ხელისუფლება და ძალაუფლება

ხელისუფლება და ძალაუფლება - ეროვნული მოძრაობა

ხელისუფლება და ძალაუფლება

ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველსავე სხდომაზე მუხრან მაჭავარიანმა საზეიმო ტონით განაცხადა: «გამოვხატავ რა ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, შემომაქვს წინადადება, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ არჩეულ იქნას ზვიად გამსახურდია».
    ამ წინადადებას დარბაზი მქუხარე ოვაციით შეხვდა. ყველანი ფეხზე წამოდგნენ. ზვიადს კომუნისტურმა ფრაქციამაც მისცა ხმა - შემდგომში ეს ფაქტი ოპოზიციის ერთ-ერთ არგუმენტად იქცა. გამსახურდიას არჩევის წინააღმდეგი მხოლოდ «დემოკრატიული საქართველოს» სიით მაჟორიტარულ ოლქებში გასული რამდენიმე დეპუტატი აღმოჩნდა. სწორედ მათ შეადგინეს ნამდვილი საპარლამენტო ოპოზიცია.
    «საქართველოს რესპუბლიკამ» გამოაქვეყნა უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელთა ფოტო: ზვიად გამსახურდია, კაკო ასათიანი და ნემო ბურჭულაძე დარბაზში საქართველოს ჰიმნის შესრულებისას პრეზიდიუმში ფეხზე დგანან და მარჯვენა მუშტი მხრის სიმაღლეზე აქვთ შემართული. 30-იანი წლების გერმანელ სოციალ-დემოკრატთა ეს ჟესტი, როგორც მოგასენეთ, აბსოლუტურად არათვისებრივი და არატრადიციული იყო საქართველოსა და ქართული კულტურისათვის. ამდენად, გაუგებრობისა და ქვეცნობიერი თუ ცნობიერი გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევდა.
    პირველი, რაც ზვიად გამსახურდიამ გააკეთა, იყო ძალზე ცინიკური, მაგრამ რაციონალურად და პოლიტიკურად სავსებით მიზანშეწონილი დემარში: მან, თემურ ქორიძის მეშვეობით, დადგა სპექტაკლი უზენაესი საბჭოს სხდომაზე და სულ ადვილად მოახერხა გივი გუმბარიძის დისკრედიტაცია: თემურ ქორიძემ ცკ-ს პირველ მდივანს ბრალად დასდო უმაღლეს სასწავლებლებში «ოროსნების ჩარიცხვა».
    საქმე ის გახლავთ, რომ 9 აპრილის შემდეგ, კომუნისტური ხელისუფლება ხალხის გულის მოლბობას ყოველგვარი ხერხით ცდილობდა: 1989 წლის ზაფხულში, ჩვეული «საგამოცდო ციებ-ცხელების» დროს, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხეს არა მხოლოდ ისინი, ვისაც 18,5 ქულა (ანუ, ე.წ. «გამსვლელი ქულა») ჰქონდა, არამედ «18 ქულიანებიც». ამან «17 ქულიანების» განაწყენება გამოიწვია. შემდეგ «16 ქულიანებმაც» თქვეს: ჩვენ რა დავაშავეთო, «15 ქულიანებმაც» და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ გამოცდებში ჩაჭრილი აბიტურიენტების მშობლებიც მართავდნენ დემონსტრაციებს მათი შვილების ჩარიცხვის მოთხოვნით.
    კომუნისტებს თითქოს კარგის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი აქციის მოწყობისას ამ საზოგადოების ზოგადი კულტურა უნდა გაითვალისწინო. წინააღმდეგ შემთხვევაში უკუშედეგს მიიღებ.
    თუმცა, იმ კონკრეტულ სხდომაზე ზვიად გამსახურდიასათვის ეს მხოლოდ საბაბი იყო.
    გივი გუმბარიძემ სცადა თემურ ქორიძესათვის პასუხი გაეცა, მაგრამ უზენაესი საბჭოს ახლადარჩეულმა თავჯდომარემ მას მიკროფონი გამოურთო. აი, სწორედ მაშინ (როცა ყოფილმა დისიდენტმა - ცკ-ს პირველ მდივანს მიკროფონი გამოურთო) და არა თვით 28 ოქტომბერს, დამთავრდა კომუნისტური ხელისუფლების ეპოქა საქართველოში.
    თავსლაფდასხმული გუმბარიძე ორიოდე დღის შემდეგ გადადგა პირველი მდივნის თანამდებობიდან. კაცმა რომ თქვას, მასზე ახიცაა: ჰქონდა საშუალება, ჩაეტარებინა მარტის არჩევნები (1990 წელს), რომელშიც გამსახურდია მონაწილეობას არ მიიღებდა, მაგრამ «საზოგადოებრივ აზრს» გაუწია ანგარიში.
    კვლავ და კვლავ ვიმეორებ: მტკნარი სისულელეა, თითქოს მან წინასწარგანზრახულად დაუთმო ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას. სინამდვილეში მან საზოგადოებას დაუთმო არჩევანის უფლება, თორემ უფრო ცინიკურად და მტკიცედ რომ ემოქმედა (მარტის არჩევნები ჩაეტარებინა «საბჭოური სისტემით») - ქვეყანას ბევრ უბედურებას ააცილებდა თავიდან. ესეც, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკაში გულჩვილობა და შემწყნარებლობა სიბრიყვისა და უნიათობის სინონიმია.

    ნოემბერშივე, უზენაესი საბჭოს სესიის მიმდინარეობისას, კახეთის «მხედრიონმა» დაიწყო შეტევა ადგილობრივ მილიციაზე. მხედრიონელები თავს ესხმოდნენ რაიონულ განყოფილებებს, სცემდნენ თანამშრომლებს, ართმევდნენ იარაღს, ათავისუფლებდნენ პატიმრებს და ა.შ. მილიციის ამგვარი გაბითურება თითქოს თანაგრძნობას არ იწვევდა, ვინაიდან მილიცია არანაკლებ გახრწნილად და კორუმპირებულად ითვლებოდა. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ, დღემდე არ აკლდება დამაჯერებელი მხედრიონის ლიდერთა არგუმენტს: მხედრიონში თუ დამნაშავეები არიან, რა, განა პოლიციაში არ არიან კრიმინალები და მექრთამეები?
    ეს სპეციფიურად «ქართული» არგუმენტია, რომელიც თავში აზრადაც არ მოუვიდოდა არც ერთ მაფიოზს და განგსტერს არა თუ ამერიკაში, არამედ რუსეთშიც.
    უზენაესი საბჭოდან, «მხედრიონის დასაშოშმინებლად», დელეგაცია გამოაგზავნეს ჭადრაკის სასახლეში (მხედრიონის შტაბ-ბინაში).
    ჯაბა იოსელიანმა «დელეგატები» ცივად მიიღო. დეპუტატ მამა არჩილსაც მკაცრად შეუღრინა: «რას მიედ-მოედები, რა აბელი, რის კაენი?»
    არჩევნების შედეგად უზენაესი საბჭოს გარეთ დარჩენილი «პოლიტიკოსები» მხედრიონელებს ცალყბად ტუქსავდნენ: მართლები კი ხართ ბიჭებო, მაგრამ არ გინდათ, მილიციას მთლად ასე ნუ დაარბევთ: ერთი-ორი წუთაქეთ, საკმარისიაო.
    ე.წ. «კონგრესი» მხედრიონთან ერთობლივ სხდომებს მართავდა, თუმცა, მცირე ხნით ადრე, მათ შორის არც თუ შეხმატკბილებული ურთიერთობა იყო. შეგახსენებთ, მაგალითად, ირაკლი წერეთლის მრისხანე განცხადებას («ფორუმის» ერთ-ერთ სხდომაზე): «მხედრიონში იგრძნობა აგდებული დამოკიდებულება ეროვნული მოძრაობის მიმართ!». მაგრამ შემდეგ, მენტალურმა იდენტურობამ მაინც თავისი გაიტანა.
    იგივე «კონგრესი» უკანასკნელ თავშესაფრად იქცა უზენაესი საბჭოს არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკანებისათვის, რომლებიც შვებით აცხადებდნენ: «მადლობა ღმერთს, კიდევ კარგი, აირჩა კონგრესი!»
    მართლაც «კიდევ კარგი», თორემ კონგრესი რომ არ არჩეულიყო, რა ეშველებოდათ საბრალოთ?

    გივი გუმბარიძის გადადგომის შემდეგ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ახალ პირველ მდივნად ავთო მარგიანი აირჩია. ნიშანდობლივია, რომ დაჟინებით სთხოვდნენ «პირველ მდივნობას» როინ მეტრეველს, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს - «ელიტარულ ინტელიგენციას» კომუნისტებზე უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ამიტომ სხვებიც ცივ უარზე იყვნენ, თორემ აბა სამიოდე წლით ადრე შეეთავაზებინათ?!
    ქართველი კომუნისტების უნიათობაზე ისიც მეტყველებს, რომ პლენუმზე, ცოტას გაწყდა, პარტიას კინაღამ «ეროვნულ-სოციალისტური» დაარქვეს. კიდევ კარგი, ხუთას კაცში აღმოჩნდა გონიერი ადამიანი (თუ არ ვცდები, დევი სტურუა), რომელმაც იყვირა: «რას ჩადიხართ, სულ ხომ არ გამოთაყვანებულხართო».

    უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ ზვიად გამსახურდიას არჩევის მეორე თუ მესამე დღეს, გაზეთ «Советская россия»-ში გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ. რუსმა კორესპონდენტმა ნადეჟდა გარიფულინამ ინტერვიუს კომენტარი არ დაურთო, - ამ ინტერვიუს კომენტარი არ სჭირდებოდა.
    ზვიად გამსახურდია, მაგალითად, აცხადებდა: «Негрузинское население размножается с катастрофичесской быстротой». იყო სხვა «საინტერესო» პასაჟები, რომელთაც კომენტარი აგრეთვე არ სჭირდებოდა და წაკითხვის შემდეგ ნორმალურ ადამიანს თმები ყალყზე დაუდგებოდა. ეს ინტერვიუ აღმოჩნდა პირველი სიმპტომი იმისა, რომ ინფორმაციულ ომში საქართველოს სრული კრახი გარდაუვალი გახდა.
    საერთოდ, ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენციაზე დასწრება ნამდვილი ტანჯვა იყო. სულ იმის შიში გქონდა ადამიანს, რომ აი ახლა, ეს ჩვენი საამაყო პრეზიდენტი რაღაც საშინელებას იტყოდა. ერთ-ერთი ასეთი ოდიოზური პრეს-კონფერენციის შემდეგ, ფინელი ჟურნალისტი ქალი მეუბნება: «Ну я конечно знала что ваш президент человек экстравагантный, но то что он такой дураааак….»
    გამსახურდიას მოწინააღმდეგეები ყოველივეს «ინტელექტის ნაკლებობით» და «სიგიჟით» ხსნიან. მაგრამ ეს ძალზე გამარტივებული და ცალმხრივი ახსნაა.
    სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, არსებობდა სხვა მიზეზებიც. კერძოდ, მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორი: გამსახურდიას ყოველთვის უწევდა მტკიცება («კონგრესმენებისათვის»), რომ კრემლთან არ იყო «შეკრული». ამიტომ, იძულებული ხდებოდა რადიკალური, უკომპრომისო განცხადებები ეკეთებინა, მაგრამ ამასაც თავის ტექნოლოგია აქვს, რომელსაც გამსახურდია არ ფლობდა. შედეგად, საშუალებას აძლევდა კრემლის საინფორმაციო მანქანას, საქართველოს ხელმძღვანელისაგან «ოდიოზური ფიგურა» შეექმნა - მთელი მსოფლიოსა და სხვა მოკავშირე რესპუბლიკათა ელიტების საფრთხობელად.
    ზოგადად, რადიკალური ტონი, უკომპრომისო განცხადებები არ შეიძლება ქვეყნის ლიდერის სასაუბრო სტილი იყოს, ვინაიდან ამგვარი ტონი მას იმთავითვე წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. ოღონდ გამსახურდიამ ისიც კარგად იცოდა, რომ მის განცხადებებსა და ინტერვიუებს, თითოეულ სიტყვასა და აქცენტს ოპოზიცია («ჩასაფრებული კონგრესმენები») «გამადიდებელი შუშით» აკვირდებოდა. მით უმეტეს, «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას» მაშინ ჯერ კიდევ მტკიცედ სწამდა, რომ არსებობს «გამსახურდია - შევარდნაძის ალიანსი».
    მეორეს მხრივ, გამსახურდიას «რადიკალური და უკომპრომისო» განცხადებების ტრანსფორმირება ოდიოზურ გამონათქვამებად КГБ-ს შესაბამის განყოფილებათა გამოცდილ მუშაკებს არ გაუჭირდებოდათ. საკმარისი იყო ერთი სიტყვის შეცვლა, აქცენტის გადაადგილება, კონტექსტის გაბუნდოვანება, რომ ფრაზის შინაარსი თითქმის მთლიანად იცვლებოდა. ასეთი ტექნოლოგიის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამჯერად მხოლოდ ერთიც საკმარისია: უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ არჩევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზვიადმა «სამაჩაბლოში» არსებული ვითარების შესახებ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ჰოლანდიურ გაზეთს. ჟურნალისტის კითხვაზე, რით ხსნიდა იგი ოსური მისახლეობის განწყობას საქართველოს წინააღმდეგ, მან უპასუხა (ინგლისურად): «მოგეხსენებათ, ეს ძირითადად სოფლის მოსახლეობაა, მათ ბევრი რამ არ იციან, არ ესმით, ამავე დროს, კრემლის გამოცდილი პროვოკატორები ოსურ მოსახლეობას აშინებენ, საქართველოს წინააღმდეგ განაწყობენ და ჭკვიანურად იყენებენ».
    თითქოს ამ ფრაზაში შოვინისტური არაფერია, მაგარამ «Комсомольская правда»-მ იგივე ფრაზა ასეთნაირად მიაწოდა მკითხველს: По словам Гамсахурдия, в интервью голандской газете, «осетины дикий и необразованный народ – умные люди легко могут ими управлять».
    ეს რა თქმა უნდა გამსახურდიას უნიჭობას ვერ ამართლებს.
    როდესაც ასეთი არგუმენტაცია მოგყავს ზვიადის მოწინააღმდეგესთან საუბარში, იგი ღიზიანდება და სავსებით მართებულად გეკითხება: «დავუშვათ კრემლის საინფორმაციო მანქანა მართლაც აყალბებდა ფრაზებს ან მანიპულირებდა სიტყვებით, რათა მისი დისკრედიტირებისათვის მიეღწია. მაგრამ რატომ ვერ მიაღწია იგივეს ლიტვაში? რატომ ვერ შესძლო ასეთივე ხერხებით (ვთქვათ) ვიტაუტას ლანდსბერგისის დისკრედიტირება?»
    ვერაფერს უპასუხებ ძალიანაც რომ გინდოდეს. ან ერთ-ერთი შესაძლო პასუხია: იმიტომ, რომ ლიტვაში პოლიტიკურად აქტიური სოციუმი არ მოითხოვდა ლანდსბერგისისაგან «უკომპრომისობის» ყოველდღიურ დადასტურებას. იქ სხვა საზოგადოებრივი ატმოსფერო, ზოგადი კულტურის სხვა დონეა.
    ზვიად გამსახურდია, უდავოდ რთული ფსიქიკის ადამიანი იყო, არც პოლიტიკურ ხელოვნებას ფლობდა (დისიდენტობა და პოლიტიკოსობა ერთი და იგივე არ არის). მაგრამ დავუშვათ მას უფრო ზომიერი და გაწონასწორებული განცხადებები გაეკეთებინა. იმავე კონგრესისათვის ეს იქნებოდა ურყევი საბუთი, რომ «გამსახურდია საბოლოოდ შეეკრა კრემლს», ანუ «შევარდნაძე - გამსახურდიას ალიანსი მოქმედებს».
   
   

    უზენაეს საბჭოში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ფაქტი მოხდა: ტელევიზიის თანამშრომლებმა ახალი თავჯდომარე არ მიიღეს და ობსტრუქცია გაუმართეს.
    ზვიად გამსახურდიას მთავრობას არ სურდა გაეთვალისწინებინა ის, რასაც კომუნისტებიც კი ითვალისწინებდნენ: ქართული ელიტა მცირე ელიტარული ჯგუფებისაგან შედგებოდა, რომელთაც მკაცრი იერარქია და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიმართებები აკავშირებდათ. ყველაზე მკაფიო მაგალითი, ამ თვალსაზრისით, სწორედ ტელევიზია გახლდათ.
    არჩევნებში გამარჯვებულ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა უფლება, დაენიშნა, ვთქვათ, ვინმე კვანტალიანი ტელერადიოკომიტეტის თავჯდომარედ, მაგრამ თვით ამ ორგანიზაციის «მცირე ელიტისათვის» (იქაც ხომ არსებობდა იერარქია) ეს კანდიდატურა მიუღებელი იყო, ვინაიდან იგი არ განეკუთვნებოდა არც ადგილობრივ, არც ზოგად ელიტარულ დაჯგუფებას – მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში მუშაობდა. მაგრამ ასე ტელევიზიაში კიდევ 3000 ადამიანი ირიცხებოდა.
    კომუნისტები (გამომდინარე პოლიტიკური და სახელისუფლებო ტექნოლოგიის კანონებიდან) ამ მომენტს ყოველთვის ითვალისწინებდნენ: ისინი კანდიდატურას არჩევდნენ იმავე ელიტარულ დაჯგუფებაში, უკიდურეს შემთხვევაში, სხვა ელიტარულ ჯგუფში, მაგრამ არაფრის დიდებით არ შეარჩევდნენ ისეთ კანდიდატურას, რომელიც საერთოდ არ იყო ელიტის წევრი.
    ტელევიზიის მმართველი ელიტა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაჯგუფება გახლდათ, ამიტომ იგი თავად ქმნიდა იერარქიას და, უმრავლეს შემთხვევაში, ხელმძღვანელის თანამდებობაზე კადრებსაც თავად «ამზადებდა». კომუნისტური ხელისუფლება კი ან ამ კადრებიდან არჩევდა ხელმძღვანელს, ან საკუთრივ კომუნისტური ნომენკლატურის კრეატურიდან ნიშნავდა, ან ჯერ ცკ-ში მიჰყავდა წარმატებული ჟურნალისტი და 3-4 წლის შემდეგ აბრუნებდა ტელევიზიაში გარკვეულ თანამდებობაზე. მერე ისევ პარტიულ (თუ კომკავშირულ) თანამდებობაზე, შემდეგ ისევ ტელევიზიაში, - უფრო მაღალ პოსტზე და ა.შ. მეორეს მხრივ, ტელერადიოკომიტეტის თავჯდომარეობაც ხდებოდა ტრამპლინი კომუნისტური ხელისუფლების მწვერვალებისაკენ. ასეთი იყო კომუნისტების ტაქტიკა, რომელიც ისტებლიშმენტში არსებულ ურთიერთმიმართებებს სრულად ითვალისწინებდა, - რაკი მათაც კი ესმოდათ, რა ძალა და გავლენა ჰქონდა ტელევიზიის ელიტას.
    ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ეს ტრადიცია დაარღვია, ანუ დაარღვია ხელმძღვანელის დანიშვნის ათწლეულობით ჩამოყალიბებული წესი და ტელევიზიის ხელმძღვანელად დანიშნა კაცი, რომელიც არათუ თვით ტელევიზიის ელიტას არ განეკუთვნებოდა, არამედ საერთოდ არ იყო იმდროინდელი საზოგადოებრივი ელიტის წევრი.
    რასაკვირველია, მას «ტელეელიტამ» პირველსავე დღეს ობსტრუქცია მოუწყო, ვინაიდან ვერ შეურიგდა (ვერც შეურიგდებოდა) რიგითი თანამშრომლის მოულოდნელ აღზევებას თავჯდომარედ.
    გამსახურდიას რომ ძალაუფლების ტექნოლოგია დაეცვა, მას ცნობილი ჟურნალისტი უნდა დაენიშნა თავჯდომარედ, ან თვით ტელერადიოკომიტეტის რომელიმე ხელმძღვანელი, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ზვიადი ვერავის ენდობოდა, საკუთარი გუნდის წევრების გარდა.
    ასეთივე ვითარება, ოღონდ ნაკლები მასშტაბით, შეიქმნა სხვა სამინისტროებშიც. მაგალითად კულტურის სამინისტროში, სადაც ზვიად გამსახურდიამ ნოდარ წულეისკირი «გაუშვა» თავდაპირველად და ლამის სტვენით შეხვდნენ. ანუ ყველა იმ სამინისტროში, რომელშიც ხელისუფლებამ მინისტრი დანიშნა ისტებლიშმენტის აზრის და განწყობის გაუთვალისწინებლად.
    შინაგან საქმეთა სამინისტროშიც «კბილების ღრჭიალით» შეხვდნენ ახალ მინისტრს - ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის უფროს დილარ ხაბულიანს.
    იმავდროულად, თითქმის არ იქმნებოდა პრობლემა იმ სამინისტროებში, სადაც ახალმა ხელისუფლებამ მინისტრებად იმავე ელიტის (ან, ზოგადად, ქართული ელიტის) წევრები დანიშნა.
    იგივე მომენტმა იჩინა თავი, როდესაც პრეზიდენტმა «პრეფექტების» დანიშვნა დაიწყო. უმრავლეს შემთხვევაში ნიშნავდა ადამიანებს, რომლებიც კატეგორიულად მიუღებელნი იყვნენ ადგილობრივი (რეგიონალური) ელიტისათვის. შედეგიც შესაბამისი მიიღო.

    ზემოთთქმული მხოლოდ ილუსტრაციაა იმ დებულებისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა არ კმარა. ხშირ შემთხვევაში ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს - თუ არსებულ ძალაუფლებრივ ტრადიციასა და ელიტარული დაჯგუფებების ინტერესებს არ ითვალისწინებ. მთავარია, მოიპოვო და შეინარჩუნო ძალაუფლება ანუ ხელისუფლების უნარი, უეჭველად განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილება და რეალურად მართოს პროცესები.
    ფორმალური უფლება (ხელისუფლება) ნომინალურად იქცევა, თუ არ გაგაჩნია რეალური გავლენა ელიტაზე ანუ ძალაუფლების განხორციელების საშუალება არა გაქვს. ეს გარემოება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდგომი (გარდაუვალი) კრახის უმთავრესი მიზეზი გახდა. როგორც სჩანს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ქვეყნის მართვა ბრძანებულებაზე ხელის მოწერა ეგონა.
    ვლადიმერ ულიანოვი (როგორც დავახასიათეთ - გადატრიალებების, პუტჩების, რევოლუციების დიდი სპეციალისტი), უდავოდ არაორდინალური ფიგურა გახლდათ კაცობრიობის ცოდვა-ბრალიან ისტორიაში. იგი ხშირად იმეორებდა: «ხელისუფლებაში მოსვლა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, იგი შეინარჩუნო - ეს კი გაცილებით რთული საქმეა»

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა