ამერიკის დიდი განთიადი

ამერიკის დიდი განთიადი

        გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელმა დღემ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა ქვეყნის 43-ე პრეზიდენტს ირჩევდა, ეს გრანდიოზულიო ზესახელმწიფო არანაკლებ შეძრა, ვიდრე ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობამ 1961 წელს ან მეორე მსოფლიო ომის დროს პერლჰარბორის საზღვაო ბაზაზე თავდასხმამ.
        ჯორჯ ბუშ-უმცროსისა და ალ გორის პაექრობა საერთოეროვნულ გამოცდად იქცა. CNN COM –ის საიტზე ერთ-ერთი ავტორის შეშფოთბეული კომენტარიც კი გამოჩნდა: ნუთუ ამერიკა ორ ნაციად გაიყო? «ჩვენებური მენტალიტეტით ეს ლამის სამოქალაქო ომის მომასწავებელია, თუმცა, საბედნიეროდ, ამერიკაში შეუძლებელია ისეთი მარაზმი, როგორიც არის სამოქალაქო კონფრონტაცია პიროვნული შეხედულებების საფუძველზე. როგორც უნდა დამთავრდეს ეს ბობოქარი RACE-ი, ამერიკა სულ მალე დამშვიდდება და თუნდაც ერთი ხმით გამარჯვებული პრეზიდენტის ძალაუფლებას აღიარებს.
        ასეთი დაძაბული არჩევნები ამერიკაში საერთოდ არ გამართულა. რესპუბლიკელებმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა და დემოკრატმა ალ გორმა ამომრჩეველთა ხმების თითქმის თანაბარი ოდენობა მიიღეს - «49-49» პროცენტი.
        ამერიკის საარჩევნო სისტემის თავისებურებათა შესაბამისად, მოსახლეობა სარგებლობს საყოველთაო, მაგრამ არაპირდაპირი საარჩევნო უფლებით, ანუ ირჩევს ამომრჩევლებს («ლექტორებს»), რომლებიც შემდგომ ირჩევენ პრეზიდენტს.
        პრეზიდენტობის გასანაღდებლად კანდიდატებს, სულ ცოტა, 270 «ელექტორის» არჩევა ესაჭიროებოდათ. ფლორიდის შტატის 24 ელექტორის ბედი კი გაურკვეველი იყო. თავდაპირველად, ფლორიდის შტატში (სადაც, სხვათა შორის, ჯორჯ ბუშის ძმა – ჯებ ბუშია გუბერნატორი) ბუშ უმცროსმა მოიგო 2000 ხმის უპირატესობით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფლორიდის შტატის (სტაიტ - ანუ სახელმწიფო) კონსტიტუციით, მცირე უპირატესობის შემთხვევაში, ხმები თავიდან უნდა დაითვალოს.
        არ არის გამორიცხული, სულ 500-600 ხმა აღმოჩნდეს საკმარისი გასამარჯვებლად, რაც უზრუნველყოფს 25 «ელექტორს», ვინაიდან, ამერიკული, საარჩევნო სისტემით, შტატში გამარჯვება ელექტორთა 100 პროცენტის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ანუ, თუ ბუში, გაიმარჯვებს ფლორიდაში, თუნდაც 20 ხმით, ოცდახუთივე ელექტორი «რესპუბლიკელი» იქნება და პირიქით, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ «აბსოლუტური ოდენობოით», გორმა მეტი ხმა მოაგროვოს ქვეყნის მაშსტაბით, მაგრამ ბუშს მეტი «ელექტორი ჰყავდეს» დიდ შტატებში (კალიფორნია, ტექსასი, ფლორიდა) გამარჯვების წყალობით და პრეზიდენტობაც მას მიეკუთვნოს.
        ვიდრე ფლორიდის გენერალური პროკურორი განაცხადებდა, რომ ხმები თავიდან უნდა დაეთვალათ (ამას, ვიმეორებ, კონსტიტუცია ითვალისწინებს და არა იმიტომ, თითქოს ვინმეს «გაყალბების» ეჭვი გაუჩნდა) შეცდომის თავიდან ასაცილებლად – ელ გორმა უკვე მიულოცა ჯორჯ ბუშს გამარჯვება, მაგრამ შემდგომ თავისი მილოცვა უკან «გამოითხოვა».
        ამერიკელთა დიდი ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა ტელედებატებსა და «პირდაპირ ჩართვებს». ძირითად საინფორმაციო «საიტებზე» შემსვლელთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
        8 ნოემბერს, დილით, ამერიკელთა მეორე ნაწილმა იმ იმედით გაიღვიძა და ტელემიმღები ჩართო, რომ ახალი პრეზიდენტის ვინაობას გაიგებდა, მაგრამ ფლორიდაში კვლავ ხმებს ითვლიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა (ტელეეპოქაში), როდესაც არჩევნების მეორე დილით ამერიკელებმა ჯერ არ იცოდნენ თავიანთი ახალი პრეზიდენტის ვინაობა.
        მოქმედი პრეზიდენტი (ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი) ბილ კლინტონი კი მეუღლის წარმატებით აღფრთოვანებულია – ჰილარი როდჰემ-კლინტონი, ნიუ-იორკის შტატიდან, ამერიკის სენატორი გახდა, ანუ რეალური შანსი გაუჩვნდა, 2004 ან 2008 წელს, დემოკრატების მხარდაჭერით, თეთრ სახლში დაბრუნება სცადოს. ოღონდ, ამჯერად, როგორც ოვალური კაბინეტის პატრონმა და არა «მეუღლემ». «მეუღლის» სტატუსით თეთრ სახლში ბილ კლინტონი დაბრუნდება, მაგრამ ეს მომავლის საქმეა.
        ჯერჯერობით კი, რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს სენატში და ქვედა პალატაშიც. ახლად არჩეულ გუბერნატორთა უმრავლესობაც რესპუბლიკელია, ან ეგრეთ წოდებული «მორესპუბლიკელო დემოკრატი». მაშასადამე, ამერიკას ახალი ეპოქის მზე დაჰნათის და, მასთან ერთად, მთელ მსოფლიოს.

დილის გაზეთი, 9 ნოემბერი, 2000 წ.