საერთაშორისო მიმოხილვა. 8 თებერვალი. 2025 წელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, ვინც დონალდ ტრამპს შეხვდა თეთრ სახლში ტრამპის 47-ე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
დიპლომატიის ენა უეჭველად „თარგმნის“ ამ გარემოებას, როგორც ვაშინგტონის და მისი საპრეზიდენტო ახალი ადმინისტრაციის აბსოლუტურად ეჭვმიუტანელ და შეუდარებელ საგარეო პრიორიტეტს.
ზელენსკის როდის შეხვდება ტრამპი ჯერ ზუსტად არავინ იცის.
შეხვდება რასაკვირველია, მაგრამ ახლადარჩეული პრეზიდენტის რანგში როდის არგუნებს აუდიენციას, ამაზე მხოლოდ მსჯელობენ ჯერ. სხვადასხვა თარიღი სახელდება.
უმალვე, თეთრ სახლში ტრამპ-ნეტანიაჰუს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ისრაელს გადასცემს 7 მილიარდი დოლარის შეიარაღებას, მათ შორის „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტებს.
ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელმა ყველაფერი მიიღო ტრამპისგან რაც სურდა.
მაგალითად, კომპეტენტური და ინფორმირებული წყაროები იტყობინებიან, რომ ებრაელმა ლიდერმა ვერ მიიღო ისეთი იარაღი, რაც ირანზე შედეგიანი დარტყმის საშუალებას მისცემს.
„შედეგიანში“ იგულისხმება ისეთი ღრმადმწვდომი ბომბები და რაკეტები ასევე ავიაცია, რომელიც „ცახალს“ (ისრაელის არმიას) შეუქმნიდა შანსს, ირანის მიწისქვეშა ლაბორატორიები დაებომბა მათი ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგებით.
ჯერ გაურკვეველია, როდის მიაწვდის ან მიაწვდის თუ არა საერთოდ ტრამპი ისრაელს 50 ერთეულ F-15 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.
არ აგვერიოს F-16-ში. განსხვავება ზუსტად ისაა, რომ F-15 ე.წ. „მძიმე საავიაციო კომპლექსებს“ განეკუთვნება. ფაქტობრივად ბომბდამშენია და ზუსტად ირანის წინააღმდეგ სჭირდება ისრაელს;
თუმცა ტრამპი ცდილობს ბალანსირებას და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ ოსტატურადაც: „პირველი თქვენ შეგვხდით ხომ? მეტი რაღა გინდათ ძვირფასო ებრაელო ძმებო და დებო, პატივცემულო ებრაულო ლობი ამერიკაში? 6 მილიარდის იარაღი......“
სამაგიეროდ მიაწოდა 2 ტონიანი ბომბები, რომლებიც ისრაელის არმიას სჭირდება ღაზაში ყველაფრის დასანგრევად, თუკი რამ ჯერ არ არის იქ დანგრეული 7 ოქტომბრის ტერორისტულ აქტზე პასუხისას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
საოცრება ხდება დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკულ ბიუროკრატიაში ანუ Deep state-ში.
მეინსტრიმულმა მედიამ, რომელიც ტრადიციულად ტრამპის ოპონენტია, მოიპოვა FBI ანონიმური საშუალო დონის თანამშრომლის წერილი, რომლითაც იგი კოლეგებს, ესე იგი FBI ასეულობით თანამშრომელს აფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, მის „ბულდოზერის“ სტილში, რომლითაც იგი გაუსწორდა USAID-ს და 10 000 თანამშრომლიდან სამასიოდე დატოვა, ისიც „საქმეების გადასაბარებლად“ მხოლოდ, ახლა მიადგება FBI-ის იმ თანამშრომლებს, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს, ტრამპის მომხრეთა კონგრესის შენობაში შეჭრის საქმეებს იძიებდნენ და ათასობით ადამიანი ციხეში გაუშვეს ამ ბრალდებით, მერე განაჩენით.
ანონიმური ავტორი წერს, რომ ტრამპი აპირებს მათზე შურისძიებას, რადგან ეს საქმე მხოლოდ პრეზიდენტის მომხრეებს კი არ ეხებოდათ, არამედ საბოლოოდ კვალი თვით ტრამპთან მიდიოდა და მას აბრალებდნენ „მოწოდებას ძალადობისკენ“
დონალდ ტრამპს კი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკუთარ სისხლის სამართლის საქმეებზე უხდებოდა რეაგირება, არაერთგზის უთქვამს, რომ არანაირი მოწოდება არ გაუკეთებია.
მართლაც, მას არ მოუწოდებია სადმე „შევვარდეთო“. უბრალოდ......როდესაც კაპიტოლიუმზე, კონგრესის შენობასთან ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, განცხადებები გააკეთა „არჩევნები ნაძირლურად მომპარესო“ და თეთრი სახლის იმდროინდელი სტაფერების მოწოდება არ იღო ყურად: „მოუწოდე რომ არსად შევარდნენო“.
თავისთავად, ლეგენდარული FBI რომ ასეთი სკანდალის „პლატფორმა“ ხდება, ამერიკის სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, რადგან ეს საგამოძიებო უწყება ამერიკაში ტრადიციულად უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.
თუმცა „ბულდოზერმა“ ტრამპმა ამგვარი ავტორიტეტები, რენომეები, რეპუტაციები უამრავი დაანგრია და აგრძელებს მათ ნგრევას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი მრავალწლიანი ამერიკული ტრადიციაც დაარღვია: აკრძალა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინფორმირება იმ მნიშვნელოვან აქციებზე და გადაწყვეტილებებზე რაც ამერიკის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას ეხებოდა და მედიით შესაძლოა არ გაშუქებულიყო.
ეს აბსოლუტურად უწყინარი ტრადიცია იმიტომ ჩამოყალიბდა ამერიკაში 1950-იანი წლებიდან, რომ იქ „ყოფილი პრეზიდენტები“ შეიძლება ითქვას არ არსებობენ: ანუ „პრეზიდენტი ობამა“ „პრეზიდენტი კლინტონი“ „პრეზიდენტი ბუში“ (და არა „ექს-პრეზიდენტი“) მუდამ მონაწილეობენ საჯარო ცხოვრებაში, სოციალურად აქტიურები არიან, ზოგჯერ მათ სთხოვენ იყონ Envoy - წარმომადგენელნი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კრიზისების გადაწყვეტისას და ა.შ.
თუმცა ტრამპმა აკრძალა მათი „ბრიფინგირება“ და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ბაიდენისადმი, რომელმაც კინაღამ ციხეში ჩასვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაავალდებულა, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება USAID ათასობით თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
ეს მითითება ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება სხვა მითითება მისცეს ტრამპს: შეინარჩუნოს ამ უწყების დ ა ფ ი ნ ა ნ ს ე ბ ა 40 მილიარდი დოლარით ყოველწლიურად.
პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე არც ერთი ცენტი ბიუჯეტიდან არ (ვერ) დაიხარჯება და ის თანამშრომლები თუ ხელფასს ვერ მიიღებენ.......მაშინ თანამდებობებზე და პოსტებზე მათი დარჩენა რა ბედენაა?
აქ იკვეთება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: რამდენად შეძლებს ტრამპი იმავე Deep state-ის ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტის წინააღმდეგობის გადალახვას ამ თავისი გრანდიოზული ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებისას, როგორიც სასამართლოა და რომელსაც ამერიკაში ყველაფერი არა, თუმცა ძალიან ბევრი რამ ძალუძს.
დონალდ ტრამპი რომ მთავარი „ნიუსმაიკერია“ დღეს, გვაიძულებს უპირატესად მის ნაბიჯებს დავაკვირდეთ: გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც გ ა რ ე კ ა ბორდი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციისა John F. Kennedy Center for the Performing Arts და...... საკუთარი თავი დანიშნა ბორდის თავმჯდომარედ იმ მოტივით, რომ ეს ორგანიზაცია „არ აცნობიერებდა“ უფრორე ვიდრე „ვერ აცნობიერებდაო“ ამერიკული კულტურის ოქროს ხანის მნიშვნელობას“
......და არ უწყობდაო ხელს მის პოლიტიკას Make America Great Again.
„ჩემს შეხედულებებს არ იზიარებენ კულტურისა და ხელოვნების სფეროშიო“.
კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა!
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის კენედის ძმის შვილი, რობერტ კენედი-უმცროსი ამ დროს დონალდ ტრამპის გუნდის წევრია. თან რიგითი წევრი როდია - ერთ-ერთი იდეოლოგია.
ანუ „ბულდოზერის“ სტილი ხელოვნებასაც „მიადგა“ ახლა.
ჰოლივუდს დაინდობს?!!
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ებრძოდა ჰოლივუდის შემოქმედებითი ელიტა?
აკი „მერილ სტრიპები“ და „რობერ დე ნიროები“ სულ გარეწარს და ძაღლისშვილს ეძახდნენ პირველი პრეზიდენტობის დროსაც და მეორე საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც!
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ბევრმა არ იცის არც საქართველოში და არც მთელს მსოფლიოში, ვინც ამერიკულ ფილმებს უყურებს პლანეტაზე: თითქმის ყველას ჰგონია, რომ ჰოლივუდი მთლიანად დამოუკიდებელია ამერიკის ბიუჯეტისგან, არავინ მის საქმეში სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არ ერევა....და ა.შ. და ა.შ.
არ ერევა იმ აზრით, რომ ცენზურა რასაკვირველია გამორიცხულია გარდა სოციალური ცენზურისა, როგორიცაა ავაზაკობის, პედოფილიის, ბოროტების ზეიმის გამართლება და ა.შ
მაგრამ ამერიკის სახელმწიფოს უუუუუამრავი პროექტი დაუფინანსებია ჰოლივუდში და ზოგ ბლოკბასტერშიც კი ჩანს ამგვარი „კუდები“, როდესაც პლანეტარული მნიშვნელობის ფილმებში „გამოკრთებოდა“ ხოლმე „თეთრი სახლის“ აჩრდილი.
ბუნებრივია ვგულისხმობ პოპულარულ ფილმებს. მასობრივ კინოპროდუქციას და არა მაღალი ხელოვნების ნიმუშებს, შედევრებს, რასაც დიდი ამერიკელი რეჟისორები ქმნიან: ტარანტინო, სპილბერგი და სხვები.
დონალდ ტრამპმა თავის „თუითს“, ბორდის გარეკვის შესახებ დაურთო: “We will soon announce a new Board, with an amazing Chairman, DONALD J. TRUMP.” ანუ „ყალბი თავმდაბლობის გარეშე“ - თავად წერს: „გადასარევი ახალი თავმჯდომარე ეყოლება ახალ ბორდს: დონალდ ტრამპი!“
კომენტარი ზედმეტია.
ამერიკა ახალ ეპოქაში შევიდა.
ეს უკვე სხვა ქვეყანაა!
უკეთესი და უარესი - ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ სხვა.