საზოგადოებრივი აპათიის საფუძველი

საზოგადოებრივი აპათიის საფუძველი


       

        ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგისადმი საზოგადოების დამოკიდებულება აბსოლუტურ ინერტულობად ყალიბდება და შეიძლება ითქვას, მეათეხარისხოვანი პრობლემის სახეს იძენს.
        დროში გაწელილი და უნაყოფო მოლაპარაკებები შეუძლებელია სხვაგვარ განწყობას იწვევდეს; მით უმეტეს, უსასრულო შეხვედრები ფორმითა და შინაარსით ორი წვეთი წყალივით ჩამოჰგავს ერთმანეთს.
        სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას გამართული ყოველი ასეთი შეხვედრისას ერთმნიშვნელოვნად ფიქსირდება მხოლოდ ერთი რამ - ქართული დიპლომატიის მორიგი მარცხი.
        შექმნილი მდგომარეობა ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს თუ გავითვალისწინებთ, რომ სამშვიდობო დიალოგის პირველ ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები რიხიანად საუბრობდნენ დევნილთა დაბრუნების პროცესის ერთდროულად ორივე მხრიდან (როგორც ენგურის, ისე ფსოუს) დაწყების რეალურობაზე. დღეს ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, ხოლო მოლაპარაკებათა არეალი, მხოლოდ და მხოლოდ გალის რაიონით შემოიფარგლება და ისიც არასრულად.
        იმავდროულად შეხვედრები თბილისში, სოხუმში, მოსკოვსა თუ ჟენევაში სეპარატისტთა მხრიდან განიხილება საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე სასურველი ეფექტის მოხდენის მექანიზმად და საკუთარ «თანაბარსუბიექტობის» წარმოსაჩენად.
        ამ მხრივ სამშვიდობო დიალოგი შეიძლება ითქვას, საკმაოდ შედეგიანია - შედეგიანი, რა თქმა უნდა, სეპარატისტებისთვის.
        დააკვირდით, როგორი მიზანმიმართულობა და თანმიმდევრულობა ახასიათებს ამ მხრივ აფხაზურ დიპლომატიას. ორმხრივი შეხვედრების წინ ყოველთვის იქმნება არა მარტო შესაბამისი ფსიქოლოგიურ-პროპაგანდისტული ანტურაჟი, არამედ იდგმება საკმაოდ ზუსტად გათვლილი პრევენტული ხასიათის პოლიტიკური თუ სამხედრო-სადამსჯელო ნაბიჯები. ამის ყველაზე მეტყველი ნიმუშია გალის ტრაგედიის წინა პერიოდი.
        დაახლოებით ასეთი ფონი შეიქმნა არძინბას პირადი წარმომადგენლის, სეპარატისტული რეჟიმის გენერალური პროკურორის ანრი ჯერგენიას თბილისში ვიზიტის დროსაც. ოფიციალური ინფორმაციით, მის შეხვედრას სახელმწიფო მინისტრ ვაჟა ლორთქიფანიძესთან საკონსულტაციო, მოსამზადებელი ხასიათი ჰქონდა და მასზე უნდა დაზუსტებულიყო საკითხთა წრე, რომელსაც განიხილავენ 29-30 აპრილისათვის სოხუმში დაგეგმილ საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სესიაზე.
        როგორც ცნობილია, დსთ-ს სამიტის ორი აპრილის გადაწყვეტილებით, თუ ორ მაისამდე კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება ძირითად პრობლემებზე, ოფიციალური მოსკოვი დღის წესრიგში დააყენებს რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანის საკითხს.
        ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თავად აფხაზური მხარის პოზიცია. სეპარატისტთა განცხადებით, თუ რუსეთი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, «ისინი წინააღმდეგნი არ იქნებიან». იმავდროულად, აფხაზები კატეგორიულად უპირისპირდებიან ქართული მხარის მოთხოვნას, - სამშვიდობო ძალებისათვის დისლოკაციის შეცვლისა და სამშვიდობო ზონის გაფართოების თაობაზე.
        რაც შეეხება აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას, ამ მხრივ ჯერგენიამ კიდევ ერთხელ უცერემონიოდ განაცხადა: «აფხაზეთის დამოუკიდებლობის პროცესი შეუქცევადია და გადასინჯვას არ ექვემდებარება». ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, მოლაპარაკებათა ფორმატი ტრადიციული, «სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციისა და ურთიერთნდობის გაღრმავებით შემოიფარგლება».
        პარალელურად, აფხაზური მხარე მიმართავს ნაცად დიპლომატიურ ხრიკს, რომელშიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. ამჯერადაც, სეპარატისტთა დელეგაციამ საკმაოდ უნარიანად «ჩაანაცვლა» დიალოგის საგანი რამდენიმე ხნის წინ დაკავებული თევზსაჭერი სეინერის, «ალიონის» ეკიპაჟზე გაჩაღებული დისკუსიით და საომარი დაპირისპირების დროს დაღუპული ქართველი მეომრების ცხედართა გადმოცემის საკითხით - თითქოსდა პრობლემის არსი მძევალთა გადმოცემით, ან თუნდაც გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებით ამოიწურებოდეს.
        ყოველივე ამის გამო, ქართული მხარის «პოლიტიკური ნარცისიზმი» და ინფანტილურობა საუკეთესო შემთხვევაში «თანაგრძნობას» იმსახურებს.
        გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მაისის ტრაგედიის შემდეგ თბილისმა დაკარგა სეპარატისტულ რეჟიმზე ზემოქმედების უკანასკნელი ბერკეტი - ვგულისხმობ პარტიზანულ მოძრაობას.
        ერთი შეხედვით, დევნილთა გამოძევებას უნდა მოჰყოლოდა პარტიზანულ-დივერსიული მოქმედების ინტენსიფიკაცია, რაკიღა სოხუმმა დაკარგა სადამსჯელო ზემოქმედების საშუალება (მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის სახით, რომელიც დივერსიულ ქმედებას სდევდა), მაგრამ მოხდა პირიქით - გალის ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანული შენაერთები ხელისუფლების წყალობით დამბლადაცემული აღმოჩნდა.
        თავის მოტყუება იქნებოდა, ყოველივეს ქვეყანაში შექმნილი საბიუჯეტო კრიზისით ახსნა. უპირველესი მიზეზი პოლიტიკური ნების უქონლობაში უნდა ვეძიოთ.
        ასევე ყოვლად გაუგებარია, საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობის თაობაზე მოთქმა-გოდება, ან პრობლემის გლობალურ პროცესებთან კონტექსტში განხილვის მცდელობა.
        ნიშანდობლივია გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის ლივიუ ბოტას პოზიცია რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით: «ვფიქრობ, სამშვიდობო კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში მშვიდობას ემსახურება; ამიტომ მათი გაყვანა გაუმართლებლად მიმაჩნია»
        ამაზე მეტი ცინიზმი, თითქოსდა წარმოუდგენელია, მაგრამ იგი ზუსტად შეესაბამება ოფიციალური თბილისის დიპლომატიურ ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის ხარისხს.
        ამდენად, ეს უკანასკნელი უკეთეს დამოკიდებულებას არც იმსახურებს.

მერიდიანი, 28 აპრილი, 1999 წელი