რუსეთი ამტკიცებს, რომ ომალოს დაბომბვა მოგვეჩვენა

რუსეთი ამტკიცებს, რომ ომალოს დაბომბვა მოგვეჩვენა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მისთვის ჩვეული ურცხვობითა და უსინდისობით, თვალის დაუხამხამებლად უარყო ავიაციის მიერ ომალოს დაბომბვის ფაქტი და ისიც კი განაცხადა, - რუსეთის თვითმფრინავები დაღესტანში მიმდინარე საომარ მოქმედებებში საერთოდ არ მონაწილეობდნენო.
        და ეს მაშინ, როცა ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის ცხადია: მოხდა შეცდომა, - რუსეთი ბომბავს ჩრდილოეთ დაღესტანს, სადაც ვაჰაბიტები გამაგრდნენ; ამ დაბომბვის პროცესში სამხედრო თვითმფრინავი შემოფრინდა საქართველოს იმიერკავკასიურ ტერიტორიაზე და ჩამოყარა შეყოვნებული მოქმედების ნაღმები.
        მაგრამ რუსეთს ამის აღიარება არ სურს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, დიპლომატიის ელემენტარული კანონების შესაბამისად, ბოდიში უნდა მოიხადოს. ბოდიშის მოხდა კი მას არ ეპიტნავება; მით უმეტეს, პატარა საქართველოსთვის.
        იმავდროულად, არც ის შეუძლია – აღიაროს და ბოდიში არ მოიხადოს, ვინაიდან ამით, დსთ-ს წევრი სხვა სახელმწიფოებისათვის საშიშ და მიუღებელ პრეცედენტს შექმნის.
        ამიტომ, მოსკოვს ურჩევნია უსინდისოდ უარყოს უდავო ფაქტი.
        კაცმა რომ თქვას, ამას უნდა შევჩვეოდით კიდეც. სულ ახლახანს არ იყო, ერევანში მიმავალმა ავიაგამანადგურებლებმა თავზე რომ გადაგვიფრინეს და ქართული სამხედრო უწყების პროტესტს ყურადღება არ მიაქციეს – ჩამოგდებას მაინც ვერ გაბედავენ და იყვირონ რამდენიც უნდათო;
        სწორედ იმ დღეს, როცა რუსეთის ტელევიზია ცინიკურად, ზიზღნარევი ღიმილით «ახმოვანებდა» რუსი გენერლების ურცხვ განცხადებებს («რა თვითმფრინავები, რის თვითმფრინავებიო»), იმავე რუსეთის ტელეკომპანია «ნტვ»-მ უჩვენა, ერევნის სამხედრო აეროდრომზე, გახარებული სომხები როგორი ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ რუს მფრინავებს. ეს უკანასკნელნიც ამაყად აცხადებდნენ: საბრძოლო ამოცანის შესრულების (დისლოკაციის ადგილის შეცვლის) დროს არანაირი პრობლემა არ გვქონიაო. არც ექნებოდათ – წინააღმდეგობას ხომ ვერავინ შეჰკადრებდათ? აზერბაიჯანს ნამდვილად ვერ გაუბედავდნენ იმას, რაც საქართველოს გაუბედეს, მით უმეტეს, ვერ გაუბედავდნენ თურქეთს.
        სამწუხაროდ, ამაზე გაცილებით უარესები გვახსოვს აფხაზეთის ომიდან: რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავდა სოხუმს, ბომბორას აეროდრომიდან რუსები კი ურცხვად აცხადებდნენ - რა დაბომბვა, რის დაბომბვა, ქართველებს ეს ყოველივე შიშით გეჩვენებათო.
        ნაძირალა პაშკა გრაჩოვმა ბოლოს ისიც კი თქვა: ქართველები თვითონ ბომბავდნენ სოხუმს, რათა შემდეგ პროვოკაციულად რუსეთისათვის დაებრალებინათო!
        რაც შეეხება ბრიყვულ ვერსიას, თითქოს ომალო ჩეჩნეთმა დაბომბა: იჩქერიას რომც ჰყავდეს «სუ»-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავები (რაც გამორიცხულია), საქართველოს დაბომბვა გროზნოს ხელს რატომ უნდა აძლევდეს? პირიქით, რაკი დაღესტანშიც დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი, რაკი არ არის გამორიცხული (მოსალოდნელიცაა) რუსეთის ახალი აგრესია არა მხოლოდ დაღესტნის, არამედ თვით ჩეჩნეთის წინააღმდეგ, იჩქერია სწორედაც დაინტერესებულია, საქართველოს სახით მყარი ზურგი ჰქონდეს და უდროო დროს არ გადაიმტეროს ჩვენი ქვეყანა, რაც მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.
        ამრიგად, ომალოს დაბომბვა რუსეთის განხორციელებულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტზე გაცილებით აღმაშფოთებელია მისი ურცხვი უარი, აღიაროს (თუნდაც მხოლოდ აღიაროს) შეცდომა, თუ ეს საერთოდ შეცდომაა: ქვეყნისაგან, რომელიც ასე ურცხვად ტყუის, ყველაფერია მოსალოდნელი.
        ამ ფაქტში ყველაზე ზუსტად ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ სინამდვილეში. ოღონდ ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სიმხდალე უნდა დავადანაშაულოთ, ვინაიდან არავინ სცემს პატივს ქვეყანას, რომელსაც არ ძალუძს (თუნდაც სიტყვიერად), მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად დაიცვას საკუთარი ინტერესები.

მერიდიანი, 11 აგვისტო, 1999 წელი