საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო  მიმოხილვა. 31 ივლისი. 2024 წელი

გუშინ ისრაელმა უძლიერესად დაარტყა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს.

ეს იყო საპასუხო დარტყმა მას შემდეგ, რაც პროირანულმა შიიტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ Hezbollah რაკეტა ესროლა „გოლანის სიმაღლეზე“, სირიის საზღვართან მინი ფეხბურთის სტადიონს, სადაც ათეულობით ისრაელის მოქალაქე (!) ბავშვი დაიღუპა დრუზთა ეთნიკურ-რელიგიური თემიდან.

 პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პირობა დადო: საპასუხოდ დავარტყამო და ეს პირობა შეასრულა..... თუმცა ეს „დარტყმა“ მაინც არ აღმოჩნდა ის და ისეთი (შესაძლოა ჯერ-ჯერობით) რასაც ისრაელის საზოგადოება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოითხოვდნენ: სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას ლიბანის ტერიტორიაზე.

ამჟამად ასე ჩანს, რომ ისრაელი ამგვარი სახმელეთო ოპერაციისთვის ჯერ (!) მზად არ არის.

რაც შეეხება ბეირუთზე დარტყმას, „ცახალი“ (ისრაელის არმია) ამტკიცებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად გაანადგურა   Fuad Shukr – Hezbollah - ის ერთ-ერთი ლიდერი.

ამ დაჯგუფების მთავარი ლიდერი, Hassan Nasrallah  25 წელია ისე ღრმადაა ჩამძვრალი სადღაც მიწისქვეშ ბუნკერში, რომ ვერც „ცახალმა“ მიაკვლია და ვერც „მოსსადმა“ (ისრაელის სააგრეო დაზვერვა), რათა სამიზნე შემდეგ ისრაელის შესანიშნავ საჰაერო ძალებს გადასცეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კამალა ჰარისი უკვე ძალიან ძლიერად ატარებს თავის საარჩევნო კამპანიას.

ოფიციალურად თითქოს ეს კამპანია ჯერ არ დაწყებულა, რადგან მხოლოდ 19 აგვისტოს იხსნება (ჩიკაგოში) „დემოკრატიული პარტიის“ კონვენტი, რომელმაც ქალბატონი ჰარისი უნდა დაასახელოს ნომინანტად და არც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია ჯერ ცნობილი, თუმცა კამალა აქტიურად გამოდის საარჩევნო მიტინგებზე.

ერთ-ერთ ბოლო მიტინგზე, ჯორჯიის შტატში, დონალდ ტრამპი დაადანაშაულა „რატომ ცდილობ პირდაპირ დებატებს დაუძვრეო“ და საჯაროდ დაამუნათა კიდეც (შინაარსობრივადაც და პირდაპირი „უორდინგითაც“): „ჩემზე რომ ბევრს ლაპარაკობ, აბა ერთი პირში მითხარიო“ (Say it to my face).

არსებობს გარკვეული სიმპტომები იმისა, რომ დონალდის გუნდს ასევე თვით დონალდსაც ეშინია პირდაპირი დებატებისა კამალასთან.

ბაიდენისგან განსხვავებით, ამ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ქალმა შესაძლოა პრობლემები შექმნას დებატებზე...... თუმცა ამერიკაში პირდაპირი დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის აბსოლუტურად გარდაუვალია და ვერანაირად ამას ვერავინ ვერ დაუძვრება:

მთავარია როდის.

ხელსაყრელ დროს ელიან ახლა, როგორც ჩანს ტრამპის გუნდში.

 

ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი მომენტი კი უდავოდ კამალა ჰარისის „ფონდრაიზინგია“ ანუ შემოწირულობათა ფანტასტიკური ტემპებით ზრდა.

ოღონდ.......აქ ნიშანდობლივი თავისთავად საარცევნო ფონდის  ზრდა კი არ არის, არამედ მისი წარმომავლობა და „სტრუქტურა“: არა მხოლოდ და არა იმდენად მსხვილი ტრადიციული დონორებისა, არამედ უბრალო ამერიკელების შენაწირი 15-20-50-100 დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ საზოგადოებაში იზრდება პასსიონარული მისწრაფება კამალას მხარდასაჭერად მის „მიზნობრივ“ ელექტორატში.

ეს ელექტორატი უკვე არა მხოლოდ იმისთვისაა მზად, „უფასოდ“ მივიდეს საარჩევნო საარჩევნო ყუთთან და აირჩიოს პრეზიდენტად კამალა, არამედ გადაურიცხოს მას 100 ან 200 დოლარი, ანუ თავადაც მოიკლოს რაღაც (თუნდაც მცირედი მაგრამ მაინც) მის ასარჩევად.

სოციოლოგები ამერიკაში ამ ფენომენს უწოდებენ „პასიონარულ ელექტორატს“ და ეს პასიონარულობა მხოლოდ მიტინგებში მონაწილეობით არ გამოიხატებაო - ამტკიცებენ.

შესაძლოა თუნდაც მცირე ფულადი კონტრიბუცია არანაკლებ ნიშანდობლივი იყოსო.

 

მთლიანობაში კი, კამალამ „დაიწყო“ დიდი ფორით დონალდის სასარგებლოდ და ახლა უკვე შანსები (ასევე რეიტინგები) ან გათანაბრდა ან გარკვეულწილად კამალა ჰარისი წინაც გაიჭრა რბოლაში სულ ბოლო გამოკითხვებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

დიდი წიოკია (კვლავაც კომიკური) აფხაზეთში: პუტინი დაგვპირდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირ ავიარეისებს დანიშნავდა და პირობა არ შეასრულა - უჰ ეგ ნაძირალა: სამაგიეროს გვიხდის იმის გამო, რომ პიცუნდას აგარაკი არ მივეცითო“ (არ მისცეს რეალურად. მისცეს მხოლოდ ქაღალდზე-დ)

20 ივლისს უნდა შესრულებულიყო პირველი საცდელი, ტექნიკური ავიარეისი მოსკოვიდან სოხუმში, რათა გამოეცადათ სოხუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.

რეალურად არანაირი რეისი არ შესრულდა. „არც იგეგმებაო“ - ამბობენ მოსკოვში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტებისთვის სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის ამოქმედებას აქვს ძალიან პრინციპული მნიშვნელობა რამდენიმე მიზეზით. მათგან მთავარია:

 

ა) პირდაპირი რეისებით ჩამოსული ტურისტები სხვა კატეგორია იქნება, ვიდრე სოჭში ჩაფრენილი და მერე სოჭიდან ავტობუსით აფხაზეთში გამომგზავრებული. თანაც ამ ბოლო კატეგორიის ტურისტთა დიდი უმრავლესობა სინამდვილეში „ერთდღიანია“ და ახალი ათონის მონასტრის მოსანახულებლად მოდის სოჭიდან. იმ „ახალი ათონის მონასტრისა“, რომელსაც რუსულ ეკლესიას აფხაზები არ აძლევენ უამრავი თხოვნისა და მოთხოვნის შედეგად.

 

ბ) თუ დაინიშნება პირდაპირი რეისები სოხუმში მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, როსტოვიდან, უფადან და ა.შ, პუტინის ადმინისტრაციას მერე უკვე გაუჭირდება მათი შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ კვლავინდებურად გაბრაზებული იქნება ან/და ახლად  გაბრაზდება აფხაზებზე სხვა საკითხებში უკომპრომისო პოზიციის გამო.

იმიტომ, რომ (ვიმეორებ) „უკვე დაწყებული ავია-მიმოსვლის“  შეწყვეტა პოლიტიკური დემარში გამოვა და „იყვირებს“.

შესაბამისად, აფხაზურმა ელიტებმა, მიზნის მისაღწევად,  ჩვეული ოსტატობით განახორციელეს ასეთი „სპეცოპერაცია“: სანკტ-პეტერბურგის ბოლო ეკონომიკურ ფორუმზე ასლან ბჟანიამ მიაღწია შეთანხმებას რუს ოლიგარქ ნურგალიევთან (თათარი და არა რუსია ეროვნებით -  ყოფილი შს მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის შვილია-დ) სოხუმის აეროპორტის აღდგენის თაობაზე.

როგორც ყოველთვის, ისე მოაწყვეს და ისე შეფუთეს, რომ თითქოს საკითხი პუტინთან შეთანხმებულია.

მაგრამ როდესაც ოლიგარქმა ნურგალიევმა ბაბუშერას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი აღადგინა და პირველი „ტექნიკური რეისი“ უნდა შესრულებულიყო, მოსკოვმა „მოულოდნელად“ უარი სტკიცათ.

რატომ? იმიტომ, რომ პუტინი დღეს, უკრაინის ომის ფონზე არ არის მზად აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს, საზღვარი ჩაკეტოს, საბიუჯეტო ასიგნებანი შეუწყვიტოს, აფხაზებს პასპორტები ჩამოართვას, მაგრამ.....იმისთვის კია მზად, მათ დამატებითი „კომფორტები“ არ შეუქმნას ანუ დამატებითი ბენეფიტები არ მისცეს თუნდაც პირდაპირი ავიარეისების დანიშვნით და ამ გზით დასაჯოს.

პუტინის მოთხოვნები რა არის, ბევრჯერ გვითქვამს.

ამ მოთხოვნებში „პიცუნდას აგარაკი“ სინამდვილეში სუუუულ ბოლო ადგილზეა და სულაც არ არის მთავარი:

 

 ა) რუსების უფლება, თავისუფლად იყიდონ ბინები აფხაზეთში უშუალოდ ან/და „აპარტ-ჰოტელების“ მოწყობის ფორმით, ესე იგი შეიცვალოს დემოგრაფია რუსების სასარგებლოდ.

 

ბ) დიდ პრივატიზებაში (თუკი რამ ღირებულია აფხაზეთში) რუსული ოლიგარქიული კაპიტალის მონაწილეობა, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ეს პრივატიზაცია იქ უნდა დაიწყოს! და თუ დაიწყო, რუსი ოლიგარქების გარდა ვინ რას იყიდის?

არ დაწყებულა აფხაზეთში პრივატიზება 1990 წლიდან!!!

საერთოდ არ დაწყებულა!

ყველაფერი ისევ აფხაზეთის „სახელმწიფოს“ ეკუთვნის ენერგოობიექტებიდან - საკალმახე მეურნეობებამდე და საბჭოთა ეპოქის სანატორიუმებამდე.

 

გ) ენგურჰესის სამართავი პულტის (გალის რაიონშია -დ.) გადაცემა რუსული ენერგოკონცერნებისათვის

 

დ) „ახალი ათონის“ მონასტრის გადაცემა რუსული ეკლესიისთვის.

 

არც ერთ ჩამოთვლილ  საკითხში აფხაზური ელიტები კომპრომისზე არ წასულან რეალურად.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, თუ პუტინი „ამუხრუჭებს“ ახლა პირდაპირ რეისებს:

მოსკოვის აეროპორტებმა -  შერემეტიევომ და ვნუკოვომ ასევე დომოდედოვომ განაცხადეს: არც იგეგმებოდა ამგვარი  რეისები და არც იგეგმებაო.

კი იეშმაკეს აფხაზებმა და რეალურად თათრეთის ყაზანიდან ან ბაშკირეთის უფადან რეისების იმედი უფრო ჰქონდათ, რაკი ეს „რესპუბლიკები“ გარკვეულწილად (რაღაც ზომით) სეპარატისტულნი ან მინიმუმ არც თუ ბოლომდე ლოიალურნი არიან მოსკოვის მიმართ, მაგრამ...... ჯერ ერთი, ყაზან-უფას ტურისტული ნაკადი ვერ შეედრება მოსკოვ-პეტერბურგის ტურისტულ ნაკადს და მეორეც, კი არიან „ჩუმ-ჩუმად“ სეპარატისტულნი და კი სძულთ კრემლი, მაგრამ ასე ღიად ვერ გაბედავენ რუსული კანონმდებლობის იგნორს. იმ კანონმდებლობით კი რეგიონს არა აქვს უფლება ფრენები განახორციელოს რფ ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე.

 

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ახლა აფხაზური ელიტები კულტივირებენ აზრს, თითქოს მოსკოვი საქართველოს გაბრაზებას ერიდება საპარლამენტო არჩევნების წინ......

არადა მთავარი, ნამდვილი, სისტემური, რეალური მიზეზი, რატომაც „დასაჯა“ პუტინმა ახლა სეპარატისტული ელიტები სოხუმის აეროპორტის დაბლოკვით, არა საქართველო (იმდენად ან საერთოდაც) არამედ „ა“, „ბ“. „გ“ „დ“ მოთხოვნის შეუსრულებლობაა მრავალი წლის განმავლობაში.

 

და ბოლოს კიდევ ერთხელ მოკლედ ვთქვათ, რა „ინსტრუმენტი“ აქვთ ასეთი აფხაზურ ელიტებს, პუტინს საპასუხო  პრობლემები შეუქმნან თუკი კრემლი  გადაწყვეტს ნამდვილი სანქციების შემოღებას:

ატეხენ ღია წიოკს რუსულ სოციალურ სივრცეში, ნაწილობრივ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ჩრდილო კავკასიის „ლობისტურ“ ჯგუფთა გამოყენებით: „რატომ ვიფუჭებთ ურთიერთობას მოძმე აფხაზეთთან პუტინის დაჩას გამოოოოო?“

ნავალნის ხალხი ამ თეზისს განსაკუთრებით გააფიარებს.

არადა რუსულ ოპოზიციურ ჯგუფებს პუტინის საწინააღმდეგოდ უკვე ბევრი რამ შეუძლიათ ომით გადაღლილ რუსულ სოციუმში.

მთავარია აფხაზურმა ელიტებმა „სათქმელი“ (!!!) მისცენ და.....