გადმოვასვენოთ თუ არ გადმოვასვენოთ?!; ზვიად გამსახურდიას საფლავშიც აღარ ასვენებენ

გადმოვასვენოთ თუ არ გადმოვასვენოთ?!; ზვიად გამსახურდიას საფლავშიც აღარ ასვენებენ

         ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებისთანავე კვლავ გააქტიურდა დისკუსია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე.
        ბუნებრივია, შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ თემას სხვადასხვა ჯურის პოლიტიკანები სვავებივით დააცხრნენ. ყველაზე უცნაური იმ ხალხის დუმილია, ვინც, თითქოსდა, საპარლამენტო ტრიბუნის მოპოვების შემდეგ სხვაზე ხმამაღლა უნდა ყვიროდეს, მაგრამ მათი დუმილიც ადვილად ასახსნელია: ზვიად გამსახურდიას ყოფილმა თანამებრძოლებმა ისე შეირცხვინეს თავი რუსი გენერლებთან აშკარა თანამშრომლობით, რომ ახლა მართლაც ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ.
        ზვიად გამსახურდიას ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას «ეროვნულ-ისტორიულ-პოლიტიკური» მნიშვნელობა და დატვირთვა აღარ ექნება. გადმოასვენებენ მას თუ არა, არსებული ხელისუფლებისათვის იოტისოდენი მნიშვნელობაც არა აქვს. უფრო მეტიც, - დღევანდელი ხელისუფლება ხელსაც კი შეუწყობს გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენებას, ხელის შეშლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
        მიუხედავად ამისა, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება ვეღარ იქცევა «ზნეობრივად მრისხანე» პროცესიად, ვინაიდან რაოდენ უცნაურად და დაუჯერებლადაც უნდა მოეჩვენოს ზოგიერთს - ედუარდ შევარდნაძემ და მმართველმა ძალამ შეძლეს მთავარი: თავიანთი პოლიტიკით (აგრეთვე პირველი პრეზიდენტის მომხრეთა უზნეობის გამოყენებით) მათ ჩამოაშორეს ზვიად გამსახურდიას «ზნეობრივი ალტერნატივის» შარავანდედი.
        ყველაფერი გაცილებით იოლი და «ადვილად ასახსნელი» იქნებოდა, 1993 წლის შემდეგ ხელისუფლებას რომ რუსეთთან ინტეგრაციის კურსი აეღო, მაგრამ დღეს ყველაზე ორთოდოქსი «ზვიადისტებიც» კი ვეღარ ამტკიცებენ (თუმცა კი, ძალიან უნდათ), რომ შევარდნაძე საქართველოს რუსეთში აბრუნებს და ა.შ. ეს სტერეოტიპი ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას! რაც უფრო მეტად დაუპირისპირდება შევარდნაძეს რუსული ისტებლიშმენტი - მით უარესი იმ ისტორიული კლიშესათვის, რომლის თანახმად «ზვიად გამსახურდია სამშობლოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, შემდეგ კრემლმა გამოგზავნა შევარდნაძე და ჩაახშო საქართველოს დამოუკიდებლობა...»
        დარწმუნებული ვარ, ბევრ «ზვიადისტს», სულიერი სიმშვიდისათვის ერჩივნა, მართლა ასე მომხდარიყო, ანუ გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ რუსეთს მართლა დაეპყრო საქართველო - ამით თავად მოიპოვებდნენ სულიერ საზრდოს, რაკი ეცოდინებოდათ «წინასწარ» ე.წ. ისტორიის განაჩენი, მაგრამ რეალურად ასე არ მომხდარა - ამიტომ დაბნეულები არიან და მით უფრო ადვილად იქცევიან მარიონეტებად რუსეთის სპეცსამსახურთა ხელში.

მერიდიანი, 1 დეკემბერი, 1999 წელი