«ხელები შორს ჩეჩნეთისაგან»

«ხელები შორს ჩეჩნეთისაგან»

გაწყვეტილი ჯაჭვი

   

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტელევიზიის მეორე არხის პროგრამა «60 კითხვაში» გამოსვლისას, ჩვენი «ელიტარული ინტელიგენციის» ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ საქართველოში რუსეთის საელჩოსთან ჩატარდა მიტინგი მოთხოვნით - «ხელები შორს ჩეჩნეთისაგან» და «თავისუფლება ჩეჩენ ხალხს». გამომსვლელის არგუმენტი ასეთი იყო - «როგორ შეიძლება იმ ხალხის მხარდაჭერა, ვისი წარმომადგენლებიც ქართულ სისხლს ღვრიდნენ აფხაზეთში».
    რა თქმა უნდა, ეს საკითხი მრავალ ასპექტში შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, განცვიფრებას იწვევს ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მისი «ელიტარული ნაწილის» წარმომადგენელთა ლოგიკა: კი მაგრამ, განა რუსებმა ნაკლები «ქართული სისხლი» დაღვარეს აფხაზეთში? მაშინ როგორღა მეგობრობთ მათთან? მაშინ რატომღა აფორმებთ მათთან «დიდ ხელშეკრულებას» ძმობისა და ერთგულების შესახებ? ან იქნებ ბრძანოთ, რომ ბატონმა ელცინმა არაფერი უწყოდა იმის შესახებ, რას ჩადიოდნენ რუსეთის ჯარები (არა მხოლოდ მოხალისენი, არამედ რეგულარული ნაწილები) აფხაზეთის ტერიტორიაზე? ვინ ბომბავდა ყოველდღე სოხუმს? ვინ ამარაგებდა ტყვია-წამლით სეპარატისტებს? ვისი დიპლომატები ეხმარებოდნენ არძინბას პოლიტიკურ სარბიელზე ახალ-ახალი გამარჯვებების მოპოვებაში? ვინ აიძულა საქართველო, ხელი მოეწერა 27 ივლისის ხელშეკრულებისთვის? ვინ დააწესა ფაქტობრივი საზღვარი ენგურზე?
    ბოლოს და ბოლოს, ასე რამ დაგვაბრმავა? ნუთუ ნათელი არ არის, რომ ჩეჩნეთი ვერ იქნება საქართველოს მტერი - იგი მხოლოდ «სათამაშოა» კრემლის ხელში და ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა ამ პატარა რესპუბლიკის საკითხის «საბოლოო გადაწყვეტა» სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც უკვე გაინაღდა პოზიციები აფხაზეთში და ჩეჩნეთის სახით აღარ სჭირდებოდა «მტრის ხატი» ქართველთათვის.

    ჩვენი საზოგადოებისათვის ერთგვარი პოლიტიკური დალტონიზმი და სიბრმავე გახდა დამახასიათებელი: მართლა ბრმა უნდა იყო ადამიანი, ვერ დაინახო, ვერ მიხვდე - საქართველოს ერთადერთი გეოპოლიტიკური კოზირი, მისი ერთადერთი დასაყრდენი და პოლიტიკური მოკავშირეა ჩრდილოეთ კავკასია. კერძოდ კი ჩეჩნეთი, რომლის გავლენა ამ რეგიონში ძალზე დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიცაა.
    საქართველოს დაპირისპირება ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსკოვის ისტორიული გამარჯვება იყო. არ არის გამორიცხული, რუსეთის სპეც-სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ამ ომის პროვოცირება მოახდინეს, «გმირის» ორდენებით დაჯილდოვდნენ და მნიშვნელოვნად წაიწიონ მაღლა - სამსახურებრივ კიბეზე.
    ასეთი პოლიტიკური დივიდენდის მიღება მართლაც რომ იშვიათია. ამ ომის შედეგად, რუსეთმა ხელთ იგდო საქართველოს სამართავი ყველა ბერკეტი; გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა; მიისაკუთრა შავიზღვისპირა ტერიტორიის საუკეთესო ნაწილი. ამავე დროს,  კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები აფხაზეთში; აბსოლუტურად შეურიგებელი, მარადიული გახადა ქართულ-აფხაზური ანტაგონიზმი; აფხაზებზე დაყრდნობით, გააძლიერა გავლენა მათ მონათესავე ადიღურ ხალხებში; წარმოიშვა სიძულვილის სინდრომი ქართველებსა და ჩეჩნებს შორის; ბოლოს კი, მოახერხა კონფლიქტის გლობალიზაცია და «სამშვიდობო ძალების» შეყვანის შედეგად «მშვიდობისმყოფლის» «მანტიაც» მიიღო დასავლეთისა და გაეროსაგან.
    ასე რომ, გამარჯვება სრული და უეჭველია. დამარცხებულნი ვართ მხოლოდ ჩვენ - კავკასიელები. როგორც ქართველები, ასევე აფხაზები (რომელთა ახალგაზრდობა თითქმის მთლიანად გაწყდა) და ჩეჩნები - მათთვის ხომ საქართველო ერთადერთი იმედი და გზა იყო.
    რუსეთის მზაკვრობის აღიარება არაფრით არ სურს ჩვენს ხელისუფლებას - პირიქით, იცავს კიდეც მას და, პარალელურად, საკუთარი მცდარ კურსის დაცვასაც ცდილობს. მაგალითად, 27 ივლისის ხელშეკრულების დადებას ასე ამართლებენ - ეს ხელშეკრულება რომ არ დაგვედო, სოხუმი მაინც დაიკარგებოდა და იგივე მოხდებოდაო.
    მოდით, განვიხილოთ ეს საკითხი, როგორც მაგალითი იმისა, თუ რამდენად მცდარი იყო ჩვენი პოლიტიკა აფხაზეთში ომის დროს. დავუშვათ, სოხუმი მართლაც დაეცემოდა ივლისის ბრძოლების შემდეგ მაგრამ «იგივე», რაც სექტემბერში მოხდა - ნამდვილად არ მოხდებოდა და აი, რატომ: 2 ივლისს აფხაზებმა ოჩამჩირის რაიონში გადმოსხეს დესანტი, რომელსაც უმალვე შეუერთდნენ მიმდებარე სოფლებში გამაგრებული პარტიზანული რაზმები.
    დესანტის მიზანი იყო სოხუმის ბლოკირება და ქალაქის დამცველთა ყურადღების მოდუნება – მისი გადატანა ჩრდილოეთის მიმართულებით, სადაც მთავარი, ძირითადი დარტყმის მიყენება იყო განზრახული.
    მაგრამ სოხუმ-ოჩამჩირის საავტომობილო ტრასა ყოფილი და ფაქტობრივი ხელისუფლების შეიარაღებულ ფორმირებათა ერთობლივი დარტყმის შედეგად იქნა გაწმენდილი. ქართულმა ჯარმა ვერ დაიცვა სოხუმის ჩრდილოეთი მიმართულება და მტერმა სოფელ შრომამდე მიაღწია. სოხუმს რეალური საფრთხე დაემუქრა, ოღონდ ქალაქის დაცემას ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რაკი გაწმენდილი იყო ოჩამჩირესთან დამაკავშირებელი ტრასა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოძრაობდა სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ზუგდიდის გავლითაც (ეს ქალაქი თვით ჯაბა იოსელიანმა და «მხედრიონმაც» გაიარა მაშინ); შესაძლებელი გახდა სოხუმის შეუფერხებელი მომარაგება ტყვია-წამლით და მძიმე სამხედრო ტექნიკით, აღდგა კავშირი თბილისთან. ასე რომ, აფხაზებს სოხუმის აღება მაშინ რომც მოეხერხებინათ - ეს მეტისმეტად ძვირად დაუჯდებოდათ. გარდა ამისა, ვინაიდან სოხუმ-ოჩამჩირის ტრასა თავისუფალი იყო, შესაძლებელი გახდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც აღარ იქნებოდა იძულებული კოდორის ხეობის გავლით ასულიყო სვანეთში, არამედ პირდაპირ დაიხევდა უკან - სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებისკენ. აღარ დაიხოცებოდნენ ჩვილი ბავშვები და მოხუცები ყინვისა და შიმშილისგან, აღარ გაიძარცვებოდნენ სვანეთს თავს შეფარებული ყაჩაღური ხროვების მიერ. გადარჩებოდა ათასობით ადამიანი. გარდა ამისა, გაერთიანებულ ქართულ ჯარს სოხუმი რომც დაეტოვებინა, იგი უეჭველად შეძლებდა გამაგრებას კელასურზე ან კოდორზე, რითაც აფხაზების გამარჯვება ყოველგვარ აზრს დაკარგავდა.
    27 ივლისის ხელშეკრულების შედეგად კი რა მოხდა? - ქართული ტექნიკა გამოყვანილ იქნა სოხუმიდან (რუსეთის სამხედრო გემების მეშვეობით), სოხუმი ფაქტობრივად დაუცველი დარჩა და აფხაზებმა, დიდი მსხვერპლის გარეშე აიღეს ქალაქი. გარდა ამისა, სწორედ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად, აფხაზებმა შექმნეს მძლავრი სამხედრო პლაცდარმი - კოდორთან, აძიუბჟასა და ახალდაბაში, რითაც უკან დასახევი გზა მოუჭრეს სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობას, ხოლო ქართული ჯარი (ალყაში ჩავარდნის საფრთხით) აიძულეს აგრეთვე ასულიყო დალი-სვანეთში.
    მაშ «იგივე» როგორ მოხდებოდა? ვინ აიძულა საქართველო დაედო ეს დამღუპველი ხელშეკრულება, ვინ ჩასჩიჩინებდა დღენიადაგ ჩვენს პოლიტიკურ მოღვაწეებს ამ ხელშეკრულების აუცილებლობის თაობაზე? რა თქმა უნდა, რუსეთი და მისი ემისარი - ბორის პასტუხოვი, რომელსაც ახლა ყოფნის სინდისი (უფრო სწორედ, უსინდისობა) კვლავ «იშუამავლოს» საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
    სანამ ჩვენ არ გავიგებთ, სანამ არ მოვხვდებით, რომ რუსეთის «შუამავლობა», (ამ შუამავლობის აღიარება ჩვენს მიერ) ფაქტობრივად «დაჰყავი და იბატონეს» პოლიტიკის აღიარებას ნიშნავს - მანამ ვერც ერთი ნაბიჯით ვერ წავიწევთ წინ აფხაზეთისაკენ. რუსეთი სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს საქართველოსა და კავკასიაში. ხოლო «პოლიტიკური შუამავლობა», ისევე, როგორც შესაბამისი დიპლომატიური სპექტაკლი - მას მხოლოდ ჭეშმარიტ ზრახვათა შირმად სჭირდება.
    კავკასიის გარეშე, ჩვენს უშუალო მეზობლებთან საერთო ენის გამონახვის გარეშე, საქართველოს მომავალი არ გააჩნია - ეს შესანიშნავად ესმით კრემლში და, სამწუხაროდ, თითქმის არ ესმით ან არ სურთ გაიგონ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. მათ იმის დანახვაც კი არ უნდათ, რომ რუსეთის «შუამავლობამ» საქართველოს მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი უკვე თითქმის არა მხოლოდ ფაქტობრივად, არამედ იურიდიულადაც დააკარგვინა. თუ ასე გაგრძელდა, საერთაშორისო სამართალი სულ მალე იძულებული იქნება იურიდიული ნორმა ფაქტობრივად არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
    გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან ისევ და ისევ იმ დებულების აღიარებაში მდგომარეობს, რომ კავკასიაში ყოველგვარი წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ ობიექტურად ასუსტებს მის პოზიციებს და პირიქით - აძლიერებს საქართველოს პოზიციას. ამიტომ, ჩეჩნეთში რუსული იურისდიქციის აღდგენა კი არ უნდა გვიხაროდეს, არამედ პირიქით - უნდა დაგვამწუხროს, რადგან თუ გროზნოში ხელისუფლებას ავტორხანოვი ან ლაბაზანოვი (რუსეთის ლაქიები) დაეპატრონენ, მოსკოვი შეძლებს «შეკრას» ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ «გაწყვეტილი ჯაჭვი». ეს ჯაჭვი კი ერთნაირად ბორკავს ყველა კავკასიელ ხალხს, მთლიანად კავკასიას, რომლის თავისუფლება მხოლოდ ერთიანობით და თანხმობით, საერთო, ვერაგი მტრის წინააღმდეგ ძალთა გაერთიანებითაა შესაძლებელი.

«მსგეფსი», 28 სექტემბერი, 1994 წელი.