არიან მაფიოზური კლანები, რომელთაც ოპოზიციით შენიღბვა «აწყობთ ხელს» ***

არიან მაფიოზური კლანები, რომელთაც ოპოზიციით შენიღბვა «აწყობთ ხელს» ***

  

    საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა პრეზიდენტთან ახალი «ანტიკორუფციული» ორგანოს შექმნის საკითხი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ირინა სარიშვილმა ძალზე ნიშანდობლივი რამ თქვა: მაფიოზური კლანების უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებითა და აღმასრულებელი სტრუქტურებით ინიღბება, მაგრამ არიან მაფიოზური კლანები, რომელთაც ოპოზიციასთან დაკავშირება და ოპოზიციით შენიღბვა უფრო აძლევთ ხელს. თუ მათ წინააღმდეგ ხელისუფლება ქმედით ღონისძიებებს განახორციელებს, - ისინი უმალვე დასდებენ მას ბრალს «პოლიტიკურ დევნაში».
    ერთობ საგულისხმო შენიშვნაა. მთლიანობაში კი ედპ-ს ლიდერმა მხარი არ დაუჭირა ახალი ორგანოს შექმნას, მაგრამ დაკვირვებული თვალი უეჭველად შენიშნავდა, რომ მისი პოზიცია შედარებით ლოიალური იყო და გარკვეული ცვლილებების შემთხვევაში, ედპ მაინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ან, ყოველ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი პირველი მოსმენით «გავიდა», - შემდეგ აქტიურად ჩაერთვება მის დამუშავებაში; სხვა ოპოზიციურმა ძალებმა კი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უცნაური და ცოტა არ იყოს, საეჭვო პოზიცია დაიკავეს: არ უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული ორგანო პრეზიდენტთან, ვინაიდან იგი უეჭველად იქცევა პოლიტიკური ზეწოლის იარაღად.
    კი მაგრამ, რა შუაშია აქ «ანტიკორუფციული ორგანო»? თუ შევარდნაძეს პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება სურს, დღეს მის ხელთ არსებული სტრუქტურები საამისოდ სავსებით საკმარისია. თუ სურს დასაჯოს რომელიმე ოპოზიციონერი, რომელსაც საკუთარი «საქმე» აქვს და კომერციულ საქმიანობას ეწევა, - საგადასახადო უწყებას ხომ სწორედ «მოქალაქეთა კავშირი» აკონტროლებს?
    სხვათა შორის, ეს პირდაპირ უთხრა ზურაბ ჟვანიამ ვახტანგ რჩეულიშვილს. თუ საუბარია «კლანებზე», მაშინ ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ არის «კლანი» (ფინანსური ოლიგარქიის შერწყმა პოლიტიკურ ამბიციასთან) და ვინ - არა; სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ თითქოს უმწიკვლო და დედის ცრემლივით სუფთა «არაკორუმპირებული, არაკლანური ოპოზიცია» იბრძვის «კლანური, კორუმპირებული ხელისუფლების «წინააღმდეგ.
    მაინც რატომ ატყდა ასეთი ისტერიკა ამ ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით? უკვე ორი წელია, ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს ქმედითი ზომების გატარებას კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ კანონპროექტს გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა. თვით გალის მოვლენებზე მსჯელობის დროსაც კი არ გამართულა ესოდენ ცხარე და ემოციური კამათი. თუ აღელვებულ დეპუტატთა გამოსვლას ყურადღებით მოისმენდი, უეჭველად შეამჩნევდი, რომ აქ «რაღაცაშია საქმე», - მხოლოდ პოლიტიკური პრინციპისათვის არ ღელავს ასე ჩვენი პოლიტოკრატია. როგორც ჩანს, პრეზიდენტთან ასეთი კომისიის თუ კომიტეტის შექმნამ ისინი რაღაცით ძალიან შეაშინა, ააღელვა, შეაშფოთა. რაში უნდა იყოს აქ საქმე? საქმე კი სწორედ ის გახლავთ, რომ ზემოთხსენებული ორგანო მართლაც შეიძლება იყოს გამოყენებული გარკვეული მიმართულებით და პრეზიდენტის ხელში საკმაოდ მძლავრ რეპრესიულ იარაღადაც იქცეს, ოღონდ იგი, არც თუ უსაფუძვლოდ, ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს იმ კლანების წინააღმდეგაც, რომელთა ინტერესებს სწორედ «ოპოზიცია» იცავს და არა უმრავლესობა.
    ასეთი კლანებიც არსებობს და არათუ არსებობს - მრავლდება კიდეც. უფრო მეტიც: ოპოზიციასთან «შეკვრა» ფინანსური ოლიგარქიისათვის უფრო ხელსაყრელიც კი ხდება, ვინაიდან პოლიტიკური მოტივებით ხელისუფლება მათ უბატონოდ ხმასაც ვერ გასცემს - ეს უეჭველად იქნება აღქმული «რეპრესიებად არასასურველი პოლიტიკური ძალების» წინააღმდეგ.
    თანამედროვე საქართველოს უბედურება ის არის, რომ ჩვენში «დემოკრატიული ძალები» კი არ ებრძვიან კლანებს. ორივეს აქვს «კრიშა», ორივე ჰყავს მძლავრი მფარველები და ხელისშემწყობნი. «ანგელოზი» არც ერთი მხარე არ არის, ხოლო «მასათა მძვინვარების» პროვოცირება ისევ და ისევ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის ესაჭიროებათ. მასა კი ამ ბრძოლას «ხბოს აღტკინებით» შესცქერის. კიდევ კარგი, ოპოზიცია ვეღარ ახერხებს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს სწორედ იგი წარმოადგენს «ნათელ ძალას», რომელიც ებრძვის «აბსოლუტურ სიბნელეს».
    თუ ზემოთ ხსენებული ორგანო არ შეიქმნა, ეჭვი კიდევ უფრო გაძლიერდება - მაშასადამე მთელი ეს დებატები სპექტაკლი იყო. ხელისუფლებამ უბრალოდ არგუმენტი წაჰგლიჯა ოპოზიციას, რომელიც ამიერიდან ვეღარ «დააფიქსირებს» (ჩვენი პოლიტოკრატიის საყვარელი გამოთქმაა), რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მისი უმთავრესი მიზანია; უფრო სწორად, ნამდვილად არის მიზანი იმ კლანის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოკალათებულა, ოღონდ იმ კლანზე დაყრდნობით, იმ კლანის ინტერესების შესაბამისად, ვინც ხელისუფლებისკენ ისწრაფვის.
    თუ ეს ასე არ არის, მაშინ შექმნილიყო «სპეციალური ორგანო» პრეზიდენტთან; კი ბატონო, დანიშვნოდათ ფანტასტიკური ხელფასები - ამით რა დაშავდებოდა? თუ ვთქვათ იგი კორუფციას ვერაფერს მოუხერხებდა, ამით ხომ კიდევ ერთ არგუმენტს შექმნიდა ხელისუფლების წინააღმდეგ? მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ორგანო ზოგ რამეს მართლაც გააკეთებდა თვით მისი ბუნებიდან და პრეზიდენტის მოტივაციიდან გამომდინარე. სწორედ ამისი ეშინოდათ. რა თქმა უნდა, ამ მძლავრ ბერკეტს შევარდნაძე არასასურველი, არალოიალური კლანების დასასჯელადაც გამოიყენებდა - ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ის ადამიანები, ვისაც დაიჭერდნენ, ობიექტურად «დასაჭერნი» არ იქნებოდნენ. ამ გარემოებას ვერც ის შეცვლიდა, რომ მეტწილად სწორედ «ოპოზიციის მექრთამე კლანებს» დაიჭერდნენ და არა «ხელისუფლების მექრთამეებს». ოპოზიციის ძალისხმევა კი იქით იყო მიმართული, რომ თუ ხელისუფლება თავის «კრიშებს» ტოვებს ხელუხლებლად - ნურც ჩვენს «კრიშებს» ახლებსო ხელს.

7 დღე, 12 ივნისი, 1998 წ.

***   «აწყობთ ხელს»  - შევარდნაძის ცნობილი გამოთქმა