ანტიქართული ისტერიკა მოსკოვში გრძელდება

ანტიქართული ისტერიკა მოსკოვში გრძელდება

        მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის ინიციატივით, ამერიკულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ საქართველოში სამხედრო ინსტრუქტორების მოვლინების შესახებ, რუსული ისტებლიშმენტი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და ამ სამედიცინო დიაგნოზისათვისაც კი უჩვეულო ისტერიკას განაგრძობს.
        თავდაპირველად, სახელმწიფო სათათბირომ მიიღო პირწავარდნილად დემაგოგიური დადგენილება და განცხადება, რომელშიც მუქარანარევი ტონით ნათქვამი იყო, რომ გოსდუმა კვლავ დაუბრუნდება საქართველოს საკითხის განხილვას, თუ დადასტურდება ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების შემოსვლა.
        აქ ნიშანდობლივი ის გახლავთ, რომ ყირგიზეთსა და უზბეკეთში სამი ათასამდე (!) ამერიკელი ჯარისკაცის განლაგებას მოსკოვში ასეთივე ისტერიკა არ გამოუწვევია, თუმცა, ყველას შესანიშნავად ესმის, რომ «ავღანეთში სპეცოპერაციის» საბაბი მხოლოდ ცენტრალურ აზიაში ამერიკის სამხედრო დამკვიდრების გამართლებაა და სხვა არაფერი. მაგრამ მოსკოვში საქართველო «დაბალ ღობედ» მიაჩნიათ – ის, რაც შეიძლება ყირგიზეთისა და უზბეკეთისათვის, არ შეიძლება საქართველოსათვის.
        მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ინსტრუქტორების ჩამოსვლა ჭორი არ იყო, ხოლო ივნისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს სწავლებები იმართება – რუსული პოლიტიკური კლასი და ხელისუფლება კვლავ შეფუცხუნდა და «ქართული საქმის» განხილვას დაუბრუნდა.
        მათ ძალიან ეშინიათ, რომ ამერიკელი «მწვანე ბერეტები» ჩამოვლენ და აღარ წავლენ. სწორედ ამ შიშით არის განპირობებული ისტერიკის უკანასკნელი ტალღა – მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა უპრეცედენტოდ მწვავე განცხადება, რომლითაც თბილისს, ფაქტობრივად, «აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის» წინააღმდეგ «აგრესიის» მზადებაში დასდო ბრალი. მათი პარადიგმა დაახლოებით ასე გამოიყურება: რაკი ოფიციალური თბილისი საუბრობს აფხაზეთში «ალ-ქაიდას» ტერორისტების ყოფნაზე, მაშასადამე, იქმნება ფონი, შეიარაღებული ძალების შეყვანისთვის ამ ტერიტორიაზე.
        აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არა იმდენად საქართველოს აფრთხილებს, რამდენადაც აფხაზეთის მმართველ რეჟიმს აშინებს – როგორც ჩანს, მოსკოვში არ აკმაყოფილებთ აფხაზეთის «ასოცირებულობა» რუსეთთან და ამ ზღაპრულად ლამაზი ტერიტორიის სრული ინკორპორირება სურთ.
        რაც უფრო დააშინებენ ანტიქართულად განწყობილ სეპარატისტებს, მით უფრო გაიზრდება აფხაზეთის სრული დასაკუთრების შანსი, თორემ გარწმუნებთ, აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა (თუნდაც ფორმალური «ასოცირებით») და შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ ერთი სახელმწიფოს წარმოშობა, რუსეთს სულაც არ ეპიტნავება.
        ბოლოდროინდელი პერიპეტიების დროს, იგორ ივანოვზე მეტად «ისახელა თავი» სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი როგოზინმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ კასიანოვს მიმართა მიოთხოვნით, შეიმუშავოს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციათა პროგრამა.
        აქ იგულისხმება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა. სხვა ბერკეტებიც არსებობს, მაგალითად, რუსული ბაზრის დაკეტვა ქათრული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის. მაგრამ ამ ბერკეტებს მოსკოვი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. ჯერჯერობით, საამისო მიზეზი (რეალური მიზეზი და არა მედია-ისტერიკები) მას არა აქვს, ვინაიდან საქართველოში რჩება რუსეთის რამდენიმე ბაზა, თბილისი არ მოითხოვს სამშვიდობო ძალთა გაყვანას, ხოლო უახლოეს მომავალში მოსკოვში იგეგმება «კავკასიური ოთხეულის» (რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების) სამიტი.
        წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ამ სამიტში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. ეს ერთგვარი «დაბალანსება» იქნება «პროამერიკული» მიმართულებისათვის.
        კიდევ უფრო საინტერესოა დიმიტრი როგოზინის შემდეგი არგუმენტი: საქართველოს მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ ომის დაწყება რუსეთისთვის მიუღებელია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის ათასობით მოქალაქე დაიძვრება აფხაზეთის დასახმარებლად და რუსეთი ძალაუნებურად ჩაებმება ომში.
        დიდებული ლოგიკაა!
        ოღონდ, ამ ლოგიკით, საქართველოც წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო რუსეთის მიერ ჩეჩნეთში ომის დაწყებისა, რაკი ათასობით პანკისელი ქისტი (საქართველოს მოქალაქე) დაუყოვნებლივ ჩაებმებოდა ომში.
        ერთი სიტყვით, «შარშანწინდელიც კი მახსოვს, შენგან ბრიყვულიო წყენაო»...

დილის გაზეთი, 23 მარტი, 2002 წელი