საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ოქტომბერი. 2024 წელი
ირანმა 180 რაკეტა ესროლა ისრაელს. ასევე დრონები.
აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო ისრაელის „საჰაერომ“ (უპირველესად გენიალური ამერიკული საზენიტო სისტემით Patriot) და აშშ სამხედრო ფლოტის გემებმა მათი ანტირაკეტული სისტემებით.
ჯერ-ჯერობით არათუ არავინ მომკვდარა, არამედ არც კი დაშავებულა.
არანაკლებ სახიფათო სინდრომია ის, რაც თელ-ავივის გარეუბანში მოხდა, სადაც ამერიკული შაშხანით M-16 (დავაკვირდეთ: ამჯერად არა Калашников-ით) შეიარაღებულმა ორმა ტერორისტმა 8 ადამიანი მოკლეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ირანს ჰყავს ისრაელში ჩაბუდებული ტერორისტული „ბუდეები“, რომლებიც შესაძლოა ამოქმედდენ თუკი ირანი გაბედავს მთავარს: სახმელეთო შეტევას ისრაელზე ერაყის და სირიის ან იორდანიის გავლით, რაც ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ალბათობა არსებობს.
მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ისაა, ისრაელი „დაარტყამს“ თუ არა ირანს საპასუხოდ - ბალისტიკური რაკეტებით ან მით უმეტეს ავიაციით.
რაკი ისრაელში ჯერ ადამიანური მსხვერპლი არ არის, შესაძლოა თავი შეიკავოს, როგორც წინა შემთხვევაში. და ამერიკელებიც ამას ურჩევენ.
ზოგადად ამერიკელების და ისრაელის მიდგომებში ამგვარი შეტევებისადმი არის ერთი ფუნდამენტური სხვაობა: აშშ ყოველთვის, ყველა საომარი გართულების დროს ურჩევს ისრაელის ნებისმიერ ხელისუფლებას, „არ აჰყვეს ემოციებს“ და არ „დაარტყას“ საპასუხოდ ირანს, რაკი (აი ესაა ყველაზე მთავარი) არ არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე.
ისრაელი სხვაგვარად უყურებს: „თუ არ დავარტყამ საპასუხოდ, სისუსტედ ჩამითვლიან და......ეს ხომ აზიაა და არა ევროპა.....აქ სისუსტე დანაშაულის ტოლფასია....რაც უფრო მოისუსტებ, მით უფრო დაგჩაგრავენ.....“
ეს სხვაობა მიდგომებში პირველად გამომჟღავნდა 1991 წელს, როდესაც ამერიკამ ერაყს „დაარტყა“ ქუვეითის დაპყრობის გამო.
ერაყის დიქტატორმა, სადამ ჰუსეინმა ოცამდე ბალისტიკური რაკეტა (სსრკ წარმოებისა) ესროლა ისრაელს.
მაშინ ისრაელს ჯერ არ გააჩნდა ისეთი დახვეწილი საზენიტო სისტემები, როგორიცაა Patriot. ამიტომ ყველა ვერ ჩამოაგდო (თუმცა ის რაკეტებიც ბევრად სუსტი იყო ვიდრე ამჟამინდელი) და რამდენიმე ისრაელელი დაიღუპა.
ისრაელი იმ დროს აპირებდა დარტყმას საპასუხოდ ერაყზე, მაგრამ ამერიკელებმა..... „ურჩიეს“, რომ ეს მთელი არაბული სამყაროს გაღიზიანებას გამოიწვევდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იგი ისურვებდა, აღდგეს ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა, სადაც ახლა ისრაელმა ჯარი შეიყვანა.
საქმე ისაა, რომ ლიბანს საფრანგეთი „მეურვეობს“, რაკი ოდესღაც ლიბანი ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთის იმპერიის ერთ-ერთი „მარგალიტი“ იყო.
აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა „ლიბანური ომის“ შემდეგ (2006-2007), როდესაც ისრაელმა ასევე დაიკავა ლიბანის სამხრეთი, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1701, რომელიც ისრაელისგან მოითხოვდა სამხრეთ ლიბანიდან ჯარების გაყვანას ოღონდ.....იმ პირობით, რომ იქმნებოდა დემილიტარიზებული ზონა, სადაც „ჰესბოლლას“ ტერორისტული დაჯგუფება არ იოპერირებდა.
„ჰესბოლლამ“ ეს რეზოლუცია დაარღვია, მაინც გაშალა თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა ლიბანის სამხრეთში (გაეროს რეზოლუციაში ნახსენები იყო ასე: „მდინარე ლიტანის სამხრეთით“) და ახლა მიიღო კიდეც პასუხი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის „სფოუქსპერსონმა“ მეტიუ მილერმა.
როდესაც ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხეს: როდის დართავს ნებას ვაშინგტონი კიევს, რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს ამერიკული იარაღიო (იგულისხმება პირველ რიგში ATACMS) მილერმა უპასუხა: უკრაინას უამრავი საკუთარი წარმოების რაკეტა აქვს, რომელიც რუსეთის სიღრმეში ნებისმიერ ობიექტს მისწვდებაო. „შესანიშნავი პროგრამები განახორციელეს ბოლო დროსო“.
ამ განცხადებით მილერმა გარკვეულწილად უსაყვედურა კიდეც კიევს: რას....ამძლავრეთ მართლა თითი ამ მუდმივი საყვედურებით: „დაგვრთეთ ნება“, „დაგვრთეთ„ ნებაო...., როცა ჯერ ერთი არანაკლებ კარგი და შორსმწვდომი რაკეტები გაქვთ და მეორეც, თქვენ ხომ შესანიშნავად უწყით: თქვენს რაკეტებს ჩვენ ვუქმნით „მიზანდასახულობას“ და ჩვენ ვაწვდით კოორდინატებს ჩვენი კოსმოსური თანამგზავრების სისტემებითო.
აქ საინტერესო თემა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შესანიშნავად იცის. ოღონდ აშშ „თანხმობას“ რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ის პოლიტიკური (!) დატვირთვა აქვს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ამის ფონზე უკვე ვეღარასოდეს და ვეღარაფრით გარიგდებიან უკრაინის ხარჯზე:
აკი სულ ცოფებს ყრის პუტინი: ეს „თანხმობა“ ვაშინგტონის მიერ წითელი ხაზის გადაკვეთა იქნებაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული და ზოგიერთი უკრაინული წყარო იტყობინება, რომ გუშინ რუსულმა საოკუპაციო არმიამ აიღო უგლედარი დონბასზე.
ყველაზე უარესი ისაა, რომ ზოგიერთი უკრაინული წყარო ადასტურებს: უკრაინის არმიის 72-ე მექანიზებული ბრიგადა ალყაში აღმოჩნდა და ქალაქიდან ვეღარ გამოდის.
თვით ქალაქ უგლედარს არა აქვს კრიტიკული და ეგზისტენციალური მნიშვნელობა დონბასზე უკრაინის თავდაცვითი ხაზისათვის. მაგრამ......თუკი დადასტურდა ინფორმაცია (ახლა რუსი გველ-პროპაგანდისტები ყოველნაირად ცდილობენ მის გაფიარებას), რომ ეს ბრიგადა დიდი ხნის წინ ითხოვდა ქალაქის დატოვების ნებართვას და მას ამის ნება არ დართეს, ანუ უბრძანეს დარჩენილიყო....ამან შესაძლოა კიევში დაპირისპირება გამოიწვიოს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, Сергей Рябков-მა განაცხადა („ამერიკული მიმართულების“ კურატორია ლავროვის უწყებაში), რომ რუსეთი „მზად არის ამერიკასთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის„, ისევე როგორც ეს იყო XX საუკუნის „ცივი ომის“ დროს.
შეგახსენებთ, რომ Cold war დაიწყო უინსტონ ჩერჩილის ისტორიული „სფიჩით“ ამერიკულ ფულტონში 1946 წელს და გასტანა სადღაც 1989 წლამდე. ანუ მალტას შეხვედრამდე აშშ ახალ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და სკკპ გენმდივან მიხეილ გორბაჩოვს შორის. ესე იგი მთელი 43 წლის განმავლობაში.
იმას აღარ ამბობს ოღონდ, რომ ამ დაპირისპირების მანძილზე ე.წ. „საბჭოთა ხალხი“ დაიმშა და ტუალეტის ქაღალდი, ასევე საპონი აღარ იშოვებოდა „ზესახელმწიფოში“, ხორბალს კი იმავე ამერიკისგან ყიდულობდნენ
თუმცაღა რიაბკოვს, ასევე მის პატრონს, ამჟამად იმიტომ „ეადვილებათ“ ახალი „ცივი ომი“ და ამერიკასთან დაპირისპირება, რომ ჯერ ერთი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკისგან და დასავლეთისგან „წამოიღეს“ ბევრად ქმედითი სოციალ-ეკონომიკური სისტემა (ე.წ. „კაპიტალიზმი) რამაც საშუალება მისცათ თავად ეწარმოებინათ ხორბალი და მეორეც, ჩინეთი ჰყავთ გვერდით - დიდი და დიადი პატრონი, რომელიც ყოველნაირად ეხმარებათ, რათა რუს ხალხს კლავ არ მოენატროს ტუალეტის ქაღალდი და საპონი ახალი ცივი ომის დროს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე საათის წინ დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები ამერიკის ვიცე პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის: დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვენსი (JD Vance) სიტყვიერად ერკინებოდა კამალა ჰარისის Vice-ობის კანდიდატ ტიმ უოლტცს. Tim Walz
დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ტრამპის „ვიცემ“ ეს დებატები მოიგო გამანადგურებელი ანგარიშით.
ამას წერს მაგალითად NYT დღევანდელი ედითორიალის ავტორი.
იგი აღნიშნავს, რომ ახლა ყველასთვის ცხადი გახდა, რატომ აირჩია ტრამპმა Running mate-ად სწორედ ვენსი: მან იმაზე უკეთ ჩამოაყალიბა და წარმოაჩინაო დონალდის პროგრამა და მისი „მესიჯები“, ვიდრე ამას თავად ტრამპი ახერხებდა - ასე წერს ედითორიალის ავტორი Ross Doutaht.
მისი აზრით, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა ამ შემთხვევაში მეტი ორატორული ხელოვნება გამოამჟღავნა და საზრისების „დალაგების“ მეტი ნიჭი, ვიდრე უოლტცმა.
არადა ეს პირველი და უკანასკნელი დებატი იყო „ვიცეებს“ შორის. მეტჯერ ისინი აღარ შეხვდებიან და მთელმა ამერიკამ ნახა, რომ მას შემდეგ რაც ჰარისმა მოუგო დებატები ტრამპს მცირე უპირატესობით ანუ „ქულებით“ და არა ნოკაუტით, ვენსმა - უოლტცი უბრალოდ დაანოკაუტირა.
ეს დებატი და მისი შედეგი ვერ იქნება გადამწყვეტი მომავალი არჩევნებისთვის, მაგრამ ერთ-ერთი გარემოება მაინც გახდება, რაც ზეგავლენას იქონიებს ამომრჩეველზე.
დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის, აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით, სხვაობა რეიტინგებში მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური ცდომილების ოდენობისაა, ანუ 1-3%.