არჩევნები აფხაზურ ციხეში

არჩევნები აფხაზურ ციხეში

 

    ჭაბუა ამირეჯიბის «დათა თუთაშხიაში» პატიმრები «დემოკრატიულ რესპუბლიკას» გამოაცხადებენ და არჩევნებსაც კი ატარებენ. სწორედ ამას გავს ე.წ. «დამოუკიდებელ აფხაზეთში» დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები.
    აფხაზური პარლამენტის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა 26 აგვისტოს უნდა გაიმართოს. «პარლამენტის» დადგენილებაში ნათქვამია – «დიდი კაცი (სერგეი ბაღაფში) დავკარგეთ და ახლა მთელ მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო».
    ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, 1992-1993 წლების ომის მონაწილემ, ყაბარდოელი «ბოევიკების» იმდროინდელმა მეთაურმა, იბრაჰიმ ვაგანოვმა საინტერესო განცხადება გააკეთა: «აფხაზეთი, ფაქტიურად, რუსეთის მიერაა ოკუპირებული, აფხაზური არმია და სასაზღვრო ძალები აღარ არსებობს, ყველაფერს რუსები აკონტროლებენ, ყველა ნაბიჯზე რუსის ჯარი დგას და აფხაზები რა «დამოუკიდებლობაზე» ლაპარაკობენ, როდესაც დაახლოებით ისეთივე სტატუსი აქვთ, რაც რუსეთის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკესო».
    ანუ, ფაქტიურად, ვაგანოვმა საქართველოს მიერ დამკვიდრებული ტერმინი «ოკუპაცია» გამოიყენა. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი ქვეყნის მიმართ რაიმე სიმპათია აქვს. უბრალოდ თქვა, რასაც ხედავს და აფხაზებსაც მიანიშნა: ნუთუ იმისთვის იბრძოდით და ჩვენც იმისთვის გვაბრძოლეთ, რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი გამხდარიყავით საქართველოსგან გათავისუფლების შემდეგო.
    ეს კითხვები თვით აფხაზეთშიც ისმება. ოღონდ ყრუდ: რუსების განაწყენებისა ეშინიათ. მიუხედავად ამისა, მომავალი არჩევნები სწორედ ამ ნიშნით ჩაივლის. ყველა კანდიდატი შეეცდება უპასუხოს მთავარ კითხვას: როგორ მოახერხონ უკვე არა საქართველოსგან, არამედ რუსეთის მონური მორჩილებისგან და მის რეგიონად ქცევის პროცესისგან თავის დაღწევა.
    პირველ რიგში, ეს ეხება ორ მთავარ კანდიდატს: პრემიერ მინისტრ სერგეი შამბასა და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს.
    სერგეი შამბა აფხაზური სეპარატიზმის სათავეებთან იდგა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და ვლადისლავ არძინბას უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. ერთად ავითარებდნენ სეპარატიზმის თეორიას, რამაც ბოლოს და ბოლოს ომი გამოიწვია.
    სერგეი შამბა ისტორიკოსია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ამის მიუხედავად, ქართველები და საქართველო ფანატიკურად სძულს. ვინც ახლოს იცნობს, იმასაც კი ამბობდა, «შამბასთან შედარებით არძინბა პროქართულ პოლიტიკოსად და საქართველოს პატრიოტად მოგეჩვენებათო». Oომის დამთავრების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა და შევარდნაძის გაუგებარი, მიკიბულ-მოკიბული, წინააღდმეგობრივი «ბალანსირების პოლიტიკის» წყალობით ძალიან ბევრს მიაღწია სეპარატისტული რეჟიმის «გაპრავებაში» საერთაშორისო ასპარეზზე.
    შამბა ძალიან ჭკვიანი და ეშმაკი მტერია. ქართულ-რუსულ წინააღმდეგობებზეც ოსტატურად თამაშობდა. ბუნებრივია, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კვლავ ითამაშებს და ამ წინააღმდეგობების აფხაზური სეპარატიზმის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება. ამაში ნამდვილად დაეხმარებიან ის ქართველი «ენჯოეშნიკები», ვისაც დღემდე ბრიყვულად ჰგონია, თითქოს აფხაზურ სეპარატიზმთან დღეს რაიმე სახის კომპრომისია შესაძლებელი გარდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების და ლტოლვილთა დაბრუნებაზე სამუდამოდ უარის თქმისა.
    მეორე სერიოზული კანდიდატი ალექსანდრე ანქვაბია. ისიც დიდი ხნის განმავლობაში თბილისელი იყო – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. მაგრამ არანაკლები სეპარატისტი აღმოჩნდა, ვიდრე სერგეი შამბა. Uუბრალოდ, ანქვაბი სხვა ჯგუფის წარმომადგენელია – არა აფხაზური ინტელიგენციისა (როგორც შამბა და არძინბა) არამედ «ძალოვანების», ესე იგი მილიციელებისა.
    აფხაზეთში მას «ძლიერი ხელის» იმიჯია აქვს და ვითომ კორუფციასაც ებრძვის. მაგრამ ებრძვის «საბჭოურად»: მხოლოდ სხვა კლანების წარმომადგენლებს. შეიძლება ამითაცაა გამოწვეული, რომ ანქვაბს ხუთჯერ დაესხნენ თავს. ერთხელ საკუთარ სახლშიც კი. თუმცა ყოველთვის ბედი სწყალობდა და გადარჩა. ამ თავდასხმების გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ანქვაბის არჩევა (რომელსაც შამბასთან დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს) აფხაზურ კლანებს შორის წინააღმდეგობებსა და «განსგსტერულ ომს» გააძლიერებს.
    არის ზოგიერთი ნიშანი იმისა, რომ ანქვაბი არც მოსკოვში უყვართ მაინცდამაინც, რადგან ბოლომდე არ ენდობიან. კრემლში უფრო მესამე კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა უნდოდათ. ძველი «კგბ»-შნიკია და, ამ მიზეზით, პუტინი «ახლობლად» აღიქვამდა. Oომის დროს ხაჯიმბა სეპარატისტებსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კავშირს უზრუნველყოფდა. ამიტომ სეპარატისტი ბოევიკები აფასებენ და მხარს უჭერენ. Bბოევიკების მხარდაჭერა იმითაცაა გამოწვეული, რომ ხაჯიმბა არძინბას მემკვიდრედ ითვლებოდა, არძინბა კი აფხაზური სეპარატიზმის მამამთავარია. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ქართველების აფხაზეთიდან განდევნა, რასაც «დამოუკდიებლობას» ეძახიან.
    ამის მიუხედავად, მომავალ არჩევნებში ხაჯიმბას შანსები მაინც ნაკლებია ვიდრე შამბა-ანქვაბისა, რადგან ბოევიკთა რაოდენობა არც ისე დიდია. Gგარდა ამისა, მოსკოვშიც აღარ ენდობიან ძველებურად – პუტინს ვერ გაუმართლა და სერგეი ბაღაფშთან ბრძოლისას რამდენიმე ანტირუსული განცხადებაც გააკეთა. თუ შამბა და ბაღაფში ერთად გამოვლენ არჩევნებზე (პრეზიდენტობა - ვიცე-პრეზიდენტობაზე მოილაპარაკებენ წინასწარ), მაშინ ხაჯიმბა მეორე ტურში კი გავა, მაგრამ მაინც ვერ გაიმარჯვებს და ამ წყვილთან დამარცხდება.
    კიდევ ერთი კანდიდატი ბიზნესმენი ბესლან ბუტბაა. ის «მესამე გზის» ავტორად ითვლება. თუმცა თვითონ ვერ ხსნის, რაში მდგომარეობს ეს «მესამე გზა». ამიტომ მისი შანსები მინიმალურია. სეპარატისტებს კი უნდათ აფხაზეთი «კავკასიურ შვეიცარიად» გადააქციონ, მაგრამ ბუტბა ვერ ხსნის, როგორ უნდა მოახერხონ ისე, რომ ყველაფერი რაც კარგია, რუს ოლიგარქებს არ მიჰყიდონ.
    სინამდვილეში, აფხაზების წინაშე დღეს სწორედ ეს პრობლემა დგას: როგორ გაუძლონ კრემლის ზეწოლას და სურვილს, უბრალოდ გადაყლაპოს აფხაზეთი. მოსკოვი სულ უფრო აძლიერებს პრესს: კეტავს საზღვარს და აფხაზეთის ეკონომიკურ მოხრჩობას ცდილობს.
    ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი, მას მხოლოდ ორი გზა ექნება: ან უყუროს, როგორ ყლაპავს რუსეთი მის ქვეყანას, ან ევროკავშირის მეშვეობით საქართველოსთან ნამდვილ კომპრომისზე იფიქროს, რაც ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე გამორიცხულია.

2011