ამერიკა საქართველოს მიტოვებას არ აპირებს

ამერიკა საქართველოს მიტოვებას არ აპირებს

        საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, ამ ქვეყნის თავდაცვითი უწყების მიწვევით. პენტაგონში გამართულ მოლაპარაკებათა ძირითადი თემა ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა (ძირითადად «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამის გაგრძელება) იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს, რასაკვირველია, უნიკალური პროგრამა არ არის. პენტაგონის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ამერიკა ამჟამად მთელ მსოლიოში (ოცამდე ქვეყანაში) ახორციელებს ზუსტად ამ ფორმატის პროგრამას.
        ამ სახელმწიფოთა გეოგრაფიაც გლობალურია ფილიპინებიდან – კოლუმბიამდე, მაგრამ საქართველოსთვის «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამას მაინც განსაკუთრებული, უპირველესად, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. თუმცა არც მისი სამხედრო შემადგენელია უგულებელსაყოფი. საკმარისია ითქვას, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამერიკელებმა მოამზადეს და აღჭურვეს საქართველოს შეიარაღებულ ძალთა სამი სპეციალიზებული ბატალიონი _ მთლიანობაში1500 პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე. ამდენად, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ გენერალ თევზაძის ამერიკაში ვიზიტის წინ, აფხაზეთის თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, თითქოს, ამასწინათ გალის რაიონში მოკლული ორი ქართველი პარტიზანი ბატალიონ «კომანდოს» წევრები იყვნენ და ამერიკელი ისნტრუქტორების ხელმძღვანელობით გადიოდნენ მომზადებას.
        რასაკვირველია, ეს არის სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლის ცდა, რადგან რუსეთს ეძლევა საბაბი, ამერიკა დაადანაშულოს «ქართველი ტერორისტების» მომზადებაში. სინამდვილეში, ხსენებული განცხადება აშკარად მორიგი დეზინფორმაციაა, ამერიკელი ინსტრუქტორები იმ პირობით ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ მათი მომზადებული ჯარისკაცები არ მიიღებენ მონაწილეობას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტაში. ყოველ შემთხვევაში, ღიად და მანამ, ვიდრე თავდა აქ არიან. ამრიგად, გამორიცხულია, გალში მოკლული პარტიზანები მართლაც «კომანდოს» ბატალიონის წევრები იყვნენ. ამას ამერიკელებს ვერ გამოვაპარებდით და ისინი უკვე განაცხადებდნენ მტკიცე პროტესტს.
        გარდა ამისა, პროგრამის კიდევ უფროსასიკეთო შედეგი ის არის, რომ მან აიძულა საქართველოს ხელისუფლება, შეექმნა პროფესიული არმიის დაფინანსების პრეცედენტი: ამერიკა ყველაფრით ეხმარება სამივე ბატალიონს, მაგრამ ხელფასს იგი, რასაკვირველია, ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ვერ გადაუხდიდა. ამდენად, ჩვენი ქვეყნი სხელისუფლება, უმძიმესი საბიუჯეტო პრობლემების მიუხედავად, იძულებულიგახდა, გამოეძებნა არც თუ მცირე სახსრები, რათა სამივე ბატალიონი დაეფინანსებინა და ამით პროფესიული არმიის ბირთვი შეექმნა. ეს უკვე ინსტიტუციური რეფორმაა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე თვით სამი ბრძოლისუნარიანი შენაერთის შეძენა.
        რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილ 75 მილიონ დოლარს, მისი ნაწილი იხარჯება თვით ინსტრუქტორთა მაღალ ხელფასებზე, მათ საცხოვრებელსა და მომსახურებაზე. ოღონდ, არც ის არის უმნიშვნელო გარემოება, რომ პენტაგონმა საქართველოს აჩუქა სამხედრო აღჭურვილობის (ფორმიდან-მედიკამენტებამდე, იარაღის გარდა) 2000 კომპლექტი, თანაც, ზუსტად ისეთი, როგორიც ამერიკელ სამხედროებს ეძლევათ. ამჟამად საქართველოს მთავარი მიზანია, მიაღწიოს პროგრამის კიდევ 2 წლით გაგრძელებას და ამით უზრუნველყოს არა მხოლოდ ამერიკის სამხედრო «ყოფნის» შანარჩუნება საქართველოში, არამედ კიდევ რამდენიმე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფის მომზადება და აღჭურვა.
        სწორედ ეს იქნება პოტომაკის ნაპირებზე დავით თევზაძის შეხვედრათა უმთავრესი მიზანი. სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია მისი მოლაპარაკებები როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ხელმძღვანელობასთან (დასავლეთში ეს ფუნქციები გაყოფილია), რათა ჯერ თვით პენტაგონმა, შემდეგ კი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კონგრესის წინაშე დასვას საკითხი პროგრამის 2005 წლამდე გაგრძელების შესახებ. ამისათვის ამერიკის ბიუჯეტიდან კიდევ დაახლოებით 150 მილიონი დოლარის გამოყოფაა საჭირო და ეს თანხა, რა თქმა უნდა, შეუფარდებელია პროექტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასთან. წინასწარი ინფორმაციით, ბუშის ადმინისტრაცია და, განსაკუთრებით, ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის – კონდოლიზა რაისის აპარატი (სადაც რეალურად ხდება ამგვარი გადაწყვეტილებების გამომუშავება) საკმაოდ კეთილგანწყობილია საქართველოს თხოვნის მიმართ. ანუ პროგრამა გრძელდება, მაგრამ მისი მასშტაბი არ გაიზრდება, რაკი ამას არითვალისწინებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთმოქმედების ამჟამინდელი დონე. მაშასადამე, მოტომსროლელთა ორი და სპეცდანიშნულების (კომანდოს) ბატალიონთან ერთად, ამერიკა უახლოეს წლებში დაგვეხმარება კიდევ ორი-სამი ბრძოლისუნარიანი და სათანადოდ აღჭურვილი ბატალიონის მომზადებაში. მთლიანობაში ეს უკვე (საქართველოსათვის) საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ქვეყნის ბიუჯეტი გასწვდება მზარდი დაფინანსების აუცილებლობას.

დილის გაზეთი, 15 ოქტომბერი, 2003 წელი