თემურ ბასილია, სულ ცოტა, სახელმწიფო მინისტრობას უმიზნებს

თემურ ბასილია, სულ ცოტა, სახელმწიფო მინისტრობას უმიზნებს

    ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის ბოლოდროინდელი გამწვავების ფონზე, კვლავ «გაიღვიძა» თითქოს, მინავლებულმა ანტაგონიზმმა მოქალაქეთა კავშირსა და თემურ ბასილიას შორის.
    უნდა აღინიშნოს, რომ «ქართველ ერჰარდს» დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს მმართველ პარტიასთან. ამის სიღრმისეული მიზეზი, ისევ და ისევ, 1994 წლის შემოდგომიდან საქართველოში დაწყებული რეფორმების პირველწყაროში უნდა ვეძიოთ. ბევრს მიაჩნია (მათ შორის «მოქალაქეებსაც»), რომ თემურ ბასილია ფაქტობრივად შემთხვევით გახდა «რეფორმების მამა» და ის ფუნქცია, რაც მან იტვირთა - საშუალო დონის ნებისმიერ ეკონომისტს შეეძლო შეესრულებინა.
    1994 წლის დასაწყისიდან, როდესაც ნათელი გახდა: საქართველოში მონეტარისტული რეფორმა უნდა დაწყებულიყო, რამდენიმე ეკონომისტი ეცილებოდა ერთმანეთს «ერჰარდის» სავარძელს (და დიდებას); მაგრამ, იმ დროს პარლამენტში არსებულმა ძალთა რთულმა განლაგებამ აიძულა შევარდნაძე გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით მიეღო და ტრადიციონალისტთა «უძღები შვილისთვის» დაევალებინა ქართული მონეტარიზმის «მშობლობა». არადა, ამ სახელს ერთმანეთს ეცილებოდნენ რესპუბლიკელებიც (რომან გოცირიძე), ეროვნულ-დემოკრატებიც (მიხეილ ჯიბუტი) და სხვებიც - მათ შორის, რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირიც.
    მმართველი პარტიის წევრებს ბასილიას აღზევების შინაგანი მექანიზმი კარგად ახსოვთ და ამიტომ დღეს უკვე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებენ «მთავარი რეფორმატორის» თანამდებობაზე.
    კაცმა რომ თქვას, პიროვნულად ბასილიას შეცვლით რეფორმები საქართველოში არათუ შეფერხდება, არამედ «მეორე ეტაპზე» ახალ ენერგიას შეიძენს, მაგრამ პრეზიდენტის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი დასავლეთში უკვე მეტად პოპულარული გახდა, ფინანსურ ორგანიზაციებთანაც მჭიდრო კავშირები გააბა და მისი «მოძრობა» არც ისე ადვილია.
    თუმცა, მოქალაქეთა კავშირის «ეკონომიკური ფრაქცია» აგრძელებს მწვავე დისკუსიას და ზოგჯერ, სერიოზულ ბრალდებებსაც უყენებს ბასილიას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ყოფილა პარლამენტში რაიმე ეკონომიკური საკითხის სერიოზული განხილვა, ფარული თუ აშკარა პაექრობა არ გამართულიყო ბასილიასა და აქუბარდიას, ან სხვა დეპუტატებს შორის. ძნელად თუ გაიხსენებთ, როდის გამოვიდა თემურ ბასილია ბოლოს პარლამენტში, ან გამოვიდა თუ არა საერთოდ.
    ისიც გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტმა ბოლო დროს «კუნთების დემონსტრირება» მოახდინა – მიუხედავად ნოდარ ჯავახიშვილის ნაცნობობისა (მსოფლიო ფინანსურ ორგანიზაციებში), მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია.
    ამ შემთხვევაში პარლამენტი თვით პრეზიდენტის წინადადებასაც არ გაუწევს ანგარიშს (თუმცა არც ეს უკანასკნელი გამოიდებს თავს მაინცდამაინც). თემურ ბასილიას ჯერჯერობით ის შველის, რომ ფორმალურად მისი თანამდებობა პარლამენტის ნომენკლატურას არ განეკუთვნება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი «ინდულიგენციაა» - რეფორმათა მეორე ეტაპის განვითარების კვალობაზე, დაპირისპირება შეიძლება გამწვავდეს.
    თემურ ბასილიას აშკარად გააჩნია პოლიტიკური ამბიციაც: არ არის გამორიცხული, მან მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ამისათვის თანამდებობიდან წასვლა მოუწევს - მისი «პარტიული წარმოშობა» კი აიძულებს, რომელიმე პარტიას მიეკედლოს.
    ათიდან ცხრა შემთხვევაში ეს პარტია ოპოზიციური იქნება. «მოქალაქეთა კავშირს» ნამდვილად არ სურს მომავალმა მოწინააღმდეგემ ისარგებლოს იმ ხელისუფლების ავტორიტეტითა და ამჟამინდელი გავლენით, რომელმაც 1994 წელს ბასილია ქართული პოლიტოკრატიის უსახური მასიდან გამოარჩია.

მერიდიანი, 22 სექტემბერი, 1997 წ.