და ზრდის ექსპორტს ევროპის უმდიდრეს ბაზარზე.

უკრაინის ომიც დაეხმარა: დასავლეთმა დაბლოკა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში. შედეგად, ყოველი მეორე მანქანა, რაც ახლა იყიდება რუსეთში - ჩინურია.

შეიძლება ითქვას, დღეს, როცა ჩინური ეკონომიკა კრიზისშია, ერთადერთი დარგი, რაც ვითარდება, ავტოწარმოებაა. ჩინეთის კომპარტიამ დიდძალი სახელმწიფო ინვესტიცია `ჩაასხა` ავტომრეწვში და შედეგიც მიიღო.

ბუნებრივია ევროპელები ასე იოლად არ შეურიგდებიან თავიანთი ლეგენდარული ავტომწარმოებლების დაჩაგვრას. გერმანია, იტალია და საფრანგეთი, ასევე შვედეთი ლობირებენ რეგულაციების შემოღებას. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ჩინეთი სახელმწიფო ინვესტიციებით `აგდებს` ფასს. ეს კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა.

მზადდება რეგულაციები, თუმცა მათი ამოქმედება არც ისე იოლი იქნება: ევროკავშირს და ჩინეთს უკვე (!) იმდენი `ძაფი აკავშირებს`, მათი გადაჭრა ევროკავშირსაც დააზიანებს. არადა ჩინური მანქანები ევროპის ბაზარზე საშუალოდ 20%-ით იაფია ვიდრე ევროპული. ევროპისთვის ეს კოლოსალური სხვაობაა.

კონსალტინგური კომპანია  AlixPartners ცნობით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობამ 57 მილიარდი დოლარი `ჩაასხა` ავტომრეწვში. მიუხედავად ამისა, ჩინეთის მთავრობა სუსხიანად რეაგირებს ევროკავშირის გამოძიებაზე და იქით ადანაშაულებს ევროპას `პროტექციონიზმში`. ჩინელები ამბობენ, რომ რეალურად მათი ლიდერობა განაპირობა არა სახელმწიფოს ჩარევამ არამედ ჩინელი ხალხის ტალანტმა და მარიფათმა.

ასეთ `სადღეგრძელოებამდე` რომ მივა საქმე, უკვე დემაგოგიაა: ჩინეთის სახელმწიფომ უდიდესი როლი შეასრულა ამ ზრდაში. მათ შორის ჩინეთის სახელმწიფომ უზრუნველყო ლიტიუმის საბადოების მისაწვდომობა ჩინური ავტომრეწვისთვის მთელს მსოფლიოში.

რომ ელექტრომობილთა ბატარეები სწორედ ლიტიუმისგან მზადდება.

აქვე არ შეიძლება არ ითქვას: ევროპა, რომელიც 2030 წლიდან შიდა წვის ძრავას კრძალავს, რატომღაც არ რეაგირებს მეცნიერთა გაფრთხილებაზე, რომ ლიტიუმი ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი და საშიში ნივთიერებაა მენდელეევის ქიმიურ ტაბულაში. საკმარისია ნიადაგში მოხვდეს და გარშემო ყველაფერს ანადგურებს.

ჩინეთის სახელმწიფოს დახმარება კიდევ იმაში გამოიხატა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი  ქსელი შექმნა მანქანების ელექტროენერგიით დამუხტვისა: 6 მილიონი წერტილი!

ამანაც შეუწყო ხელი ავტომრეწვის განვითარებას: ჩინელები აქტიურად ყიდულობენ ელექტრომობილებს, რაკი იციან, რომ იოლად დამუხტავენ.

`მწვანე ფილოსოფია` არა მხოლოდ საფრთხეა სამრეწველო თვალსაზრისით: ამერიკამ `მწვანე პოლიტიკის ფარგლებში` 270 მილიარდი დოლარით დაასუბსიდირა საკუთარი მწარმოებლები: წაახალისა ელექტრომობილების წარმოება და ამით სერიოზული `ფორა` დაუბევა ამერიკულ ავტომრეწველობას ჩინელებთან კონკურენციაში.

აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ისტორია: 1970-იანი წლებიდან ამერიკაში ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ იაპონური ავტომრეწვი საბოლოოდ გაანადგურებდა ამერიკის ლეგენდარულ საავტომობილო მრეწველობას.

მართლაც, დეტროიტის (ფორდის სამშობლოს) კვდომა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა იაპონურმა მანქანებმა დაიპყრეს ამერიკული ბაზარი.

მაშინ ელექტრომობილების პრობლემა არ არსებოიბდა, თუმცა გიგანტური ამერიკული მანქანები, ენერგოკრიზისის პერიოდში ვერ უწევდნენ კონკურენციას მცირელიტრაჟიან იაპონურ ავტომობილებს.

შედეგად დეტროიტი გავერანდა, თუმცა მთლიანად არ მომკვდარა და ამერიკული მანქანები კვლავ ტრენდულია მსოფლიოში.

სხვათა შორის, დეტროიტის გავერანება 2016 წელს ტრამპის საარცევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. საქმე ისაა, რომ ავტომობილი, როგორც ასეთი, ამერიკელებისთვის მხოლოდ გადაადგილების საშაულება როდია. მართალია ავტომობილი ევროპაში მოიგონეს, მაგრამ ავტომობილი, როგორც ფენომენი  შექმნა ამერიკამ.

პირველ რიგში ჰენრი ფორდმა 1920-იან წლებში, რაკის წორედ მან მოიფიქრა კონვეირი და მილიონობით ავტომანქანა გამოუშვა

დაახლოებით იგივე ხდება ახლა ჩინურ ელექტრომობილებთან დაკავშირებით. თუმცა როგორც ყველა სხვა პროდუქცია, ჩინური მანქანებიც ხარისხით ჩამოუვარდებიან ანალოგებს. 20%-იანი ფასთან სხვაობა კი ამის საკომპენსაციოდ სტრატეგიულად მაინც არ არის საკმარისი. ყოველ შემთხვევაში იმ დასავლურ ბაზრებზე, სადაც მოსახლეობა მსყიდველუნარიანია  და ფასი-ხარისხის შეფარდებაში უპირატესობას მეორე კომპონენტს ანიჭებენ ტრადიციულად.