საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აგვისტო 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აგვისტო 2022 წელი

აფხაზეთის ე.წ. `საკონსტიტუციო სასამართლომ` უარი თქვა განეხილა აფხაზეთის პარლამენტის მიმართვა იმ დოკუმენტის კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისათვის გადაცემას ითვალისწინებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზურმა ელიტებმა საბოლოოდ უარი უთხრეს პუტინს, გადასცენ მას `ხრუშჩოვის აგარაკი`. იქ პუტინი მილიარდების ინვესტირებას და მოძვალებული აგარაკის ზღაპრულ ვილლად ქცევას აპირებდა.

ახლა გაიმართება `პინგ-პონგის სპექტაკლი` აფხაზეთის `პარალმენტსა` და აფხაზეთის `საკონსტიტუციოს` შორის: არა თქვენ უნდა განიხილოთ ჯერ, არა თქვენო.

პუტინი კი გაბრაზდება, დაიბოღმება, მაგრამ ბევრს ვერაფერს გაბედავს ჯერ-ჯერობით, რაკი არ სცალია აფხაზეთისთვის - უკრაინაშია  ჩაფლული.

თუმცა, მეორეს მხრივ, აფხაზეთის ხელისუფლებამ `პრეზიდენტ ბჟანიას` ხელმძღვანელობით იცის, რომ პუტინში შხამისა და ბოღმის დაგროვება აფხაზეთისთვის მაინც საშიშია და ამ აგარაკის საკითხის გადაწყვეტა მას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს.

ამიტომ `პრეზიდენტი ბჟანია` ბოლო რამდენიმე დღეა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პუტინი მას დაპირდა სოხუმის აეროპორტის აღდგენას (იგულისხმება: `თუ ხრუშჩოვის აგარაკს გადავცემთ`) ასევე დაპირდა სანაცვლოდ აფხაზეთის სრულ გაზიფიკაციას და რაც მთავარია, ბჟანია ბევრს ლაპარაკობს, რომ ფსოუს გადასასვლელი რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაძლოა დაიხუროს, რაც აფხაზეთის საკურორტო სფეროსთვის კატასტროფა იქნება.

თუმცა რუსული მხარე ამას გაამართლებს იმით, რომ იქ საგზაო ინფრასტრუქტურა მოძველდა და შეკეთებას საჭიროებს.   

. . . . . . . . . . . . . .

ჩვენს სამეზობლოში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კვლავ იფეთქა საბრძოლო მოქმედებამ: აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა ე.წ. `ლაჩინის დერეფანზე`, რომელიც სომხეთს აკავშირებს `მთიან ყარაბაღთან`. ამ დერეფანს, 2020 წელს აზერბაიჯანის ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ სომხეთთან მეორე ომში, რუსეთის ე.წ. `მშვიდობისმყოფლები` აკონტროლებენ.

გუშინდელი აფეთქების საბაბი (!) გახდა ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიკვდილი სომხური (ყარაბაღის) შეიარაღებული ფორმირების თავდასხმის შედეგად. თუმცა სიღრმისეული მიზეზი მხარეთა მიერ 2020 წლის 9 ნოემბრის `ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების` განსხვავებული `წაკითხვაა`: აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსული `სამშვიდობო ჯარები` იდგეს და ყარაბაღში არ იმყოფებოდეს არც ერთი სომხური შენაერთი - არც სომხეთიდან ჩამოსული, არც ადგილობრივი.

რუსები და სომხები კი პასუხობენ, რომ ეს შენაერთები, რაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩა, `ადგილობრივებისგან შედგება` და ისინი ვერსად წავლენო.

კიდევ უფრო ფუნდამენტური მიზეზი კი ისაა, რომ ბაქო მოითხოვს სომხეთისგან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ყარაბაღის ჩათვლით. ასევე ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას, რაც აზერბაიჯანს დააკავშირებს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან; იგი აზერბაიჯანისგან გამოყოფილია სომხეთის ტერიტორიით.

მაგრამ ამას სომხეთი არ თანხმდება. სომხეთს სურს თავად ჰქონდეს კავშირი ყარაბაღთან `ლაჩინის დერეფნით`, ხოლო აზერბაიჯანს არ ჰქონდეს კავშირი ნახჭევანთან `ზანგეზურის დერეფნით`.

ამ ისტორიაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯერ-ჯერობით, ყველა საუბარი საქართველოს ალტერნატიული და საქართველოს გვერდის ავლით დერეფნების მოწყობისა თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს შორის აღმოჩნდა ზღაპარი.

ეს `ალტერნატიული დერეფნები` რომ ამოქმედებულიყო, მთელი ის კოლოსალური ტვირთნაკადი, რაც უკრაინის ომის დაწყებისთანავე დაიძრა საქართველოს დერეფნის გავლით ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან, სწორედ იმ `ალტერნატიული დერეფნებით` იმოძრავებდა.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ არის თემები, რაც მოსკოვს აშკარად აღიზიანებს სომხეთთან ურთიერთქმედებაში: ნიკოლ ფაშინიანი კრემლში ითვლება `პროდასავლელ ლიდერად` ამიტომ მას ბოლომდე არ ენდობიან და კრემლთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა მოდესტ კოლეროვმა გუშინ, საბრძოლო მოქმედებების ფონზე პირდაპირ მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას, რომ თუ მეტისმეტად ხშირად ივლიან ბრიუსელში და ვაშინგტონში, ყარაბაღს საბოლოოდ დაკარგავენ. ანუ აზერბაიჯანი იქედან სომხურ მოსახლეობას გაყრის.

. . . . . . . . . . . . . .

ევროპაში ახალი ტიპის თაღლითური სქემაა: `ქოლ-ცენტრებიდან` ურეკავენ რუს ბიზნესმენებს, ვისი აქტივებიც გაყინულია სანქციების გამო და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ამ აქტივების `განბლოკვას` პირდებიან.

რასაკვირველია ატყუებენ. თუმცა უკვე ათეულობით მილიონი დოლარი გამოსტყუეს ამ გაზით.

. . . . . . . . . . . . . .

სტრატეგიული ბირთვული უსაფრთხოების თემა კვლავინდებურად რჩება იმ მახედ, რომელშიც კრემლს ხშირად შეუტყუებია ამერიკა და ამერიკელი პრეზიდენტები.

იგულისხმება ბირთვული იარაღი და მასზე კონტროლი, ასევე ბირთვული იარაღის შემცირება, სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების შემცირება და ა.შ.

2026 წელს იწურება ვადა ერთ-ერთი ამგვარი სტრატეგიული შეთანხმებისა და მისი გაგრძელება, ანუ ბირთვულ იარაღზე კონტროლისა და მისი შემცირების მექანიზმთა შენარჩუნება უკვე მთლიანად მოსკოვზე იქნება დამოკიდებული.

გასაკვირი იქნებოდა, პუტინს ეს თემა არ `მიება` უკრაინის ომისთვის.

მაგრამ რაკი პირდაპირ არ აწყობს, დიმიტრი მედვედევს ათქმევინა, რომ რუსეთს `სულაც არ სჭირდება ეს შეთნხმება და ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ამერიკელებიო`.

უბედურება ისაა, რომ ამერიკაში `ბირთვული იარაღის და ბირთვული რაკეტების შემცირების` თემა მუდამ პოპულარულია: ამერიკელებმა იციან, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკის განადგურება შეუძლია. ჩინეთს, მაგალითად, ეს არ შეუძლია, რადგან საკმარისი ატომური ბომბები არა აქვს და ამიტომ ნებისმიერი ამერიკელი პრეზიდენტი მუდამ ცდილობს ამ მხრივ რაიმე კომპრომისს მიაღწიოს მოსკოვთან

პუტინი `გაცვლას` ცდილობს: ატომური ბომბები - უკრაინის და საქართველოს თუ სხვათა სანაცვლოდ.

. . . . . . . . . . . . . .

პუტინი უკვე პირდაპირ დასცინის გერმანიას.

პირდაპირ!

როგორც მოგახსენეთ, კანადამ შეაკეთა Siemens-ის ტურბინა, რომლის ამოქმედება აუცილებელი იყო, რათა რუსულ ენერგოგიგანტ Gazprom-ს გაეზარდა გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება `ჩრდილო ნაკადი-1`-ით, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის.

ტურბინა შეაკეთეს კანადაში, გადააგზავნეს გერმანიაში, გერმანიამ გადაუგზავნა რუსეთს და.....გუშინ Gazprom-მა განაცხადა, კანადამ სრულად არ შეაკეთა ტურბინა, ამიტომ გაზის მიწოდებას ვერ გავზრდითო. დარჩა ისევ 20%-ის დონეზე, რაც არ არის საკმარისი გერმანიის ზამთრისთვის მოსამზადებალდ ანუ გაზსაცავების შესავსებად.

`კანადამ ტურბინა ვერ შეაკეთა ან/და ცუდად შეაკეთა` - შავი ანეგდოტია.

ეს იგივეა, მოსკოვმა რომ ერთხელ გერმანიის დასჯა გადაწყვიტა 15 წლის წინ და მერსედესის ავტომობილთა იმპორტი შეაჩერა: არ მოგვწონს ეს მანქანა, რუსულ საავტომობილო სტანდარტებს  არ შეესაბამებაო.

ნამდვილი მიზეზი, რასაკვირველია, არა ტურბინის `ცუდად შეკეთება` არამედ გერმანიის გადაწყვეტილებაა, ახალი იარაღი მიაწოდოს უკრაინას.

ამავე დროს, რუსული აგენტურა დასავლეთში აქტიურ ფიარ-კამპანიას აწარმოებს ადგილობრივ `ობივატელთა` დასაშინებლად, რომ ზამთარში ისეთი კრიზისი, ისეთი საშინელება ელით, 1972 წლის შემდეგ რომ არ ყოფილა დასავლეთში. და რომ დაიწყება აჯანყებები, ომები და ასე შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . .

ამერიკული დაზვერვა პარტნიორებს ატყობინებს, რომ რუსული სანქცირებული კომპანიები ცდილობენ გამოიყენონ `პატარა პორტები` მთელს რეგიონში, რათა საკუთარი ნავთობი იქ შეურიონ  არასანქცირებულ ნავთობს და ისე გაიტანონ მსოფლიო ბაზარზეო.\

მაგალითად მოჰყავთ ეგვიპტური პორტი ელ ჰამრა. იქ თანამგზავრიდან შენიშნეს ნავთობ-ტანკერი, რომელსაც რუსული სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სწორედ ეს სიტყვათშეთანხმება `პატარა პორტი`. ანუ პორტი, რომელიც შედარებით ნაკლები დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რაკი პერიფერიაზეა.

ასეთი პორტია მსოფლიოსათვის ასევე ფოთი, ბათუმი......

. . . . . . . . . . . . . .

რუსული კაპიტალიზმის ისტორიული `განსახიერება` და `ლიბერალური იმპერიის` კონცეპტის აცტორი, ანატოლი ჩუბაისი კვლავ ცუდად არის და გადარჩება თუ არა, არავინ იცის.

ამჟამად იტალიაშია. კლინიკაში.

ჩუბაისი მოსკოვიდან გაიქცა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის დაწყებისთანავე. მაგრამ რამდენიმე დღის წინ თავი შეუძლოთ იგრძნო და ექიმები დღემდე ვერ შეთანხმებულან, კონკრეტულად რა დაემართა.

არ არის გამორიცხული პუტინის ბრძანებით მოეწამლათ: ეს КГБ-ს მეთოდია, რომ `გაქცეულებს` სჯიან, რათა სხვებს შეეშინდეთ და ისინიც არ გაიქცნენ - `სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან მოგვწვდებიანო`.

პუტინმა ასე ბევრი მოწამლა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ზოგი პოლონიუმით, ზოგი ნოვიჩოკით...და ა.შ.

ჩუბაისი არაერთგვაროვანი ფიგურაა, მაგრამ პრეზიდენტ ელცინის დროიდან იგი მაინც განასახიერებდა იმედს, რომ რუსეთი რაიმენაირად მაინც შეიცვლებოდა და არ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო სტალინის დროს......თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.