საერთაშორისო მიმოხილვა. 8 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 სექტემბერი. 2023 წელი

იძულებული ვარ კვლავ დავიწყო ჩინეთის თემით, რაკი ეს News დღეს მთავარი გლობალური სენსაციაა: ჩინეთის ავტოკრატი მმართველი სი ძინპინი არ ჩავა ნიუ დელიში (ინდოეთი) G20 სამიტზე დასასწრებად!

`დიდი ოცეული` აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე დიდ 20 ეკონომიკას და უმნიშვნელოვანესი ფორუმია. იგი შეიქმნა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ და 2012 წლიდან, ანუ გახელისუფლების შემდეგ Xi-ს არც ერთი სამიტი არ გამოუტოვებია.

ნიუ დელიში ჩავა ჩინეთის პრემიერ მინისტრი ლი ციანი.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რასაკვირველია, ერთ-ერთი ფაქტორი გახდა ჩინეთის მზარდი დაპირისპირება ინდოეთთან და ამ ორ დიდ ქვეყანას შორის გადაუწყვეტელი საკითხების არსებობა. მათ შორის ტერიტორიული დავებიც. თუმცა მთავარი მაინც ამერიკის გლობალური ლიდერობით უკმაყოფილებაა.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩინეთს, ელცინის და `ადრეული პუტინის` რუსეთისგან განსხვავებით, არც ოდესმე ჰქონია სურვილი G7 სამიტებს მიერთებოდა. `დამკვირვებლად` იწვევდნენ, თუმცა ამაზე მუდამ უარს ამბობდა პეკინი.

ჩინეთის ელიტებს, როგორც ჩანს მიაჩნიათ, რომ G20 გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კლუბი ასევე `ამერიკული კლუბია`.

ჩინეთი უპირატესობას მიანიჭებს (ეს იკითხება სწორედ სი-ს ამ დემარშში) ჩინურ კლუბებს, როგორიცაა BRICS და ახალი ფორუმი `გზა/სარტყელი`, რაც ჩინურ პრიორიტეტსა და დომინაციას გამოხატავს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული ქალაქის, როსტოვ ნა დონუ-ს გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა დაადასტურა, რომ ამ ქალაქში, სადაც რუსეთის არმიის შტაბია განლაგებული, უკრაინულმა დრონმა რამდენიმე შენობა დააზიანა. შეტევა გუშინ განხორციელდა და წარმატებული იყო.

როსტოვში  განლაგებული რუსული შტაბი არა უბრალოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა სამხრეთის დაჯგუფების შტაბია, არამედ რუსეთის გენერალურმა შტაბმა, შეიძლება ითქვას ამ ქალაქში გადაინაცვლა.

ამიტომაც ბომბავენ მას ინტენსიურად უკრაინელები და ზუსტად ამიტომ დაიკავა როსტოვი ევგენი პრიგოჟინმაც.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში ტარდება კლოუნადა სახელად `მუნიციპალური არჩევნები`.

იწყება დღეს, გაგრძელდება 10 სექტემბრამდე.

ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მათ შორის, რაც პუტინის მხრიდან ოკუპაციის `გაპრავების` ტექნოლოგიაცაა.

მოსკოვში ლიდერია მოქმედი მერი სობიანინი. თუმცა....ერთადერთი საინტერესო მომენტი ამ არჩევნების ისაა, რომ სობიანინის (პუტინის ყურმოჭრილი მონის) ალტერნატივად რუსული კომპარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი დაფიქსირდა.

რუსი კომუნისტები ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ასე თუ ისე `ჩანს`.

რუსი ლიბერალები და დემოკრატები `მკვდრები` არიან.

ოღონდ.....ეს `მოსაწყენი` პოლიტიკური პროცესი მოსაწყენია მანამ, სანამ პუტინს ომი არ წაუგია.

 საკმარისია წააგოს, საკმარისი იქნება უკრაინელები გავიდნენ თუნდაც აზოვის ზღვაზე ან შეუტიონ დონეცკს უშუალოდ, რომ.....`მკვდარი პოლიტიკური ცხოვრება რუსეთში` მაშინვე `გამოცოცხლდება` და პუტინს კარგი დღე არ დაადგება

 . . . . . . . . . . . . . . . . .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რუში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი `მეთვალყურეობას გაუწევს რუსული სამხედრო ფლოტის მოქმედებას შავ ზღვაში`.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. მით უმეტეს ბრიტანელი პრემიერის მხრიდან.

საქმე ის გახლავთ, რომ

ა) `მეთვალყურეობა` სამხედრო აქტივობის კონტექსტში თავისთავად სამხედრო ოფციაა და პირველი სტადიაა უშუალოდ სამხედრო დაპირისპირებამდე, რადგან გულისხმობს არა უბრალოდ დაკვირვებას, არამედ უფრო მეტადაც კი საზღვაო-სამხედრო ოპერაციებს, რასაც დაპირისპირებული ქვეყნები მიმართავენ ხოლმე მსოფლიო ოკეანეში.

მაგალითად, როცა წყნარ ოკეანეში ამერიკული სამხედრო ხომალდები რაკეტის წვდომის სიშორეზე უახლოვდებიან ჩინურ ხომალდებს ტაივანის ან ჰავაის აკვატორიაში; ხორციელდება Intercept ოპერაციები და ა.შ.

ანალოგიური მოქმედება შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოს მხრიდან არსებითი სიახლეა

 

ბ) როგორც ბევრჯერ აღვნიშნე მიმოხილვებში, შავი ზღვის უსაფრთხოეაბს სერიოზულად უშლის ხელს 1936 წლის მონტრიოს კონვენცია, რომელიც ზღუდავს არაშავიზღვიპირა სახელმწიფოთა აქტივობას შავ ზღვაში.

ზღუდავს ტონაჟითაც (ავიამზიდი შავ ზღვაში ვერაფრით შემოვა, რაკი ყველაზე პატარა ამერიკული ავიამზიდის წყალწყვა 100 000 ტონაა, ხოლო ზღვრული ტონაჟი, რასაც კონვენცია აწესებს - სუმმარულად, ანუ მთლიანობაში 30 000 ტონა) და ვადებითაც: 21 დღე;

ოღონდ......თუ რომელიმე დიდმა სახელმწიფომ (მაგალითად US, USA) მოინდომა, მას შეუძლია მუდმივი როტაციით ანუ სამხედრო გემების მონაცვლეობით განახორციელოს რუსეთის ფლოტზე მეთვალყურეობა.

 

გ) `როტაციული ტექნოლოგიის` გამოყენებისთვის ყოვლად აუცილებელია თურქეთის კეთილგანწყობა.

დავაკვირდეთ მნიშვნელოვან დეტალს: რიში სუნაკმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სრული ფიასკოთი დასრულდა ერდოღან-პუტინის შეხვედრა სოჭში. ანუ მხარეებმა სტრატეგიულად ვერ მოილაპარაკეს უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების გამოტარებაზე უკრაინის პორტებიდან ოდესა და ილიჩოვსკი.

შესაბამისად, თურქეთი აღარ გამოიყენებს იმ ტექნოლოგიებს, რითაც მას შეუძლია გარკვეულწილად შეაფერხოს `როტაცია`, მოიმიზეზოს შემოწმების აუცილებლობა და ა.შ.

აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთმა ეს ტექნოლოგიები, სამწუხაროდ გამოიყენა 2008 წელს, როდესაც შეაყოვნა ამერიკული გემების შემოსვლა შავ ზღვაში.

ეს ისტორიული სიმართლეა.

თუმცა `შემოწმების` შემდეგ ჰუმანიტარული მისიით მომავალი ამერიკული გემები მაინც გამოატარა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვსა და ერევანს შორის დაძაბულობა მატულობს. გუშინ სომხეთის სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს პრორუსი ჟურნალისტები და ბლოგერები მიქაელ ბადალიანი და აშოთ გევორქიანი.

ისინი ხშირად აკრიტიკებდნენ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს `ანტირუსული კურსის` გამო.

რუსული `საგარეოს`  სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ აღშფოთება გამოთქვა `ჟურნალისტების` (რეალურად კი რუსულ სპეცსამსახურთა აგენტების) დაკავების გამო. მისი თქმით ეს `დასავლური სპეცსამსახურების პროვოკაციაა, რათა ჩაშალონ რუსულ-სომხური მედია ფორუმი, რომელიც ახლახან გაიხსნა ერევანში`.

ამ დაკავებით ფაშინიანი აჩვენებს მოსკოვს, რომ აღარ ხუმრობს: სომხეთის ტერიტორიაზე ტარდება ამერიკა-სომხეთის სამხედრო მანევრები (პირველად ისტორიაში); სომხეთმა გამოიწვია თავისი მუდმივი წარმომადგენელი პრორუსული სამხედრო ორგანიზაციიდან ОДКБ (Организация Договора о Коллективной Безопасности) რაც პირველი ნაბიჯია ამ ორგანიზაციის  დატოვებისკენ; ხოლო პრემიერი ფაშინიანი ამბობს, რომ რუსეთი გეოპოლიტიკურად `გადის` სამხრეთ კავკასიიდან, რაკი არ ეხმარება სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ფაშინიანის მეგა-ნარატივი ბოლო დროს შემდეგია: `ტყუილად გგონიათ რუსებს, რომ სომხეთს სხვა ალტერნატივები არა აქვს, გარდა მოსკოვის `ყურმოჭრილობისა`.

ამაში ნიკოლ ფაშინიანი მართალია, ოღონდ........ ამ ალტერნატივების გამოსაყენებლად სომხეთს აუცილებლად დასჭირდება საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთისა და ინდოეთის კოსმიურ `შეჯიბრში` იაპონიაც ჩაერთო: `ამომავალი მზის ქვეყანამ` მთვარეზე გააგზავნა რაკეტა, რომელიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გადასვამს იაპონურ აპარატს Moon sniper. (მთვარის სნაიპერი)

იაპონელები რისი იაპონელები იქნებოდნენ, მსოფლიო არ გაეკვირვებინათ ტექნოლოგიური ინოვაციით:

ჯერ ერთი, ეს `სნაიპერი` დაჯდება მაქსიმუმ 100 მეტრის ცდომილებით დანიშნულების ადგილიდან მთვარეზე (ზოგადად ამგვარი აპარატების ლოკაციური ცდომილება რამდენიმე კილომეტრი არის ხოლმე) და რაც მთავარია: თვით აპარატი ჩოგბურთის ბურთის ოდენაა და ბავშვების სათამაშო `ტრანსფორმერივით` იცვლის ფორმას რელიეფის მიხედვით, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან......იმ იაპონური ფირმის წარმოებულია, რომელიც სათამაშო ბავშვურ `ტრანსფორმერებს` აწარმოებს.

აი ბავშვები რომ აიღებენ ხოლმე და რა ფორმაც უნდათ იმ ფორმას მისცემენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

დიდი სპორტი დიდი პოლიტიკაა.

არის ასეთი ლეგენდარული უკრაინელი სპორტსმენი - სერგეი ბუბკა

1980-იან წლებში მან სსრკ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში უამრავი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა ჭოკით ხტომაში.

უკრაინის ეროვნული გმირის წოდებაც მიანიჭეს.

თუმცა ახლა გაირკვა, რომ თურმე ბიზნესი ჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე; კერძოდ დონეცკში, ხოლო მისი კომპანია (ენერგომატარებლებით მოვაჭრე ფირმა) ოკუპირებულ ყირიმშია რეგისტრირებული.

ეს რომ გაირკვა ბუბკა, ფაქტობრივად იძულებული გახდა უკრაინიდან გაქცეულიყო. არადა ის კიდევ უფრო მეტად იყო უკრაინელთა `ხატი` ვიდრე მოკრივე ძმები კლიჩკოები.

აქ ნიშანდობლივია რუსული `რბილი ძალა`: რასაკვირველია მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა რათა ბუბკა `შემოეტყუებინა` ხელსაყრელი ბიზნესით ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ალბათ შეღავათებსაც უწესებდა ბუბკას კომპანიას და, სამწუხაროდ, მიზანს მიაღწია.