საერთაშორისო მიმოხილვა. 1 მაისი 2022 წელი
`დამოუკიდებელ აფხაზეთში` დიდი ზარ-ზეიმია: კალათბურთში აფხაზეთის ეროვნული ნაკრები კრასნოდარის მხარის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ეს ზარ-ზეიმი ყველაზე ზუსტად მეტყველებს, სინამდვილეში, ამ საზოგადოების გაქანებასა და მასშტაბზე.
. . . . . . . . . . . . .
დღეს დილით, პუტინის ბრძანებით დაიბომბა ოდესის აეროპორტი. იგი სერიოზულად დაზიანდა.
უახლოეს მომავალში მისი გამოყენება შეუძლებელია.
პუტინისთვის ოდესას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. იმიტომ, რომ 2014 წლის 1-2 მაისს რუსეთის აგენტები დაესხნენ თავს ოდესას და იქ გადატრიალება სცადეს, რაც ადგილობროვმა უკრაინელმა და რუსმა უკრაინის პატრიოტებმა წარმატებით მოიგერიეს.
პდესის `პროფკავშირების სასახლეში` მოლოტოვის კოქტეილებით გაჩენილ ხანძარს 50-მდე პრორუსი სეპარატისტი შეეწირა. პუტინმა ლამის საჯარო ფიცი დადო, რომ ყველა იმ უკრაინელს იპოვნიდა და უსასტიკესად დასჯიდა, ვინც ის სეპარატისტები ამოწვა მაშინ `პროფკავშირების სასახლეში`.
ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ დღეს დაიბომბა ოდესა - 2014 წლის მოვლენათა 8 წლისთავზე.
. . . . . . . . . . . . .
ივნისში, როდესაც შეიკრიბება ევროკავშირის საბჭო (პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები) უკრაინამ შესაძლოა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ უკრაინამ EU კანდიდატის სტატუსი მიიღო, შესაძლოა მან უსწრაფესად გაიაროს გზა სრულუფლებიან წევრობამდეც. არადა, საბჭოთა იმპერიის დაშლის მომენტიდან (1991წ) ევროკავშირის შეუვალი კანონი იყო, რომ ნებისმიერი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაწევრიანდება ნატოში.
ეს კანონი არც ერთხელ არ დარღვეულა. მათ შორის არც მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნებს იღებდნენ NATO-ში. ლიტვა თითქმის (!) ერთდროულად მიიღეს ორივე გაერთიანებაში, მაგრამ მაინც წესი არ დააღვიეს: ჯერ NATO, შემდეგ EU.
თუმცა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიამ ბევრი რამ შეცვალა.
საქართველოს სად არის ამ დროს?.......აბსოლუტურად გაურკვეველია.
. . . . . . . . . . . . .
რუსები მასობრივად ყიდულობენ სასოფლო სამეურნეო ინვენტარს და მცენარეულ თესლებს. შესაძლოა ეს იმის ნიშანი იყოს, რომ დასავლური სანქციების ფონზე დიდი შიმშილისთვის ემზადებიან. თუმცა ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ფოცხი და სიმინდის ან კარტოფილის თუ ხორბლის თესლი ვერ უშველით. მაგრამ პანიკა რომაა - ნიშანდობლივია
. . . . . . . . . . . . .
გამოჩნდა კორონავირუსის ახალი შტამი BA.2, რომელსაც `სტელს-ომიკრონი` ეწოდება. იგი ყველა იმ შტამზე მეტად გადამდებად ითვლება, რაც აქამდე ყოფილა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად ვირულენტურია ეს შტამი ანუ რამდენად სახიფათოა ორგანიზამისთვის.
. . . . . . . . . . . . .
უკრაინა ჩინეთს სთხოვს იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ომის დასრულების პირობით უკრაინული სახელმწიფოს სტრატეგიული უსაფრთხოების და ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდება. ამგვარი განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, რომელიც შესანიშნავი დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობათა უბადლო მცოდნეა.
ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ კიევში ძალიან კარგად იციან: ჩინეთი სულაც არ არის მოსკოვის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ზოგადადაც, პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის `უმცროსი პარტნიორია.
ჩინელმა ლიდერმა ყველაზე უკეთ იცის როგორ მოათვინიეროს და მოიყვანოს ჭკუაზე `უმცროსი` პარტნიორი.
ამის მაგალითი გახდა ყაზახეთის მოვლენები, სადაც პუტინმა ჯარი შეიყვანა, დიდი ხნით დარჩენას (ალბათ სამუდამოდაც) აპირებდა, აშშ პრეზიდენტმაც კი თქვა `რუსები სადაც შევლენ მერე იქედან საერთოდ აღარ გადიანო`, მაგრამ ჩინელმა ლიდერმა სი ძინპინმა პუტინს ერთი `დაუცაცხანა` სატელეფონო საუბარში და პუტინიც მაშინვე გამოიძურწა ყაზახეთიდან.
კიევში შესანიშნავად იციან, რომ ჩინეთის მზარდი გლობალური როლის იგნორირება უდიდესი შეცდომა იქნებოდა ანუ ჩინეთი აუცილებლად უნდა ჩართონ უკრაინის სახელმწიფოს ისტორიული უსაფრთხოების `განტოლებაში`.
თუ შეძლებენ პეკინის დაინტერესებას, მაშინ პეკინი ამ უსაფრთხოებას გააძლიერებს, რადგან.....პუტინი ჩინეთს ნამდვილად ვერ გაუბედავს იმას, რასაც დასავლეთს უბედავდა დღემდე.
. . . . . . . . . . . . .
ერთდროულად რამდენიმე წყარო იტყობინება, რომ უკრაინაში მყოფ რუსულ არმიაში ხრწნის პროცესები დაჩქარდა: ხერსონის ოლქში ჩეჩნებმა და ბურიატებმა ერთმანეთს ესროლეს და სერიოზული საომარი მოქმედებაც კი გამართეს ასეულების დონეზე. არის მსხვერპლიც. `გარჩევის` მიზეზი ნაძარცვი ქონების გაყოფა გახდა.
ხერსონს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ყირიმს, ამჟამად მთლიანად რუსეთის ჯარი აკონტროლებს და უახლოეს მომავალში იქ ე.წ. `რეფერენდუმის` ჩატარებასაც კი გეგმავს, რათა გამოცხადდეს `ხერსონის რესპუბლიკა`, როგორც არსებობს ე.წ. `დონეცკის რესპუბლიკა` და `ლუგანსკის რესპუბლიკა`.
. . . . . . . . . . . . .
დასავლური სპეცსამსახურებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ დღესაც კი, ამდენი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის შემდეგ, პუტინი არ ეშვება იდეას `უკრაინის ფედერაციული რესპუბლიკის` დაფუძნებაზე და სწორედ ამას სთავაზობს კიევს და დასავლეთს ომის შეწყვეტის სანაცვლოდ. ანუ პუტინის პოზიციაა, რომ ყირიმზე ლაპარაკი ზედმეტია, ყირიმი რუსეთის ნაწილია, მაგრამ უკრაინა თუ NATO-ზე უარს იტყვის და სახელმწიფო ენად რუსულს გამოაცხადებს უკრაინულთან ერთად, მაშინ `დონეცკის რესპუბლიკა`, `ლუგანსკის რესპუბლიკა` და `ხერსონის რესპუბლიკა` შესაძლოა შეუერთდნენ `უკრაინის ფედერაციას` ისე, რომ ამ პრორუსულ ანკლავებს ჰქონდეთ ვეტოს უფლება კიევის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე! და ეს ჩაიწეროს უკრაინის ახალ კონსტიტუცაიში. ოღონდ ისე, რომ რუსეთს მიეცეს სახმელეთო გასასვლელი ყირიმში - ხერსონის გავლით.
სწორედ ამას სთავაზობდა პუტინი უკრაინას 2014 წლიდან (ყირიმის ანექსიიდან და დონბასის პირველი ომიდან)- ამ აგრესიამდე, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, თუმცა ეს ნიშნავდა უკრაინის ქცევას `სახელმწიფო-ინვალიდად`: დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გარეშე.
არ ეშვება ამ იდეას (უკრაინის ფედერალიზაციას) პუტინი და იმუქრება, რომ ომს მანამ გააგრძელებს, სანამ უკრაინა არ დათანხმდება ფედერალიზაციას.
უფრო ზუსტი საერთაშორისო განსაზღვრებით, ეს ფედერაცია კი არა, უკვე კონფედერაცია იქნება, როდესაც რეგიონებს ვეტოს უფლება აქვთ ცენტრის გადაწყვეტილებებზე.
აქვე უნდა ითქვას, რომ ომის შეწყვეტის და საბოლოო ხელშეკრულების უმთავრეს პირობად პუტინი მოითხოვს, უკრაინამ გამოიტანოს სარჩელები საერთაშორისო ინსტანციებიდან. ანუ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან, ჰააგის ტრიბუნალიდან და ა.შ.
თუ კიევი ამას დათანხმდება, მაშინ დასავლეთიც `მხრებს აიჩეჩს` და გააუქმებს სანქციებს - ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს პუტინს.
. . . . . . . . . . . . .
ფინეთი ხდება მესამე ქვეყანა ბულგარეთის და პოლონეთის შემდეგ, რომელსაც რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს იმ საბაბით, რომ ჰელსინკიმ უარი თქვა ბუნებრივი აირის საფასური რუბლებში გადაეხადა. სინამდვილეში მოსკოვი აპირებს ფინეთი დასაჯოს იმისთვის, რომ ჰელსინკი გეგმავს NATO-ს წევრი გახდეს.
სხვათა შორის, პუტინმა იმ ცნობილ ულტიმატუმში, როდესაც გაზის საფასურის რუბლებში გადახდა მოითხოვა მყიდველებისგან, უცნაური რამ თქვა: `არამეგობარი ქვეყნებისგან მოვითხოვთ ამას და არა ყველასგანო`. ანუ ევროპის ქვეყნებისგან მოითხოვს ბუნებრივი აირის რუბლში ანაზღაურებას, რათა საბაბად გამოიყენოს გაზის შესაწყვეტად.
ინდოეთისგან და ჩინეთისგან არ მოითხოვს რუბლი გადაიხადონ. იმათ ეს არ აწყობთ და პუტინიც ერიდება მათთან ურთიერთობის გაფუჭებას, რაკი იმედი აქვს, რომ მას შემდეგ (თუ) საბოლოოდ დატოვებს ევროპის ბაზარს, ბუნებრივი აირის გასაღებას (სტრატეგიული მოცულობით) შეძლებს ინდოეთში და ჩინეთში, რაც რასაკვირველია ფუჭი ოცნებაა: გადახდისუნარიანობით ვერც ჩინეთი და ვერც მით უმეტეს ინდოეთი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს ვერ შეედრება.
ფინეთის ენერგეტიკაში რუსული ბუნებრივი აირის წილი სულ 5%-ია. არ არის დიდი ციფრი. მაშ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ფინეთში რუსული გაზი გამოიუენება, როგორც `ნედლეული`. თუმცა ფინელები სწავლობენ შესაძლებლობას, ამავე მიზნით პროპანი გამოიყენონ.
ამავე დროს, გერმანელი ექსპერტები ამტკიცებენ: იმისთვის რათა მომავალ ზამთარს გერმანელი ერი ტოტალურად არ გაიყინოს, აუცილებელია ზამთრისათვის გაზსაცავების 100%-ით შევსება. ოღონდ საამისო ბუნებრივი აირი გერმანიას ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლავე გაჩერდება გერმანული ინდუსტრიის 80% და ზამთრამდე, ესე იგი გაზსაცავების შევსებამდე აღარც ამუშავდება.
გუშინ გფრ-ის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის ბუნებრივი აირის საფასურს რუბლში.
ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა: საბედნიეროდ, გერმანელებს მოჰყირჭდათ მოსკოვის ქვეშ `დაწოლა` მუდამ და ყოველთვის.
თორემ რუბლებში გადახდაც არ იქნებოდა ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა: პუტინის წინადადებით `გაზპრომბანკში` იქმნება სპეციალური ანგარიში, სადაც გაზის იმპორტიორს შეუძლია იყიდოს რუბლი ევროზე ან დოლარზე და მერე ჩარიცხოს იმავე ბანკში რუბლის ანგარიშზე.