საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივნისი. 2024 წელი

სინგაპურის თავდაცვის მინისტრთა სამიტზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთი, რომელიც ეხმარება რუსეთს და ამით, ზელენსკის თქმით „ხელს უწყობს ომის გახანგრძლივებას“.

ამ განცხადებით ზელენსკი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი (მოსკოვის თხოვნით რასაკვირველია) არ მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიის სამშვიდობო სამიტში, რაკი პუტინი არ აპირებს იქ გამგზავრებას ან თავისი წარმომადგენლების გაგზავნას.

ჩინეთმა ზელენსკის განცხადება არ შეიმჩნია.

სამაგიეროდ, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა სინგაპურის ტრიბუნა იმისთვის გამოიყენა, რომ ამერიკას და ზოგადად დასავლეთს დამუქრებოდა: ტაივანის დამოუკიდებლობის თემას ნუ ეთამაშებით, თორემ ომს მიიღებთო.

ამაზე აშშ თავდაცვის მინისტრმა ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი ფორმულირებით უპასუხა: „ტაივანის გამო ომი არც გარდაუვალია, თუმცა არც შეუძლებელიო“.

აბსოლუტურად ზუსტი ფორმულირებაა ძალთა განლაგების და მოტივაციების გათვალისწინებით.

ოღონდ ეს ფორმულირება იმასაც ნიშნავს უეჭველად, რომ ამერიკა შეეცდება გარკვეული ბალანსი დაიცვას ამ საკითხში და მეტისმეტად მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი გააკეთებს „მკვეთრ მოძრაობებს“, ამერიკა უკან არ დაიხევს და ომში ჩაერთვება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაივანის ომი დაახლოებით ისეთივე ზეგავლენისა იქნება ინდო-წყნარი ოკეანის (IndoPacific) რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, როგორიც მანამდე მხოლოდ WWII ანუ მეორე მსოფლიო ომმა თუ მოახდინა ამ რეგიონზე.

ზბიგნევ ბჟეზინსკი რომ წერდა წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“: `ვინც ევრაზიის კონტინენტზე იბატონებს XXI საუკუნეში, ის იბატონებს პლანეტაზეცო`......იაპონია, ტაივანი, ფილიპინები, ჩინეთი, ამ მხრივ „ევრაზიული სივრცის“ ნაწილია უდავოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

“I’m OK with it,” (ქართულად შეიძლება გადმოითარგმნოს, როგორც „არა უშავს“ ან „მერე რა?“) - ასე უპასუხა ტრამპმა FOX News-თან ინტერვიუში კითხვას, რამდენად არის მზად ციხის ან საშინაო პატიმრობისთვის, თუ 11 ივლისს მოსამართლე ამგვარ  გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ცნობილია, ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი „პორნოვარსკვლავის მოსყიდვის“ საქმეზე 34-ივე ეპიზოდში გაამტყუნეს და თეორიულად, ტრამპს მთლიანობაში, სასჯელთა შეჯამების ამერიკული ინსტიტუტის გათვალისწინებით, 20 წლიანი პატიმრობაც კი შეიძლება ელოდოს.

ოღონდ ეს თეორიულად.

ტრამპმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ „საზოგადოება ჩემს პატიმრობას არ შეურიგდებაო“.

და ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი.

ახლა ამერიკულ და ევროატლანტიკურ მეინსტრიმულ მედიაში ბევრი სპეკულაციაა იმაზე, რომ თურმე......ტრამპის პატიმრობა ან თუნდაც შინა პატიმრობა ან ნებისმიერი სხვა განაჩენი მის მომხრეთა რაოდენობას შეამცირებს, რადგან „კრიმინალად“ გამოჩნდება ამომრჩეველთა, განსაკუთრებით „მერყევი“ ამომრჩევლების თვალში და ასე შემდეგ.

ჯერ ერთი ესეც საკამათოა, თუმცა მთავარი სხვაა: ტრამპის მთავარი რესურსი ახლა (სწორედ მას გულისხმობს „საზოგადოებაში) „ამომრჩეველი“ კი არ არის თავისთავად, არამედ ის პასსიონარული უმცირესობა, რომელიც „ქუჩაში გამომვარდნია“, ბარიკადების ამგებია, National guard-თან „რამე რომ იყოს“ მეომარია და ა.შ და ა.შ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, როგორც ნამდვილად ბრძენმა პოლიტიკოსმა, რამდენიმე დღის წინ გამოთქვა საოცარი ფრაზა: „ერთადერთი საშუალება, ტრამპი არ შეუშვათ თეთრ სახლში, არა ციხე, არამედ საარჩევნო ურნაა“

ბუნებრივია, ტრამპი არჩევნების ნებისმიერ შედეგზე მაინც იტყვის „გამიყალბესო“, თუმცა უკეთესი საშუალება ნამდვილად არ არსებობს.

ტრამპის ციხეში ჩასმა ან თუნდაც შინაპატიმრობა არის..... გზა ჯოჯოხეთისკენ!

 ამდენად ყველაზე ჭკვიანი წარმომადგენლები ამერიკული Deep state-ისა, ახლა ურჩევენ მოსამართლეს, 11 ივლისს ტრამპს გამოუტანოს ჯარიმის განაჩენი და არანაირად რაიმე პატიმრობის ფორმა.

ჯარიმა უნდა იყოსო დიდი, ოღონდ არა იმდენი, ფინანსურ განადგურებას გულისხმობდეს.

აქ არგუმენტი კიდევ ისაა, რომ დონალდ ტრამპს ძალადობრივი დანაშაული არ ჩაუდენია.

ამერიკის სისხლისსამართლებრივი პრაქტიკით და პოლიტიკით, არაძალადობრივ დანაშაულზე შედარებით ლმობიერი განაჩენი (ჯარიმა ან ზოგადი პრობაცია) კიდევ მაინც დასაშვებია.

ეს რაც შეეხება სთორმი დენიელსის მოსყიდვის საქმეს, მაგრამ.....2021 წლის „კონგრესში შეჭრის“ ქეისი?!

ის ხომ სწორედაც „ძალადობრივი დანაშაულის“ კატეგორიაში გადის?! მით უმეტეს, როცა ტრამპს ორგანიზებაში სდებენ ბრალს?!!!

 ერთი სიტყვით, ზემძლავრი და ბრძენი ამერიკული Deep state ასეთ მძიმე მდგომარეობაში დიდი ხანია არ ყოფილა. „ცუგცვანგის“ სიტუაციაშია  ფაქტობრივად, როცა „კარგი სვლები“ არა აქვს.

არჩევანია „ცუდსა“ და „უარესს“ შორის.

თუმცა მაინც იმდენად მაღალკვალიფიციურია ამერიკული Deep state (ესე იგი „გადაწყვეტილების მიმღები საშუალო რგოლის ბიუროკრატია“) იმედია იპოვიან გამოსავალს ისე, რომ ამერიკას სამოქალაქო ომიც ააცილონ თავიდან და მართლმსაჯულებითი სისტემის ჩამოშლაც არ დაუშვან.

ზოგადად კი, დონალდ ტრამპის მიმართ ყველაზე ზუსტი განსაზღვრებაა „ამრევი“.

ამიტომაც უჭერდა მხარს ჩუმ-ჩუმად პუტინი 2016 წლიდან: იცოდნენ კრემლში და მის სპეცსამსახურებში, რომ ეს „ამრევი“ ამერიკის „დალაგებული დემოკრატიის“ ჩამოშლის საფრთხეს შექმნიდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ისრაელის მთავრობამ დაადასტურა, რომ იღებს პრეზიდენტ ბაიდენის სამშვიდობო გეგმას ღაზის კონფლიქტის დასრულების თაობაზე.

ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემას The Sunday times განუცხადა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწემ ოფირ ფალკმა.

ნეტანიაჰუს კაბინეტის ორმა წევრმა უკვე თქვა, რომ დატოვებენ მთავრობას, თუ „ბიბი“ მიიღებს ბაიდენის გეგმას, რაკი, მათი აზრით, ეს გეგმა „შემრიგებლურია“ ჰამასის მიმართ და არ გულისხმობს ღაზის სექტორიდან ამ ტერორისტული ორგანიზაციის სამუდამო ამოძირკვას.

მართლაც, პრეზიდენტ ბაიდენის „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც 31 მაისს გამოქვეყნდა, გულისხმობს 3 ეტაპს:

ა) ცეცხლის შეწყვეტა; ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლება (ვინც ცოცხალი დარჩა და მანამდე არ გაცვალეს); პალესტინელი არაბი პატიმრების ერთი ნაწილის გამოშვება ისრაელის ციხეებიდან;

ბ) სტრატეგიული მოლაპარაკება ჰამასსა და ისრაელს შორის სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად.

გ) სხვა პალესტინელი პატიმრების გამოშვება დროთა განმავლობაში

 

ბაიდენი კი ამბობს, რომ გეგმის მიზანი ღაზაში ხელისუფლების შეცვლა და იქ (იგულისხმება) „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის დაბრუნებაა, მაგრამ............. რ ო გ ო რ და „რანაირად“ გამოიწვევს „ჰამასთან“ მოლაპარაკება ღაზაში ხელისუფლების შეცვლას, ამას არც თვით ბაიდენი, არც მისი თანაშემწეები, მათ შორის National security adviser ჯეკ სალივანი (გეგმის რეალური ავტორი) არ აზუსტებენ.

ალბათ გულისხმობენ, რომ ეს არის პროცესი და საბოლოოდ პროცესი თავისას მოიტანს, თუმცა როგორ....ნამდვილად გაუგებარია:

რაც ბაიდენის გეგმაში წერია, ის მხოლოდ და მხოლოდ „ცეცხლის შეწყვეტას“ ნიშნავს. თუნდაც ომის დასრულებას, ღაზიდან ისრაელის ჯარების გამოყვანას და მეტს არაფერს. მაშასადამე, 2023 წლის 7 ოქტომბრამდე არსებული „სტატუს-კვოს“ აღდგენას.

აქ უეჭველად იგულისხმება ისიც, რომ ომის განმავლობაში ისრაელმა დაახლოებით 30-ჯერ მეტი ღაზელი მოკლა, ვიდრე ღაზელმა ტერორისტებმა მოკლეს 7 ოქტომბერს.

შესაბამისად, ისრაელის საზოგადოების „ძირისძირა“, ფუნდამენტური  ინტერესი და ღირებულება „სისხლი სისხლისა წილ“ მიღწეულია და არ არის გამორიცხული, ისრაელის საზოგადოებამ კიდეც მიიღოს ეს კომპრომისი.

ყოველ შემთხვევაში მისმა დომინანტურმა ნაწილმა მაინც.

მეორე მოცემულობა კი ის საოცარი ფაქტია, რომ აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით, დღესაც კი, მთელი ამ უბედურების შემდეგ, ღაზაში არჩევნები რომ ჩაატარო......ისევ ჰამასი მოიგებს.

ღაზის მთელი მოსახლეობა „ჰამასია!!!“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ირანის პრეზიდენტი, ნაცვლად „უცნაურ“ ავიაკატასტროფაში დაღუპული ებრაჰიმ რაისისა, შესაძლოა გახდეს ექს-პრეზიდენტი აჰმედინეჯადი.

იგი 2005-2013 წლებში ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.

დავაზუსტოთ კვლავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ნამდვილი ხელმძღვანელი არის არა პრეზიდენტი, არამედ უმაღლეს მულლათა საბჭოს, ანუ აიათოლების საბჭოს მიერ არჩეული უზენაესი აიათოლლა.

ამჟამად უზენაესი აიათოლა არის აიათოლა ხამენეი.

პრეზიდენტი ირანში, ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრია.

და მაინც, „პრეზიდენტი აჰმედინეჯადი“ „უარესის შემდეგ უარესის“ მოსვლას ნიშნავს, რაკი ეს პიროვნება ისეთი მძვინვარე ფანატიკოსია, მასთან შედარებით „პრეზიდენტი რაისი“ შესაძლოა ბევრს „მშვიდობის მტრედად“ და „ისრაელის მეგობრად“ მოეჩვენოს.

აჰმედინეჯადი უკვე დარეგისტრირდა, როგორც კანდიდატი.