რუსეთი საქართველოს აშანტაჟებს

რუსეთი საქართველოს აშანტაჟებს

        გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენელი გაეროში რეზო ადამია ინტენსიურად ემზადება უშიშროების საბჭოს მომავალი სხდომისთვის, რომელიც 31 იანვარს უნდა გაიმართოს.

        ადამია აპირებს ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთოს, ისევე როგორც შარშან სექტემბერ-ოქტომბრის კრიზისის დროს, როდესაც მან რუსეთის მოქმედებას «საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ტერორიზმის გაგძრელება» უწოდა. ამ განცხადებას უდიდესი რეზონანსი მოჰყვა რუსეთში და არა მხოლოდ იქ.
        რაკი გაეროში ყველა ქვეყნის ელჩს განსაკუთრებული სტატუსი და რანგი აქვს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სახელმწიფოს წარმომადგენელი მწვავე განცხადებებს მხოლოდ ომის დროს აკეთებს.
        მეორე მხრივ, რეზო ადამია იმასაც აღიარებს, რომ არ ელის განსაკუთრებულ სიახლეს უშიშროების საბჭოს მომავალი სხდომისგან. ამის მიზეზი მსოფლიოში დღეს არსებული ვითარებაა, როდესაც საქართველოსთვის ისევ არავის სცალია: ერაყთან ომამდე რამდენიმე კვირა დარჩა. შემდეგ ამერიკა, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეას «მისდგება», რაც ბუშის კიდევ უფრო სარისკო წამოწყება გახდება, ვინაიდან კორეელები ისლამისტ არაბებზე ნაკლები (მეტი თუ არა) ფანატიკოსები არ არიან.
        საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ქვეყნიდან გამოიძახა ელჩები (ან დესპანები) და დემარშის განხორციელება: უცხოეთის მთავრობების მხრიდან დახმარების თხოვნა დაავალა. შესაბამისად, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც დაწვრილებით აუხსნეს «შექმნილი ვითარების არსი».
        მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მაინც, არანაირი რეაქცია რუსეთის მოქმედებებს (ფაქტობრივ ანექსიას), არ მოჰყოლია. კრემლმა უდიდესი სიზუსტით შეარჩია დრო, თუ როდის უნდა დაეწყო აფხაზეთის ინკორპორაცია. პუტინი საქართველოსთვის აფხაზეთის წაგლეჯით აპირებს საარჩევნო წელს ელექტორატის გულის მოგებას.
        ჯერ აფხაზეთის პრემიერმა გაგულიამ გააფორმა ხელშეკრულება კრასნოდარის მხარესთან «ურთიერთდახმარების» შესახებ, შემდეგ კი დაიდო ცნობოილი კონტრაქტი იდუმალებით მოცულ «კერძო ფირმასთან». ეს ყოველივე რუსეთის უშიშროების საბჭოზე (პირადად რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით) იყო გათვლილი, დაზუსტებული და შეთანხმებული. ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცოდა. საქართველოს შესაძლო რეაქციაც გაითვალისწინეს, ამიტომ მოძრაობა რკინიგზაზე 25 დეკემბერს აღდგა – წინასაახალწლოდ.
        ამასობაში, რუსეთმა ქმედითი ნაბიჯები გადადგა სომხეთის ენერგეტიკული უშიშროების უზრუნველსაყოფად. კასპიის ზღვის გავლით, ირანიდან - სომხეთში გაიგზავნა ბევრი საწვავი (უპირველესად, მაზუთი) და სომხეთს მიეცა მტკიცე გარანტია, რომ თუ ჭკვიანად იქნებიან და მოითმენენ (ვიდრე რუსეთი საქართველოს «მოუთავებს ხელს»), რუსეთი უხვად მიაწვდის ურანს (ატომური ელექტროსადგურისთვის) და ყოველმხრივ დაეხმარება ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებაში.
        მივაქციოთ ყურადღება: საქართველოს წინააღმდეგ «მცოცავი აგრესიის» გეგმის განხორციელებას ემთხვევა სომხეთის პრეზიდენტ ქოჩარიანის ვიზიტი რუსეთში. სომეხმა ლიდერმა (ყველაფრით ჩანს) მოითხოვა ერთადერთი საპასუხო პრივილეგია: თუ საქართველოში არეულობა დაიწყო, სომხეთს ექნება გარანტია, რომ რუსეთი უზრუნველყოფს რკინიგზის ფუნქციონირებას კრასნოდარიდან - სომხეთამდე, ანუ ეს იქნება სომხეთის «დიდი პრიზი» საქართველოს დამხობაში რუსეთის მხარდაჭერისთვის.
        მთელი ამ გეგმის საკვანძო ნაწილია ვლადიკავკაზთან გაზსადენის მაგისტრალის სათადარიგო ხაზის აფეთქება. აღარავინ დავობს, რომ ეს რუსეთის უშიშროების საბჭოზე დაგეგმილი და სპეცსამსახურთა მიერ განხორციელებული დივერსიაა. ენერგეტიკული ბლოკადის ღიად განხორციელება მოსკოვისთვის წამგებიანი პრეცედენტია. ახლა კი მას ვერ შეედავები – აღდგენით სამუშაოთა «წარმატება» იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველო ნიუ-იორკში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

დილის გაზეთი, 21 იანვარი, 2003 წელი