საქართველოში პრორუსული ლიბერალიზმი ყალიბდება

საქართველოში პრორუსული ლიბერალიზმი ყალიბდება

              რამდენიმე დღის წინათ, პარლამენტში გამოჩეკილი «ახალი ფრაქციის» წევრებმა ერთგვარი ნიშნისმოგებით განაცხადეს, რომ რუსეთმა «მორიგი წარმატება» მოიპოვა. კერძოდ, კრედიტორთა ლონდონის კლუბმა (მასში ის ქვეყნებიც შედიან, რომლებისაც უკვე თვით რუსეთს მართებს და არა საბჭოთა კავშირს) მოსკოვს 30 მილიარდიანი დავალიანებიდან 2 მილიარდი დოლარი «აპატია».
        ეს არ არის გამორიცხული, ვინაიდან 1998 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც რუსეთმა მთელი დასავლეთი «გადააგდო», ევროპისა და ამერიკის ფინანსური წრეები ოღონდ რაიმეს მაინც გამორჩნენ და, სერიოზულ დათმობებზე მიდიან.
        აქვე უნდა ითქვას, რომ აშკარა თვალთმაქცობაა ვლადიმირ პუტინის განცხადება, აქაოდა, რუსეთს რატომ უნდა ეკისრა სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ვალთა გადახდა მაშინ, როდესაც ეს კრედიტები ყველამ მოიხმარაო!
        სინამდვილეში, ასეთი პასუხიმგელობის გარეშე, რუსეთი ვერ გახდებოდა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და ვერ მოიპოვებდა «ვეტოს» უფლებას გაეროს უშიშროების საბჭოში.
        «ახალი ფრაქცია» ამის საფუძველზე ასკვნის, რომ «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება უდიდესი შეცდომა იყო. როგორც ჩანს, «ახლები» მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველო შეძლებდა ნულამდე დაეყვანა რატიფიცირების ნეგატიური შედეგი. რამდენად რეალურია ეს - სხვა საკითხია, მაგრამ «ახალი ფრაქცია», რაც მთავარია, არ მალავს თავის პრორუსულ ორიენტაციას.
        ლევან გაჩეჩილაძის თქმით, მათ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ხელისუფლებასთან საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. აქ, უეჭველად, ისევ და ისევ რუსეთი და «სავიზრო რეჟიმი» იგულისხმება. Lლევან გაჩეჩილაძის ადრინდელი განცხადებით, «ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის ნამდვილად ხელსაყრელია 200-მილიონიან საბაჟო სივრცეში მონაწილეობა». მას პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ უეჭველად გულისხმობდა «ევრაზესს»-ს, ანუ საბჭოთა კავშირის საფუძველზე შექმნილ გაერთიანებას, რომელშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
        ამ განცხადებებს ყოფილი «მოძრაობის» აქტივისტებისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია და, ალბათ, არც მოჰყვება, ვინაიდან ის ძალები საბოლოოდ არიან დისკრედიტებულნი, ხოლო «ახალი ფრაქციის» სახით, საქართველოში ყალიბდება «მემარჯვენე პრორუსული» ოპოზიცია.
        სწორედ ამით განსხვავდება ახალი პოლიტიკური ძალა პანტელეიმონ გიორგაძისა და რუსეთუმე კომუნისტებისაგან. თუ ეს უკანასკნელნი რუსეთისკენ ილტვიან, «სოციალისტური იდეებითა» და წითელი დროშით (რაც უკვე შეუძლებელია), - «ახალი ქართველების» პრორუსული ორიენტაცია სულ სხვა ხასიათისაა: ისინი რუსეთს განიხილავენ, როგორც კაპიტალისტურ ქვეყანას, დიდ ბაზარს, ხელსაყრელ პარტნიორს და ასე შემდეგ.
        ამრიგად, საქართველოში ორი (პირობითად თუ ვიტყვით) «ლიბერალური» პარტიაა. ერთი - «ზურაბ ჟვანიას გუნდი», დასავლური ორიენტაციის მქონე და მეორე - «ახალი ფრაქცია», მომხრე რუსეთთან ინტტეგრაციის, ოღონდ, კაპიტალისტურ საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ვირტუალურად ასე «ლაგდება» პოლიტიკური პექტრი მემარჯვენე ფლანგზე.
        სინამდვილეში კი, ასეთი გამიჯვნა სწორედაც «ვირტუალურია», ვინაიდან «ახლები» ისეთ შთაბედილებას ქმნიან, თითქოს ლიბერალური არჩევანი აქ განაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების კოორდინატთა სისტემას, არადა, ეს სულ სხვა პრობლემაა.
        კაპიტალისტური საქართველო ითანამშრომლებს თუ არა კაპიტალისტურ რუსეთთან, ამას უშიშროების კოორდინატთა სისტემასთან, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიებთან, რაც მთავარია, ქვეყნი მთლიანობის აღდგენასთან, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტასთან, ლტოლვილთა დაბრუნებასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
        თორემ შეუძლებელია, იმავე ზურაბ ჟვანიას ან ედუარდ შევარდანძეს არ ესმოდეს, რამდენად ხელსაყრელია რუსეთის ბაზარზე საქართველოს დამკვიდრება. პროდასავლური «ლიბერალიზმი» საქართველოში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის თავიდან აცილების საშუალებაა, «პრორუსული ლიბერალიზმი», ახალი ქართველების რედაქციით, ქვეყანაში ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის აღორძინებას შეუწყობს ხელს.
        ვერანაირ არგუმენტად რუსული ბაზრის «ფართო ასპარეზი» ვერ იქცევა, ვინაიდან ყოველთვის იარსებებენ ღარიბები და ცხოვრებით უკმაყოფილონი, ისინი აიტაცებენ იმ ლოზუნგებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც საქართველოში დღემდე თითქოს შეუძლებელი ჩანდა. ამიტომ ერთადერთი ლიბერალიზმი, რომელსაც საქართველოში სამოქალაქო ომამდე არ მივყავართ, არათუ პროდასავლური, არამედ უფრო მეტიც - ანტირუსული ლიბერალიზმია.

დილის გაზეთი, 2 მაისი, 2001 წელი