პოლიტიკოსები - სასარგებლო და აუცილებელი არამზადები

პოლიტიკოსები - სასარგებლო და აუცილებელი არამზადები

ზოგჯერ ვფიქრობ: რატომ არ არის ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი პოზიტიური და არა ნეგატიური დღის წესრიგი?

მერე ამ ემოციას ცოტა ჭკუას და გამოცდილებას რომ ვატან ვხვდები, რომ ეს ზოგადად, პოლიტიკის კანონია ყველგან და ყოველთვის, მით უმეტეს (!) დემოკრატიაში:

პოლიტიკა, ყველგან და ყოველთვის, ამერიკიდან - ავსტრალიამდე და ისლანდიიდან - არგენტინამდე (საქართველოს გავლით ) კეთდება არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური `ეჯენდით` და ნარატივით!

საკმარისია ვნახოთ როგორ ტარდება საარჩევნო კამპანიები თუნდაც ამერიკაში, თუნდაც საფრანგეთში, რათა ეს მარტივი მოცემულობა ვირწმუნოთ.

ქართულ სემანტიკას და ხალხურ მსოფლხედვას ხშირად ვაქებ იმიტომ, რომ ნამდვილად გენიალურია.
ბოლო 35 წლის მთავარი დასკვნა, ხალხურ გამონათქვამში გამოხატული, ესაა: `პოლიტიკა ბინძური საქმეა!`.

ასე ფიქრობს ხალხი ნამდვილად! ხალხზე გაბრაზება კი იდიოტიზმია. მით უმეტეს საკუთარ ხალხზე.
. . . . . . . . . . . . . .
ოღონდ აქ არის სწორედ ის `კორელანტი`, ის კვანძი, რომელიც პრობლემის არა მხოლოდ ახსნის, არამედ გახსნის საშუალებას მოგვცემს.

პოლიტიკის ბინძური (თუმცა შეუვალი და განუხრელი) კანონების მიუხედავად, , რატომ `მუშაობენ` ნორმალურად დემოკრატიები იმავე ამერიკაში, იმავე საფრანგეთში თუ ახალ ზელანდიაში? რა კარდინალური სხვაობა არსებობს საქართველოსთან?

ის, ბატონებო, რომ ჩვენგან განსახვავებით იქ ადამიანებს არა აქვთ... მასობრივი ემოციური ბმა პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან!

და ნაცვლად ამ პათოლოგიისა, აქვთ მხოლოდ პრაგმატული, ჯანსაღი, ცივი, კალკულირებადი დამოკიდებულება;
აი ზუსტად ამიტომაც ააშენეს ფუნქციონირებადი, კონსოლიდირებული დემოკრატიები ანუ დემოკრატიული სახელმწიფოები.

ესაა კარდინალური, ფენომენალური განსხვავება საქართველოსთან: ჩვენში ერთის მხრივ ითვლება, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ იმავდროულად არსებობს უცნაური და ლამის მასობრივად პათოლოგიური ემოციური ბმა (ნეგატიური ან პოზიტიური, ამას არა აქვს მნიშვნელობა) პოლიტიკასთან და ამა თუ იმ პოლიტიკურ მხარესთან, ან პოლიტიკოსთან.

მარტივი მარკერი კითხვის სახით: მასობრივად ვინ უყურებს პოლიტიკურ `თოქ-შოუებს` ამერიკაში ან იმავე საფრანგეთში? ნაწილობრივ გარდა უშუალოდ საარჩევნო კამპანიისა, როცა პრაგმატული, კალკულირებადი არჩევანია გასაკეთებელი? უყურებენ მასობრივად გასართობ გადაცემებს, კონცერტებს და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . .
როგორი იქნებოდა ჯანსაღი დამოკიდებულება პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან?

მაგალითად: შეიძლება თუ არა გძულდეს ადვოკატი, როგორც ასეთი? მაშინ, როცა ის თუნდაც ნამდვილად დამნნშავეს იცავს?
არა ეს არ არის ნორმალური, იმიტომ რომ კრიმინალის დაცვა მისი სოციალური ფუნქციაა. მოქმედებს დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებში, მაშასადამე საკუთარ ინტერესებშიც - კუთვნილი ხელფასი უნდა აიღოს

შეიძლება გძულდეს პროკურორი? არა, იმიტომ, რომ ისიც მის სოციალურ ფუნქციას ასრულებს.
ჰოდა ამიტომ ზის იქ 12 ნაფიცი, - მიიღოს გადაწყვეტილება უემოციოდ, მხოლოდ არგუმენტთა შეწონვა/შეფასებით.

თუ გახსოვთ 2018 წელს საქართველოში რა საზარელი არჩევნები ჩატარდა - რამდენი ქაქი ესროლეს ერთმანეთს მხარეებმა? ჰოდა... ვერც კი შევადარებ იმ სიბინძურეს, როგორც ტარდება განსაკუთრებით საპრეზიდენტო კამპანიები ამერიკაში! ვერც კი შევადარებ მეთქი.

და რა მერე? უყურებენ ამერიკელები (აბსოლუტურ უმრავლესობას ვგულისხმობ და არა პასსიონარულ უმცირესობას, რომელიც ყველგანაა) ამ ყველაფერს გულგრილი მხრების აჩეჩვით, დამცინავი ღიმილით, ცივი ლუდის წრუპვით, მერე მიდიან არჩევნებზე და აკეთებენ მარტივ, რაციონალურ, კალკულირებად (ანუ მისთვის გათვლად და დათვლად) არჩევანს.

დიახაც ესაა ელექტორალური დემოკრატია: ნეგატიური და არა პოზიტიური ნარატივი, ნეგატიური და არა პოზიტიური დღის წესრიგი!
ანუ... ლამაზი და კეთილშობილი სურათების ხატვა კი არა, ლამაზი და კეთილშობილი ნარატივი კი არა `გვიყვარდეს ერთმანეთი`---სლუკუნით.....პოზიტიური პროგრამების გამოქვეყნება კი არა (ეს ყოველივე კეთდება რასაკვირველია, მაგრამ მხოლოდ პოლიტკორექტული `თამაშის წესის` დასაცავად და ანტურაჟისთვის`) არამედ, დიახაც სიბინძურის ნთხევა და ქაქის სროლა მოწინააღმდეგისთვის.

ესაა პოლიტიკა და მისი მრისხანე კანონი!
სხვაგვარად აუცილებალდ წააგებ.

ქართული პოსტსაბჭოუირი მენტალობა, რომელსაც, გაგიკვირდებათ და კომუნისტებმა, ასევე მათმა ე.წ. `ინტელიგენციამ` ჩაუნერგა მორალური რელატივიზმის მიუღებლობა/ზიზღი, ისევე როგორც სამყაროს ძირეული კეთილშობილებისა და გარდაუვალი საბოლოო სამართლიანობის რწმენა, ამ ცივ და `უსისხლო` რეალობას ვერ ეგუება!
აი აქ არის მთავარი კვანძი.
ანუ არ არსებობს ჯანსაღი დამოკიდებულება პოლიტიკის და პოლიტიკოსების მიმართ.

არ ესმით ქართველებს მასობრივად, რომ ეს სიბინძურე (მათ შორის პროვოკაციები, `გოთვერნობა`, სისასტიკე, დაუნდობლობა, ტყუილი, სიფლიდე, ჩასაფრება, მიხდომა, მოხდომა....და ა.შ) პოლიტიკის იმმანენტური, განუშორებელი კანონია და არა კონკრეტული პოლიტიკოსის თვისება.

კარგი პოლიტიკოსი ის არის, ვინც მეტი გოთვერანია.
ქართველს, ზემოთხსენებული მიზეზით, ამას მასობრივად ვერ აუხსნი. თუ თვითონ ვერ მიხვდა და არ ესმის, ვერ აუხსნი.

და სანამ ასეთივე (ანუ დასავლური) ჯანსაღად ცივი და ჯანსაღად ცინიკური დამოკიდებულება/აღქმა არ გვექნება ზოგადად, პოლიტიკის და პოლიტიკოსების , როგორც` საჭირო და აუცილებელი არამზადების` მიმართ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება: ვირბენთ ამ 32 წლიან წრეზე - ბორბალში შეშვებული ციყვებივით
. . . . . . . . . . . . . .
ვინც არ მეთანხმებით, ყველას პატივს გცემთ, თუმცა გირჩევთ ახლა თვალი მიადევნოთ რა ბინძური წუმპე დატრიალდება ამერიკაში 2022-2024 წლის საარჩევნო ციკლისას, რომელიც უკვე დაიწყო - კონგრესში ტრამპის საწინააღმდეგო Hearing-ით.

კეთილშობილება და უბიწობა არა კვატი!
პოლიტიკა ბინძური საქმეა!
ხოლო პოლიტიკოსები - აუცილებლად და სასიცოცხლოდ საჭირო, სასარგებლო არამზადები.

დათო