თბილისში დიდი ომი იწყება

თბილისში დიდი ომი იწყება

      

        გუშინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ გიო სანაიას იდუმალებით (ჯერჯერობით) მოცულმა მკვლელობამ კიდევ უფრო «აადუღა» პოლიტიკური ცხოვრება თბილისში.
        ეს დანაშაული თავისთავად ძალიან მძლავრი კატალიზატორია, რომლის აშკარა თუ ფარული (ნაგულისხმევი) გამოყენებით, შესაძლებელია ვითარების წარმართვა გარკვეული მიმართულებით.
        იმთავითვე ცხადია, რომ არათუ ცხელი ზაფხული, არამედ ჭეშმარიტად მძვინვარე შემოდგომა გვიახლოვდება.
        მოტივაციათა კომპლექსი კონცენტრირდება «ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში», რომელსაც, როგორც ჩანს, არანაკლებ ტრაგიკული ბედი ელის, ვიდრე ასგზის გაუპატიურებულ «საარჩევნო კანონს».
        «უმრავლესობამ» და «უმცირესობამ» თითქოს მიაღწიეს კომპრომისს, მაგრამ ოპოზიციამ იეშმაკა და მაქსიმუმი მოითხოვა ანუ მას, ერთი მხრივ, სურდა, შემოდგომაზე არჩევნები «პროპორციული» წესით ჩატარებულიყო (ოპოზიციურ კოალიციას ეს გაცილებით მეტად აძლევდა ხელს, ვიდრე მაჟორიტარული არჩევნები), მეორე მხრივ კი, სულაც არ ეპიტნავებოდა კანონის მიღებაში მონაწილეობა, პასუხისმგებლობის განაწილება და ბოიკოტის შეწყვეტა.
        მაშასადამე, მათთვის ხელსაყრელი კანონის მიღებაც სურდათ და ბოიკოტის (მწვავე პოლიტიკური კონფრონტაციის) გაგრძელებაც.
        სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ გუშინ სხდომა დატოვა და უმძიმესი პოლიტიკური მარცხიც იწვნია. ეს იყო საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი პოლიტექნოლოგიური შეცდომა. მან ვერ გაითვალისწინა, რომ თავად გაუადვილა ამოცანა მოქალაქეთა კავშირს და შეუმსუბუქა წნეხი: მმართველ პარტიას გაახსენდა მთავარი - მას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს პარლამენტში საიმისოდ, რათა აბსოლუტური უმრავლესობით მიეღო ნებისმიერი კანონი. რასაკვირველია, ამ შესაძლებლობით იგი უმალვე ისარგებლებდა (რაკი ხელს არ აძლევდა შემოდგომაზე პროპორციული არჩევნების ჩატარება) და ისარგებლა კიდეც.
        ოპოზიციამ კი ყოველივე თავის ჩლუნგ უკომპრომისობას და კონფრონტაციულობას უნდა დააბრალოს - აბა როგორ შეიძლება აწარმოებდე მოლაპარაკებას, აჯერებდე კომპრომისულ ვარიანტს (გამგებლის დანიშვნა პროპორციულად არჩეული რაიონული საკრებულოებიდან), ხოლო შემდეგ თვითონ აღარ მიიღო მონაწილეობა შეთანხმებული ვარიანტის კენჭისყრაში.
        ეგონათ «უმრავლესობა» მაინც დაამტკიცებდა კანონს და სახედარივით მორჩილად გაჰყვებოდა ცხვირწინ ჩამოკონწიალებულ სტაფილოს, როგორც მოლა ნასრედინის ერთ იგავშია.
        მაგრამ ასე არ მოხდა - «მოქალაქეებს» გაახსენდათ, რომ სახედრები არ არიან და საერთოდ, თავსლაფს დაისხამდნენ, თუ იმ კანონპროექტს დაამტკიცებდნენ, რასაც თვითო ოპოზიციამ აღარ მისცა ხმა.
        შედეგად ოპოზიციამ მიიღო ის, რაც ლოგიკურად გამომდინარეობდა მისი ტაქტიკიდან და სტრატეგიიდან: შემოდგომაზე ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემდეგი პრინციპით: სრული თვითმმართველობა პირველ დონეზე, ასოცირებული რაიონული საკრებულო (რომლებიც შედგება დაბა-სოფლების გამგებლებისგან), ხოლო პრეზიდენტი ნიშნავს გამგებელს რაიონული საკრებულოს ასოცირებულ წევრთაგან, აირჩევა ყვევლა ქალაქის მერი თბილისისა და ფოთის გარდა.
        სწორედ თბილისის გარშემო იძაბება ამჟამად ვითარება. «მოქალაქეთა კავშირს» და პრეზიდენტს, ტაქტიკური მოსაზრებებით, ხელსაც კი აძლევს მერის პირდაპირი არჩევა, ვინაიდან ეს უეჭველად გამოიწვევს ოპოზიციური ძალების დეზორგანიზაციას.
        ოპოზიცია აქ შეეცდება რევანშის აღებას, ოღონდ თავად ვერ შენიშნავს, როგორ დაიშლება ოპოზიციური კოალიცია.
        მიუხედავად ამისა, «თბილისის მერის პირდაპირი არჩევა» ისეთივე ანგაჟირებული თემა ხდება, როგორიც «ნულოვანი ვარიანტი», მაგრამ ძალზე საეჭვოა, ხელისფლებამ ამ საკითხში რაიმე დათმოს და, ფაქტობრივად, მეორე პრეზიდენტის არჩევა დაუშვას.

დილის გაზეთი, 2 აგვისტო, 2001 წელი