საერთაშორისო მიმოხილვა. 7 აგვისტო. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა.  7 აგვისტო. 2022 წელი

აფხაზეთის `პრეზიდენტმა`, ასლან ბჟანიამ განაცხადა: 2025 წლისთვის ისეთივე ხელფასები გვექნება აფხაზებს, როგორც რუსეთის კრასნოდარის მხარეში აქვთო. აფხაზეთში ხელფასები გაუთანაბრდება კრასნოდარის მხარეში ხელფასებსო.

აფხაზეთის ოპოზიცია მართლა დაეჭვდა: `ეს რას ნიშნავს, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას ხომ არ გვიპირებსო`.

იყო დრო (გასული საუკუნის 1970-იან წლებში) როცა აფხაზები მასობრივად ითხოვდნენ - კრასნოდარის მხარეს მიგვაერთეთო.

ბჟანია აშკარად გულისხმობს, რომ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე აფხაზეთი მთელს ენერგეტიკას გადასცემს რუსეთს, ხოლო ბიჭვინთის აგარაკს - პუტინს.

პირდაპირ არ უთქვამს ასე, თუმცა ამას გულისხმობდა უდავოდ.

იმიტომ, რომ ამ განცხადებამ გაიჟღერა ბობოქარი დისკუსიის კონტექსტში ბიჭვინთის მომავალზე.

. . . . . . . . . . . . . .

`სამხრეთ ოსეთის` თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვადიმ სიუკაევმა განაცხადა, რომ ცხინვალში არიან ქართულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ძალები და თუ რუსეთს `ფეხი დაუცდა` უკრაიანში, ეს ძალები საქართველოს ჯარს კვლავ შემოუძღვებიანო ცხინვალში.

ეს განცხადება გაკეთდა  2008 წლის რუსეთის აგრესიის 14 წლისთავის წინ.

. . . . . . . . . . . . . .

ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა ბაქოში: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ფაქტიურად დაბლოკა  რუსული პროპაგანდისტული რესურსი Спутник, რომელიც მუშაობს მთელს მსოფლიოში. მათ შორის, რასაკვირველია საქართველოშიც, თუმცა საქართველოში სათბურის პირობები აქვს.

აზერბაიჯანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Спутник-ის ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელმა (მარგარიტა სიმონიანია ხელმძღვანელი!) მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ოფისის ხელმძღვანელად დაენიშნა......ვინმე ვიტალი დენისოვი, რომელიც მანამდე ცინვალში მუშაობდა, სადაც რუსულ სპეცსამსახურებს ხელმძღავნელობდა.

დენისოვი ბაქოს ოფისში მომუშავე აზერბაიჯანელი  ჟურნალისტებისგან მოითხოვდა, ისეთი მასალები გამოექვეყნებინათ, რაც სომხეთის ინტერესებს გამოხატავდა და არა აზერბაიჯანის.

ამ ფაქტმა აზერბაიჯანელთა მოთმინების ფიალა აავსო.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ `ურჩია`, წამოვიდნენ რესურსიდან  და მათ გარეშე კი ზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეს რესურსი ვერ იმუშავებს რასაკვირველია.

. . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით `მესამე მსოფლიოს ქვეყანა` გახდა. ანუ აზია-აფრიკის ტოლფასი....

კომენტარი ალბათ ზედმეტია.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ზესახელმწიფოს სტატუსით სიამაყე ამერიკელებს `სისხლსა და გენებში აქვთ`, ამიტომ ამაზე უარეს ბრალდებას  ამერიკელი პოლიტიკოსი ვერ გააჟღერებს  უბრალოდ.

. . . . . . . . . . . . . .

რუსულ მედიაში სრული ისტერიკაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდებარე ტერიტორიის დაბომბვის გამო.

რუსები ამტკიცებენ, თითქოს დაბომბვა განახორციელა უკრაინის არმიამ ამერიკული HIMARS სისტემებიდან.

დაბეჯითებით ეს არავინ იცის.

როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად მთლიანად რუსული ჯარი აკონტროლებს.

რუსები აცხადებენ, რომ უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თუ ააფეთქებს ახლა HIMARS ამერიკული რაკეტებით, ევროპაში ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფაზე ბევრად უარესი კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ამერიკას დაეკისრებაო.

თითქოსდა ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა, მაგრამ იგი, სამწუხაროდ ბევრმა `სასარგებლო იდიოტმა` აიტაცა დასავლეთში.

რუსული პროპაგანდა იმიტომ `მუშაობს` და ხშირად შედეგიანიც იმიტომაა, რომ უბრალო ადამიანურ სისუსტეებს, მათ შორის შიშებს იყენებს.

მათ შორის საქართველოშიც.

. . . . . . . . . . . . . .

დიმიტრი მედვედევის მორიგი ფაშისტური განცხადება. უკიდეგანოდ თავხედური თან.

გუშინ მედვედევმა დააკომენტარა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში შეტანილი კანონპროექტი, რომლის თანახმად რუსეთის მთელი ქონება უკრაინის ტეროტორიაზე კონფისკებული იქნება, რუსეთს ჩამოერთმევა და უკრაინის სახელმწიფოს გადაეცემა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც რუსეთმა მიაყენა უკრაინას.

მედვედევი კი წერს: `ეგენი ქაღალდზე გვართმევენ რაღაცას, ჩვენი შეიარაღებული ძალები კი რეალურად, `მიწაზე` (On the graund) ართმევენო უკრაინას ქონებას`.

ანუ მედვედევი გულისხმობს, რომ რუსულმა არმიამ უკვე წაართვა უკრაინას რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის ქონება დონეცკში, ლუგანსკში, მარიუპოლში, შავმიწანიადაგიანი რეგიონების მოსავალი, პორტები, უნიკალური ინდუსტრია აღმოსავლეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (უდიდესია ევროპაში) და ა.შ და ა.შ.

ანუ, მედვედევი უკრაინელებს ეუბნება თავხედურად: `წერეთ და იკითხეთ; რა კანონებიც გინდათ ის მიიღეთ......ჩვენი არმია კი რეალურად გაგანადგურებთ და ყველაფერს წაგართმევთ, მათ შორის სახელმწიფოსაც. არა ქაღალდზე, არამედ რეალურადო`.

. . . . . . . . . . . . . .

ისრაელი ინტენსიურად ბომბავს ღაზას სექტორს, სადაც არაბები ცხოვრობენ.

ღაზას სექტორი არის პალესტინური ავტონომიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს ავტონომია იმ აზრით, რომ თვით ღაზას სექტორში ისრაელის არმია ან პოლიცია არ არის, თუმცა მის გარე საზღვარს ეგვიპტესთან და საზღვაო აკვატორიას მთლიანად ისრაელი აკონტროლებს. ამ მხრივ და ამ აზრით, ღაზა, მიუხედავად `ავტონომიისა`, ისრაელის ნაწილია.

პალეტინელი არაბები ღაზას სექტორიდან ხშირად ესვრიან რაკეტებს სახელად `კასამ` ებრაულ დასახლებებს, რომლებიც მახლობლად მდებარეობს.

ახლაც დაიწყეს სროლა, თუმცა რაკეტების დიდი ნაწილი ჰაერშივე გაანადგურა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელსაც ეწოდება `რკინის გუმბათი`. ვერც ერთმა `კასამმა` ებრაულ დასახლებებამდე ვერ მიაღწია.

მაგრამ ისრაელის პრინციპული პოზიციაა, უკვე მრავალი ათეული წელია, რომ ებრაელებს, რომლებიც სამხრეთ ისრაელში სახლდებიან, არ უნდა ეშინოდეთ იქ დასახლებისა, იმის მიუხედავად, კონკრეტული შეტევისას `არაბული რაკეტები` მიაღწევენ მათ სახლებამდე თუ ვერა.

ამიტომ ასეთ დაბომბვებს ისრაელი მუდამ პასუხობს უძლიერესი საჰაერო დაბომბვებით.

ამჯერადაც ისრაელმა, როგორც ყოველთვის, საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზას სექტორზე, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, 25 მშვიდობიანი არაბი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები

. . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ სოჭში ბოლო შეხვედრაზე პუტინთან, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მას შესთავაზა ვლადიმერ ზელენსკისთან სტამბულში შეხვედრის ორგანიზება. 

არაოფიციალური ცნობით, პუტინი დაეთანხმა იმ პირობით, თუ ეს არ იქნება `შეხვედრა - შეხვედრისთვის` და ხელი მოეწერება კონკრეტულ შეთანხმებას `ცეცხლის შეწყვეტის` შესახებ.

პუტინს ნამდვილად სჭირდება ახლა მცირე ხნით დასვენება. რუსული არმიაც გამოიფიტა. მერე კიდევ უფრო აგრესიულად გააგრძელებს შეტევას, მაგრამ ახლა მისი პროგრამა - მინიმუმი ანუ სახმელეთო გასასვლელი ყირიმზე და უკრაინის მოწყვეტა შავი ზღვიდან შესრულებულად მიაჩნია. მტავარია ზელენსკის ამაზე `ხელი მოაწერინოს` როგორმე - თუნდაც ვითომ `ცეცხლის შეწყვეტის` ფორმით

ფაქტიურად უკრაინამ უკვე დაკარგა, სამწუხაროდ, ზღვაზე გასასვლელი, რადგან მართალია რუსებმა ოდესა ვერ აიღეს, მაგრამ რუსულმა ფლოტმა მთლიანად დაბლოკა ყველა პორტი (ოდესის ჩათვლით) და მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერც ერთი გემი უკრაინის სანაპირზე ვერც შედის და ვერც გამოდის ამ პორტებიდან.

მაგალითია ხორბლით დატვირთული გემების გამოსვლა - მხოლოდ რუსების თანხმობით და მათი კონვოით.

დათანხმდება ამგვარ `ცეცხლის შეწყვეტას` ზელენსკი? საეჭვოა, რადგან მისი არმია დასავლეთის მეშვეობით მხოლოდ ძლიერდება, ხოლო უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთება მატულობს. რუსეთისგან განსხვავებით უკრაინას არ ეშინია მობილიზაციის გამოცხადებისა - დანაკარგის ასანაზღაურებლად.

 

სხვათა შორის, ერდოღანი რომ სულ უფრო და უფრო დიდი როლის შესრულებას ცდილობს, აქაა პასუხი კითხვაზე, რატომ არ ერევა რუსეთი აქტიურად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მხარეს და რატომ აცლის აზერბაიჯანის არმიას, სულ ახალი და ახალი დარტყმები მიაყენოს სომეხთს?

ბოლო დღეებში აზერბაიჯანმა კიდევ დამატებით ახალი სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავა მთიანი ყარაბაღის გარშემო.

მოსკოვი კი პასუხად დუმს, რაც უკმაყოფილებას და ზოგჯერ ისტერიას იწვევს ერევანში.

მოსკოვი ამ ყველაფერს ითმენს იმიტომ, რომ ძალიან სჭირდება თურქეთი მანევრისათვის უკრაინის ქეისში.

თურქეთი კი აზერბაიჯანის მოკავშირეა. აზერბაიჯანს თურქეთში აღიქვამენ `მეორე თურქეთად`, `უმცროს სისხლისმიერ ძმად`.

შესაბამისად, რუსეთის ნებისმიერი აქცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ აუცილებლად გამოიწვევს ერდოღანის განრისხებას და ის აღარ გამოვა პუიტინისთვის სასარგებლო ინიციატივებით ზუსტად იმ მომენტში, როდესაც რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება.

. . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი და საშიში რამ მოხდა გაეროში: ამ ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ ღია წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს, რომელმაც 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკის მიერ იაპონურ ქალაქ ხიროსიმას ატომური დაბომბვის მორიგ წლისთავზე მთელს მსოფლიოს მოუწოდა `უარი თქვან ატომურ იარაღზე და დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღდმეგ`.

ახლა დავაკვირდეთ რა პრეტენზიას უყენებს გაეროს გენმდივანს რუსი დიპლომატი: `რატომ არ ახსენეთ, რომ სწორედ ამერიკამ დაბომბა პირველად `მშვიდობიანი მოსახლეობა` ატომური ბომბითო`.

ათასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი პრეტენზია (თუ დიპლომატიური ენიდან `გადმოვთარგმნით`) ნიშნავს შემდეგს:

`1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკამ შექმნა(ო) პრეცედენტი, როდესაც დაბომბა იაპონია ატომური იარაღით(ო).  ამერიკამ პირველმა (!) გამოიყენა(ო) ატომური იარაღი დედამიწაზე. ამიტომ რაკი პრეცედენტი შექმნილია, ჩვენ თუ დაგვიჭირდა(ო), ჩვენც გამოვიყენებთ ატრომურ იარაღს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და განსახორციელებლად - უკრაინის  წინააღმდეგ(ო).`

ყველამ სწორედ ასე გაიგო და მუქარად აღიქვა. თუმცა პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ...... `გამჭვირვალე ქარაგმა იყო`.

`კოსოვოს პრეცედენტიც` ხომ გამოიყენეს ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` აღიარებისთვის?

. . . . . . . . . . . . . .

ტაილანდი აცხადებს, რომ ჩინეთის სამხედრო ფლოტმა დაიწყო `საშიში მანევრები`.

ჰაერშიც და ზღვაზეც უახლოვდება ტაივანის ნაპირებს და შესაძლოა აპირებდეს შურისძიებას იმის გამო, რომ ტაივანმა და ამერიკამ ჩინეთი დაამცირესო ნენსი  პელოსის ვიზიტით.