აკაკი ელიავას ცუდი აღსასრული

აკაკი ელიავას ცუდი აღსასრული

        ის, რომ აკაკი ელიავა, ბოლოს და ბოლოს, ცუდად დაამთავრებდა, იმთავითვე ცხადი იყო. როგორც ჩანს, ელიავამ, ბოლო დროს რეალობის გრძნობა საერთოდ, დაკარგა. თავად განსაჯეთ: ერთი მხრივ, უშვერად ლანძღავდა ხელისუფლებას, აცხადებდა მას უკანონოდ, მეორე მხრივ, საქართველოს ყველა კუთხეში თავისუფლად დასეირნობდა და, რატომღაც, ეგონა, რომ «ყურებზე ხახვსაც ვერავინ დააჭრიდა».
        არადა, გაუგებარია, რატომ?
        არანაირი ვალდებულება ხელისუფლებას მის მიმართ არ უკისრია. «შერიგების პროცესი» ელიავაზე გავრცელდებოდა მხოლოდ იმ პირობით და იმ შემთხვევაში, თუ იგი, ვთქვათ, მოვიდოდა სენაკის პოლიციის განყოფილებაში, ჩააბარებდა იარაღს და დაწერდა განცხადებას «შერიგების» (იგივე შეწყალების) თხოვნით.
        რასაკვირველია, კაკო ელიავა ამას არ გააკეთებდა – ეს მან თავადაც შესანიშნავად უწყოდა და ხელისუფლაბმაც. მაგრამ აკაკი ელიავას მეტი ჭკუა მართებდა და სჯობდა ყოფილიყო თავისთვის მშვიდად ლუგელას ხეობაში ან (უკიდურეს შემთხვევაში) სენაკში.
        გაუგებარია, რას მიდი-მოდიოდა მცხეთაში, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა?
        «გამოიტყუესო» - ვერავინ გამოიტყუებდა, თავად რომ არ ჰქონოდა უცნაური რწმენა, რომ «თითსაც ვერ დააკარებდნენ» (სხვა საკითხია, რატომ ეგონა, რომ თითსაც ვერ დააკარებდნენ).
        ბუნებრივია, თუ იგი იმას მოახერხებდა, პოლიციის გენერალს პოლიციის შენობაში (!) მძევლად აიყვანდა და თავს ცხენისწყლამდე გააცილებინებდა, ეს ხელისუფლებისთვის (პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის) ისეთი თავსლაფდასხმა იქნებოდა, ამ თავს ვეღარსად გამოყოფდა.
        ამიტომ შეუძლებელია, იმის წარმოდგენა, რომ ზესტაფონის პოლიციიდან კაკო ელიავას თავისუფლად გაუშვებდნენ, რაკი მოახერხეს და დააკავეს.
        საკვანძო საკითხი აქ ის არის, რომ, როგორც ჩანს, აკაკი ელიავას ზესტაფონთან ისეთი ძალა ელოდა, ასე ადვილად წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ამიტომაც წაჰყვა «რაიგანყოფილებაში».
        რაც შეეხება იარაღის ჩაბარებას, აკაკი ელიავას მხრიდან იარაღის ჩაბარება და მისი დაპატიმრება ერთი იქნებოდა! ხელისუფლებამ, უბრალოდ, გადაწყვიტა, აკაკი ციხეში ჩაესვა. და თუ ელიავას ასეთი ბედის თავიდან აცილება სურდა, არ უნდა ყოფილიყო ესოდენ დარწმუნებული, რომ «უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდა».
        არადა, დღეს ხომ 2000 წელია და არა – 1993, ან თუნდაც - 1996.
        რასაკვირველია, ძალოვანმა სტრუქტურებმა ამით თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინეს, თუმცა ფორმალურად ვეღარ შეედავები – ისინი ვერც თავიანთ კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვებდნენ პოლიციის გენერლის წაყვანას ცხენისწყალის გაღმა ისე, როგორც 1998 წელს, როდესაც ელიავამ მძევლად აიყვანა რამდენიმე გენერალი და იმერეთის გუბერნატორი.
        რაც შეეხება ელიავას მკვლელობის პოლიტიკურ შედეგებს - ე.წ. პოლიტიკური ძალები, რასაკვირველია, ყველაფერს იღონებენ, რათა მაქსიმუმი «გამოწურონ» მომხდარიდან.
        თანაც, რაც ყველაზე უცნაურია, პოლიტიკოსებს აშკარად ახასიათებთ ილუზია, თითქოს მოსახლეობას არ ახსოვს, ვინ რას აკეთებდა გასულ წლებში, ან ვინ რას ამბობდა ელიავას შესახებ.
        არადა, ქართული მოსახლეობის ერთ-ერთი «მენტალური თავისებურება» ის არის, რომ წარსულს არასდროს ივიწყებს და არასდროს აპატიებს პოლიტიკოსებს ადრე დაკაევებულ პოზიციას.
        აკაკი ელიავას ლიკვიდაციით ვერავინ ვერაფერს «გამოადნობს». ხელისუფლება ხომ ვერაფერს მოიგებს, მაგრამ ვერც ოპოზიცია მოიგებს რამეს. პარლამენტში წარმოდგენილ «ზვიადისტებს» ელიავა არასოდეს მიაჩნდათ «თავისიანად» და არც ეს უკანასკნელი აგდებდა მათ აინუნში.
        სინამდვილეში, ელიავასა და «საპარლამენტო ზვიადისტებს» აბსოლუტურად განსხვავებული მოტივაცია ჰქონდათ. ჰქონდათ უკვე ძალიან დიდი ხანია – შეიძლება იმთავითვცე. მიუხედავად ამისა, პარლამენტში დიდი ხმაური ატყდა ზესტაფონის ფაქტთან დაკავშირებით.
        არ არის გამორიცხული, ზოგიერთი დეპუტატი თვალთმაქცურად დაესწროს აკაკი ელიავას დაკრძალვას, რათა ქულები ჩაიწეროს. აქ სწორედ «პოლიტიკურ ქვენაგრძნობაზე» გვაქვს საუბარი, თორემ გარდაცვლილი ადამიანისთვის პატივის მიგება, თავისთავად, კეთილშობილური განზრახვაა.
        «ეროვნული თანხმობის» კომისია სამეგრელოში მიმდინარე პროცესებს ვერც ერთი თვალსაზრისით ვერ მართავს. მით უმეტეს, რომ ამ კომისიის დაშლის პროცესი უკვე დააწყო. მან თავისი პოტენციალი მთლიანად ამოწურა «შემორიგების» იურიდიული ბაზის შექმნით. ვისაც უნდოდა (ან შეეძლო) ამ შანსით, თუ იურიდიული მექანიზმით ესარგებლა, ისარგებლა კიდეც. სხვები ან ისე დაასრულებენ თავის «მოღვაწეობას», როგორც აკაკი ელიავამ ან ლუგელას ხეობაში გამაგრებული დარჩებიან და მცხეთისკენ აღარ გამოემგზავრებიან.
        ოპოზიციიდან ყველაზე საღი შეფასება ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ჰქონდა: მას არ უცდია აქედან არანაირი პოლიტიკური დივიდენდის «გამოწურვა» ან «გამოდნობა».
        იქნებ არა იმიტომ, რომ ირინა სარიშვილი-ჭანტურიას, საერთოდ, არ ახასიათებს (როგორც პოლიტიკოსს) პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისათვის ბრძოლა, არამედ სულ სხვა მიზეზით – ამ შემთხვევაში, უბრალოდ, დივიდენდების მოპოვება შეუძლებელი იყო.
        მით უმეტეს, მისთვის, ისევე, როგორც სხვა «ანტიზვიადისტებისათვის».
        მაგრამ ირინა სარიშვილი-ჭანტურია ამას მიხვდა, სხვები კი ვერ მიხვდნენ და ვერც ვერასოდეს მიხვდებიან. ამიტომაც ირინა სარიშვილი-ჭანტურია «ახალი თაობის» ერთ-ერთ ყველაზე ჭვიან პოლიტიკოსად რჩება.

მერიდიანი, 12 ივლისი, 2000 წელი