1992 წლის 7 იანვარი: შვიდი წლის წინანდელი „შობის დღესასწაული“

1992 წლის 7 იანვარი: შვიდი წლის წინანდელი „შობის დღესასწაული“

  

    1992 წლის 7 იანვარს დასრულდა ე.წ. «თბილისის ომი», ანუ «დეკემბერ-იანვრის» გადატრიალება. თვით ამ სახელწოდების უკუღმართობაც გამოხატავს მოვლენის მარაზმატულობას.
    22 დეკემბერს, კიტოვანის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიწყეს ე.წ. «მთავრობის სახლის» შტურმი მას შემდეგ, რაც წინა დღეს თენგიზ სიგუამ იმ ადგილას «შეიარაღებული მიტინგი» ჩაატარა.
    არავითარი აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას, «ვინ გახსნა ცეცხლი პირველმა», ვინაიდან ომის დაწყება პოლიტიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც უკვე გადაწყვეტილი იყო.
    ვისაც არ უნდა გაეხსნა ცეცხლი პირველად, კიტოვანი და სიგუა შტურმს მაინც დაიწყებდნენ. ასე დასრულდა ზვიად გამსახურდიას ერთწლიანი (1990 წლის ოქტომბრიდან, როცა მისი «მრგვალი მაგიდა» მმართველი პარტია გახდა) მმართველობა.
    გამსახურდიამ ქვეყანას სამოქალაქო ომი ვერ ააცილა და სხვადასხვა ჯურის შეიარაღებულ პროვოკატორებს, კრიმინალებს ამ ომის გაჩაღების საშუალება მისცა.
    ახლა იმისი მტკიცება, «ყველაფერი კრემლის სპეცსამსახურებმა მოაწყვესო», ნამდვილად უსაგნოა და ფუჭია. უფრო სწორად, კრემლის სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა, «მუშაობდნენ», მაგრამ მათი მოქმედების არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა. რატომ სხვაგანაც ვერ მოახერხეს იგივე? განა მხოლოდ საქართველოში იდგა რუსის ჯარი? ვთქვათ, ბალტიისპირეთში რატომ ვერ მოახერხეს დაპირისპირების პროვოცირება?
    მაშასადამე, სხვაგან ხელისუფლებამ არ დაუშვა ისეთი შეცდომები, როგორიც დაუშვა გამსახურდიამ ერთწლიანი მმართველობის დროს.
    «ზვიადისტები» დღემდე მის უმთავრეს ღირსებად იმას ასახელებენ, «ზვიადს სამშობლო უყვარდაო». კი ბატონო, ნამდვილად უყვარდა, თუმცა «სამშობლოს სიყვარული» მხოლოდ პოეტისათვის შეიძლება იყოს ღირსება, ვინაიდან ეს სიყვარული პოეზიაში გამოიხატება.
    პოლიტიკოსისათვის კი, «სამშობლოს სიყვარული» არ კმარა. საჭიროა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა. არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი პოლიტიკოსი (მიუხედავად სამშობლოსადმი სიყვარულისა) ქვეყანასაც დაღუპავს და თავსაც დაიღუპავს.
    აშკარად რეგვენი და გონებაჩლუნგი იყო ექსპრეზიდენტის გარემოცვა. მხოლოდ ერთი მაგალითი: გამსახურდიას «ცხინვალის ომის» დროს ჩრდილოეთ ოსეთიდან მწერლები ეწვივნენ - ეგება რამენაირად მოვილაპარაკოთ და ომი შევწყვიტოთო. ისინი შესაძლოა სავსებით გულწრფელნი ყოფილიყვნენ (სხვა საქმეა, რეალური იყო თუ არა მათი მცდელობა), ვინაიდან ინგუშების იმთავითვე ეშინოდათ და ქართველებთან კომპრომისს (ჩრდილოელი ოსები) ნამდვილად არ გამორიცხავდნენ თავიანთ «სამხრეთელ» თანატომელთაგან განსხვავებით.
    ზვიადმა ისინი ისე მიიღო, საქართველოს ხსენებაზე, ალბათ, ახლაც იფურთხებიან. კერძოდ, ექსპრეზიდენტის დაცვის უფროსმა სტუმრების გაჩხრეკა ბრძანა: ლამის შარვლები გაახდევინეს და წინდებში ჩახედეს, ხელები ერთ საათს უფათურეს, შემდეგ გააფრთხილეს: პრეზიდენტის პირდაპირ მაგიდასთან რომ დასხდებით, ხელები მაგიდაზე გეწყოთო.
    ამაზე მეტი მარაზმი წარმოუდგენელია! მოსისხლე მტერთან რომ გქონდეს საქმე, რაღაც ნორმები, რაღაც ტრადიცია არსებობს, რისი დარღვევის შემთხვევაში, უპირველესად, საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას.
    მეორე ეპიზოდი: ექსპრეზიდენტის გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა მოსკოვში პრესკონფერენცია ჩაატარა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს: «იარაღის თავისუფლად ტარების შესახებ» საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე რას იტყოდითო. იმ იდიოტმა კი არც აცია, არც აცხელა, ჯიბიდან «მაკაროვი» ამოიღო (პრესკონფერენციაზე!) რა მოხდა, აგერ, იარაღი მეც «ქე მაქვსო»;
    ამის თქმა იყო და უცხოელი ჟურნალისტები ცივად ადგნენ და პრესკონფერენცია დატოვეს, რუსები სიცილს ძლივს იკავებდნენ.
    ასეთი «თანამოაზრეები» რომ გეყოლება, თავად რისი მაქნისი ხარ? რა ზნეობა და მიზანსწრაფვა ჰქონდა იმ ხალხს, «ეროვნული მოძრაობის პატრიარქის გარშემო შემოკრებისას», მაშინ გამოჩნდა, როდესაც დამარცხების შემდეგ იმავე მოსკოვში მოკურცხლეს, რომელსაც «სატანის ბუდეს» უწოდებდნენ.
    სწორედ ასეთი არაკომპეტენტური, მარაზმატული, უმეცარი გარემოცვის წყალობით გამსახურდიამ საშუალება მისცა შეიარაღებულ კრიმინალთა ხროვას, აგრეთვე მის უკან მდგომ სპეცსამსახურებს, განეხორციელებინათ სამხედრო გადატრიალება.
    კომპეტენტურ ხელისუფლებას ისინი ამას ვერ გაუბედავდნენ.
    დღემდე იდუმალებით არის მოცული ექსპრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა თბილისიდან გაქცევის ეპიზოდი. კიტოვანსა და სიგუას ნამდვილად ჰქონდათ საშუალება იგი დაეკავებინათ და არ გაეშვათ თბილისიდან, მაგრამ ეს შეგნებულად არ გააკეთეს.
    უფრო მეტიც, - თვითმხილველები და პროცესთა უშუალო მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს ყოველნაირად შეუწყვეს ხელი, რათა თბილისიდან გაქცეულიყო;
    კიტოვანის გვარდიელთა განცხადებით, მათ ბრძანება ჰქონდათ მიცემული, ესროლათ კორტეჟისათვის, მაგრამ საშუალება მიეცათ თვით გამსახურდიასთვის, საქართველოს ფარგლები დაეტოვებინა.
    გამსახურდია სომხეთში გაიქცა, რაკი მიხვდა, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანი, როგორც ჭკვიანი სომეხი, მას არ გაწირავდა და სომეხ ხალხს «ზვიადისტებს» არ გადაჰკიდებდა. მათ შორის ასეულობით ათას სომეხს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
    ისინი კი, ვინც ბრძანებას იძლეოდა ექსპრეზიდენტი საქართველოდან «გაეტარებინათ», ამ გზით აპირებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას, ანუ ცდილობდნენ კვლავინდებურად «საჭირო ყოფილიყვნენ» საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელმაც მხარი დაუჭირა ექსპრეზიდენტის დამხობას, თუმცა არც სიგუა-კიტოვანი ეხატებოდა გულზე მაინცდამაინც.
    «ზვიადიზმი» შემდგომში გადაიზარდა ტრაიბალიზმში.
    «ზვიადისტები» დღეს 1992 წლის 2 თებერვლის აქციის მონაწილეთა შეიარაღებული კრიმინალების მიერ «ცირკთან» დახვრეტას იხსენებენ. მაგრამ მაშინ ხომ ის ხალხი დახვრიტეს, რომელსაც არ სურდა ეცხოვრა «პრორუსული ხელისუფლების მქონე საქართველოში».
    სანამ ქართველი ერი ამას არ მიხვდება და არ შეიგნებს, რომ პოლიტიკოსს მოეთხოვება ჭკუა, ეშმაკობა, პროფესიონალიზმი, მხოლოდ ცივი რაციონალური განსჯა, მხოლოდ კომპეტენტურობა და არა მარტო გულწრფელობა, სამშობლოს სიყვარული და ა.შ. - მანამ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
    ნებისმიერი ცივილიზებული ერი პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არჩევანს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ რაციონალურ გათვლაზე და არა მარტო «სიყვარულზე» დაყრდნობით.
   

 მერიდიანი, 8 იანვარი, 1999 წელი