საერთაშორისო მიმოხილვა. 10 თებერვალი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 10 თებერვალი. 2025 წელი

დონალდ ტრამპის პირველი სერიოზული სისტემური „ჯახი“ ამერიკის მრისხანე მართლმსაჯულების სისტემასთან:

გუშინ ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance განაცხადა, რომ ამერიკის სასამართლოებს არ აქვთ უფლება „აკონტროლონ“ (aren’t allowed to control) პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომლითაც ბოლო დროს აშშ სახელმწიფოს მეთაურმა რამდენიმე უმძიმესი, სარისკო, რადიკალური სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმა განახორციელა.

იგულისხმება არა მხოლოდ ტრამპის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად დაშალოს, დაანგრიოს USAID არამედ მისივე ბრძანებულება მაგალითად Birthright citizenship აკრძალვის შესახებ, რომლის თანახმად არალეგალი ემიგრანტების (!) შვილებს, თუკი ამერიკის ტერიტორიაზე დაიბადნენ, ავტომატურად ენიჭებოდათ ამერიკის მოქალაქეობა.

ეს უფლება და პრაქტიკა შეიზღუდა.... ოღონდ არა ყველა ემიგრანტის, არამედ Un documentary ემიგრანტების მიმართ.

თუმცა სასამართლომ, სარჩელის საფუძველზე, შეაჩერა ამ ბრძანებულების მოქმედება და ასევე შეაჩერა ნაწილობრივ იმ ბრძანებულების მოქმედება, რომლითაც ტრამპმა USAID დაანგრია - თანამშრომლები იძულებიტ შვებულებაში გაუშვა.

სასამართლომ ეს ბრძანებულებები  შეაჩერა, არ  გააუქმა.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ტრამპს მხოლოდ იმ ინსტიტუციების დანგრევის საშუალება აქვს, რომლებიც პრეზიდენტის ბრძანებულებითაა შექმნილი.

მაგალითად USAID შეიქმნა პრეზიდენტ კენედის ბრძანებულებით და ტრამპს, თავისი ბრძანებულებით შეუძლია მისი გაუქმება.

ასევე პრეზიდენტის Executive order-ითაა შექმნილი (აი რასაც რუსები უწოდებენ Указ) Birthright citizenship-ის წესი და პრაქტიკა.

მაგრამ პრეზიდენტს არ აქვს უფლება გააუქმოს კანონი (ან აქტი Act) რომელიც კონგრესის მიერაა მიღებული.

მაგალითად დონალდ ტრამპს არა აქვს უფლება გააუქმოს FARA (Foreign Agents Registration Act), რადგან ეს არის კონგრესის მიერ მიღებული კანონი და მისი გაუქმების უფლება მხოლოდ კონგრესს აქვს ახალი კანონით.

მაშ რატომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ტრამპმა FARA გააუქმა ან თუნდაც შეაჩერა მისი მოქმედება?

იმიტომ, რომ ტრამპმა თავისი Executive order-ით ნამდვილად გააუქმა ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი ა, რომელიც ამ კანონის აღსრულებას უზრუნველყოფდა და რომელიც ერთ-ერთი წინამორბედი პრეზიდენტის ბრძანებულებითაა შექმნილი.

 ეს იგივეა, რომ არ გაუქმდეს ვთქვათ საგადასახადო კანონმდებლობა, მაგრამ გაუქმდეს საფინანსო პოლიცია თუ იგი არა კანონით არამედ კონკრეტული ბრძანებულებითაა შექმნილი.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკაში და ნებისმიერ საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო-საპარლამენტო ქვეყანაში, პრეზიდენტის ბრძანებულებას კანონის ძალა აქვს..... ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არ ეწინააღმდეგება.

ის, რომ FARA-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია დაარბია ტრამპმა, არ ნიშნავს, რომ FARA-მ სულ შეწყვიტა არსებობა.

ვიმეორებ: FARA არის კანონი და კანონის გაუქმება მხოლოდ კანონითვეა შესაძლებელი.

ამრიგად, ვალდებულებები რჩება.

„საფინანსო პოლიცია“ რომც გაუქმდეს, გადასახადების ვალდებულება რჩება.

 

სამაგიეროდ, სასამართლოს ამერიკაში შეიძლება ითქვას, ყველაფრის უფლება აქვს.

ფედერალურ მოსამართლეს ნამდვილად აქვს უფლება არათუ ტრამპის ბრძანებულება შეაჩეროს, არამედ კონგრესის მიღებული კანონის მოქმედებაც კი შეაჩეროს და საბოლოოდ საკითხი მიმართოს უზენაესი სასამართლოსკენ, რომელიც ამერიკაში ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას.

დამკვირვებელთა აზრით, ტრამპი იმიტომაცაა ესოდენ „უკანმოუხედავი“ და რადიკალური ამერიკულ მართლმსაჯულებასთან მიმართებაში, რომ ჯერ ერთი, მის სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოოდ ბევრი ვერაფერი დააკლეს და მეორეც, რაც ბევრად არსებითია, ტრამპს, ასევე მის „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვთ მყარი უმრავლესობა უზენაეს სასამართლოში, სადაც ამჟამად უმრავლესობა კონსერვატორი მოსამართლეები არიან. ტრამპის მხარდამჭერები.

ამაზე დონალდ ტრამპმა იზრუნა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში, როცა უზენაესი სასამართლოს წევრებად „სამუდამოდ ანუ ცხოვრების ბოლომდე“ უვადოდ დანიშნა მისი გემოვნების, მსოფლმხედველობის და პოლიტიკური პროგრამის მხარდამჭერი ფიგურები

ეს არ ნიშნავს, მუდამ ყველაფერში დაუჭერენ მხარს, მაგრამ მძლავრი „ზურგი“ ამერიკის ამ უმთავრეს ინსტიტუციაში ტრამპს ნამდვილად აქვს და აქ ასევე არ შეიძლება არ ითქვას, რომ უნიკალური ვითარებაა ამერიკისთვის, როდესაც პრეზიდენტი აკონტროლებს კონგრესის ორივე პალატასაც და უზენაეს სასამართლოსაც.

ამგვარი „კომფორტი“ XX-XXI საუკუნეში თითქმის არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონია არც ერთ ეპოქაში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ დაარტყა რუსულ კრასნოდარს.

დრონით.

ოღონდ უკრაინული წარმოების დრონით!

რუსულმა „საზენიტომ“ უკრაინული დრონი ჩამოაგდო და ნამსხვრევებით ხანძარი გაჩნდა ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში.

აქ მთავარი ისაა, რომ უკრაინის არმია ახორციელებს შეტევებს რუსულ ქალაქებზე (!) საკუთარი იარაღით მაშინ, როდესაც ბაიდენის აკრძალვა ამერიკული იარაღით (!) ქალაქებზე დარტყმის შესახებ კვლავ უცვლელია.

გააუქმებს თუ არა დონალდ ტრამპი ამ აკრძალვას ღიად ან ფარულად, იმ მოლაპარაკებებზე (უფრო ზუსტად მათ შედეგზე) დამოკიდებული, რაც ახლა იწყება უკრაინის გარშემო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო და ბევრმა ივარაუდა, დონალდ ტრამპის „ანტიევროკავშირულმა“ რიტორიკამ (ჯერ ჯერობით ამ რიტორიკას „ანტიევროპულს“ ვერ ვუწოდებთ, უფრო „ანტიევროკავშირული“) პირველ რიგში საფრანგეთი გააღიზიანა, რომელიც ბირთვული იარაღისა და გაეროში ვეტოს უფლების გამო ევროკავშირის პოლიტიკური (!) ლიდერია უდავოდ.

 ევროკავშირის ეკონომიკური ლიდერი რასაკვირველია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა, მაგრამ ისტორიული მიზეზების გამო ბევრად „ჩუმია“ ვიდრე საფრანგეთი.

ფრანგებს კი ისტორიულად მუდამ აქვთ „ხინჯი“, რომ ანგლოსაქსურ ცივილიზაციასთან ასე თუ ისე წააგეს ისტორიული კონკურენცია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტრამპის რიტორიკასთან დაკავშირებით CNN-ს განუცხადა, რომ სჯობს ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთთან ეკონომიკური და საბაჟო-სატარიფო პრობლემატიკით დაკავდეს, ვიდრე ევროკავშირის მიმართ შემოჰქონდეს დამატებითი საბაჟო ტარიფები.

 „განა ევროკავშირია თქვენი უპირველესი პრობლემა? თქვენი უპირველესი პრობლემა ჩინეთია! თუ გინდათ, რომ ევროპა უფრო მეტს ხარჯავდეს თავდაცვაზე, მეტ ინვესტიციას ახორციელებდეს, მაშინ ნუ ვნებთ ევროკავშირის ეკონომიკას! ეს ამერიკის ინტერესებს შეესაბამება“ - განაცხადა მაკრონმა.

მან რეზონულად დასძინა, რომ კოოპერაცია სხვადასხვა საქონლის წარმოებისას ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმდენად მაღალია, რომ თუ ამერიკა შემოიღებს დამატებით საბაჟო ტარიფებს ევროპულ პროდუქციაზე, ეს აუცილებლად გამოიწვევს ასევე ფასების ზრდას იმავე პროდუქციაზე თვით ამერიკაში!

მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან აშშ ვაჭრობის დეფიციტი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარია, ხოლო ევროპელები არ ყიდულობენ ამერიკულ ავტომობილებს.

ნამდვილად ასეა: ამერიკაში შეუდარებლად მეტ „მერსედესს“ ნახავთ, ვიდრე ევროპაში - „ფორდს“. ოღონდ ამას შესაძლოა უფრო მარკეტინგული მიზეზები ჰქონდეს (არსებობს ასეთი ტერმინი „ბაზრის ფსიქოლოგია“, რაც მარკეტინგის ნაწილია-დ) ვიდრე საბაჟო ტარიფები.

 სამაგიეროდ ციფრული ტექნოლოგიების გაცვლის თვალსაზრისით ამერიკას უდიდესი პროფიციტი აქვს ევროკავშირთან ვაჭრობაში.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან ტრამპმა შემოიღო 10%-იანი დამატებითი საბაჟო განაკვეთები ჩინურ პროდუქციაზე და 25%-იანი კანადისა და მექსიკის პროდუქციაზე, თუმცა კანადასთან და მექსიკასთან მოხერხდა შეთანხმება ნარკოტიკის ბრუნვის პრობლემაზე და დროებით ეს განაკვეთები გაიყინა.

ჩინეთმა საპასუხო ზომები მიიღო ზოგიერთი კატეგორიის ამერიკულ პროდუქციასთან დაკავშირებით.

ეს ეკონომიკური/სავაჭრო ომები მხოლოდ იწყება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ შესაძლოა ისეთი მწვავე ფორმები მიიღოს, რომ.... დონალდ ტრამპს ამის გამო აღარაფერი ახსოვდეს. მათ შორის არც უკრაინა.

. . . . . . . . . . . . . . .

ღაზას სექტორთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის სენსაციური განცხადების გამო გლობალური გაუგებრობა და „საზრისულ-დიპლომატიური“ ტურბულენტობა/აღრეულობა გრძელდება.

როგორც ცნობილია ტრამპმა ისრაელის პრემიერთან პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ამერიკა „აიღებს ღაზას“, გადაასახლებს იქიდან არაბებს და აქცევს ამ რეგიონს რივიერად ანუ საუკეთესო საზღვაო კურორტად.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ტრამპის განცხადებას გუშინ „სრული აბსურდი“ უწოდა და ტრამპი „წყლის ნაყვაში“ დაადანაშაულა.

თეთრი სახლის სფოუქსპერსონი კი გამოვიდა და თქვა, რომ დონალდ ტრამპს არ უგულისხმია ღაზაში ამერიკული ჯარების გაგზავნა და ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვა ღაზას სექტორის რივიერად გადაქცევისთვის.

აბა რა იგულისხმა?! ზოგადად, ამასთან დაკავშირებით, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპის „იმპულსურობა“ მთავარი გარემოება ხდება გლობალური პოლიტიკისთვის.

შესაძლოა დადებითი აღმოჩნდეს, შესაძლოა უარყოფითი შედეგის მომტანიც „ვისთვის როგორ“ და „როდის როგორ“ ან „რა საკითხში - როგორ“

 იმედი ვიქონიოთ პუტინის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ ეს „იმპულსურობა“ და კატეგორიულობა უფრო დადებით როლს შეასრულებს, ვიდრე უარყოფითს.