30 ივნისს კიდევ ერთხელ უნდა გადავაბიჯოთ

30 ივნისს კიდევ ერთხელ უნდა გადავაბიჯოთ

        გუშინ მინსკში დაიწყო რუსეთ-საქართველოს მორიგი კონსულტაციები აფხაზეთში დისლოცირებულ «სამშვიდობო ძალთა» მანდატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ბელორუსიის დედაქალაქში კონსულტაციათა გამართვა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა იყო. საქმე ის გახლავთ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შტაბბინა სწორედ მინსკშია განლაგებული, ანუ დსთ-ის დედაქალაქად მინსკი მიიჩნევა. ბელორუს პოლიტიკოსებს კი სურთ რუს კოლეგებს თავიანთი მნიშვნელობა სწორედ ამჟამად დაუმტკიცონ, როდესაც ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგიდან პანღურის კვრით გააძევა ალექსანდრ ლუკაშენკო: რუსეთის ხარჯზე ცხოვრება აღარ გამოგივათ, თუ გინდათ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემოდით, თუ არა და თავიდან მოგვწყდითო.
        ეს ისე, - იმ ხალხის საგულისხმოდ, დღემდე რომ დაუჟინიათ, «დავუთმოთ» რუსეთს და აფხაზეთს ლანგრით მოგვართმევსო.
        რაც შეეხება კონსულტაციებს, მათი შედეგი არის და იქნება აბსოლუტური ნული: კრემლი არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს აფხაზეთში «ცისფერჩაფხუტიანთა» მანდატის გასაფრთოებლად (და ქართული მოსახლეობის დასაცავად) აფხაზ სეპარატისტთა თანხმობის გარეშე. მათ თანხმობამდე კი არაფერი გეტკინოთ! აფსუა სეპარატისტთა პათოლოგიური შეურიგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მაგალითად, «პრემიერ-მინისტრმა «ანრი ჯერგენიამ ერთ-ერთი რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, თურმე, ნუ იტყვით, ქართველთა «ანტიაფხაზური, ასიმილატორული პოლიტიკის ნიმუშია» მხატვრული ფილმი «არ დაიდარდო», სადაც ძირძველი აფხაზური სიმღერები, რომელთა მშვენიერება გასდევს მთელ ფილმს, ქართულ სიმღერებად არის გამოცხადებული (!!!).
        ამას რომ კცაი იტყვის, მასთან მოლაპარაკებას რა აზრი აქვს? ამის მთქმელი საქართველოსთან კომპრომისზე წამოვა ან რაიმე სტატუსს დაეთანხმება?
        ისე, მართლა საინტერესოა, გიორგი დანელიას გენიალურ ფილმში რომელია აფსუანური სიმღერა - «შენ ხარ ვენახი» ხომ არა? თუ «ტაია-ტაია-ვატატაია?»
        ეს მაგალითიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, რა ფენომენთან გვაქვს საქმე.
        ამ ფონზე «სამშვთიდობო ძალთა მანდატის გაფართოებაზე», მით უმეტეს, «საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსზე» საუბარი უბრალოდ, შავი ანეკდოტია, მაგრამ ალტერნატივა არის მხოლოდ და მხოლოდ ომი.
        მინსკის მოლაპარაკება თუ მოსკოვის კონსულტაციები სრულიად უშედეგოდ დასრულდება. ოღონდ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა ამ კონსლუტაციებში სულაც არ ნიშნავს, თითქოს, მას აქვს რაიმე ილუზია შედეგთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არა!
        მაგრამ მოლაპარაკებათა შეწყვეტა ლოგიკურად ნიშნავს ომის განახლებას, რასაც ხელისუფლება ვერ დაუშვებს.
        ამ თვალსაზრისით, ვითარება ნელ-ნელა «მწიფდება» სერიოზული გარდატეხისთვის, რისი გამოხატულება გახდება, როგორც ჩანს, არა სამშვიდობო ძალთა გაყვანა, არამედ პირიქით,-- «ყველაფრის მიუხედავად», მათი მანდატის ვადის უვადო გაგრძელება.
        სამშვიდობოლ კონტინგენტის მანდატის ვადა 30 ივნისს იწურება – შესაბამისად, ვადა ან უნდა გაგრძელდეს, ან «ცისფერჩაფხუტიანებს» უფლებამოსილება შეუწყდეთ.
        თუმცა, რამდენჯერმე უკვე იყო შემთხვევა, როდესაც ენგურის აუზში მყოფი კონტინგენტი მანდატის გარეშეც ფუნქციონირებდა 8-10 თვის განმავლობაში. მთავარი გახლავთ არა მანდატის გაგრძელება-არგაგრძელება, არამედ გაყვანის მოთხოვნა. შეასრულებს თუ არა რუსეთი ამ მოთხოვნას, სხვა საკითხია.
        საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, განურჩევლად მოსკოვისა თუ მინსკის კონსულტაციათა შედეგისა, არ მოითხოვოს სამშვიდობო ძალთა გაყვანა: გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯარის გაყვანა უეჭველად გამოიწვევს ფართომაშსტაბიანი საომარი მოქმედებების განახლებას და ქვეყნის ჩართვას დიდ, ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ ომში. ედუარდ შევარდნაძემ ისიც ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ამას არ დაუშვებს.
        ამავე კონტექსტში მან კატეგორიულად უარყო წინადადება საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის დაფიქსირების თაობაზე, ვინაიდან, ეს მართლაც ნიშნავს მოლაპარაკებათა შეწყვეტას და (ანუ) სამშვიდობო ძალთა გაყვანის «ბუნებრიობა-ლოგიკურობას», რასაც ისევ და ისევ, მივყავართ ომის განახლებამდე.
        აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები 30 ივნისის შემდეგაც დარჩებიან აფხაზეთში. ბუნებრივია, აფხაზეთის პრობლემა ღრმა ჩიხში მოექცა და ამ ჩიხიდან თეორიული გამოსავალიც კი არ ჩანს.
        გამოსავალია ძალა, თუ ქვეყანას და ერს იგი რეალურად ექნება კვანძის გასაჭრელად.

დილის გაზეთი, 18 ივნისი, 2002 წელი